Facebook Twitter

საქმე №ა-3665-შ-84-2020 16 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

თარჯიმანი – მ.ც–ა

შუამდგომლობის ავტორი – ე.პ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ს.პ–ო

წარმომადგენელი – ვ.კ–ძე, რ.ც–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს დნეპროპეტროვსკის ოლქის 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილებით ე.პ–ოს სარჩელი ს.პ–ოს მიმართ ქონების გაყოფასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა:

1.1. საერთო საკუთრებაში არსებული ქონება გაიყო; ს.პ–ოს საკუთრებად აღირიცხა სოფელ ..... რაიონში, კიევის ოლქში მდებარე 4 711 883 გრივნის ღირებულების 1, 4314 ჰა მიწის ნაკვეთი. ე.პ–ოს პირად საკუთრებად აღირიცხა: 32 081 გრივნისა და 40 კაპიკის ღირებულების ქ. დნეპროპეტროვსკში, ..... მდებარე №30 ბინა; 220 600 გრივნის ღირებულების ავტომობილი AUDI A8, სედანი, სახელმწიფო ნომრით ......; 58 500 გრივნის ღირებულების ავტომობილი CHEVROLET LACETI NF 193, მსუბუქი სედანი, სახელმწიფო ნომრით .....; 345 000 გრივნის ღირებულების ავტომობილი MERCEDES-BENZ ML 350, სახელმწიფო ნომრით AE 9608 BM; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ...... №59 „ა“-ში მდებარე 74 985 გრივნის ღირებულების 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ......, ..... №59 „ბ“-ში მდებარე 59 988 გრივნის ღირებულების 0, 120 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ......, მდებარე 4 255 გრივნის ღირებულების 0,3964 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ...... მდებარე 3 504 გრივნის ღირებულების 0,3231 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...... მდებარე 2 764 გრივნისა და 43 კაპიკის ღირებულების 0, 2460 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის ...... №129-ში 2 741 გრივნისა დ 5 კაპიკის ღირებულების 0,2440 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...... მდებარე 2 753 გრივნისა და 20 კაპიკის ღირებულების 0,2450 ჰა მიწის ნაკვეთი; მთლიანობაში ზემოაღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენს 807 925 გრივნასა და 66 კაპიკს;

1.2. ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით;

1.3. ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიო ბაჟი 1700 გრივნის ოდენობით და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯი 280 გრივნის ოდენობით.

2. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით დაზუსტდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილებაში აღნიშნული ავტომობილების გამოშვების წლები და საიდენტიფიკაციო კოდები.

3. ე.პ–ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების იმ ნაწილში ცნობა და აღსრულება, რომლითაც ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით.

4. შუამდგომლობითა და უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მას ასევე ჩაბარდა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 26 ივნისს, საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება უკრაინის ტერიტორიაზე არ მომხდარა; მოპასუხეს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე.პ–ოს შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოპასუხეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ........, ბინა №9). სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2020 წლის 14 დეკემბერს.

7. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება.

8. 2020 წლის 21 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ გასულია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების აღსრულების ვადა და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით დადგინდა ე.პ–ოს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა 2021 წლის 16 აპრილს 12:00 საათზე, დისტანციურ რეჟიმში.

10. 2021 წლის 15 აპრილს მოპასუხის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, წარმოადგინა ახსნა-განმარტება და იშუამდგომლა მტკიცებულებების დართვის თაობაზე. მოპასუხემ მიუთითა, რომ შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 პუნქტი) მოწინააღმდეგე მხარეს ნებაყოფლობით შესრულებული აქვს და შუამდგომლობის ავტორს მიღებული აქვს თანხა, 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2021 წლის 16 აპრილს გამართულ სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ფულადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება განქორწინების დამატებით შედეგებზეც. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა როგორც აღნიშნულ ხელშეკრულებას, აგრეთვე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) მოწესრიგებას.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მე-40-45-ე მუხლები, ისევე როგორც მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს.

18. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

19. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

21. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად ძირითადად ორ გარემოებაზე მიუთითებდა 1) გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მოთხოვნა ხანდაზმულია და 2) მოპასუხის მიერ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება ნებაყოფლობით შესრულდა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობას სადავოდ აღარ ხდის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის მთავარი სხდომის ოქმი, DVD RW დისკი, ნაწილი 4; 00:10:39-00:11:07). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღარ იმსჯელებს ცნობა-აღსრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.

23. რაც შეეხება გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების საკითხს, საცნობი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების დასადასტურებლად მოპასუხე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი საქართველოს ბანკიდან, რომელიც 2012-2013 წლებში შუამდგომლობის ავტორის სახელზე გადარიცხვებს (ჯამში 15 277 აშშ დოლარი) ადასტურებს. შუამდგომლობის ავტორმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი არ იყო წინააღმდეგი სასამართლოს მათში მითითებული თანხა (15 277 აშშ დოლარი) გამოეკლო ძირითადი ფულადი ვალდებულებისათვის და დარჩენილი თანხის ნაწილში მოეხდინა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის მთავარი სხდომის ოქმი, DWD RW დისკი, ნაწილი 4: 00:22:46-00:24:20).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

25. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

26. მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულების დანარჩენ ნაწილში შესრულება შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საცნობი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების მხოლოდ ნაწილი (15 277 აშშ დოლარი) აქვს ნებაყოფლობით შესრულებული.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულებისა და მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საცნობი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების მხოლოდ ნაწილი (15 277 აშშ დოლარი) აქვს ნებაყოფლობით შესრულებული. შესაბამისად, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება, უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნა და 34 კაპიკი ს.პ–ოს მიერ უკვე გადახდილი 15 277 აშშ დოლარის გამოკლებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-2, 43-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მე-40-45-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.პ–ოს შუამდგომლობა უკრაინის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს დნეპროპეტროვსკის ოლქის 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს დნეპროპეტროვსკის ოლქის 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნა და 34 კაპიკი ს.პ–ოს მიერ უკვე გადახდილი 15 277 აშშ დოლარის გამოკლებით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი