№ა-2329-შ-52-2021 7 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ბ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, ქ. შტუტგარტის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის №25F477/12 გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ქ. შტუტგარტის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის №25 F 477/12 გადაწყვეტილებით დოქტორ პ.ვ–ის (დაბადებული 05.02.1930 წელს, მოქალაქეობა: გერმანია, ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული, მისამართი: ..... შტუტგარტი) მიერ შვილად იქნა აყვანილი თ.ბ–ა (დაბადებული 30.07.1982 წელს, მოქალაქეობა: საქართველო, ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, მისამართი: ...... შტუტგარტი), რომელმაც მიიღო გვარი გვარი ვ–ი (W).
2. თ.ბ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწვეტილებაში აღნიშნულია, რომ მშვილებელმა და შვილად ასაყვანმა შვილად აყვანის შესახებ განცხადებით სასამართლოს ერთობლივად მიმართეს. შვილად ასაყვანი მშვილებელთან ერთად ცხოვრობს 2007 წლიდან. სასამართლომ პერსონალურად მოუსმინა, როგორც მშვილებელსა და შვილად ასაყვანს, ასევე მშვილებლის ბიოლოგიურ ვაჟებს და საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოთქმულა. მშვილებლის ბიოლოგიური ვაჟების ძირითადი ინტერესები არ ეწინააღმდეგება შვილად აყვანას. ვაჟების საკუთრივი ინტერესების გათვალისწინების შესაბამისად, ეს საკითხი საბოლოოდ დარეგულირდა 2012 წლის 7 აგვისტოს მემკვიდრეობისა და მემკვიდრეობაზე უარის თქმის ხელშეკრულების დადებით, რის გამოც ამ ინტერესებზე გავლენას აღარ მოახდენს შვილად აყვანის ფაქტი. გაშვილებას ეთანხმებიან შვილად ასაყვანის ბიოლოგიური მშობლებიც. გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი ასაკობრივი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 2013 წლის 30 მარტიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შტუტგარტის საოლქო სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა და არც მიმდინარეობს. გადაწყვეტილება არ შეცვლილა მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შვილად აყვანის თაობაზე განცხადება მშვილებელმა და ნაშვილებმა ერთობლივად წარადგინეს უცხო ქვეყნის სასამართლოში.
8. შვილად ასაყვანი მშვილებელთან ერთად ცხოვრობს 2007 წლიდან. სასამართლომ პერსონალურად მოუსმინა, როგორც მშვილებელსა და შვილად ასაყვანს, ასევე მშვილებლის ბიოლოგიურ ვაჟებს და საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოთქმულა. მშვილებლის ბიოლოგიური ვაჟების ძირითადი ინტერესები არ ეწინააღმდეგება შვილად აყვანას. ვაჟების საკუთრივი ინტერესების გათვალისწინების შესაბამისად, ეს საკითხი საბოლოოდ დარეგულირდა 2012 წლის 7 აგვისტოს მემკვიდრეობისა და მემკვიდრეობაზე უარის თქმის ხელშეკრულების დადებით, რის გამოც ამ ინტერესებზე გავლენას აღარ მოახდენს შვილად აყვანის ფაქტი. გაშვილებას ეთანხმებიან შვილად ასაყვანის ბიოლოგიური მშობლებიც.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშვილებელი გერმანიის მოქალაქეა, ხოლო შვილად ასაყვანი - საქართველოს. შვილად ასაყვანი სრულწლოვანია და მშვილებელი შვილად ასაყვანზე 52 წლით უფროსია.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ბ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქ. შტუტგარტის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის №25F477/12 გადაწყვეტილება რომლითაც, დოქტორ პ.ვ–ის (დაბადებული 05.02.1930 წელს, მოქალაქეობა: გერმანია, ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული, მისამართი: ...... შტუტგარტი) მიერ შვილად იქნა აყვანილი თ.ბ–ა (დაბადებული 30.07.1982 წელს, მოქალაქეობა: საქართველო, ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, მისამართი: ....... შტუტგარტი) და შვილად აყვანილმა მიიღო გვარი ვ–ი (W).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე