Facebook Twitter

საქმე №ას-58-2019 22 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ.ა–ა, ლ.კ–ა, ლ.ა–ა, ნ.გ–ა, ნ.გ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს.ე–მა“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ლ.ა–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – აუცილებელი გზის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს.ს.ე–მამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა–ას, ლ.კ–ას, ლ.ა–ას, ნ.გ–ას, ნ.გ–ას, ლ.ა–ას (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხე, მესაკუთრეები, პირველი-მეხუთე მოპასუხე, აგრეთვე, წოდებული, როგორც აპელანტები და/ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სარჩელზე თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად, მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #......) აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე ჯ-ხ–ას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის მფლობელია, რომელმაც 2005 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე პროექტის განმახორციელებელ ერთეულად საკუთარი შვილობილი კომპანია _ შპს „ე–სი“ განსაზღვრა. ჯ-ხ–ას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის მდგრადობას, მოქნილი და საიმედო ენერგოგაცვლის ქსელის შექმნას. მშენებლობის გაცემული ნებართვისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, მშენებლობის წარმოებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დერეფანში მოყოლილ ყველა მიწის ნაკვეთზე მიწით სარგებლობის უფლების მოპოვება და საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით კომპანიამ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულება დერეფანში მოყოლილ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან და შესაბამისი უფლება რესგიტრირებულია რეესტრში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის #61 დადგენილებით შეთანხმებული 500/220 ჯვრის ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის განახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მოპასუხეებს 2016 წლის 5 ივლისის #380 წერილით შეეთავაზათ კომპენსაცია _ 70 360 ლარის ოდენობით, საიდანაც მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა იყო 8 421 ლარი, ხოლო, მრავალწლიანი ნარგავების დაზიანების კომპენსაცია _ 61 939 ლარი, თუმცა, შეთანხმების მიღწევა მოპასუხეებთან შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგანაც ისინი ნივთის სერვიტუტით დატვირთვაზე უარს აცხადებენ. ამ მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით კი, შეუძლებელია, მოსარჩელემ ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებებით. გარდა ამისა, საკითხის გაჭიანურება პროექტის დაგეგმილ ვადაში შესრულებას გამორიცხავს და მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯები. მოპასუხეებს 9567 კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება მშენებლობის პერიოდში ერთი თვით ეზღუდებათ, ხოლო, მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ არ ერთმევათ უფლება, მოიყვანონ ერთწლიანი კულტურები და იქონიონ 4 მეტრამდე სიმაღლის მრავალწლიანი ნარგავები. ისინი მხოლო შენობა-ნაგებობის უფლების აღმართვის შესაძლებლობას არიან მოკლებულები. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ შერჩეული მარშრუტი წარმოადგენს საუკეთესო ვარიანტს ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით, მინიმუმამდე არის დაყვანილი მშენებლობის პერიოდში კერძო მესაკუთრეების ბაღებისა და ვენახების ხელყოფა, ხაზი მაქსიმალურად ცდება დასახლებულ პუნქტებს, საცხოვრებელ სახლებს და ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებებით მინიმალურადაა დატვირთული ხაზი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საქართველოს მთავრობის #57 დადგენილების მე-8 მუხლი ადგენს, რომ ეფექტიანი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყენებისათვის შესაძლებელია მათი საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა ურთიერთშეთანხმებით, მათ შორის, დაიშვება კომპენსაციის გაცემა ნატურით ან ფულადი სახით. ხსენებული ნორმა არ მოქმედებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაზე. თუკი მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთზე უფლების მოპოვება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მან უნდა ისარგებლოს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და არა სერვიტუტის უფლებით. შეთანხმებაზე მოპასუხეთა უარი განპირობებული იყო მოსარჩელის სურვილით, მიეღო მიწის უდიდეს ნაწილზე უფლება იმგვარად, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე სხვადასხვა სახის საქმიანობის განხორციელება ეკრძალებოდათ მოპასუხეებს. ელექტროსადენები მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხეებს გაშენებული აქვთ თხილნარი, საიდანაც იღებენ შემოსავალს. სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად ნარგავები დაზიანდება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ერთი თვის შემდეგ მესაკუთრეები შეძლებენ მიწის ნაკვეთზე საქმიანობას, თუმცა, არ ითვალისწინებს, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწევთ მაღალი ძაბვის ქვეშ ყოფნა. მოპასუხეთა ინიციატივით ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზი საცხოვრებელი სახლიდან 8,57 მეტრითაა დაშორებული, დასკვნა მიანიშნებს ჯანმრთელობის საფრთხეებზე იმგვარად, რომ მესაკუთრეთა გასახლება ამ ტერიტორიიდან არ იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ კომპენსაციის შეთავაზებისას მესაკუთრეებს შპს „ე–სმა“ მათი კუთვნილი ნაკვეთის მხოლოდ ნაწილის სერვიტუტით დატვირთვა შესთავაზა და არა მთლიანი მიწის და არ გაითვალისწინა, რომ მიწის დარჩენილი ნაწილის დანიშნულებისამებრ გამოყენება ვეღარ იქნება უზრუნველყოფილი. საკუთრების ამგვარი შეზღუდვით ირღვევა მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლებები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, ნება დაერთო მოსარჩელეს, ისარგებლოს მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #.....) აუცილებელი გზით სარჩელზე თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აუცილებელი გზის უფლების დადგენის მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რასაც კასატორები არ ეთანხმებიან და ძირითადად პრეტენზიას გამოთქვამენ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვაზე. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის 80%-ზე აუცილებელი გზის უფლების დადგენა წარმოადგენს საკუთრების ჩამორთმევას _ ექსპროპრიაციას და არა აუცილებელი გზის უფლების დადგენას. ამ მხრივ კასატორები მიუთითებენ „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის #366 დადგენილებაზე და მიიჩნევენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სამეურნეო დანიშნულებით, ასევე, მრავალწლიანი ნარგავების მოყვანისათვის გამოუსადეგარია. კასატორთა აზრით გასაჩივრებული განჩინება არ ემყარება სამართლის ნორმათა სწორ გამოყენება-განმარტებას, ამასთან, ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და არ შეესაბამება საკუთრების შეზღუდვისათვის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს ( ECHR „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებას სწორედ ზემოხსენებული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო პალატის დასკვნით:

1.2.1. 2013 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოში განისაზღვრა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას საქართველოში კავკასიონის გადამცემი ხაზიდან ჯს ქვესადგურამდე და ჯვრის ქვესადგურსა და ხ–ას ქვესადგურს შორის („ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზი“). პროექტის განმახორციელებლად დასახელდა მოსარჩელე;

1.2.2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის #122 ბრძანების თანახმად, ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხელს უწყობს ენერგეტიკული ქსელის მდგრადობასა და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის ზრდას;

1.2.3. „ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის #61 განკარგულების თანახმად, პროექტის ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 11 დეკემბრის #1725-Iს დადგენილებით) გაიწერა სამოქმედო გეგმა ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, კერძოდ სს „ს.ს.ე–მა-ს“ დაევალა, მოეხდინა ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის პირველი (0 კმ − 20 კმ), მესამე (40 კმ − 60 კმ ) და 500 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მეოთხე (0 კმ − 8 კმ) სექციების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან პროექტის მიზნებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთებისა და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა;

1.2.4. 2015 წლის 10 თებერვალს მოსარჩელესა (პროექტის მფლობელი) და შპს „ე–სს“ შორის გაფორმდა #60-7-115-089 დავალების ხელშეკრულება, რომლითაც ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განმახორციელებლად მოსარჩელემ განსაზღვრა შპს „ე–სი“;

1.2.5. მოპასუხეების: გ.ა–ას, ლ.ა–ას, ლ.კ–ას, ლ.ა–ას, ნ.გ–ასა და ნ.გ–ას საკუთრებაშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე, საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით რეგისტრირებული 12500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით _ საცხოვრებელი სახლით (ს/კ. #......);

1.2.6. პროექტის მშენებლობის არეალში (ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანში) მოქცეულია მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ. #......);

1.2.7. წალენჯიხის რაიონის სოფელ ..... მოპასუხეების მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მოსარჩელე;

1.2.8. პროექტის განხორციელებისათვის _ 500 კვ. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასაყვანად, აუცილებელი გახდა ასევე მოპასუხეების კუთვნილი და პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე უძრავი ქონებით (ს/კ. #......) სარგებლობა, თუმცა მიწის მესაკუთრეებთან შეთანხმება ვერ შედგა;

1.2.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 მაისის #002884817 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ უკვე მოწყობილი ორი საძირკვლისა და მოპასუხის მიერ მითითებული მესამე ანძის მიხედვით მოწყობილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვითი ზონის საზღვარი დაშორებული იქნება საცხოვრებელ სახლზე 8,57 მეტრით. უკვე მოწყობილი ორი საძირკვლის მიხედვით მოწყობილი საჰაერო გადამცემი ხაზის დაცვითი ზონის საზღვარი დაშორებული იქნება საცხოვრებელ სახლზე 41,56 მეტრით. სანიტარული დაცვითი ზონის ფარგლებში აკრძალულია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების განთავსება („სამრეწველო სიხშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრონული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარული ნორმები და წესები 2971-84-ის“ 4.7 პუნქტი);

1.2.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის #000339318 დასკვნის თანახმად, „მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური გეგმისაგან განსხვავებული #11 და #12 ანძებს შორის 500 კვ. საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის გასაყვანად, მოპასუხეთა თანსაკუთრებაში არსებული #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ალტერნატიული გზის მოწმობა შესაძლებელია გეგმაზე მითითებული მონაკვეთის აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს დამატებითი ანძის მოწყობის შემთხვევაში, მაგრამ აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს მიმდებარე მიწის ნაკვეთების უფრო მეტი ტერიტორიისა და სხვა მესაკუთრეების საცხოვრებელი სახლების მოხვედრას 500 კვ. საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის სანიტარულ ზონაში;

1.2.11. ჯ-ხ–ას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელია მოპასუხეების საკუთრებაში არსებული 12500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ #.....) 9567 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების მოპოვება. მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და მასზე განთავსებული არ არის რაიმე შენობა-ნაგებობა.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით განხილვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა არ დგინდება. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე, მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებსა და სააპელაციო პალატის მხრიდან ამ ფაქტების დადგენის სანდოობაზე.

1.3.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებულობა მოწმდება სარჩელში გადმოცემული ფაქტების, სასარჩელო მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან მათი სუბსუმირების გზით. მართალია, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა სწორად მოიძიოს და განსაზღვროს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, თუმცა, შეჯიბრებითი სამოქალაქო პროცესი (სსსკ-ის მუხლი 4) გამორიცხავს სასამართლოს მიერ მოთხოვნის რაიმე ფორმით ტრანსფორმირებას ან მისათითებელ ფაქტებში ჩარევას. სამართალწარმოების განხორციელებისას მოსამართლე განსაზღვრავს მტკიცების საგანს და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების გზით ადგენს მოთხოვნის საფუძვლიანობას.

1.3.3. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს, რამდენადაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველი ნორმის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია რა საკუთრების უფლება, ეროვნული კანონმდებლობა ადგენს ამ უფლების სუბიექტისათვის თავად უფლებით სარგებლობის ბერკეტებს (მაგ: სკ-ის 170-ე მუხლი), თუმცა, საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე _ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის წესები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, რომელთა შორისაცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.

1.3.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთა საკუთრების შეზღუდვას, რაც სწორედ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, შესაბამისად, იმის დასადგენად, ლეგიტიმურია თუ არა მოპასუხეთა უფლების შეზღუდვა, საკასაციო სასამართლო მოიშველიებს ე.წ პროპორციულობის ტესტს, რომლის თანახმადაც, სახეზე უნდა იყოს უფლებით დაცული სფერო, ამ სფეროში ჩარევა, ჩარევა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და იყოს ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება.

i. უდავოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხეთა მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს (სკ-ის 174-ე მუხლი), რომელიც ახორციელებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს ენერგეტიკის სფეროში და სურს მოპასუხეთა საკუთრებით იმგვარი სარგებლობა, რომ მას მიეცეს #..... მიწის ნაკვეთით ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო დერეფანში შეუფერხებლად გავლა, გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთის იმგვარი დატვირთვა, როგორც მშენებლობის ნებართვა და თავად სამშენებლო ობიექტი ითვალისწინებს, გამოიწვევს ნაკვეთის მესაკუთრეთა უფლებების შეზღუდვას, რაც იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა საკუთრების უფლებით დაცული სფერო და ამ სფეროში ჩარევა. აღნიშნულის შემდგომ, დღის წესრიგში დგება პროპორციულობის ტესტის შემდეგი ელემენტების შემოწმების აუცილებლობა:

ii ჩარევა გათვალისწინებულია თუ არა კანონით? დასმულ კითხვაზე პასუხი დადებითია, რამდენადაც სწორედ ზემოხსენებული, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა წარმოადგენს დაცულ სფეროში ჩარევის კანონიერ გზას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებს აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი).

iii შემოწმების შემდეგ ეტაპზე უნდა შეფასდეს, ჩარევა ემსახურება თუ არა ლეგიტიმურ მიზანს. ამ ეტაპზე სასამართლომ შეამოწმა კასატორთა უფლების დარღვევას უპირისპირდება თუ არა მეტად აღმატებული ინტერესი. პალატამ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ დასახული მიზანი, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასა და განმტკიცებას ემსახურება, მოპასუხეთა საკუთრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც კონკრეტული ინდივიდის მიზანს გადაწონის.

iv რაც შეეხება ბოლო ელემენტს _ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში სადავო ფორმით ჩარევა წარმოადგენს თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას, პალატა მხედველობაში იღებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პროექტის ამგვარი სახით განხორციელება ნაკლები დანახარჯითა და საზოგადოების წევრთა ინტერესების ნაკლები შეზღუდვით მიღწევის საუკეთესო საშუალებაა, როგორც ეკონომიკური, ისე _ გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ კუთხით საკასაციო საჩივარი შედავებას არ შეიცავს.

1.3.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხეთა უფლების შეზღუდვის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტი, რის გამოც, სარჩელი წარმატებულია.

1.3.6. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. პალატა მხედველობაში იღებს თავად კასატორთა მიერ მოშველიებულ პრაქტიკას და განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: „მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნას პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია:

- ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება);

- ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება);

- ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი).

1.3.7. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხეთა უფლების შეზღუდვა კანონიერია და არ ეწინააღმდეგება არც ეროვნული და არც საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს, თუმცა, აქვე პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის ყველა წინაპირობის არსებობისა, ეს შეზღუდვა მოიცავს უფლების მქონე პირებისათვის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული გონივრული და სამართლიანი კონპენსაციის გადახდის ვალდებულებას. წინამდებარე დავის ფარგლებში კომპენსაციის საკითხი არ დამდგარა და ბუნებრივია, საკასაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს, თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ მოპასუხეებმა დაკარგეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობას კანონი დისპოზიციური მოწესრიგების ფარგლებში ახორციელებს, რადგანაც იგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: საკუთრების შეზღუდვის ინტენსივობა, უფლების გამოყენების ხარისხი და სხვა, რომლებიც გავლენას ახდენს თავად კომპენსაციის ოდენობაზე. სწორედ იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ კომპენსაციის დაკისრება სცდება წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებს, საკასაციო სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს კასატორთა პრეტენზიას სადავო მიწის ნაკვეთის გამოყენების ხარისხის შემცირებისა თუ ჯანმრთელობისათვის შესაძლო საფრთხის წარმოშობის თაობაზე. პალატა, რა საკვირველია, არ გამორიცხავს ზემოხსენებული გარემოებების არსებობის შესაძლებლობას და იმასაც, რომ საკუთრების უფლების ობიექტის თითქმის 80%-ის დატვირთვა შესაძლოა მართლაც უთანაბრდებოდეს ექსპროპრიაციას, თუმცა, აქვე კვლავ ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე განჩინების ფარგლებში მან შეაფასა სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ფარგლებში. რაც შეეხება კასატორთა მითითებას ექსპროპრიაციის წესსა თუ სერვიტუტზე, პალატა მას უარყოფს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონის დარღვევის ფაქტი, რამდენადაც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციის წესით საკუთრების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გზით ხორციელდება. ამგვარი ნება, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს არ გამოუხატავს, რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით განსაზღვრული სანივთო გარიგების დადების საკითხს, უდავოა, რომ მხარეთა შორის ურთიერთმფარავი ნების მიღწევა ვერ მოხერხდა და არც სასამართლოა უფლებამოსილი, დაადგინოს გარიგების პირობათა სამართლიანობის საკითხი.

1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კასატორებმა ვერ წარმოადგინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია. ამდენად, სასამართლო უარყოფს საკასაციო საჩივარში გადმოცემულ შედავებებს და ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.ა–ამ და წარმოადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.03.2018წ. გადაწყვეტილება, 22.03.2018წ. განჩინება, 23.03.2018წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ასევე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები. ხსენებული განცხადებით რაიმე მოთხოვნა, როგორიცაა მაგ: გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და სხვა, მხარეს არ დაუყენებია. გარდა ამისა, სს „ს.ს.ე–მამ“ საკასაციო შესაგებელს დაურთო 10.02.2015წ. ხელშეკრულებისა და 21.11.2018წ. შეთანხმების ასლები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით რაიმე პროცესუალური ხასიათის შუამდგომლობა არ დაუყენებიათ, ამ კუთხით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მათზე, დავის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, სასამართლო უარს აცხადებს მტკიცებულებათა მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უბრუნებს ამ დოკუმენტებს მხარეებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ა–ას, ლ.კ–ას, ლ.ა–ას, ნ.გ–ასა და ნ.გ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ლ.ა–ას დაუბრუნდეს 18.02.2021წ. #ა-679-21 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 02.03.2018წ. გადაწყვეტილების, 22.03.2018წ. განჩინების, 23.03.2018წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები 20 (ოცი) ფურცლად, ხოლო, სს „ს.ს.ე–მას“ _ საკასაციო შესაგებელზე დართული 10.02.2015წ. ხელშეკრულებისა და 21.11.2018წ. შეთანხმების ასლები 19 (ცხრამეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი