Facebook Twitter

საქმე №ას-1684-2018 22 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ.დ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ძე, მ. და ლ. ფ–ები (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ლ.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ფ–მა, ი.ხ–ძემ და ლ. ფ–ამ (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელე, ასევე წოდებული, როგორც მესაკუთრეები ან მოწინააღმდეგე მხარები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ.დ–ასა და ლ.ჭ–ძის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი, ხოლო, მეორე მოპასუხე _ როგორც მოვალე) მიმართ და მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 მარტის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #92746 აქტში მითითებული მოძრავი ნივთების (1. #54547 - მაგიდა ექვსი სკამით (ხის ოვალური მაგიდა, ხის სკამები რბილი დასაჯდომით); 2. #54548 - საათი (კედლის თევზების ორნამენტებით); 3. #54549 - კარადა ( ე.წ. სტენკა) (ხის, მინებიანი, ხისფერი); 4. #54550 - კარადა (ხის კარადა, ხისფერი, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი); 5. #54551 - 3 სავარძელი (ნაჭრის, ერთი დიდი და ორი პატარა, ხის სახელურებით, ნაც. ნაჭრით); 6. #54552 - ტელევიზორი („SAMSUNG-ის“ ფირმის, შავი, ბრტყელი); 7. #54553 - პიანინო („ბელარუსი“, შავი); 8. #54556 - საწოლი (ხის ორსაწოლიანი); 9. #54557 – 2 დინამიკი („ინტექსი“ ფირმის, შავი); 10. #54558 - ლეპტოპი („დელი“ წითელი,); 11. #54560 - დუშკაბინა (შავი ოთკუთხას ტიპის, მინებიანი); 12. #54561 - სარეცხის მანქანა („ბეკოს“ ფირმის, მეორადი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია); 13. #54562 - მაცივარი (ორკარიანი, ზედა საყინულით, ვერცხლისფერი); 14. #54563 - წყლის გამაცხელებელი („techno-ს“ ფირმის, თეთრი, გაზზე მომუშავე); 15. #54564 - გაზქურა („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი); 16. #54565 - საჭმლის გამაცხელებელი („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი, დენზე მომუშავე); 17. - კონდიციონერი („სამსუნგის“ ფირმის, თეთრი, ე.წ „ზიმალეტა“) ყადაღისაგან გათავისუფლება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს გაცემული #2ბ/3335-14 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება #A15100653). აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ იქნა მოვალე ლ.ჭ–ძის საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. ბინაში არსებული ქონება, მათ შორის დაყადაღებული ნივთები, წარმოადგენს მ. ფ–ისა და არა მისი დედის _ ლ.ჭ–ძის საკუთრებას. ლ.ჭ–ძეს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი და შესაბამისად ვერ შეძლებდა რაიმე ნივთის შეძენას. დაყადაღებული ნივთების ნაწილი (1. #54547 - ხის მაგიდა (ოვალური) 6 ხის სკამით; 2. #54548 - კედლის საათი, თევზების ორნამენტებით; 3. #54549 - კარადა მინებიანი (ხისფერი ე.წ სტენკა); 4. #54550 - ხის კარადა, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი; 5. #54551 - სავარძლები, 1 დიდი და 2 პატარა ხის სახელურებით; 6. #54556 - ხის საწოლი 2 ადგილიანი) არის მ. ფ–ის ოჯახის ახლობლისა და მეჯვარის _ კ.ბ–ვის ნაჩუქარი, #54553 - პიანინო „ბელარუსი“ არის ლ. ფ–ას საკუთრება, რომელიც ბებიამ _ გ.ჭ–ძემ აჩუქა, რამდენადაც სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში. დანარჩენი ნივთები საოჯახო ტექნიკა არის უშუალოდ მ. ფ–ის მიერ შეძენილი განვადებით, რომელიც პირველ მოსარჩელეს სჭირდება სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად. დედამისმა _ ლ.ჭ–ძემ საერთოდ არ იცის მისი მოხმარება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, მას არც შეუძენია ეს ნივთი, რასაც ადასტურებს თვითონაც და მათი ოჯახის ახლობლებიც. „techno-ს“ ფირმის წყლის გამაცხელებელი, „ბეკოს“ გაზქურა, „სამსუნგის“ ფირმის კოდიციონერი, „ბეკოს“ საჭმლის გამაცხელებელი, „სამსუნგის“ ტელევიზორი პირველმა მოსარჩელემ ასევე განვადებით შეიძინა. ოთკუთხა ტიპის მინებიანი საშხაპე კაბინა მ. ფ–ს აჩუქა მამამ _ ვ.ფ–მა, ხოლო „ბეკოს“ ფირმის სარეცხი მანქანა და მაცივარი შეძენილია მ. ფ–ის მეუღლის _ ი.ხ–ძის მიერ. გარდა ამისა, წყლის გამაცხელებელი და გაზქურა არ ექვემდებარება დაყადაღებასა და იძულებით რეალიზაციას, ვინაიდან წარმოადგენს ქონებას, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო და მის დაკმაყოფილებას დაუჭირა მხარი;

2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დაყადაღების აქტიდან მოძრავი ქონების ამოწერის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან მოვალის სახლში აღმოჩენილი ნივთები ექვედებარება დაყადაღებას. პირველ მოპასუხეს აკისრია ვალდებულება მეორე მოპასუხის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია, კრედიტორმა უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს და შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის იძულებითი აღსრულების მოთხოვნის უფლებაც მას ჰქონდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოცემულის შედეგად დაყადაღებულ იქნა მოვალის საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილი ქონება, შესაბამისად, მოვალის ქონება კანონის საფუძველზეა დაყადაღებული და არ უნდა მოხდეს მისი დაყადაღების აქტიდან ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ სადავო ქონებას მოეხსნება ყადაღა, ზიანი მიადგება კრედიტორის კანონიერ ინტერესს, რამდენადაც შეუძლებელი გახდება მოვალის მიმართ არსებული მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 მარტის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #92746 აქტში მითითებული სადავო მოძრავი ნოვთები.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ.ა–ძის მიერ 2016 წლის 25 მარტს აღიწერა და დაყადაღდა ქ.თბილისში, ....., #30 ბინაში განთავსებული შემდეგი ნივთები: #54547 - მაგიდა ექვსი სკამით (ხის ოვალური მაგიდა, ხის სკამებით რბილი დასაჯდომით); #54548 - საათი (კედლის თევზების ორნამენტებით); #54549 - კარადა (ე.წ სტენკა) (ხის, მინებიანი, ხისფერი); #54550 - კარადა (ხის კარადა, ხისფერი, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი); #54551 - 3 სავარძელი (ნაჭრის, ერთი დიდი და ორი პატარა, ხის სახელურებით, ნაც. ნაჭრით); #54552 - ტელევიზორი („სამსუნგის“ ფირმის, შავი ბრტყელი); #54553 - პიანინო („ბელარუსის“, შავი); მტვერსასრუტი („ელექტროლუქსის“ ფირმის, მეორადი, ცისფერი შავში, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია); გამათბობელი („ნიკალას“ გაზის გამათბობელი, შავი); #54556 - საწოლი (ხის ორსაწოლიანი); #54557 – 2 დინამიკი („ინტექსის“ ფირმის, შავი); #54558 - ლეპტოპი („დელის“ ფირმის, წითელი); გამათბობელი (ელექტრო, ძველებური, კარმის ფირმის, თეთრი); #54560 - დუშკაბინა (შავი ოთკუთხას ტიპის, მინებიანი); #54561 - სარეცხის მანქანა („ბეკოს“ ფირმის, მეორადი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია); #54562 - მაცივარი (ორკარიანი, ზედა საყინულით, ვერცხლისფერი); #54563 - წყლის გამაცხელებელი (techno-ს ფირმის, თეთრი, გაზზე მომუშავე); #54564 - გაზქურა („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი); #54565 - საჭმლის გამაცხელებელი („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი, დენზე მომუშავე); კონდიციონერი („სამსუნგის“ ფირმის, თეთრი, ე.წ. ზიმალეტა);

1.2.2. ნივთები აღიწერა და დაყადაღდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე #A15100653-005/001 სააღსრულებო წარმოების პროცესში. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების, აღსრულების ქვემდებარე აქტისა და კრედიტორის განცხადების თანახმად ლ.ჭ–ძეს რ.დ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 900 აშშ დოლარის და 150 ლარის გადახდა;

1.2.3. ლ.ჭ–ძე, რომელიც წარმოადგენს რ.დ–ას მოვალეს, არის მოსარჩელეების მ. ფ–ისა და ლ. ფ–ას დედა, ი.ხ–ძის კი დედამთილი. მხარეები ცხოვრობენ ერთად ქ.თბილისში, ....... მდებარე #30 ბინაში, სადაც დაყადაღებულ იქნა სადავო ნივთები. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ხსენებული უძრავი ქონება, წარმოადგენს მოვალე ლ.ჭ–ძის საკუთრებას;

1.2.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტით, გამარტივებული დეკლარაციის მონაცემის შეფასებით, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხულმა მოწმე კ.ბ–ვმა დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთების ნაწილი მის მიერ არის ჩამოტანილი გერმანიიდან, რომელიც აჩუქა ახალ შეუღლებულ მ. ფ–სა და ი.ხ–ძეს. რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გამარტივებული დეკლარაციით. მოწმე ხ.ზ–ემ განმარტა, რომ დაახლოებით 2013 წლის ნოემბერში ი.ხ–ძესა და მ. ფ–ს ჰქონდათ ქორწილი და მაგ პერიოდში იას დედამ აჩუქა მაცივარი, რომელიც იყო შავი, ორკარიანი) თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #92746 აქტში მითითებული ნივთების ნაწილი: #54547 - ხის მაგიდა (ოვალური) 6 ხის სკამით, რბილი დასაჯდომებით; #54548 - კედლის საათი, თევზების ორნამენტებით; #54549 - კარადა მინებიანი (ხისფერი ე.წ სტენკა); #54550 – ხის კარადა, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი; #54551 - სავარძლები, 1 დიდი და 2 პატარა ხის სახელურებით, ნაცრისფერი ნაჭრით; #54556 - ხის საწოლი 2 ადგილიანი, - საქორწინო საჩუქრის სახით მიღებული აქვთ მ. ფ–ს და ი.ხ–ძეს, მათ შორის: დაყადაღებული ნივთი - შავი ფერის „ბელარუსის“ პიანინო ლ. ფ–მა მიიღო საჩუქრად ბებიისაგან. #54557 - დინამიკები, შავი „ინტექსის“ ფირმის; #54558 - ლეპტოპი წითელი, „დელის“ ფირმის; #54563 - წყლის გამაცხელებელი, თეთრი „techno-ს“ ფირმის გაზზე მომუშავე; #54564 - გაზქურა, ვერცხლისფერი, „ბეკოს“ ფირმის; #54565 - საჭმლის გამაცხელებელი, ვერცხლისფერი, „ბეკოს„ ფირმის; #54566 - კონდიციონერი (ზიმალეტა) თეთრი, „სამსუნგის“ ფირმის; #54552 - ტელევიზორი ბრტყელი, შავი ფერის, „სამსუნგის“ ფირმის, შეძენილია მოსარჩელე მ. ფ–ის მიერ. ასევე მან მამისგან საჩუქრად მიიღო შავი, ოთხკუთხა ტიპის, მინებიანი საშხაპე კაბინა, ხოლო ი.ხ–ძეს საჩუქრად აქვს მიღებული: #54561 – „ბეკოს“ ფირმის სარეცხი მანქანა; - #54562 - მაცივარი, ვერცხლისფერი, ზედა საყინულით, ორკარიანი;

1.2.5. აღწერა-დაყადაღების აქტში მითითებული #54554 - მტვერსასრუტი („ელექტროლუქსის“ ფირმის, მეორადი, ცისფერი შავში); #54555 - გამათბობელი („ნიკალას“ გაზის გამათბობელი, შავი) და #54559 გამათბობელი („კარმას“ ფირმის ელექტრო, ძველებური) ნივთების კუთვნილებაზე მოსარჩელეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ და განმარტეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ზემოხსენებულ ნივთებზე არ ვრცელდებოდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია და ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ. სუსგ-ებები: №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი). ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო 158-ე მუხლის პირველი ნაწილითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებით დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ იმგვარი მოძრავი ნივთები, რომლებიც განკუთვნილი მთავარი ნივთის _ საცხოვრებელი სახლის უკეთ გამოყენებისათვის წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით განსაზღვრული მთავარი ნივთის _ უძრავი ქონების საკუთვნებელს და იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს მოვალე, ეკუთვნის არა მას, არამედ _ მოსარჩელეს, წარმოადგენს იმ პრეზუმფციის საფუძველს, რომ საკუთვნებელიც მთავარი ნივთის მესაკუთრის მიერაა შეძენილი ქონებით სარგებლობისათვის. გარდა ამისა, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად შეაფასეს მოწმეთა ჩვენებები, საკრედიტო ხელშეკრულებები და გამარტივებული დეკლარაციების მონაცემები, რომელთა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ქონება შეძენილია მოსარჩელეების და არა პირველი მოპასუხის მიერ. ამ მსჯელობის საპირწონედ კასატორს დამაჯერებელი არგუმენტები არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის, როს გამოც, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კასატორმა ვერ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

ი.ხ–ძემ, მ. და ლ. ფ–ებმა საკასაციო პასუხს დაურთეს მტკიცებულებები: საჯარო რეესტრის ამონაწერების, საჯარო რეესტრის მიერ განცხადების მიღების ბარათის, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კონვერტის ასლები 5 (ხუთი) ფურცლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია. ხსენებული მიზეზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს მათ მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უბრუნებს ამ დოკუმენტებს მხარეს.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 160 ლარი. ვინაიდან განსახილველი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს წარმოადგენს, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის მინიმუმი, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 10 ლარი, რაც შეეხება დარჩენილ 150 ლარს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), მასვე უნდა დაუბრუნდეს ამ თანხის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.დ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ რ.დ–ას (პ/#........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 19.11.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 160 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 10 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. ი.ხ–ძეს, მ. და ლ. ფ–ებს დაუბრუნდეთ საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები: საჯარო რეესტრის ამონაწერების, საჯარო რეესტრის მიერ განცხადების მიღების ბარათის, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კონვერტის ასლები 5 (ხუთი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი