Facebook Twitter

საქმე №ას-1087-2020 24 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ო.ლ–ძე, გ.ჩ–ი, მ.ხ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება; ამავე სასამართლოს 22.07.2020წ. განჩინება მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ხ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელემ 15.02.2018წ. შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასზე, რომ მოპასუხემ ხაშურის მუნიციპალიტეტის ..... აღმოსავლეთის მხარეს უნებართვოდ დაიკავა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი. ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.03.2018წ. დადგენილებით მოპასუხე ბრალეულად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში სასკ) 552 მუხლის პირველი ნაწილით და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. განაგრძობდა რა მართლსაწინააღმდეგო ქცევას, ხაშურის რაიონული სასამართლოს 18.06.2018წ. დადგენილებით მოპასუხე ბრალეულად იქნა ცნობილი სასკ-ის 552 მუხლის მეორე ნაწილით და დაჯარიმდა 3000 ლარით. დადგენილებები უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. დადგენილებებით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილია ღობე და ჭიშკარი, რაც ხელს უშლის ნაკვეთის მიზნობრივ გამოყენებას. ეს არის დენადი სამართალდარღვევა, რომელიც გრძელდება, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა.

2.2. მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ .....), რომელიც 03.09.2018წ. გააჩუქა მეუღლეზე, რომელმაც შემდეგ იგი მიყიდა დ.დ–ს, რაც საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს ამ გარიგებების ფიქტიურობასთან დაკავშირებით. კუთვნილი ქონების გასხვისება არ ათავისუფლებს მოპასუხეს მოსარჩელის ფართის მიზნობრივ გამოყენებაში ხელშეშლის შეწყვეტის ვალდებულებისაგან.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან უძრავი ნივთი, რომლის მომიჯნავედაც მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთი, გაასხვისა, აღარ ფლობს და შესაბამისად, იგი მოცემულ დავაში არის არასათანადო მოპასუხე.

3.2. სადავო მიწის ნაკვეთს ღობე შემოავლო და ჭიშკარი დაამონტაჟა არა მოპასუხემ, არამედ მოპასუხის ბაბუამ.

3.3. სადავო ტერიტორიის შემოსაზღვრით არავის უფლებები არ ილახება (ხელი არ ეშლება ნაკვეთის მიზნობრივ გამოყენებას), ჭიშკარი მუდმივად ღიაა და შესვლა-გამოსვლა თავისუფლადაა შესაძლებელი.

4. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების პოზიცია:

4.1. ო.ლ–ძემ მხარი დაუჭირა სარჩელს და განმარტა, რომ 2015 წელს შეიძინა უძრავი ნივთი, რომელსაც გასასვლელი აქვს მოსაზღვრედ მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე. იგი ითხოვს საზოგადოებრივი დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას, რათა მიეცეს საკუთრებით სარგებლობის საშუალება, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხემ დაჯარიმების შემდეგ, ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით, უძრავი ნივთი აჩუქა მეუღლეს, რომელმაც ფორმალურად გაასხვისა ნათესავზე. მოპასუხის ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ დასტურდება იმ გარემოებით, რომ მან კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისების შემდეგ მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

4.2. გ.ჩ–მა მხარი დაუჭირა სარჩელს და განმარტა, რომ მოპასუხემ უნდა გამოათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საზოგადოებრივი დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რათა მიეცეს მისით სარგებლობის საშუალება.

4.3. მ.ხ–ძემ განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო მიწის ნაკვეთი გასული საუკუნის 70-იან წლებში სურამის სადაბო საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სარგებლობისთვის მიიღო მისმა და მოპასუხის წინაპარმა, შემოსაზღვრა, დაამონტაჟა ჭიშკარი და ამ ნაკვეთით სარგებლობს ორი ოჯახი.ნსადავო მიწის ნაკვეთი მათ უნდა გადასცემოდათ, თუმცა ვერ შეძლეს მასზე უფლების მოპოვება ო.ლ–ძის წინააღმდეგობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილ იქნა მოპასუხის მიერ ხაშურის რაიონის ..... (ს/კ .....) მიმდებარედ, აღმოსავლეთ მხარეს მის მიერ უნებართვოდ შემოსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (საზოგადოებრივი სარგებლობის ნაკვეთი) უკანონო ხელყოფა და ამ მიზნით დაევალა მოპასუხეს მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ დამონტაჟებული ღობის და ჭიშკრის აღება. მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში ნება დაერთო მოსარჩელეს, აიღოს უნებართვოდ დამონტაჟებული ღობე და ჭიშკარი (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 181-192; 21.05.2019წ. განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, ტ.1, ს.ფ. 195-197).

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.05.2019წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. N ..... საკადასტრო კოდის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 225 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და ეკუთვნის მოსარჩელეს.

6.2. სადავო მიწის ნაკვეთზე მოწყობილია ღობე, ჭიშკარი, რაც ხელს უშლის ქონების მიზნობრივ სარგებლობას.

6.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

6.4. საააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზე, რომ იგი სადავო ნაკვეთს არ ფლობს და მოსარჩელეს ნაკვეთით სარგებლობაში ხელს არ უშლის. ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.03.2018წ. დადგენილებით მოპასუხე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად სასკ-ის 552 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, თუმცა, გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2018წ. დადგენილებით 02.03.2018წ. დადგენილებაზე წარდგენილი საჩივარი დარჩა განუხილველად. უდავოა, რომ დავა შეეხებოდა წინამდებარე საქმეში სადავო მიწის ნაკვეთს. მოპასუხემ განაგრძო მართლსაწინააღმდეგო ქცევა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 18.06.2018წ. დადგენილებით იგი ცნობილ იქნა სასკ-ის 552 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და დაჯარიმდა 3000 ლარით. დადგენილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.08.2018წ. დადგენილებით.

6.5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.05.2019წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, რომელიც სწორედ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ეხებოდა. მოპასუხე აცხადებდა, რომ მიწის ნაკვეთი გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან დაკავებული ჰქონდათ მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 23.05.2019წ., ე.ი. 2018 წლის 14 დეკემბრის შემდეგ გამოიტანა. ამ დროისთვისაც მოპასუხე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ თავის მოთხოვნას მხარს უჭერდა.

6.6. დადგენილია, რომ მოპასუხე ქონებით მიზნობრივ სარგებლობას ხელს უშლის - ნაკვეთზე აღმართულია ღობე და ჭიშკარი. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნულ ნაკვეთს მესამე პირი დაეუფლა ან გამონთავისუფლდა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხემ უნდა აიღოს უნებართვოდ დამონტაჟებული ღობე და ჭიშკარი.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. კასატორი არ ახორციელებს სადავო მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივ ბატონობას.

7.2. სადავო მიწის ნაკვეთს ვერ ექნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება, მას აქვს ორ სახლთან მისასვლელი გზის ფუნქცია და დამოუკიდებელი კატეგორია არ მინიჭებია. შეუძლებელია მისი განცალკევებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთთან კავშირი დასტურდება საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებით და სასამართლო წარმოებაში მისი მონაწილეობით. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 02.10.2018წ., ამავე სამართალწარმოებაში, მოპასუხემ მოითხოვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის იმჟამინდელი მესაკუთრის სათანადო მოსარჩელედ ჩაბმა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

7.4. უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება დამატებითი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არსებითად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული სადავო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ღობით და ჭიშკრით მის მიზნობრივ სარგებლობაში ხელშეშლა. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად განსაზღვრავს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს (შდრ. სუსგ №ას-1384-2020, 04.03.2021წ.; №ას-1713-2019, 12.02.2021წ.; №ას-674-2019, 30.09.2019წ.; №ას-778-2019, 05.07.2019წ.).

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია მათ წინააღმდეგ. უნებართვოდ დამონტაჟებული ჭიშკრის და ღობის აღების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე მოპასუხის სათანადოობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.03.2018წ. და 18.06.2018წ. დადგენილებებზე (18.06.2018წ. დადგენილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.08.2018წ. დადგენილებით), რომლითაც მოპასუხე მიჩნეულ იქნა სასკ-ის 552 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდამრღვევად და დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ღობის და ჭიშკრის მოწყობის ფაქტი (ტ.1, ს.ფ.18-38). რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისებით სადავო ურთიერთობასთან კავშირის შეწყვეტის შესახებ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე მითითებას, რომლითაც დგინდება მოსარჩელის ნივთის მიმართ მოპასუხის ინტერესი კუთვნილი ნაკვეთის გასხვისების შემდგომ პერიოდშიც (წინამდებარე დავის მოპასუხეს იმ დავაში სარჩელით სადავოდ ჰქონდა გამხდარი სადავო მიწის ნაკვეთზე აღიარების კომისიის განკარგულება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და არ გაიცა მასზე საკუთრების მოწმობა. უარი დაეფუძნა იმას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების გზას) (ტ.2, ს.ფ. 98-107).

13. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. № ას-799-799-2018, 13.07.2018წ.; №ას-778-2019, 05.07.2019წ.).

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ 22.07.2020წ. განჩინებას, რომლითაც სსსკ-ის 380-ე, 382-ე, 215-ე მუხლებზე დაყრდნობით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 240; იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 11:40:22). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის , 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კ.ხ–ძეს (პ/ნ ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 10099900179, გადახდის თარიღი 11.11.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე