№ას-393-2021 24 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები (მოპასუხეები, შეგებებული მოსარჩელეები) – შპს „ა–ი“, შპს „ა.ქ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ჯ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
საჩივრის დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა–ისა’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი) და შპს „ა.ქ–ის“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შპს ,,ჯ–ის’’ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, დავის ძირითადი მოსარჩელის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 მუხლის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 191-ე, 198-ე მუხლებზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, დავის დასრულებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხეთა განცხადება არ დაკმაყოფილდა.
5. 2020 წლის 30 ნოემბერს შეგებებულმა მოსარჩელეებმა საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
6. საჩივრის ავტორთა მითითებით, სსსკ-ის 198.2. მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, თავისი შინაარსით შეესაბამებოდა წინამდებარე საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, რაც მოწინააღმდეგე მხარისათვის ძირითადი თანხის - 45 365,14 ლარის და დავის დასრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 45,36 ლარის დაკისრებას გულისხმობდა. საჩივრის ავტორთა მტკიცებით, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციით დასტურდებოდა მოსარჩელე კომპანიის ფინანსური კრიზისი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამტკიცებდა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის რისკს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, აპელანტთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატის მოსაზრებით, განმცხადებელთა მიერ მითითითებული გარემოებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის საფუძველს არ ქმნიდა.
8. საჩივარი განსახილველად საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განმცხადებელთა მოთხოვნის შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებმა (შეგებებულმა მოსარჩელეებმა) მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
10. საკასაციო პალატის განმარტებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 270-ე მუხლი წაგებულ მხარეს აღჭურავს უფლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე წარადგინოს კერძო საჩივარი და ამ გზით შეეცადოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
11. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორთა მიზანს სწორედ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება წარმოადგენს, თუმცა მათ საპროცესო კანონმდებლობით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისათვის განსაზღვრული ზემოხსენებული პროცესუალურ სამართლებრივი ბერკეტებით არ უსარგებლიათ. აპელანტები სსსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა (სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.) და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე (სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის) დაყრდნობით ასაბუთებენ მათ მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობას.
12. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორთა მოსაზრებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ნორმატიული ბაზა და სამართლებრივი არგუმენტაცია მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობას არ ქმნის.
13. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ფართო სპექტრი სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა რეგლამენტირებული. ამავე მუხლის მესამე ნაწილი განავრცობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეებს და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს სსსკ-ის 198-ე მუხლით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებებიც, თუმცა საკასაციო პალატის განსჯით, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პუნქტის (ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც) საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ „სხვა ღონისძიებად“ ვერ განიხილება. საკასაციო პალატის განმარტებით, ჯერ ერთი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღსრულების შეჩერების შესაძლო შემთხვევებს და, მეორეც, კანონმდებელმა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა დამოუკიდებელი ნორმით მოაწესრიგა და იგი სსსკ-ის 375-ე მუხლის რეგულირების სფეროს დაუქვემდებარა. რაც შეეხება 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუქტით გათვალისწინებულ აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას, რაზეც ასევე აპელირებენ საჩივრის ავტორები, ნორმის დისპოზიაციაში აღწერილ გარემოებებს კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
14. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რიცხვს არ განეკუთვნება, რაც საჩივრის ავტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმთავითვე გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენების სამართლებრივ აუცილებლობაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული ფაქტების (განცხადების შინაარსობრივი მხარის) შეფასების საფუძველზე.
15. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრები განიხილება ზემდგომ სასამართლოებში ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დავაზე არ გამოკვეთილა აპელანტთა მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონისმიერი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინება. საკასაციო პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორთა მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიებად რომც მიგვეჩნია, საჩივარს მაინც არ ჰქონდა წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებული გარემოებები, არ ადასტურებდა ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა–ისა“ და შპს „ა.ქ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ლ. მიქაბერიძე