Facebook Twitter

საქმე №ას-939-2020 30 მარტი, 2021წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.თ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ფ–ის, თ.ფ–ის, მ.ფ–ისა და ვ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე" ან „კასატორი“, „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, „მეოთხე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, ..... (ს/კ №.....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“).

2.2. მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს და მოსარჩელეს არ აძლევენ შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრათ ათდღიანი საპროცესო ვადა შესაგებლის წარსადგენად.

3.2. პირველი მოპასუხისთვის განკუთვნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ადრესატის მეუღლეს - მ.ო–ს ჩაჰბარდა 24.03.2018წ.; მეოთხე მოპასუხის სახელზე გზავნილი ჩაჰბარდა მის მამას, მ.ო–ს 24.04.2018წ.; რაც შეეხება მეორე და მესამე მოპასუხეებს, მათთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა საჯარო შეტყობინების გზით, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 27.07.2018წ. განჩინება საინფორმაციო დაფაზე და ვებგვერდზე განთავსდა 03.08.2018წ..

3.3. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ. პირველი მოპასუხის მიერ შესაგებელი წარმდგენილი იქნა 03.05.2018წ., ვადის დარღვევით, რის გამოც იგი დარჩა განუხილველად.

3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

3.5. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.5.1. სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

3.5.2. მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

3.6. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე.

3.7. არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები და მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა. გორის რაიონული სასამართლოს 21.10.2019წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 31.10.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. პირველ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, მისთვის განკუთვნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 24.03.2018წ. ჩაჰბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, მეუღლეს - მ.ო–ს, რაც მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

6.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 2321 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მოპასუხეს და განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგები. სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს შესაგებელს. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

6.3. პირველი მოპასუხისთვის გაგზავნილ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლებს ერთვოდა სასამართლოს გზავნილიც, სადაც დეტალურად იყო მითითებული შესაგებლის წარდგენის ვადისა და მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგების თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ.20).

6.4. პირველმა მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა საპროცესო ვადის დარღვევით, საპატიო მიზეზების მითითების გარეშე. მისი შედავება ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი.

7.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე. პირველმა მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 03.05.2018წ.. არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 24.03.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

10. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

11. სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

13. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

14. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

15. პირველი მოპასუხის როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი ისაა, რომ მას სასამართლოს გზავნილი არ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში, მხარისათვის სასამართლო უწყების/გზავნილის ჩაბარების წესის შემოწმება სასამართლოს ვალდებულებაა (შდრ.სუსგ. Nას-1188-1148-2016, 24.07.2017წ.).

16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17. სადავო არ არის, რომ მოპასუხეებს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრათ ათდღიანი საპროცესო ვადა და 17.04.2018წ. გაეგზავნათ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები (ტ.1, ს.ფ. 20-23). პირველი და მეოთხე მოპასუხისთვის განკუთვნილი გზავნილები ჩაჰბარდა მათ ოჯახის წევრს, პირველი მოპასუხის მეუღლეს და მეოთხე მოპასუხის მამას - მ.ო–ს (ტ.1, ს.ფ. 20, 23). მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნათ ერთსა და იმავე დღეს, 17.04.2018წ., საქმეში წარმოდგენილ გზავნილებზე ჩაბარების თარიღად პირველი მოპასუხის შემთხვევაში მითითებულია 24.03.2018წ., ხოლო მეოთხე მოპასუხის შემთხვევაში - 24.04.2018წ. (ტ.1, ს.ფ.20, 23).

18. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ პირველი მოპასუხისთვის შესაგებლის წარდგენის ვადის ათვლის წერტილად ისე მიიჩნია 24.03.2018წ., რომ არ შეაფასა გზავნილის გაგზავნის (17.04.2018წ.) და ჩაბარების (24.03.2018წ.) თარიღების ურთიერთმიმართება, ასევე ოჯახის იმავე სრულწლოვანი წევრის მიერ მეოთხე მოპასუხის სახელზე გზავნილის ჩაბარების თარიღი (24.04.2018წ.). სასამართლომ გზავნილის გაგზავნა-მიღების დამადასტურებელი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უნდა შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც უნდა გამოიტანოს დასკვნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის ჩაბარების თარიღის თაობაზე, რისი სწორად განსაზღვრაც გადამწყვეტია შესაგებლის წარდგენის ვადის მართებულად ათვლისათვის.

19. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

20. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს პირველი მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების თარიღი. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე უნდა შეფასდეს, პირველი მოპასუხის მიერ 03.05.2018წ. რაიონულ სასამართლოში შესაგებლის შეტანისას (ტ.1, ს.ფ.24-32), იყო თუ არა დაცული შესაგებლის წარდგენისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ათდღიანი ვადა და რამდენად არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ან/და მისი უცვლელად დატოვების წინაპირობა.

21. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო პალატა საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ასახული დასაბუთების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, რამდენად არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი