Facebook Twitter

საქმე №ას-1373-2020 20 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.12.2019წ. გადაწყვეტილებით: თ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,კ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ , "აპელანტი", "კერძო საჩივრის ავტორი" ან „საზოგადოება“) დირექტორის 2019 წლის 28 თებერვლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 3 600 ლარის გადახდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების - 600 ლარის ანაზღაურება, ასევე შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის, 600 ლარის 0.07%-ის გადახდა 2019 წლის 5 მარტიდან გადაწყეტილების აღსრულებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3.2. მიუხედავად სასამართლოს არაერთი მცდელობისა, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

3.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 21.08.2020წ. გაეგზავნა საქმეში არსებულ ელექტრონულ მისამართზე .... (ს.ფ.27) და საზოგადოების დირექტორის ელექტრონულ მისამართზე .... (ს.ფ. 204).

3.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა მხარისათვის დაიწყო 22.08.2020წ. (ელექტრონულ მისამართებზე ...., ..... ხარვეზის თაობაზე განჩინების გაგზავნის მეორე დღეს) და ამოიწურა 1 სექტემბერს, რა ვადაშიც სააპელაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის რაიმე სახის განცხადებით არ მიუმართავს (იხ.: განჩინება, ს.ფ. 230-233).

3.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 74-78-ე მუხლები, რადგანაც მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ განჩინების ჩაბარებად მიიჩნია განჩინების გაგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საზოგადოების კუთვნილ დომენზე ყოველთვიური თანხის გადაუხდელობის გამო კორპორატიული ელექტრონული ფოსტის სერვისი იყო გამორთული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სასამართლომ კანონით დადგენილი წესით არ ჩააბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რადგანაც ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ადრესატებს არ მიუღიათ.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია უწყება/გზავნილი გაუგზავნოს ან მხარეს, ან წარმომადგენელს. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ამდენად, კანონმდებელი პირდაპირ ადგენს, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი უწყების/გზავნილის ჩაბარება რა სახის მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს.

10. საქმის მასალებით არ დასტურდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი გზავნილის (ხარვეზის დადგენის შესახებ 03.02.2020წ. განჩინება) აპელანტისათვის ჩაბარება - საქმეში არ მოიპოვება მისი მიღების დადასტურება.

11. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07, 10/06/2010), თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზმატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015) (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA) (განაცხადი N 30459/13), 17.01.2017წ. გადაწყვეტილება, 33).

12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ–ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი