საქმე №ას-1487-2020 19 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ინდ.მეწარმე ქ.შ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ინდმეწარმე ქ.შ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა 4000 აშშ დოლარისა და 60900.3 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010-2017 წლებში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს პროდუქციას გარკვეული თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.
3. მოპასუხემ 2017 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვიტა.
4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მიწოდებული პროდუქციის დავალიანება 72400.03 ლარი გადასახდელი აქვს. ამ უკანასკნელმა სარჩელის მომზადების პერიოდში, ნაწილობრივ დაფარა დავალიანება - 11500 ლარი.
5. მოსარჩელემ მიუთითა მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობაზეც და განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბრის კრების ოქმით, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება 34000 აშშ დოლარი აღიარა, საიდანაც 30000 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო გადასახდელი - 4000 აშშ დოლარი დარჩა.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.
7. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვალდებულების არსებობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებით ადასტურებს, თუმცა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის მიწოდება-ტრანსპორტირებისას აუცილებელია სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. ამასთან, მოსარჩელეს სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა არა მოპასუხე კომპანიასთან, არამედ სხვა პირთან.
8. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ანგარიში მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის განმავლობაში უნდა გასწორებულიყო, მოთხოვნის წარმოშობიდან კი 8 წელია გასული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 60900.03 ლარისა და 4000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა ნასყიდობისა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე, 623-ე, 624, 625-ე მუხლებზე).
13. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად ვერ განიხილება, მიუთითა, რომ ხელშეკრულებით, შემკვეთს საფასურის გადახდა გარკვეული პერიოდულობით დაევალა, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღეში უნდა გადაეხადა პროდუქციის საფასური, რაც ვალდებულებას, შესრულების სახის გათვალისწინებით, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად აქცევს.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, კრედიტორის მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი უნდა გავრცელდეს, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
15. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2010 წელს მოპასუხემ მიღებული პროდუქციის ღირებულებაზე 34 783.02 ლარით ნაკლები გადაიხადა. ანალოგიურად გრძელდებოდა მომდევნო წლებშიც, თუმცა 2015-2016 წლებში მოპასუხემ უფრო მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე პროდუქცია მიიღო, კერძოდ, ამ უკანასკნელმა მთლიანად მიღებული პროდუქტების ღირებულებაზე 79 930.57 ლარით მეტი (2015 წელს გადახდილია 60 735.17 ლარით მეტი / 2016 წელს - 19 195.4 ლარით მეტი) გადაიხადა. ამ დროისათვის ვადამოსული იყო 2010-2014 წლებში შესასრულებელი ვალდებულებები ცალ-ცალკე.
16. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 387.1, 128.1, 130-ე და 137-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ 2010 წელს, მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელეს და მის ფარგლებში არსებული ვალდებულებები პერიოდულად უნდა შესრულებულიყო, ამდენად, როდესაც 2012 წელს მოპასუხემ დავალიანების ნაწილი გადაიხადა, მან ამ დროისათვის ვადამოსული ყველა ვალდებულება აღიარა და ყველა მათგანის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. ამასთან, ზედმეტად გადახდილი თანხის მიზნობრიობა არ დასტურდება. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელისათვის 11 500 ლარის გადახდა, რითაც მოპასუხემ ვალი აღიარა.
17. სააპელაციო სასამართლო გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, ვინაიდან მხარეს არ აურჩევია, რომელი ვალდებულების შესრულება სურდა ზედმეტად გადახდილი თანხით, სსკ-ის 387-ე მუხლის შესაბამისად, ის ვალდებულებები დაიფარა, რომლის შესრულების ვადა უფრო ადრე დადგა, კერძოდ, ამ თანხით მოპასუხემ 2010-2011 წლებში დაგროვებული დავალიანება (ჯამში 69 428.03 ლარი) სრულად დაფარა, ხოლო დარჩენილი თანხით 2012 წლის დავალიანების ნაწილი დაიფარა, შესაბამისად, დაგროვებული ვალდებულების ნაწილობრივ დაფარვით, იმავდროულად, სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, მხარემ ვალი აღიარა.
18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რაც სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულად ვერ აქცევს. ამასთან, ვინაიდან არ დასტურდება ზედმეტად გადახდილი თანხის მიზნობრიობა, სსკ-ის 387-ე მუხლის შესაბამისად, დაიფარა ის ვალდებულებები, რომლის შესრულების ვადა უფრო ადრე დადგა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა აპელანტის განმარტება, რომ თითოეული პროდუქციის მიწოდება ცალკე გარიგებაა და იმ შესასრულებელი ვალდებულებების არჩევანის რიგითობასთან დაკავშირებით, მოსარჩელის სამტკიცებელია, მოპასუხე ვალდებულების შესრულებით ასრულებდა არა მიმდინარე, არამედ მანამდე არსებულ ვალდებულებას.
19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პარტნიორთა კრების ოქმით არ ხორციელდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მით უფრო - ხელშეკრულების დადება ვალდებულების აღიარებასთან დაკავშირებით.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 1 სექტემბრის კრების ოქმი, რომლის თანახმად, კრების დღის წესრიგი იყო მოსარჩელისათვის ვალის დაბრუნება. მ.ც–ძემ (შემდგომ - კომპანიის დირექტორი) კრებას მოახსენა, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს მოპასუხის საჭიროებისათვის მოსარჩელისაგან 30 000 აშშ დოლარი 2% სარგებლის დარიცხვით ისესხეს. 2012 წელს სარგებლის სახით 10 000 აშშ დოლარი გადაიხადეს. ამის შემდეგ, სესხზე სარგებლის დარიცხვა შეწყდა. დღეისათვის დავალიანება 34 000 აშშ დოლარს შეადგენს. კრებამ გადაწყვეტილება მიიღო, იმ მომენტისათვის მოსარჩელისათვის 30 000 აშშ დოლარი გადაეხადათ. კრედიტორმა თანხა მიიღო. კრების ოქმს ხელს აწერენ კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები: მ.ც–ძე, ჟ.ძ–ი, ლ.ლ–ი და ხ.ს–ძე. მ.ც–ძე, იმავდროულად, კომპანიი დირექტორია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 1 სექტემბრის პარტნიორთა კრების ოქმით მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ვალი - 34 000 აშშ დოლარი აღიარა.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 341-ე მუხლზე და განმარტა, რომ, ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
23. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 341-ე მუხლის გაგებით, არ არის ვალის არსებობის აღიარება, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალ ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა. წარმოდგენილი კრების ოქმის თანახმად აღიარებულია არა აბსტრაქტული ვალდებულება, არამედ მხარეებს შორის უკვე არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც ნათლადაა იდენტიფიცირებული თავად კრების ოქმით. ამასთან, მხარემ ვალი აღიარა და ნაწილობრივადაც (30000 აშშ დოლარი) დაფარა. კრების ოქმი არ არის ახალი ხელშეკრულება. მხარეები არ შეთანხმებულან სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების არსებით პირობებზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, კრების ოქმი ვალის კაუზალური აღიარებაა.
24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონის) 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტებზეც, რომლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სპეციალური კანონის მე-9 მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოდგენილია საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირის – დირექტორის მიერ.
26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, კრების ოქმს ხელს აწერს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად შპსს დირექტორია. დირექტორის მხრიდან სესხის აღების ფაქტის აღიარება და მისი წერილობითი დადასტურება კი, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის ნამდვილობას განაპირობს.
27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
29. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულებას ასაბუთებდა პროდუქციის მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლის საფუძველზე ხელშემკვრელ მხარეს არა მოპასუხე, არამედ ააიპ №207 ბაგა-ბაღი წარმოადგენდა, შესაბამისად, გაუგებარია, მესამე პირის ვალდებულება მოპასუხეს რატომ დაეკისრა.
30. კასატორი სადავოდ ხდის მხარეთა შორის არსებულ სესხის ხელშეკრულების არსებობასაც და მიუთითებს, რომ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა დასტურდება, წარმოადგენს საზოგადოების შიდა მოხმარების დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც კომპანიის პარტნიორები შიდა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას. პარტნიორთა კრების ოქმით, არ ხორციელდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მით უფრო, ვალდებულების აღიარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადება. ამასთან, კრების ოქმში საუბარია მხოლოდ ერთ ვალდებულებაზე 30000 აშშ დოლარზე და არაფერია ნათქვამი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე.
31. კასატორის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვალდებულება იარსებებდა, კომპანია კრების ოქმით ორივეს აღიარებდა. გასათვალისწინებელია, რომ კრების ოქმს მოსარჩელემ, როგორც კრედიტორმაც, ხელი მოაწერა.
32. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შეთანხმებით გადაუხდელი ვალდებულება სესხად ჩაითვალა, რომლის ოდენობაც მყარი ვალუტით დაფიქსირდა და გადასახდელი საზღაურის ოდენობას შეესაბამება. ზემოაღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ წარმომადგენელმა ვერ მიუთითა სესხი რა ფორმით, როდის გაიცა და რატომ არ ითხოვდა მოსარჩელე მიმდინარე პერიოდამდე სესხის თანხას.
33. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მხარეები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ მოქმედებდნენ. მხარეთა შორის ყოველ წელს ახალი ხელშეკრულება ფორმდებოდა, თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით ცალკე მიღება-ჩაბარების აქტი დგებოდა და ცალკე გადახდის ვადა განისაზღვრებოდა, ანუ თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებასთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის ვადის დენა დამოუკიდებლად უნდა ათვლილიყო. მხარის მიერ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება 2010-დან 2017 წლამდე პერიოდს არ მოიცავდა, ეს პერიოდი შემოფარგლული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადით, კერძოდ, ერთი წლით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია 2017 წელს, მოპასუხემ 10500 ლარის გადახდით, როგორ აღიარა 2010 წლიდან ყოველ წელს ცალ-ცალკე დადებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი დავალიანება, ამასთან, როგორც ააიპ №207 ბაგა-ბაღის, ასევე, მისი ვალდებულება ერთდროულად.
34. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ააიპ №207 ბაგა-ბაღის მიერ 2010 წლის 18 ოქტომბერს გადახდილი 5142.68 ლარი და მოპასუხის მიერ 2011 წლის 26 იანვარს გადახდილი 383.72 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
38. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
39. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
40. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2010 წლიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, მხარეებს შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხეს საკვები პროდუქტებით პერიოდულად ამარაგებდა, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, მიწოდებული პროდუქტების საფასური მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის ვადის დაცვით გადაეხადა.
41. მხარეთა შორის გაფორმებული 2010 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ძალაში იყო 2010 წლის 31 დეკემბრამდე, რის შემდეგაც ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.
42. მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, გარდა 2015 და 2016 წლებისა, ყოველწლიურად უფრო ნაკლებ თანხას იხდიდა, ვიდრე მიღებული პროდუქციის ღირებულება იყო.
43. მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სარჩელის აღძვრამდე 11 500 ლარი გადაიხადა.
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
45. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნის (60900.3 ლარის) სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება).
46. უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო შეთანხმებული პროდუქცია, რაც როგორც აღინიშნა, გამყიდველს მყიდველს მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის (მოპასუხის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებაში დაარწმუნებდა. აქედან გამომდინარე, მყიდველი ვალდებულია, სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტის ნასყიდობის ფასი გადაიხადოს.
47. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს, არა კასატორი, არამედ ააიპ №207 ბაგა-ბაღი წარმოადგენდა, რასაც საკასაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ იზიარებს და მიუთითებს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების 40-41 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, მით უფრო, როცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანიც არ ყოფილა.
48. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ კასატორის პრეტენზიაზე და განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულება შეიძლება შესრულდეს როგორც ერთდროულად, ასევე, ნაწილ-ნაწილ, განსაზღვრული პერიოდების მიხედვით. ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს კონკრეტული ვალდებულება, დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე (არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, თუ შესრულების საგანი განუყოფადია, ცხადია, შესრულება ერთბაშად უნდა განხორციელდეს).
50. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველს (მოპასუხეს) ნასყიდობის საფასურის გადახდა გარკვეული პერიოდულობით დაევალა, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 დღის ვადაში, რაც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს წარმოშობს და ხანდაზმულობის ვადას ამ წესის მიხედვით უნდა გამოითვალოს.
51. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმით გამოიხატება, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ №ას-868-830-2014, 2015 წლის 19 მარტის განჩინება). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ №ას-599-562-2010, 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება; №ას-986-2019, 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება).
52. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სსკ-ის 387-ე მუხლის (თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა) დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ 2015-2016 წლებში თანხის გადახდით (მოპასუხემ 2015 წელს 60735.17 ლარით მეტი გადაიხადა, ხოლო 2016 წელს - 19195.4 ლარით) 2010-2011 წლების დავალიანების სრულად დაფარვისა და 2012 წლის დავალიანების ნაწილის დაფარვის შესახებ, ითვალისწინებს 2010 წელს მხარეების მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განუსაზღვრელად გაგრძელებას და მიუთითებს, რომ 2012 წლის დავალიანების ნაწილის დაფარვამ, რომელიც 2015 წელს ხანდაზმული არ იყო, სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გამოიწვია. ამ ვადიდან სარჩელის აღძვრამდე კი, სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული არ არის, რაც კასატორის პრეტენზიას უსაფუძვლოს ხდის.
53. ზემოაღნიშნული საფუძვლით, პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხავი (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებლი გარემოების) - ხანდაზმულობის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.
54. რაც შეეხება მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობას, საკასაციო პალატა კასატორის მიერ ან ნაწილში წარმოდგენილ პრეტენზიებასაც არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ზოგადად, სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას.
55. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტი).
56. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია სარჩელით მოთხოვნილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია, რომელიც სამართალწარმოების შესაბამის საპროცესო ეტაპზე შესაგებლით შედავებული არ არის, უსაფუძვლოა და მოპასუხისათვის უარყოფით სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
57. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულის თაობაზე კასატორს შესაგებელშიც რომ მიეთითებინა, სასამართლო მის პოზიციას საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მაინც ვერ გაიზიარებდა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ პარტნიორთა კრების ოქმით დადგენილი ვალდებულების დიდი ნაწილი (30000 აშშ დოლარი) გადაიხადა მისთვის 4000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილშიც მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
58. რაც შეეხება კასატორის 34-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს დავალიანების მოცულობა და მისი დაანგარიშება სსსკ-ის 219-ე მუხლის (მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული) დანაწესიდან გამომდინარე, სადავოდ არ გაუხდია, რაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მისი პოზიციის გაზიარების საფუძვლიანობას გამორიცხავს.
59. საკასაციო პალატა საკასაციო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდმინარე არ ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც საკასაციო საჩივრის წარმატებას განაპირობებს.
60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ №ას-1907-2018, 2019 წლის 6 ივნისის განჩინება; №ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-280-280-2018, 2018 წლის 18 ივლისის განჩინება, №ას-1088-1008-2017, 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება).
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 3705.70 ლარის 70% – 2593.99 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,ს–ის“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3705.70 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 11.01.2021), 70% - 2593.99 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე