საქმე №ა-2623-შ-67-2021 7 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილებით, დ.დ–სა და გ.გ–ს შორის, 2014 წლის 7 აგვისტოს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №01143004578). ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ მათ აქვთ ერთობლივი მეურვეობა ბავშვზე, ლ.დ–ზე.
2. ლ.დ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 27 ნოემბრიდან. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია შვედეთის ტერიტორიაზე
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დ.დ–მა და გ.გ–მა ერთობლივი განაცხადის საფუძველზე მოითხოვეს განქორწინება სასამართლოში. სასამართლომ მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დაადგინა, რომ მათ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში არ უფიქსირდებათ საერთო საცხოვრებელი მისამართი. შესაბამისად, მათი მოთხოვნა, მოსაფიქრებელი ვადის დაცვის გარეშე განქორწინების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკმაყოფილებდა ყველანაირ წინაპირობას განქორწინების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
5. მხარეები ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. განქორწინების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შვედეთის სასამართლოს მიერ. შუამდგომლობის ავტორი, მისი განმარტებით, დროებით ცხოვრობს საქართველოში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით, ლ.დ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილებით, დ.დ–სა და გ.გ–ს შორის, 2014 წლის 7 აგვისტოს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №01143004578).
მხარეებმა ერთობლივი განცხადების საფუძველზე მიმართეს სასამართლოს განქორწინების თაობაზე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 27 ნოემბრიდან. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია შვედეთის ტერიტორიაზე. მხარეები ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. შუამდგომლობის ავტორი, მისი განმარტებით, დროებით საქართველოში ცხოვრობს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების ნაწილში, შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.დ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში, შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის, გეტებორგის სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის (საქმე №T14956-20) გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა ლ.დ–სა და გ.გ–ს შორის 2014 წლის 7 აგვისტოს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე