Facebook Twitter

საქმე №ას-202-2019 11 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ა.პ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ა–სა (შემდეგში: მოსარჩელე, მიმბარებელი ან აპელანტი) და შპს „ა.პ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, შემნახველი ან კასატორი) შორის, 2017 წლის 19 იანვარს გაფორმებული მიბარების ხელშეკრულების შესაბამისად, საწარმოს კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......., განთავსდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სადავო მოძრავი ნივთები. საწარმოს მხრიდან ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი ხელმოწერილია მ.ხ–ძის, როგორც საწარმოს იმჟამინდელი დირექტორის მიერ. მ.ხ–ძე იყო საწარმოს მენეჯერი დ.ხ–ის დირექტორობის დროს. აღნიშნული სადავო ნივთები დღემდე მოპასუხის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.

2. საწარმო სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წლის 8 ივნისიდან. სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო საწარმოს დირექტორი დ.ხ–ი, ხოლო საწარმოს მენეჯერი იყო მ.ხ–ძე. 2017 წლის 26 აპრილიდან, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია საწარმოს დირექტორი თ.შ–ვა.

3. მიმბარებელი, 2017 წლის 11 ოქტომბრის, 2017 წლის 6 ნოემბრის, 2017 წლის 9 ნოემბრისა და 2017 წლის 20 ნოემბრის განცხადებებით საწარმოს დირექტორისაგან ითხოვდა საწარმოს კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული სადავო ნივთების მისთვის დაბრუნებას.

4. მოპასუხე საწარმოს დირექტორისა და წარმომადგენლის, თ.შ–ვას განმარტებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მოძრავი ნივთების გატანაზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დგინდებოდა სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილება, შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.

5. მიმბარებლის სარჩელისა და შემნახველის შეგებებული სარჩელის მოთხოვნები

5.1. მიმბარებელმა 2018 წლის 17 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში, შემნახველის მიმართ და მოითხოვა:

5.1.1. მისი კუთვნილი, 2017 წლის 19 იანვრის „მიღება-ჩაბარების“ აქტით გათვალისწინებული, მოძრავი ნივთების დაბრუნება;

5.1.2. საწარმოსათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიურად 600 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5.2. საწარმომ, 2018 წლის 22 თებერვალს შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, მხარეთა შორის 2017 წლის 19 იანვარს დადებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

6. მოპასუხის (შემნახველის) და შეგებებული სარჩელით მოპასუხის (მიმბარებლის) პოზიციები

6.1. მოპასუხემ მიმბარებლის სარჩელის პასუხად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დგინდებოდა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6.2. თავის მხრივ, მიმბარებელმა თავის შესაგებელში განმარტა, რომ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან სადავო გარიგებები დადებულია უფლებამოსილი პირების მიერ.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით:

7.1.1. შემნახველის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მიმბარებლის კუთვნილი, 2017 წლის 19 იანვრის „მიღება-ჩაბარების“ აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთები: 1) დინამიკი, RCF HDL 10-A ACTIVE LINE ARRAY – 8 ერთეული; 2) დინამიკი (ბასი), RCF SUB 8006-AS ACTIVE SUB REFLEX SPEAKER - 2 ერთეული; 3) დინამიკი (სპიკერი), JBL PRX 612M ACTIVE SPEAKER - 4 ერთეული; 4) განათების პულტი, TX-2010 STAGE LIGHTING EQUIPMENT - 1 ერთეული; 5) დიოდური ლედ განათება, TTX TX-3108 LED MOVING HEAD - 9 ერთეული; 6) ლედ განათება (ბიმი), GTD 230 II MOVING HEAD - 4 ერთეული; 7) ლაზერული მნათები, DREAM 1 MK2 LAZER 2W GREEN - 1 ერთეული; 8) თეთრად მნათები ლედ განათება (კობრა), TTX TX-165 LED MOVING HEAD - 4 ერთეული; 9) კვამლის აპარატი, DIGITAL POWER DSK-1500 FOG MACHINE - 4 ერთეული; 10) სამონტაჟო კონსტრუქცია (ალუმინის), 3 მეტრის სიგრძის - 12 ერთეული; 11) სამონტაჟო კონსტრუქცია (ალუმინის), 4 მეტრი სიგრძის 3+1 - 10 ერთეული; 12) მექანიკური ამწე, დურალუმინის - 4 ერთეული, რკინის - 4 ერთეული; 13) მიკროფონის დასადგამი ფეხი სპეციალურ ჩიხოლში - 14 ერთეული; 14) დენის ტრანსფორმატორი კაბელით - 1 ერთეული, და აღნიშნული ნივთები გადაეცა მოსარჩელეს;

7.1.2. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2017 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 600 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

7.1.3. შემნახველის (მოპასუხე საწარმოს) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-172-ე, 168-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიმბარებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 144 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის პრეტენზიის გათვალისწინებით, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანს წარმოადგენდა სახეზე იყო თუ არა მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე (მიმბარებელი) მიიღებდა მოპასუხის (შემნახველის) მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და რა ოდენობის იყო აღნიშნული შემოსავალი.

8.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“ მოხმობით განმარტა, რომ სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მიუღებელი შემოსავალი არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა განაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

8.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე (მიმბარებელი) ითხოვდა მოპასუხის (შემნახველი საწარმოს) მიერ სადავო მოძრავი ნივთების უკანონო ფლობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის მოპასუხის მიერ ანაზღაურებას. აპელანტის მითითებით აღნიშნული დასტურდებოდა, 2018 წლის 16 იანვრის N5000277318 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სადავო სასცენო მოწყობილობის ერთჯერადად გაცემის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1845 ლარს.

8.5. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარდგენილ სხვა მტკიცებულებებზეც გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდებოდა, შპს „გ.რ.ჯ–ას“, შპს „ფ–ის“ და „ა.პ–ის“ მზადყოფნით, დაექირავებინათ სადავო სასცენო მოწყობილობა. ამასთან, საქმეში წარდგენილი იყო 2018 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება სასცენო ტექნიკის იჯარის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ შპს „დ–ებს“ ყოველთვიური 650 ლარის გადახდის სანაცვლოდ დროებით სარგებლობაში გადასცა აღნიშნული სასცენო ტექნიკა.

8.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო მოძრავი ქონების გაქირავება წარმოადგენდა დასახელებული ქონებით შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებულ და აპრობირებულ ფორმას. ამასთან, მოსარჩელემ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო პერიოდში შეეძლო ქონების მოგების მიღების მიზნით გამოყენება. შესაბამისად, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ის მიიღებდა 144 000 ლარს, რის გამოც, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი იყო.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემნახველმა საწარმომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

9.2. კასატორის განმარტებით, საწარმოს მხრიდან სადავო ხელშეკრულება ხელმოწირილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მ.ხ–ძე ვერ იმოქმედებდა საწარმოს სახელით, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა ნამდვილად. აღნიშნულთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი დირექტორისგან საწარმოს ახალ დირექტორს - თ.შ–ვას შესაბამისი აქტით არ გადასცემია სადავო ნივთები, რაც ამ უკანასკნელს დასაბუთებულად უჩენდა იმის ვარაუდს, რომ სადავო ნივთები მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნივთების დაკავებით საკუთარ კომპანიას აღარ მიაყენებდა ზიანს.

9.3. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია მიმბარებლისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რადგან სასცენო აპარატურა მოძველებულია და მისი 600 ლარად გაქირავება შეუძლებელია.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიიღო არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ სადავოდაა გამხდარი მიმბარებლის ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო მოთხოვნაში შემნახველი უთითებს - გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და ძალაში იქნეს დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

14. საკასაციო სასამართლო კასატორის საკასაციო მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე მხოლოდ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილს შეეხება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შემნახველს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2 და 7.1.3 ქვეპუნქტები) მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და მის მიმართ ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება საწარმოს მხრიდან მიბარების ხელშეკრულებაზე არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერის თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებში განთავსებულია მინდობილობა (ტ. 1, ს/ფ 136), რომლითაც საწარმოს დირექტორმა დ.ხ–მა მ.ხ–ძეს საწარმოს სახელით ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება მიანიჭა.

15. შემნახველი საწარმოს განცხადებით მიმბარებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომლებითაც ის სხვა საწარმოებთან მისი კუთვნილი ინვენტარის იჯარით გადაცემას და შესაბამისი ანაზღაურების აღებას აპირებდა, სარწმუნო არ არის. კასატორის ეს პრეტენზია მისი ახსნა-განმარტების გარდა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. მოპასუხე აცხადებს, რომ აპარატურა მოძველებულია და იგი არ გაქირავდება იმ ფასად, რასაც მოსარჩელე უთითებს, თუმცა სასამართლოსათვის ამ გარემოების გასაქარწყლებლად მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ კასატორმა მასზე დაკისრებული, კანონით გათვალისიწნებული, მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.

17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.2015წ.; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ.). მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.).

18.საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია იმ სამართლებრივი დასაბუთებით, რაც მითითებულია.

19. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ა.პ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე