Facebook Twitter

საქმე №ას-123-2021 4 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჭ–ის ..“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჭ–ის ..-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 184670 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის – 102 000 აშშ დოლარისა და სავენტილაციო მოწყობილობის რეკონსტრუქციის ღირებულების – 21 670.57 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს ქ.თბილისში .... მდებარე ქონების მესაკუთრეს.

3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ დასკვნითდადგინდა, რომ ქ.თბილისში, ..... მდებარე შენობა (შესაბამისად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონებაც) იმყოფებოდა ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა ამავე დასკვნაში მიეთითა, რომ სადავო საცხოვრებელი შენობის სიახლოვეს სამშენებლო სამუშაოების წარმართვა გამოიწვევდა არსებული შენობის მზიდი კონსტრუქციების რღვევით დეფორმაციებს.

4. 2014 წელს მოპასუხემ მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ქონების უშუალო სიახლოვეს (ქ.თბილისში, .....) დაიწყო მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოსარჩელის ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე. სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, მოპასუხის მიერ მოეწყო დამატებითი შესასვლელი .... ქუჩის მხრიდან ... გამზირის ტროტუარზე, საიდანაც დიდი ინტენსივობით, უშუალოდ ქ.თბილისში, .... არსებული მოსარჩელის საზოგადოებრივი კვების ობიექტის წინ, ტროტუარზე მოძრაობდა (დღესაც გრძელდება) მძიმე ტექნიკა, ბეტონის მანქანები, ამწეები, რაც დაუშვებელი იყო არსებული შენობის უშუალო სიახლოვეს ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რითაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მის საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტის ფუნქციონირება. სამშენებლო სამუშაოებმა სავალალო შედეგები გამოიღო, კერძოდ: არაერთხელ დაიტბორა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად, მრავალჯერ დასველდა შენობის საძირკვლის ფუძე, გაჩნდა გამჭოლი ბზარები მზიდ კონსტრუქციებზე, მათ შორის, კედლებზე, ჭერზე, იატაკზე, დასველდა და დანესტიანდა კედლები.

5. სამშენებლო ტერიტორიაზე არსებულ ქვაბულში ჩასასვლელი გადმოტანილ იქნა ქ.თბილისში ...... არსებული შენობის დაზიანებული ტორსული კედლის გასწვრივ 3 მეტრში, ვიდრე ეს იყო მანამდე, რითაც მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ქონება კიდევ უფრო დაზიანდა. არსებული ბზარები კიდევ უფრო გაღრმავდა. ახალი ბზარები გაჩნდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ზედა პირველ სართულზე, მათ შორის, სვეტებზე, თაღოვან ადგილებში. გარდა ამისა, მოპასუხემ, მესაკუთრის დაუკითხავად, დემონტაჟი გაუკეთა მოსარჩელის საკუთრებაში ..... მყოფი საზოგადოებრივი ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ და ძვირადღირებულ სავენტილაციო მოწყობილობას, დააზიანა იგი, დაანაწევრა და უპატრონოდ დაყრა.

6. მოსარჩელის მითითებით, მშენებლობის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ღირებულება, მოსარჩელემ ვერ მიიღო და დღესაც არ იღებს იმ შემოსავალს, რომელსაც ის მიიღებდა ხსენებულ მისამართზე მდებარე კვების ობიექტის იჯარით გაცემის შედეგად.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს, ვინაიდან მოსარჩელე არსებითად არასწორად წარმოადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზეც თავის მოთხოვნას ამყარებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის –2880 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევისა (შდრ. სუსგ Nას-1054-2019, 30.09.2019).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: ას-1054-2019, 30.09.2019წ., Nას-165-158-2013, 27.01.2014წ.).

13. სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. პალატა მიუთითებს, რომ 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. №ას-1670-2019, 21.05.2020წ.).

14. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. იხ.: სუსგ-ებები: Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომგადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. №ას-1670-2019, 21.05.2020წ.; №ას-920-870-2015, 09.06.2016წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა მოსარჩელის შუამდგომლობით. საქმეში არ დევს მტკიცებულება, თუ როდის ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის ავტორს – მოსარჩელეს, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდება, დაცულია თუ არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დაყენებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადა. აღნიშნულ გარემოებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოთხოვნილი იყო სასამართლო ხარჯების თაობაზე, რომელიც მოპასუხის ფულად ვალდებულებას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ, შესაბამისი წერილობითი კორესპონდენციის არარსებობის პირობებში (თუ როდის ეცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი მოსარჩელეს), მოსარჩელისათის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი მაშინვე, გამოტანის დღესვე გახდა ცნობილი. საწინააღმდეგოს დაშვება გამოიწვევს მოპასუხის მოსარჩელესთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო თანასწორობის პრინციპს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით დადგენილი ვადა. გარდა ამისა, დამატებითი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სხვა საფუძვლითაც, რომელსაც სააპელაციო საჩივარი არ მოიცავს, მაგრამ ის წმინდა პროცესუალური საკითხია, რომლის პროცედურული დაღვევის ხასიათზე პალატას დამოუკიდებლად მსჯელობის უფლება აქვს. კერძოდ: სსსკ-ის 261.3 მუხლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ 262.31 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშეც განიხილოს სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი. მართალია, კანონი უშვებს მოსამართლის დისკრეციას, საქმის განხილვის ფორმის არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფორმა არ ათავისუფლებს სასამართლოს იმ იმპერატიული დანაწესის დაცვისგან, რაც არის მხარეთა წინასწარი ინფორმირებულობა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი დასმულია ან საკუთრივ მოსამართლის, ან რომელიმე მხარის მიერ. აღნიშნულს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისით. მხარე უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერ პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს მის წინააღმდეგ რაიმე გადაწყვეტილების მიღება, იქნება ეს პროცესუალური თუ მატერიალურ-სამართლებრივი.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ აპელანტი მხარისათვის არ ყოფილა ცნობილი დამატებით გადაწყვეტილებაზე მსჯელობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, დაირღვა სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნა, რაც დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 249-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა და ევროსასამართლოს პრაქტიკის უგულებელყოფით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ გასცა დეტალური პასუხი მხარის არგუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა.

19. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით გაუქმდა დამატებითი გადაწყვეტილება. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, გადაწყვეტილება უქმდება გადაწყვეტილებით და არა განჩინებით. სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, უცვლელად დატოვა დამატებითი გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, საქმის გარემოებების გვერდის ავლით უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

20. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ თავად დაადასტურა, რომ 2020 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თარიღი მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულება იმის შესახებ, მოსარჩელეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თუ როდის ჩაბარდა. აღნიშნულის მიუხედავად, პალატამ გაიზიარა საჩივრის ავტორის უსაფუძვლო პოზიცია, რომ მოსარჩელისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ მისი გამოტანის დღესვე იყო ცნობილი.

21. კასატორმა მიუთითა, რომ 2020 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი მოსარჩელემ შეიტყო არა 13, არამედ 28 მაისს სასამართლოს საქმის წარმოების სისტემის საიტის მეშვეობით. შესაბამისად, კასატორმა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება დროულად შეიტანა.

22. კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განიხილვის შესახებ.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმის მასალების შესწავლის და განსახილველი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

26. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც., საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“ (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არაა სრულყოფილი და არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.372.).

28. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

29. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30.09.2019წ., №ას-165-158-2013, 27.01.2014წ.).

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მხარემ დასვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგისათვის დაკისრების საკითხი, თუმცა სასამართლოს თავისი ბრალით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა, ამასთანავე, მითითებული ნორმა არეგულირებს ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და მისი რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).

31. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის ( ექსპერტიზის ხარჯი -1700 ლარი, ქონების შეფასების ხარჯი -1180 ლ (ტ.1.ს.ფ.103), სულ – 2880 ლარის გადახდა( იხ. ტ.4.ს.ფ.36).

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.). დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს როგორც წესი, გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

33. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყევტილების მიღებისათვის დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას, – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩნეს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს მის მიერ დასმული და სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთ მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება.

35. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ.

36. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2020 წლის 13 მაისს ძირითადი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად. აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი მოსაჩელეს არ გაგზავნია და არც მისი ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საქმეში განთავსებულია, სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა მხოლოდ მოპასუხეს 2020 წლის 25 მაისს და ჩაბარდა 2020 წლის 09 ივნისს (იხ. ტ.4.ს.ფ.38, 40).

37. 2020 წლის 01 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ და მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო 2020 წლის 28 მაისს საქმის წარმოების სისტემის საიტის მეშვეობით.

38. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა მოსარჩელის შუამდგომლობით. საქმეში არ დევს მტკიცებულება, თუ როდის ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის ავტორს – მოსარჩელეს, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდება, დაცულია თუ არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დაყენებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადა. აღნიშნულ გარემოებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოთხოვნილი იყო სასამართლო ხარჯების თაობაზე, რომელიც მოპასუხის ფულად ვალდებულებას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ, შესაბამისი წერილობითი კორესპონდენციის არარსებობის პირობებში (თუ როდის ეცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი მოსარჩელეს), მოსარჩელისათის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი მაშინვე, გამოტანის დღესვე გახდა ცნობილი. საწინააღმდეგოს დაშვება გამოიწვევდა მოპასუხის მოსარჩელესთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო თანასწორობის პრინციპს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით დადგენილი ვადა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.15).

39. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ რადგან ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა მოსარჩელის შუამდგომლობით, ამიტომაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი მისთვის გამოტანის დღესვე გახდა ცნობილი. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, საქმეში განთავსებულ მოსარჩელის სხვადასხვა დროს აღძრულ შუმდგომლობებზე მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ: 2019 წლის 10 დეკემბრის შუამდგომლობა (იხ. ტ.4.ს.ფ.3); 2019 წლის 17 დეკემბრის შუამდგომლობა ( იხ. ტ.4.ს.ფ.8); 2019 წლის 30 დეკემბრის შუამდგომლობა ( იხ.ტ.4.ს.ფ.10); 2020 წლის 15 იანვრის შუამდგომლობა ( იხ. ტ.4.ს.ფ13); 2020 წლის 10 თებერვლის შუამდგომლობა ( იხ. ტ.4.ს.ფ.16); 2020 წლის 04 მარტის შუამდგომლობა ( იხ. ტ.4.ს.ფ.20); 2020 წლის 17 მარტის შუამდგომლობა ( იხ.ტ.4.ს.ფ.23). დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი გამოტანილი იქნა ბოლო შუამდგომლობიდან თითქმის ორი თვის გასვლის შემდეგ - 2020 წლის 13 მაისს( იხ. ტ.4.ს.ფ.26).

40. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან. (შდრ. სუსგ №ას-259-2020, 11 მარტი, 2021; სუსგ №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისთვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (შდრ. სუსგ №ას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020. დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევებში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისთვისაც ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-180-180-2018, 04 მაისი,2018წ.).

41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, მოსარჩელისთვისაც გაეგზავნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, რაც მას არ განუხორციელებია. ამის გათვალისწინებით, განმცხადებლის (მოსარჩელის) მიმართ სსსკ-ის 261-ე მუხლით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მის მიერ მითითებული ძირითადი გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობის მომენტიდან – 2020 წლის 28 მაისიდან.

43. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

44. ამდენად, სადავო საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 29 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 4 ივნისს. განცხადება კი მოსარჩელემ შეიტანა 2020 წლის 1 ივნისს (იხ. ტომი 4, ს.ფ 33), კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში.

45. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ თავისი ინიციატივით იმსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლითაც, რომ აპელანტი (მოპასუხე) მხარისათვის არ იყო ცნობილი მოსარჩელის განცხადების შინაარსი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

46. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, თუ საკითხი ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოთ მხარეებს (სსკ-ის 261.31 მუხლი), თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

47. საქმეში განთავსებულ 2020 წლის 04 ივნისის დამატებით გადაწყვეტილებაში, სასამართლომ იმსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანის მიზანშეწონილობის შესახებ (იხ.ტ.4.ს.ფ.36). აღნიშნული დამატებითი გადწყვეტილება გაეგზავნა და ჩაბარდა მოპასუხე მხარეს 2020 წლის 15 ივნისს ( იხ. ტ.4.ს.ფ.43). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს 2020 წლის 04 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმების დარვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

48. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სადავო დამატებითი გადაწყვეტილება არასწორად გააუქმა.

49. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

50. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის სააპელაციო პალატისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობის არსებობა არ დადგენილა. იმის გათვალისწინებით, რომ დამატებითი გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ პროცესის ხარჯებს და არა რაიმე მატერიალურ სამართლებრივ უფლებას, ამიტომაც მიღებული უნდა იქნეს განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

51. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის (კასატორი) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

4. შპს „ჭ–ის 64-ს“ თ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ანაზღაურება.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე