Facebook Twitter

საქმე №ას-1369-2020 20 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.07.2019წ. გადაწყვეტილებით მ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების: ნ. ბ–ძის, ნ. ბ–ძის, ა.ბ–ძისა და ბ. ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი ..... (საკადასტრო კოდი: ......) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კერძო საჩივრის ავტორი").

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2020წ. განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული მექანიკური შეცდომა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: "ა.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს". განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, აპელანტ "ა.ბ–ძის" ნაცვლად მითითებულ იქნა "ნ. ბ–ძე".

4.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი განხილვის გარეშე გამოასწოროს დაშვებული უსწორობა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ მიეცა საშუალება, დასწრებოდა სხდომას და გამოეთქვა აზრი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც გასწორდა განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

10. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011წ., № ას-1489-2018, 31.01.2019წ.).

11. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, აპელანტ "ა.ბ–ძის" ნაცვლად მითითებულ იქნა "ნ. ბ–ძე", ანუ შეცდომით არის მითითებული აპელანტის/მოპასუხის სახელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განჩინების სხვა ნაწილებში სახელი აღნიშნულია სწორად. შესაბამისად, არსებობდა დაშვებული უსწორობის გასწორების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი.

12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზე, რომ არ მიეცა საშუალება, დასწრებოდა სხდომას და გამოეთქვა აზრი. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებით, თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი