საქმე №ა-2541-შ-63-2021 7 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ი–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილებით, ნ.ა–ძისა და ს.ი–ს შორის, 2003 წლის 20 აგვისტოს საქართველოში, ქ.სიღნაღში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. ს.ი–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
4. მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან. განქორწინების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის მიერ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით, ს.ი–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილებით, ნ.ა–ძისა და ს.ი–ს შორის, 2003 წლის 20 აგვისტოს საქართველოში, ქ.სიღნაღში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 19 ივლისიდან და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
10. რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, ამ საკითხს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოში მოქმედი სასამართლო აქტები განქორწინების შესახებ ექვემდებარება აღსრულებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განქორწინების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის სახით, რომლის გარეშეც ცალკე აღებული სასამართლო აქტი ვერ დაუკავშირდება განქორწინების ან მისი ტოლფასი შედეგის დაყენებას. აღნიშნული განმარტება საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება მიჩნეული ნამდვილ იურიდიულ ინტერესად (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რადგანაც ზემოხსენებული კანონის 69-ე მუხლით მოწესრიგებულია ქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განქორწინების თაობაზე საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (საქმე №ა-2825-შ-78-2019 , 26 ივლისი, 2019 წელი)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ი–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის რესპუბლიკის, პუატიეს უზენაესი სასამართლოს, მეორე სამოქალაქო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განქორწინების გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა 2003 წლის 20 აგვისტოს საქართველოში, ქ.სიღნაღში რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე