საქმე №ა-1791-შ-40-2021 4 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ნ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.მ–ას სარჩელი ზ.მ–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ზ.მ–ს ს.მ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2009 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული ა.მ–ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2019 წლის 12 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე ზ.მ–ს მუნიციპალური განათლების „პლუსსკის რაიონი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.
პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ნ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 25 დეკემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ნ–ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.მ–ას სარჩელი ზ.მ–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ზ.მ–ს ს.მ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2009 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული ა.მ–ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2019 წლის 12 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე ზ.მ–ს მუნიციპალური განათლების „პლუსსკის რაიონი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.მ–ას სარჩელი ზ.მ–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ზ.მ–ს ს.მ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2009 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული ა.მ–ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2019 წლის 12 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე ზ.მ–ს მუნიციპალური განათლების „პლუსსკის რაიონი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.
შუამდგომლობების ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 25 დეკემბერს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 დამე-4 ნაწილებით.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები,
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შუამდგომლობის ფარგლებში (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში), საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობილი უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე.ნ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.მ–ს მუნიციპალური განათლების „პლუსსკის რაიონი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი