Facebook Twitter

საქმე №ას-227-2021 31 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „რ–ა“, შპს „ქ.ბ.ჯ–ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ჯ.მ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ–ასა“ და შპს „ქ.ბ.ჯ–ის“ (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ......) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

8. 2021 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველი.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეების განცხადება შეტანილია არაგანსჯად სასამართლოში, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სწორედ ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება, სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების განახლება და ამავე სასამართლოს მიერ 2020 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმება.

12. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო არასწორად უთითებს, რომ მოპასუხეებმა არაგანსჯად სასამართლოს მიმართეს, რამდენადაც ახლად აღმოჩენილი გარემოება გამოვლინდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდგომ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მოპასუხეებმა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით არაგანსჯად სასამართლოს მიმართეს.

17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

20. საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1650-2018, 31 იანვარი 2019 წელი).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (იხ. სუსგ №ას-728-1056-07, 2008 წლის 23 იანვარი).

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების საფუძველზე შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. შესაბამისად, განმცხადებელს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რამდენადაც სწორედ მისი გადაწყვეტილება წარმოადგენს დავაზე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ სამართლებრივი შედეგის დამდგენ არსებით გადაწყვეტილებას.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე №681-681-2018, 30 ივლისი, 2018 წელი; საქმე №ას-1324-1262-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ–ისა“ და შპს „ქ.ბ.ჯ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი