Facebook Twitter

საქმე№ას-420-2021

21 მაისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - გ.ზ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–კო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, I აპელანტი, შეგებებული სარჩელის მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) თავდაპირველი სარჩელი ნ.ი–კოს (შემდეგში: მოპასუხე, II აპელანტი, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ან განმცხადებელი) მიმართ, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ასევე, ნ.ი–კოს შეგებებული სარჩელი მოპასუხის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით განისაზღვრა, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 30 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის (ალიმენტის დაკისრების თაობაზე) ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით შეგებებული სარჩელის მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (არასრულწოვანის მამას) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ბინა N15, ფართი 124.72 კვ, საკადასტრო კოდი ........, გასხვისება.

4. კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით, 2020 წლის 2 აპრილს, სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: არ არსებობს საშიშროება იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი აღსრულებელი დარჩება, ვინაიდან მოპასუხე დასაქმებულია და აქვს მუდმივი ანაზღაურება. ასევე არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ის შესაძლოა მომავალში გადახდისუუნარი გახდეს. მოპასუხე პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას და ალიმენტს ყოველთვიურად იხდის.

5. სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესები და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლება, თუნდაც სასამართლოში დავის არსებობის დროს, შესაბამისი დასაბუთების, საკმარისი საფუძვლისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გასცდეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის მოთხოვნას და გაუმართლებელი ზიანი არ მიაყენოს მოპასუხის ინტერესს.

6. მოპასუხე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულებას, შვილსა და ყოფილ მეუღლეს საბანკო ანგარიშზე თანხას სისტემატურად ურიცხავდა. ამასთანავე, იგი საქართველოში ყოფნის პერიოდში, არასრულწლოვანს უზრუნველყოფდა ყველა იმ საჭიროებით, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. აღნიშნულის საპასუხოდ, განმცხადებელს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ მომავალში შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, მაშინ როდესაც მტკიცების ტვირთი მის მხარესაა.

7. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის ვარაუდი უნდა ემყარებოდეს სასარჩელო მოთხოვნის ლეგიტიმურობას და საფუძვლიანობას, რაც საჩივრის ავტორის შეფასებით სახეზე არ არის.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 191.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის, უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვან წილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც სსსკ-ის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, უწინარესად, უნდა გაირკვეს განსახილველი დავის საგანი (სარჩელის მოთხოვნა), დარღვეული ან სადავო უფლება, მათი კავშირი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ ღონისძიებასთან და საკითხი იმის შესახებ, რამდენად უზრუნველყოფს ამ ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების საფრთხისგან, ასევე, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას.

12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო იხილავს დავას, რომლითაც შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის გადახდის დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და შეგებებული სარჩელის მოპაუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 1200 ლარის გადახდა დაეკისრა სარჩელის შეტანის დღიდან - 2019 წლის 30 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში შესაძლებელია გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება, იმ რთული გარემოების გათვალისწინებით, რაც არსებობს ზოგადად მთელს ქვეყანასა და მსოფლიოში და რომელმაც შესაძლებელია განაპირობოს ნებისმიერ კერძო სტრუქტურაში დასაქმებულის უმუშევრად დარჩენა. მით უმეტეს, რომ დღეისათვის უკვე არსებობს ალიმენტის დაგროვილი დავალიანება.

14. სააპელაციო სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საჩივრის ავტორი არ უთითებს, თუ რითი იზღუდება მისი უფლება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. ამასთან, ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რომელიც ქონების გასხვისების ობიექტურ, აუცილებობიდან გამომდინარე წინაპირობად შეიძლება იყოს განხილული.

15. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შეგებებული სარჩელის მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

16. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

18. სსსკ-ის 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

19. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც წინამდებარე განჩინების 9-15 პუნქტებშია ასახული, რადგან იგი საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან გამომდინარეობს.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწეული ვერ იქნება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1462-2019, 21 თებერვალი, 2020 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის დავის საგანია არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1200 ლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან 2019 წლის 30 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

24. საკასაციო სასამართლო, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

25. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისათვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

26. ამავე კოდექსის მიზნებისათვის „ბავშვის საუკეთესო ინტერესებში“ მოაზრებულია ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი).

27. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“ („ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ )

28. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ, თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

29. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ დავაში მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის სოლიდური ოდენობა, რომლის შეუფერხებლად აღსრულების უზრუნველყოფა მშობლის (მამის) უფლების კეთილსინდისიერად შესრულებასთან ერთად, ცხადია, მის მუდმივ შემოსავალზეა დამოკიდებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ რთული გარემოების გათვალისწინებით, რაც არსებობს მთელ ქვეყანასა და ზოგადად მსოფლიოში შესაძლებელია ნებისმიერ კერძო სტრუქტურაში დასაქმებულის უმუშევრად დარჩენა განაპირობოს, რაც საფუძვლიანი ვარაუდით გააძნებელს ან შეუძლებელს გახდის წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

31. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის (ალიმენტის დაკისრება) გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება შეგებებული სარჩელის მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს (იხ. სუსგ #ას-54-2019, 06.06.2019 წ.).

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ).

34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს შეეძლო, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, სასამართლოსთვის შეეთავაზებინა სხვა საშუალება და მოეთხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მისთვის მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც, ერთი მხრივ, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ ბერკეტებს შეუქმნიდა, მაგალითად, გარკვეული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. აღსანიშნავია, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს ამ უფლების გამოყენება კვლავაც შეუძლია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორე სახით შეცვლის მოთხოვნის დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა და ყველა ის ხარჯი, რაც შესაძლოა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რათა უზრუნველყოფის ღონისძიების სახის შესაძლო შეცვლამ არ შექმნას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხე; აღნიშნული კი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მიერ სასამართლოსათვის შეთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიების სახეზეა დამოკიდებული, რაც ინდივიდუალურად ფასდება სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება არ უნდა გაუქმდეს, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ზ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განჩინების ძალაში დატოვების შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური