Facebook Twitter

საქმე №ას-834-2020 8 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ფონდი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, აღუდგინოს მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში მდებარე 16,2 კვ.მ სარდაფი (ს/კ #......, შემდგომში სადავო ქონება) პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ, გაჭრას სარდაფთან მიმავალი გასასვლელი, ამოასუფთავოს სარდაფის ტერიტორია ნარჩენებისაგან და შეასრულოს სარდაფის იატაკის ქვიშა-ცემენტით მოჭიმვითი სამუშაოები.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2002 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება, მათ შორის, სადავო სარდაფი და 16 წლის განმავლობაში ფლობდა როგორც ქონებას, ისე _ სარდაფს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე, როგორც ბენეფიციარი, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიიღებდა ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, არანაკლებ წინამდებარე ხელშეკრულების დანართით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) გათვალისწინებულ ფართს, ადგილმდებარეობის უცვლელად. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თუ განსაზღვრული ფართი და მისი ნაწილის შიდა პერიმეტრი დაზიანდება მის მიმდებარედ წარმოებული სამუშაოების შედეგად, ფონდი უზრუნველყოფდა ასეთი ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. 2.4 პუნქტის თანახმად კი, ბენეფიციარს სარდაფის რეალიზაციის შედეგად უნდა მიეღო არანაკლებ საჯარო რეესტრში მის საკუთრებად ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში რეგისტრირებული ფართი. ხელშეკრულების თანახმად, სარდაფის შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ ფონდის ერთადერთ ვალდებულებას წარმოადგენდა იატაკის ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და საკუთრების დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი სარდაფი საერთოდ გამქრალია. აღარ არსებობს მასთან მიმავალი შესასვლელი და საერთოდ გაურკვეველია, რა ბედი ეწია სარდაფს. არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, 2019 წლის 18 მარტს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა არსებული ვითარების გარკვევა. 2019 წლის 11 ივნისს მან კვლავ მიმართა მოპასუხეს წერილობით. მოპასუხის 2019 წლის 5 ივლისის წერილით კი, ეცნობა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე შესწავლილ იქნა აღნიშნული შენობა და არც სამუშაოების დაწყებამდე და არც სამუშაოების წარმოების პროცესში არ დასტურდება მის სახელზე რეგისტრირებული სარდაფის ფართის არსებობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

მოსარჩელის კუთვნილი სარდაფი ნარჩენებით არის ამოვსებული და ჩასასვლელს გადასხმული აქვს ქვიშა-ცემენტის იატაკი, ხოლო თავად ტერიტორია არავის ფართზე არ არის მიერთებული.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემებში მოსარჩელის სახელზე მართლაც ირიცხებოდა 16.2 კვ.მ სარდაფი, თუმცა, რეგისტრირებული მონაცემების მიუხედავად, საქმის მასალების სრულყოფილი გამოკვლევისა და საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სარდაფის რეალურად არსებობის ფაქტი არ დასტურდება. საპროექტო ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის განხორციელებული წინამოსამზადებელი სამუშაოების პროცესში შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა დასაპროექტებელი ობიექტი, რომლის თანახმად შედგა სარდაფის აზომვითი ნახაზები. მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში შესრულებული აზომვითი ნახაზები დაედო საფუძვლად საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას. საპროექტო ორგანიზაციის წერილის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის განხორციელებული წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს, როგორც ფიზიკურად, ასევე _ დოკუმენტურად ვერ იქნა დადასტურებული სარდაფის სართულზე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართის არსებობა. შპს „ი-სის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია სრულ შესაბამისობაშია შპს „ს-ის“ მიერ მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო ორგანიზაციის მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული შენობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე და არც სამუშაოების წარმოების პროცესში არ დადასტურდა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სარდაფის რეალურად არსებობა.

შპს „ს-ის“ მიერ მომზადებულ რეაბილიტაციის პროექტში ასახულია სარდაფის სართულის გეგმა რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობით, რომელიც ადასტურებს, რომ რეაბილიტაციამდე მოსარჩელის ფართის ნაწილში სარდაფი არ არსებობდა. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მიღებული სარდაფის სართულის ნახაზით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელის ფართს არ ჰქონდა სარდაფი. მოპასუხემ მოსარჩელესთან ხელშეკრულება გააფორმა 2017 წლის 28 სექტემბერს, რა დროსაც დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციას და იხელმძღვანელა წარმოდგენილ ამონაწერში მითითებული მონაცემებით, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდა რა საპროექტო ორგანიზაციის შიდა ფართში დაშვება და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, სარდაფის სართულზე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართის არსებობა ფიზიკურად ვერ დადასტურდა. ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული როგორც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე, უძრავ ქონებას აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. განხორციელებული რეაბილიტაციის პროცესში უშუალოდ მოსარჩელის შიდა ფართში ბინის გეგმარება დამუშავდა სრულად. მოსარჩელის ბინა წარმოადგენდა არასწორად დაგეგმარებულ, არასწორხაზოვანი კედლებით არსებულ ფართს. რეაბილიტაციის შედეგად კი სახეზეა ჯანსაღი ბინა, ახალი გეგმარებით, სწორხაზოვანი კედლებითა და მეტი განათებით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა აღუდგინოს მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, 16,2 კვ.მ სარდაფი (მდებარე: ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში, ს.კ .....) პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ, გაჭრას სარდაფთან მიმავალი გასასვლელი, ამოასუფთავოს სარდაფის ტერიტორია ნარჩენებისაგან და ჩაატაროს სარდაფის იატაკის ქვიშა-ცემენტით მოჭიმვითი სამუშაოები.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2002 წლის 1 აპრილს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2003 წლის 2 აპრილს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში, პირველ სართულზე მდებარე 80,10 კვ.მ და 16,20 კვ.მ ფართები (ს/კ #.....;

1.2.2. 2017 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელეს, როგორც ბენეფიციარსა და მოპასუხეს, როგორც ფონდს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები ითვალისწინებენ რა ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა) რეაბილიტაციის აუცილებლობას, აცნობიერებენ აღნიშნული მიზნით შესასრულებელ ღონისძიებათა თანმდევ შედეგებს. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ამ უძრავი ქონების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისას, ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფდა ფონდი. 1.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კომპენსაციის სახით ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეცემოდა 400 ლარი. 2.1 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბენეფიციარი მიიღებდა ამავე მისამართზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, არანაკლებ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ფართისა (საჯარო რეესტრში აღნიშნულ მისამართზე ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ფართის ადგილმდებარეობის უცვლელად). ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა რა მდგომარეობამდე უნდა მიყვანილიყო დანართით განსაზღვრული ფართი ან მისი ნაწილი, რომელსაც უშუალოდ შეეხებოდა დაშლის სამუშაოები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით, თუ დანართით განსაზღვრული ფართი ან მისი ნაწილის შიდა პერიმეტრი დაზიანდებოდა მის მიმდებარედ წარმოებული დაშლის ან სხვა სახის სამუშაოების შედეგად (მაგრამ უშუალოდ არ შეეხება დაშლის სამუშაოები), ფონდი უზრუნველყოფდა ასეთი ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. 2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1-2.3 პუნქტები არ ეხებოდა სარდაფის რეაბილიტაციას. სარდაფის რეაბილიტაციის შედეგად ბენეფიციარი მიიღებდა არანაკლებ საჯარო რეესტრში მის საკუთრებად ამავე მისამართზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში რეგისტრირებულ ფართს. სარდაფის შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ ფონდის ერთადერთ ვალდებულებას იატაკის ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების 3.2.1 და 3.2.2 პუნქტებით, ფონდი ვალდებული იყო, ამ ხელშეკრულების პირობები შეესრულებინა კეთილსინდისიერად 2018 წლის 31 დეკემბრამდე;

1.2.3. 2017 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მიუთითა, რომ რეაბილიტაციის შედეგად გამქრალი იყო ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში მდებარე (ს/კ #......) მის საკუთრებაში არსებული 16.20 კვ.მ სარდაფი და მოითხოვა ვითარებაში გარკვევა და შემდგომი რეაგირება;

1.2.4. მოპასუხის 2019 წლის 5 ივლისის მიმართვით მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმის მასალების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭირო იყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ფონდის მოთხოვნაზე საპროექტო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისათვის განხორციელებული წინამოსამზადებელი სამუშაოების პროცესში იქნა შესწავლილი და გამოკვლეული დასაპროექტებელი ობიექტი, რომლის თანახმად, შედგენილ იქნა მათ შორის სარდაფის აზომვითი ნახაზები. მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში შესრულებული აზომვითი ნახაზები დაედო საფუძვლად საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას. ამასთან, საპროექტო ორგანიზაციის წერილის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის განხორციელებული წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს როგორც ფიზიკურად, ასევე დოკუმენტურად ვერ იქნა დადასტურებული სარდაფის სართულზე დ.გ–ის სახელზე რეგისტრირებული ფართის არსებობა. ამავე მიმართვით მოსარჩელეს განემარტა, რომ საკითხის შესწავლის მიზნით ფონდის მიერ გამოთხოვილ იქნა იმ სამშენებლო კომპანიიდან ინფორმაცია, რომელიც ახორციელებდა მის მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შპს „ი-ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სადავო სახლის რეაბილიტაცია სრულ შესაბამისობაში იყო შპს „ს-ის“ მიერ მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო ორგანიზაციის მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული შენობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე და არც სამუშაოების წარმოების პროცესში არ დადასტურდა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სარდაფის ფართის არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდის მიერ განხორციელდა შპს „ს–თვის“ ქ.თბილისში, ...... ქ#20-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დაკვეთა, ხოლო მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „ინ-ს“ მიერ განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი და მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული ხელშეკრულების პირობები წარმოადგენს, რამდენადაც მხარეებმა, სადავო შენობის დანიშნულების, ასევე, ფიზიკური მდგომარეობის გამო იკისრეს გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე მოსარჩელე დათმობდა ნივთზე პირდაპირ მფლობელობას, ხოლო მოპასუხე გადაუხდიდა თანხას, ამასთანავე, კვლავ მფლობელობასა და სარგებლობაში დაუბრუნდებოდა იმავე მისამართზე მდებარე გაუმჯობესებული ნივთი. ხელშეკრულების საგანს როგორც საცხოვრებელი ფართი, ისე _ სარდაფი წარმოადგენს. სწორედ სარდაფის რეაბილიტაცია (იატაკის ცემენტის ხსნარით მოჭიმვა) წარმოადგენს სადავოს, რამდენადაც სარჩელის თანახმად არათუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა შესრულებული, არამედ, აღარ არსებობს სარდაფთან მისასვლელი გზა, ამოვსებულია ცემენტითა და ნარჩენებით. მოპასუხე უარყოფს სარდაფის არსებობის ფაქტს, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სარდაფის არსებობა წარმოადგენს. მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც ამ მხრივ განკუთვნადი დოკუმენტაცია წარადგინა: ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრის ამონაწერი. ამ უკანასკნელი დოკუმენტის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული ჩანაწერს სისწორის პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლებაც, პრეზუმირებული ფაქტის ბინებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეამოწმა მოპასუხის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტები და სწორად მიანიჭა უპირატესი ძალა რეგისტრირებულ მონაცემებს, რომლებიც პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებითაა გამყარებული, გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ სწორად მოიშველია მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ სარდაფი არსებობდა, თუმცა, იგი არ შეესაბამებოდა პარამეტრებს, ამდენად, სარდაფის არსებობა დასტურდება, ხოლო მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა სადავო არ გაუხდია. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ სამუშაოები უძრავ ქონებაზე კასატორმა აწარმოა, შესაბამისად, დასტურდება, რომ მისი ქმედების შედეგად ეზღუდება მესაკუთრეს სარდაფით სარგებლობის შესაძლებლობა, ამ ვითარებაში კი, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში სარჩელი ასევე წარმატებულია. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების შესრულებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 05.08.2020წ. #15475 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ს“ (ს/კ #....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 05.08.2020წ. #15475 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი