საქმე №ას-1253-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ჩ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან სარჩენი) და ი.კ–ას (გვარის შეცვლის შემდეგ - ი.დ–ი;შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან მარჩენალი) შორის, 2008 წლის 29 თებერვალს, დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მარჩენალმა იკისრა სარჩენის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ....., ლიტ ,,ბ“. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ სარჩო შესაძლოა ყოფილიყო როგორც ფულადი, ასევე - ნატურალური სახის. მას შეიძლება ჰქონოდა ასევე მომსახურების სახე: კერძოდ, მარჩენალი ვალდებული იყო, სარჩენი უზრუნველეყო სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. რჩენას უნდა ჰქონოდა ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ბინა ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენისა და რეგისტრაციის მომენტიდან გახდა მარჩენალის შეზღუდული საკუთრება. სარჩენი იცხოვრებდა ბინაში გარდაცვალებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის დაცვით ბინა გასხვისდებოდა, მარჩენალი ვალდებული იყო, სარჩენი უზრუნველეყო ტოლფასი საცხოვრებელი პირობებით. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს არ ჰქონდა უფლება, სარჩენის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობის გარეშე, იპოთეკით დაეტვირთა, გაექირავებინა ან სხვა ვალდებულებებით დაეტვირთა ბინა. არ დაიშვებოდა მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ბინაზე. ხელშეკრულების 5.2.5 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტისას ბინა მარჩენალის საკუთრებაში იქნებოდა, იგი უნდა დაბრუნებოდა სარჩენს, ხოლო მარჩენალს არ აუნაზღაურდებოდა რჩენის ხარჯები. ხელშეკრულების 8.3 მუხლის თანახმად, მარჩენალს ეკისრებოდა უძრავი ქონების გადაცემისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
2. სახელშეკრულებო დათქმა მოიცავდა როგორც ფულადი ისე ნატურალური სახით სარჩენის უზრუნველყოფას. მოსარჩელეს არ აქვს კომუნიკაცია მოპასუხესთან და მხოლოდ მოპასუხის ინიციატივით (მასთან მცხოვრები მომვლელისა, თუ სხვა პირებთან კომუნიკაციის გზით) ხდება მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მესამე პირთა დახმარებით შესრულება. მხარეთა შორის რაიმე სახის დაძაბული ურთიერთობა ან/და რაიმე სახის კონფლიქტური ინციდენტის თაობაზეც კი არ იქნა მითითება გაკეთებული. მოწმე გ.ჯ–ძისა და თავად მოპასუხის მითითებით, მომვლელის მიერ არც კი ხდებოდა მოსარჩელე მხარის ინფორმირება მარჩენალის მიერ სრულად მოწოდებული პროდუქტების თაობაზე, ვინაიდან სარჩენს (მოსარჩელეს) რთული და წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, გაუჩნდებოდა პრეტენზიები და არ მიიღებდა პროდუქტს.
3. მარჩენალს 2015 წლის იანვრის, თებერვლის, ივნისის და სექტემბრის თვეებში სარჩენისათვის არ გადაუხდია სარჩო 880 ლარი, ხოლო დანარჩენ თვეებში გადახდა განახორციელა დარღვევით, არ გადაიხადა - 760 ლარი ე.ი. 2015 წელს არ გადაუხდია - 1640 ლარი, 2016 წლის იანვრიდან -აგვისტომდე, 8 თვის ჩათვლით არ გადაუხდია თანხა, ხოლო დანარჩენ თვეებს ურიცხავდა დარღვევით - 200 ლარს, 2017 წელს სრულად იხდიდა ყოველთვიურად 300 ლარს, 2018 წელს გადახდა არ განუხორციელებია სექტემბრის თვეში, ხოლო აგვისტოში დარღვევით ჩარიცხა 150 ლარი ე.ი. 450 ლარი არ გადაუხდია. 2019 წელს 7 თვე (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) გადახდა არ განუხორციელებია, ხოლო 2020 წლის დავალიანება შეადგენდა - 600 ლარს, ივნისის და ივლისის თვეების გადაუხდელობის გამო. მოსარჩელის (სარჩენის) განმარტებით თვეში 300 ლარიანი სარჩო არ არის საკმარისი მომვლელის, პროდუქტებისა და საჭირო ნივთებისათვის, მან შესთავაზა მოპასუხეს (მარჩენალს) 500 ლარის გადახდა, რაზედაც მისგან უარი მიიღო.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩენის სარჩელი მარჩენალის წინააღმდეგ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების, უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 7 050 ლარის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სს) 316-ე, 317-ე, 394-ე, 408-ე, 941-ე, 949-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩენის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მარჩენალს სარჩენის სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სარჩენის სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 941-ე, 949-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
5.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ხასიათი შესაძლებლობას იძლევა, ცალკე გამოიყოს ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებები, რომლითაც იგი განსხვავდება ყველა სხვა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, კერძოდ: ა) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (დავალება, შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის-ამხანაგობის ხელშეკრულება); ბ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების გადაცემა საკუთრებაში. ამით იგი განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.); გ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას ( სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები); დ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ ვადა, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ განისაზღვრება, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. თუმცა, ხელშეკრულებით შეიძლება სხვაგვარადაც იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდნენ რჩენის კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩენისათვის სარჩოს გადახდას. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ამით სამისდღეშიო რჩენა განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულებისაგან ( იხ. სუსგ ას-178-167-2017). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის სინალაგმატური ანუ ორმხრივად მავალდებელებელი ხელშეკრულება, რადგან თითოეულ მხარეს ერთდროულად უფლებებიც გააჩნია და მოვალეობებიც ეკისრება (იხ. სუსგ Nას-1220-1071-2010, 10.03.11 წ.).
5.4. მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის შესახებ ემყარება იმ საფუძველს, რომ მარჩენალი გაემგზავრა ქუთაისში და იგი სარჩენს თანხებს გარკვეული თვეების ჩავარდნებითა და არასრულად ურიცხავს.
5.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ეპიზოდური დარღვევები, რომლებიც შემთხვევითი ხასიათისაა, არსებით გავლენას არ ახდენენ მხარეთა ინტერესებზე, მათი აცილება მომავალში შესაძლებელია და ამიტომ მათ არ უნდა გამოიწვიონ ხელშეკრულების მოშლა. სწორედ ეს გამომდინარეობს კანონის მითითებიდან იმის შესახებ, რომ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევა ისეთი უნდა იყოს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდეს.
5.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებიდან გამომდინარე მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობა არ დგინდება, ამასთან მარჩენალი ასრულებდა მისთვის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რჩენის ვალდებულებას, ზოგჯერ ფულადი გზავნილებით და სხვა დროს პროდუქტებითა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფით, თუმცა მცირეოდენი დარღვევით, რომლებიც, სასამართლოს შეფასებით სსკ-ის 949–ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს არ წარმოადგენს.
5.7. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა (სარჩენმა) მიუთითა, რომ საბანკო ამონაწერების თანახმად ზიანი მდგომარეობს შემდეგში: მარჩენალმა სარჩენს 2015 წელს არ გადაუხადა - 1640 ლარი, 2016 წელს - 8 თვის მანძილზე არ გადაიხადა თანხა, ხოლო დანარჩენ თვეებს ურიცხავდა დარღვევით - 200 ლარს, 2018 წელს არ გადაუხადა - 450 ლარი, 2019 წელს - 7 თვე (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) გადახდა არ განუხორციელებია, ხოლო 2020 წლის დავალიანება შეადგენს - 600 ლარს, ივნისის და ივლისის თვეების გადაუხდელობის გამო.
5.8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება განხორციელებულია მცირეოდენი დარღვევებით, მოპასუხის განმარტებით, ასევე, მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მარჩენალი უგზავნიდა პროდუქტებსა და საჭირო ნივთებს იმ პერიოდშიც, როდესაც სარჩენს ჩარიცხვები და ფულადი გზავნილები არ ჰქონდა; სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს გადაუხდელი სარჩო, რაც გონივრულ ფარგლებში სულ 3 000 ლარს შეადგენს.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-10 მუხლები, „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია.
6.3. მოსარჩელეს უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (აწუხებს მენჯ-ბარძაყთა კოკსართროზი, მხედველობის დაქვეითება, მოძრაობის პრობლემები და სხვა ურთულესი დაავადებები) იძულებული იყო დამორჩილებოდა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ კაბალურ ვითარებას, რომელიც დღემდე გრძელდება. საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მარჩენალი სარჩენს ურიცხავს თვეში 300 ლარს, საიდანაც 200 ლარი სარჩენის მომვლელისათვის გ.ჯ–ძისთვის მისაცემ თანხას შეადგენს, ხოლო 100 ლარი კი სარჩენის მოვლის, კვებისა და სხვა საჭიროებებისათვის რჩება. 2008 წლიდან სარჩენისათვის ყოველთვე 100 ლარის ჩარიცხვა წარმოადგენს სერიოზულ საფუძველს, რათა სარჩენს მოეთხოვა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. ამიტომაც სარჩენმა შესთავაზა მარჩენალს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეცვლილი გარემოებების გამო, თუმცა, მარჩენალმა უარი უთხრა სარჩენს ამ შეთავაზებაზე.
6.4. კასატორის მტკიცებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელჰყო მხარეთა შორის არსებული დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა და მტკიცებულებათა იგნორირებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
6.5. კასატორმა მოწმე ხათუნა წერეთლის ჩვენება მოიხმო, რომლის თანახმად მარჩენალი სარჩენს ყოველდღიურად არ უვლიდა და ხანდახან ჩამოდიოდა. ამასთან, სარჩენსა და მარჩენალს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მოწმემ განაცხადა, რომ სარჩენმა მარჩენალს თეფში ესროლა. მხარეთა შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოწმემ-მომვლელმა გ.ჯ–ძემაც დაადასტურა.
6.6. კასატორმა საქმეზე გარკვეული მტკიცებულებების დართვა იშუამდგომლა, რითაც სარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტურდება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სსკ-ის 949-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც სავალდებულოა (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
14. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების დამტკიცება.
15. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა- მარჩენალმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მხარეების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.
16. აღნიშნული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით, კასატორმა თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და სარჩენისათვის ყოველთვიური სარჩოს გაგზავნას აყოვნებს, ამასთან, უარს ეუბნება სარჩენს სარჩოს გაზრდაზე.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სსკ-ის 949-ე მუხლში ასახული წანამძღვრებისა, შესაბამისად, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა. სარჩენი ვერ ადასტურებს ხელშეკრულების მხარეებს შორის ურთიერთობის იმგვარად გამწვავებას, რამაც ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი გახადა. კასატორი ვერც ზიანის მიყენების ფაქტს ასაბუთებს სარწმუნოდ. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მხარეების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია“ (იხ, სუსგ N ას-1205-1125-2017, 24.11.2017წ; შეად. ასევე - N ას-367-2020, 23.09.2020წ.).
18. სარჩენის სასარჩელო მოთხოვნა - 3 000 ლარის დაკისრების შესახებ საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ არის, რადგან მოპასუხეს იგი სადავოდ არ გაუხდია.
19. კასატორის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულეების დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიერ, უარყოფილია სსსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ჩ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ქ.ჯ–ას (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 14 სექტემბერი), 70% – 420 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე