Facebook Twitter

საქმე №ას-1097-2020 31 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. რ.კ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დირექტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2017 წლის 13 თებერვლის #2/018 ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, 2017 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლისათვის ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის სახით 1 000 ლარისა (დარიცხული) და 2008 წლიდან 2022 წლამდე კუთვნილი გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი საშვებულებო თანხის (თითოეულ წელზე 1 000 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე. მოპასუხის დირექტორის 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც დაევალა დასკვნის შედგენა ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაღის ფინანსური საქმიანობის, დაგეგმილი შესყიდვებისა და ინვენტარიზაციის შედეგების შემოწმების ანალიზის თაობაზე. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ დასკვნაში პირველ დარღვევად მითითებულია, შპს გამომცემლობა „პ-თან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების გამო, ჯარიმის გამოუყენებლობა. ხელშეკრულების თანახმად მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 10 დღეში, თუმცა, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საქონლის მიწოდება 10 სამუშაო დღის ვადაში. ვადაში კალენდარული დღის მიჩნევის პირობებშიც კი, გადაცილება შეადგენდა 2 დღეს, ხოლო, ჯარიმა _ 0.63 ლარს, რაც არ წარმოადგენს დირექტორის მიერ ვალდებულებების უხეშ დარღვევას. დასკვნაში ერთ-ერთ დარღვევად მითითებულია ასევე შპს „ლ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულება, მასში შესყიდვის საგნის, ერთეულის ფასის, ჯამური ფასისა და მიწოდების ვადების მიუთითებლობის გამო, თუმცა, ხელშეკრულების შესაბამისად, სადავო პირობები განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართად მითითებული სასაქონლო ზედნადებით. ამდენად, ხელშეკრულება მონიტორინგის ჯგუფის მიერ უნდა განხილულიყო როგორც ერთიანი დოკუმენტი დანართთან ერთად. დასკვნის შესაბამისად, დარღვევად მიჩნეულია ასევე ფასთა სხვაობა ინდ.მეწამე ზ.ღ–თან გაფორმებულ 23 იანვრისა და 10 მარტის ხელშეკრულებების ცალკეულ პოზიციებს შორის. ვინაიდან თითოეული ხელშეკრულების პირობები არ არის განსაზღვრული მრავალჯერადი გამოყენებისათვის, რეგულირდება ცალ-ცალკე, ორ სხვადასხვა პერიოდზე, ფასთა ცვლილება მომწოდებლის მხრიდან სხვადასხვა ობიექტური მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული და ეს ფაქტი არ მიუთითებს მოსარჩელის მიერ მოვალეობების უხეშ დარღვევას. სადავო დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა-შეკეთებაზე ბაღის მიერ დახარჯულია 3 310.97 ლარი. მათ შორის დასკვნა შეეხება 2015 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ 540 ლარს, რომელიც ონკანების შეცვლა-შეძენისთვისაა გახარჯული. ბაგა-ბაღსა და შპს „ს.ს–ს“ შორის არსებული სააბონენტო ხელშეკრულებები იდება ერთი წლით და დანარჩენი ხელშეკრულებებისაგან არსებითად განსხვავებულია ხელშეკრულების საგანი, ფასი და ანგარიშსწორების ფორმა და გულისხმობს მხოლოდ შენობაში არსებული ქსელის საავარიო მომსახურებას, მათ შორის ონკანის შეკეთებასა და შეცვლას, თუმცა მასალის შეძენის ვალდებულება ბაგა-ბაღს ეკისრება. დანარჩენი ხელშეკრულებები არის ერთჯერადი და კონკრეტული მიზნისათვის დადებული, შესაბამისად, არასწორია დასკვნა 540 ლარის გახარჯვასთან დაკავშირებით, არეულია ორი სხვადასხვა ხელშეკრულების შინაარსი, ვინაიდან 2015 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულება არ შედის სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედების არეალში. ხელშეკრულების თანახმად, მოხდა 12 ცალი ახალი წყალ-საკანალიზაციო წერტილის დამატება. აღნიშნული სამუშაოები არ შედის სააბონენტო ხელშეკრულებაში, შესაბამისად, შემსრულებული თავად იძენს მასალას, რაც დასტურდება სამუშაოს აქტებით ( 540 ლარის გადახდა მოხდა საქონელში - ონკანებში, ხოლო, მომსახურებაში არ არის გადახდილი არც ერთი ლარი). 2015 წლის 10 დეკემბერს #209 ბაგა-ბაღსა და შპს „ს.ს–ს“ შორის დადებული ამ ხელშეკრულებით მოხდა მთავარი ჩამკეტი ვინტილისა და საკონტროლო ვინტილის შენობაში მოწყობა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. 2015 წლის 3 იანვრის სააბონენტო ხელშეკრულება კი მოიცავს კონკრეტულ სამუშაოთა ჩამონათვალს ბაგა-ბაღის შენობაში უკვე არსებულ ქსელზე და არა ახალი წერტილების მოწყობაზე. აღნიშული სამუშაოებით შესაძლებელი გახდა (საჭიროების შემთხვევაში) ბაგა-ბაღში წყლის მიწოდების სრული შეწყვეტა ოპერატიულად, შენობიდან გაუსვლელად. ამასთან, 10 ოქტომბრის ხელშეკრულება შეეხება უმეტესად საქონლის შეძენას (თანმდევი მომსახურებით) და მხოლოდ ბეტონის ფილის გახვრეტაა ცალკე მომსახურებად გათვალისწინებული, რაც ერთმნიშვნელოვნად არ შედის სააბონენტო მომსახურებაში. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მრავალჯერაა მოხსენიებული, რომ საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა-გასუფთავებაზე დახარჯულია 3 310.97 ლარი, სინამდვილეში ამ სამუშაოზე მხოლოდ ორი კონტრაქტია გაფორმებული: 2015 წლის 6 ოქტომბერსა (520 ლარი) და 21 ოქტომბერს (1 300 ლარი). აღნიშნულ პერიოდში ეზოში იცვლებოდა ასფალტის საფარი, რამაც კიდევ მეტად დააზიანა ისედაც მოძველებული საკანალიზაციო სისტემა და აუცილებელი გახადა საკანალიზაციო ქსელის (მწოლიარე მილების, ჭების) გარეცხვა, გასუფთავება და ზოგ ადგილას შეკეთებაც, რაც ასევე შეთანხმებული იყო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან მოსალოდნელი ხარჯის სახით.

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია 209-ე ბაგა-ბაღის კონტრაქტორ სხვადასხვა კომპანიის ერთ მფლობელზე, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად კანონდარღვევა არ არის და მით უფრო აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება ბაღის დირექტორს, ისევე როგორც, პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება ამავე დასკვნაში მითითებული ინვენტარიზაციის აქტების შეუდგენლობა. შესაბამისად, მონიტორინგის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ მუშაობის 10 წლის მანძილზე, მოსარჩელეს არც ერთი შენიშვნა და საყვედური არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ მოხდა მისი საქმიანობის მონიტორინგი. მის მიმართ დამსაქმებელს არასოდეს არ გამოუყენებია დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა და სწორედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტი გახდა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. ბაგა-ბაღის წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საქმიანობას წარმართავს და საქმიანობის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია დირექტორი, შესაბამისად, მონიტორინგის დასკვნაში მითითებული შედეგები მიჩნეულია მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევად. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია მონიტორინგის მიერ დასკვნაში მითითებული ყველა გარემოება ერთობლივად.

ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღი შპს „ს.ს–ს“ ყოველთვიურად უხდიდა 100 ლარს ბაღისთვის საჭირო წყალსადენ-კანალიზაციისა და გათბობის ქსელზე საავარიო მომსახურებისათვის. იმ მომსახურებაში რასაც სააბონენტო პაკეტი ითვალისწინებდა, ბაღს დამატებით გადახდილი აქვს თანხები. 2015 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებით შემრევი ონკანის შეძენა-მონტაჟზე გადახდილია 540 ლარი. აღნიშნული მომსახურება შედის სააბონენტო პაკეტში და ამ მომსახურებაში ფული საერთოდ არ უნდა გადაეხადა. 2015 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით კი, ბაღმა შემსრულებელს გადაუხადა წყლის მილის, ვინტილის, მუხლის მუფტის შეძენა-მონტაჟში 350.97 ლარი, მაშინ, როდესაც აღნიშნული მომსახურებაც შედიოდა სააბონენტო პაკეტში. მითითებული ქმედებებით ზიანი მიადგა ბაღის ბიუჯეტს.

კითხვებს ბადებს ის გარემოება რომ სნიკური მასალის მიმწოდებელი ორგანიზაცია და ამ სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაცია ერთი და იგივე პიროვნებას ეკუთვნის. თავდაპირველად ბაღის მიერ გაგზავნილ იქნა ნულოვანი დეკლარაცია, რომელიც მოგვიანებით დაზუსტდა. შესამოწმებელ პერიოდში სამზარეულოს ელ. ქურების შეკეთებაზე ფიზიკურ პირთან დადებულია სამი ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 900 ლარი. არც ერთ შემთხვევაში წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან არ ახლავს დეფექტური აქტი, შესაბამისად, გაურკვეველია, რეალურად საჭირო იყო თუ არა ამ მომსახურების გაწევა. დადასტურდა, რომ დარღვეული იყო ინვენტარიზაციის ჩატარების წესი. მითითებული დარღვევები ერთობლიობაში ქმნიდა ზემოხსენებული საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლ–ის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2017 წლის 13 თებერვლის #2/018 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით დარიცხული 1 000 ლარის გადახდა, ხოლო, მისაღები და მიუღებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა (მოპასუხე) მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, მეორე აპელანტმა (მოსარჩელე) _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც შეეხება სარჩელის უარყოფილ ნაწილს (გამოუყენებელი შვებულების კომპენსირება), სააპელაციო პალატის განჩინება მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი ამ მხრივ სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება შეამოწმოს. საკასაციო საჩივრის შესწავლით კი, ირკვევა, რომ მოპასუხე პრეტენზიას ძირითადად ორი მიმართულებით გამოთქვამს:

i სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რადგანაც არ გაითვალისწინა, რომ სახეზე არ იყო შრომითი ურთიერთობა, რის გამოც, მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას;

ii სასამართლომ არასწორად შეაფასა მონიტორინგის შედეგად გამოტანილი დასკვნა, რომელიც ადასტურებს დირექტორის მხრიდან სისტემური გადაცდომების ფაქტს, რაც გამართლებულს ხდიდა მის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:

1.2.1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით მოსარჩელე დაინიშნა ა(ა)იპ ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 1 000 ლარით;

1.2.2. ა(ა)იპ ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის წესების მე-4 მუხლის თანახმად, საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ქმნის დაწესებულების სათათბირო ორგანოს. დირექტორი:

- მართავს საბავშვო ბაგა-ბაღს;

- დებს გარიგებებს;

- კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს დაწესებულების ქონებასა და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

- წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

- წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.

1.2.3. ა(ა)იპ ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის შრომის შინაგანაწესის თანახმად:

- ბაგა-ბაღის დირექტორი ანგარიშვალდებულია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინაშე;

- დასახავს და განახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს მოთხოვნების შესრულების გეგმას;

- ბაგა-ბაღის შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს ხელმძღვანელობს;

- ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს რაიონულ კოორდინატორს წარუდგენს ანგარიშს დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოს შესახებ;

- პასუხისმგებელია სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე, რემონტის ჩატარებასა და გათბობით უზრუნველყოფაზე;

1.2.4. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით დადგინდა ა(ა)იპ ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის საქმიანობის საფინანსო და შესყიდვების მიმართულების მონიტორინგი. ამ მიზნით, შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ამავე ბრძანების თანახმად, დაევალა განეხორციელებინა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნული ბაგა-ბაღის ფინანსური საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვების შემოწმება, ასევე, 2014-2015 წლების ინვენტარიზაციის შემოწმება-ანალიზი;

1.2.5. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მრთვის სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის უფროსის 2017 წლის 13 თებერვლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბაგა-ბაღში ფინანსური ანალიზისა და შემოწმების შედეგად 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდის ფინანსურ საქმიანობაში, დაგეგმილ შესყიდვებში და 2015, 2016 წლების განხორციელებულ ინვენტარიზაციაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, ბაგა-ბაღში შემოწმდა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში ბაღის ფინანსური საქმიანობა, განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვები და ინვენტარიზაციის შედეგების შემოწმება-ანალიზი. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

- შპს გამომცემლობა პ -ს“, ხელშეკრულების შესაბამისად, 10 დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა საქონელი. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2 ნოემბერს. ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის იგი არ დაჯარიმდა;

- შპს „ლ–სთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული რისი შესყიდვა ხდება, არ არის ერთეულის ფასი, ხელშეკრულების ფასი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და მიწოდების ვადები. ხელშეკრულება უშინაარსოა;

- ინდ.მეწარმე ზ.ღ–თან გაფორმებულია ხელშეკრულებები 2015 წლის 23 იანვარსა და 2015 წლის 10 მარტს. საკანცელარიო საქონლის ერთეულის ღირებულებები რიგ პოზიციებზე, პირველ ხელშეკრულებასთან შედარებით, მეორე ხელშეკრულებაში ერთი და იგივე საკანცელარიო საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია. აღნიშნული დარღვევა-ნაკლოვანებები არის სისტემური ხასიათის, შემოწმება განხორციელდა შერჩევითი მეთოდის გზით.

დასკვნის თანახმად გამოვლენილია დარღვევები საბანკო ოპერაციებშიც, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ა(ა)იპ ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღი ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურ სააბონენტო ღირებულებას _ 100 ლარს უხდიდა შპს „ს.ს–ს“ ბაგა-ბაღის შენობაში არსებული წყალსადენ-კანალიზაციისა და გათბობის ქსელზე საავარიო მომსახურებაზე. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, სააბონენტო პაკეტში შედიოდა საკანალიზაციო სიფონის გაწმენდა, საკანალიზაციო დგარის გაწმენდა-დასუფთავება, საკანალიზაციო ტრაპის გაწმენდა-გასუფთავება, ხელსაბანის მილის გაწმენდა, უნიტაზის გაწმენდა-გასუფთავება, სამზარეულოს მილის გაწმენდა, შენობაში არსებული ამორტიზირებული წყალსადენის, კანალიზაციისა და გათბობის მილის შეკეთება-შეცვლა, დაზიანებული დრეკადი მილის შეცვლა, დაზიანებული ონკანების შეკეთება-შეცვლა, დაზიანებული ბურთულიანი ვინტილის შეცვლა, დაზიანებული უნიტაზის ავზის შეკეთება-შეცვლა, მოტეხილი რადიატორების შეკეთება, დაზიანებული რადიატორების ვინტილის შეცვლა. ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გარდა, შპს „ს.ს–ს“ შესრულებული აქვს ბაგა-ბაღის საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა-შეკეთების სამუშაოები, რაზედაც ხუთ შემთხვევაში გადარიცხულია 3 310.97 ლარი მათ შორის, სააბონენტო ხელშეკრულების პირობების დარღვევით;

- 2015 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებით, შემრევი ონკანების შეძენა-მონტაჟზე გახარჯულია 540 ლარი (აღნიშნული ონკანების შეცვლა შედის სააბონენტო პაკეტში და ბაგა-ბაღს მის მონტაჟზე თანხა არ უნდა გადაეხადა);

- 2015 წლის 10 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე წყლის მილის, ვინტილის, ბურთულიანი ვინტილის, მუხლის მუფტის შეძენა-მონტაჟზე, ასევე სააბონენტო ხელშეკრულების პირობების დარღვევით გადახდილია 350.97 ლარი (აღნიშნული მასალების მონტაჟი შედის სააბონენტო პაკეტის ღირებულებაში და ბაგა-ბაღს მის მონტაჟზე თანხა არ უნდა გადაეხადა);

- სააბონენტო ხელშეკრულების 1.3 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მასალას იძენს აბონენტი, ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღი. ზემოთ აღნიშნულ ორივე შემთხვევაში კი ბაგა-ბაღის მიერ სარემონტო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით ტექნიკური მასალები შეძენილია შემსრულებლის მიერ და არაა გამიჯნული დოკუმენტაციაში რამდენია მასალების ღირებულება და რამდენია მათი მონტაჟის ღირებულება;

- საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა-შეკეთებაზე ბაგა-ბაღის მიერ გახარჯულია 3 310.97 ლარი. შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციას არც ერთ შემთხვევაში არ ახლავს დეფექტური აქტი, რომლითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოს აუცილებლობა და მოცულობა. შესამოწმებელ პერიოდში ბაგა-ბაღის მიერ შეძენილია 664 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სნიკური მასალა. არც ერთი მათგანი არაა ბუღალტრულად აღებული შემოსავალში და ჩაწერილია პირდაპირ ხარჯებში;

- მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადამოწმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე განთავსებული ოფიციალური საჯარო ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ სნიკური მასალების მიმწოდებელი ორგანიზაცია და სნიკური სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაცია ეკუთვნის ერთსა და იმავე პირს;

- შემოწმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის პორტალზე ბაგა-ბაღის მიერ ატვირთული დეკლარაციების სისწორე რა დროსაც აღმოჩნდა, რომ 2016 წლის ივნისის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია გაგზავნილია არასწორად ნულოვანი დარიცხვით. ივნისში გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენდა 27 702.83 ლარს, რაზედაც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი _ 5 540.57 ლარი, რომელიც დროულად არის გადარიცხული ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში მიეთითა საქმისმწარმოებელს, დაუყოვნებლივ დაეზუსტებინა დეკლარაცია;

- შესამოწმებელ პერიოდში სამზარეულოს ელ.ქურების შეკეთებაზე ფიზიკურ პირთან გაფორმებულია სამი ხელშეკრულება საერთო თანხით 900 ლარი. არც ერთ შემთხვევაში წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან არ ახლავს დეფექტური აქტი. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი, კერძოდ, არაა მინიჭებული მატერიალურ ფასეულობაზე საინვენტარიზაცო ნომრები;

1.2.6. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელე, დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, 2017 წლის 14 თებერვლიდან გათავისუფლდა ა(ა)იპ ქ.თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია ბრძანება მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე, ასევე, მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2017 წლის 13 თებერვლის მოხსენებითი ბარათი და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით სწორად უნდა შეფასდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, რამდენადაც საკითხი შეეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობიდან განთავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, უპირველესად, უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხი, კერძოდ:

1.3.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავაზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.

1.3.2. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

1.3.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.

1.3.4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების მოშლის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება, სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული.

1.3.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არაერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.6. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნეს მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით (საკასაციო პალატის მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხზე დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან. მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, არც მხარეებს მიუთითებიათ და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის წერილობითი სასამსახურო ხელშეკრულების ფარგლებში განსხვავებულად იქნა მოწესრიგებული დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი და ეს წესი, მოცემული დავის ფარგლებში, დარღვეულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე კი, საკასაციო პალატა ამ საკითხს საკუთარი ინიციატივით ვერ გამოიკვლევს.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის მოწესრიგებისათვის არ იქნა რა გამოყენებული შესაბამისი სამართლის ნორმები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნათა წარმატებულობას.

2. პროცესის ხარჯები:

მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, ვინაიდან შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იგი ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, სარჩელის უარყოფის პირიობებში, ამ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გაიღებს სახელმწიფო. რაც შეეხება მოპასუხის მიერ გაღებულ ხარჯებს, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული მართლწესრიგის გამო, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 610,36 ლარის გადახდა. ამასთანავე, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა სარჩელი, ამავე ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე გზიარებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. რ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2.2. რ.კ–ძეს (პ/#......) ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (ს/კ #.....) სასარგებლოდ დაეკისროს 3 610,36 ლარის გადახდა.

3. რ.კ–ძის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი