Facebook Twitter

საქმე №ას-1036-2020 20 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.ყ–ი (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე - ო.ტ–ძე, ე.მ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ო.ტ–ძემ და ე.მ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოსარჩელე", "მეორე მოსარჩელე", ერთობლივად მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელეები") სარჩელი აღძრეს ა.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") წინააღმდეგ, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2009წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.10.2009წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მეორე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ მოსარჩელეს გადაეცა და მის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ...... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული, მის მიერ დაკავებული ორი ოთახი და დამხმარე ფართობი (საერთო ფართობით 21.80 კვ.მ.), პირველი მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის - მოპასუხისათვის 8750 (რვა ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდის შემდეგ და მის სანაცვლოდ (ტ.2, ს.ფ.59-69).

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.03.2010წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

6. მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.10.2009წ. გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.03.2013წ. განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ტ.2, ს.ფ.328-333).

7. 15.11.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დ.ყ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "განმცხადებელი", "კერძო საჩივრის ავტორი"), რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, იგი არის მოპასუხის ძმა, უძრავი ნივთის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომლისთვისაც 10.11.2019წ. გახდა ცნობილი სადავო გადაწყვეტილების თაობაზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2020წ. განჩინებით განცხადება სსსკ-ის 426-ე და 429-ე მუხლების საფუძველზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი წარდგენილი იყო კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით.

9. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივარი დაფუძნებულია მასზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების შესახებ უშუალოდ განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა არა 29.03.2018წ., როდესაც მისი წარმომადგენელი გაეცნო კონკრეტული სამოქალაქო საქმის მასალებს, არამედ - 10.11.2019წ., შესაბამისად, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა სწორედ მითითებული თარიღიდან უნდა მომხდარიყო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

12. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ Nას-1455-2019, 15.11.2019წ.).

14. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. განმცხადებელი სწორედ ამ საფუძვლით ითხოვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას.

15. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით განცხადების დაუშვებლად მიჩნევას საფუძვლად დაედო მისი წარდგენის ერთთვიანი ვადის დარღვევა.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა (შდრ. სუსგ №ას-1602-2018, 24.03.2021წ.). აღნიშნულ ვადას ადგენს სსსკ-ის 426-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილებით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

17. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნ.ჩ–ამ, როგორც განმცხადებლის წარმომადგენელმა, 22.02.2018წ. მიმართა სასამართლოს და მოცემული სამოქალაქო საქმის მასალების გაცნობა, მათი ასლების გადაღება მოითხოვა. ამასთან, განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა მისი მარწმუნებლის თანასაკუთრებას, ის კი საქმეში არც მხარედ ყოფილა ჩაბმული და არც გადაწყვეტილება ჰქონდა ჩაბარებული (იხ. ტ. 2, ს.ფ. 363). განცხადებაზე თანდართული 12.02.2018წ. გაცემული მინდობილობით კერძო საჩივრის ავტორს 12.02.2021 წლამდე ჰქონდა რწმუნებულისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ყველა ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ. 2, ს.ფ.365).

18. ნ.ჩ–ა, როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, 29.03.2018წ. სასამართლოში გაეცნო წინამდებარე საქმის მასალებს და გადაიღო მათი ასლები (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 369). შესაბამისად, სწორედ ამ დღეს გახდა მისთვის ცნობილი საქმის წარმოების განახლების შესაძლო საფუძვლის არსებობა და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივარში მითითებული მსჯელობა მასზე, რომ გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა 10.11.2019წ..

19. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშიც არის აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნით განმცხადებელმა მიმართა მხოლოდ 15.11.2019წ. (იხ.: განცხადება, ტ.2, ს.ფ.371-373), ანუ ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც მართებულად შეფასდა სსსკ-ის 429-ე მუხლით განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლად. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

20. დამატებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლოში ასევე წარდგენილი აქვს განმცხადებლის წარმომადგენელს ნ.ჩ–ას და მას ერთვის 12.02.2018წ. გაცემული მინდობილობის ასლი (ტ.2, ს.ფ.375), რომელიც უკვე წარდგენილი იყო საქმის მასალების გაცნობის თაობაზე 22.02.2018წ. განცხადებასთან ერთად (ტ.2, ს.ფ.363).

21. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ შეფასებებს, დასკვნებს და მიაჩნია, რომ ის დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი