საქმე №ას-1404-2019 13 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (სარჩოს გადაანგარიშება)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „საწარმო“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 01.03.2016 წლიდან ყოველთვიური სარჩოს - 625 ლარისა და ერთობლივად მიუღებელი სარჩოს სხვაობის, 3050 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მეუღლე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დაზარალებული“) მუშაობდა საწარმოში მემანქანედ. მან 12.04.1980 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და გარდაიცვალა 12.03.2003 წელს. მოსარჩელე მოპასუხისგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს მარჩენალის დაკარგვის გამო, თუმცა, რადგანაც გაზრდილია დაზარალებულის თანამდებობაზე მომუშავე მემანქანის ხელფასი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაზრდილი სარჩო, ასევე მიუღებელი სარჩო 3050 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მისი საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. დაზარალებული საწარმოში მუშაობდა მემანქანედ, როდესაც 12.04.1980 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა. იგი გარდაიცვალა 12.03.2003 წელს.
4.2. მოსარჩელე 2013 წლის მარტის თვიდან მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს 575 ლარს, რაც განსხვავდება მოქმედი მემანქანის ხელფასისგან.
4.3. საწარმოს მიერ 02.03.2018 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, 2013 წლის მარტიდან დღემდე მემანქანის ხელფასი შეადგენს 1250 ლარს.
4.4. დაზარალებულის დაბადების თარიღია 1944 წლის 11 თებერვალი.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
4.6. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც იგი მიიღებდა სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის.
4.7. სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც დაზარალებული გარდაცვლილია, პრეზუმირებულია, რომ იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმ პერიოდისათვის მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. სადავო პერიოდში იგი ვერ შეასრულებდა საწარმოში შრომით მოვალეობას და მასზე ვერც დასახელებულ პერიოდში განხორციელებული სახელფასო ცვლილებები გავრცელდებოდა, რადგან, მისი დაბადების თარიღის (11.02.1944 წელი) გათვალისწინებით, 2013 წელს იგი საპენსიო ასაკის იქნებოდა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.08.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დაზარალებულის თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მემანქანის ხელფასის გათვალისწინებით, სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა როგორც გაზრდილი სარჩო, ასევე წინა წლების მომატებული გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობა. სარჩოს გაზრდის და გადაანგარიშების საფუძველი იყო საწარმოში მემანქანისათვის ხელფასის მატება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმავე ვითარებაში გვერდი აუარა უკვე პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტებს, რომელთა შეცვლა არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
8. საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის სსკ-ის 1006-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება. მითითებული ნორმა ადგენს ქცევის წესს, რომლითაც დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როდემდეა ძალაში რჩენის ვალდებულება და განსახილველ შემთხვევაში რამდენად არსებობს მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის მოქმედი მემანქანის ხელფასის მიხედვით სარჩოს გადაანგარიშების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძვლები.
12. ამდენად, უნდა გაირკვეს: თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. წინამდებარე დავაში დადგენილია, რომ დაზარალებული დაიბადა 11.02.1944 წელს, შესაბამისად, სადავო პერიოდში იგი ვერ შეასრულებდა საწარმოში შრომით მოვალეობებს და მასზე ვერც დასახელებულ პერიოდში განხორციელებული სახელფასო ცვლილებები გავრცელდებოდა, რაც გამორიცხავს გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით მისი სარჩენი პირის სასარგებლოდ სარჩოს გადაანგარიშებას. პალატა აქვე განმარტავს, რომ ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა (შდრ. სუსგ №ას-789-746-2015, 22.01.2016წ.).
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ-ებები: №ას-1180-1141-2016, 31.03.2017წ.; №ას-1220-1145-2015, 03.06.2016წ.; №ას-738-690-2017, 11.07.2017წ.).
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე