Facebook Twitter

საქმე №ას-1217-2019 27 ნოემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ–ძე (მოპასუხე)

II კასატორი - ვ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს ნაწილობრივ შემცირება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, გამყიდველი, აპელანტი ან პირველი კასატორი) და ვ.ბ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მეორე კასატორი) შორის, 2016 წლის 25 აპრილს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...... მდებარე 41 304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N2, N3, N4, N5, N6-N15 შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები. ხელშეკრულების თანახმად, გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 34 000 ლარით, რაც ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც სარჩელის წარდგენის დღემდე არ არის გადახდილი. ხელშეკრულების 4.1.1 მუხლის თანახმად, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ........... მდებარე 41 304 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არა უგვიანეს 2016 წლის 25 ოქტომბრისა.

2. 2016 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული ობიექტის ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, არ განხორციელებულა შენობა-ნაგებობა N11-ის დემონტაჟი და ტერიტორიიდან არ იქნა გატანილი სამშენებლო ნარჩენები.

3. ხელშეკრულების 4.1.3 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების 4.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა, მყიდველს სააგენტოში უნდა წარედგინა აუდიტორული საექსპერტო დასკვნა - მომზადებული „საწარმოსათვის აუდიტორული ფინანსური-ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ. მოპასუხის მიერ 22.11.2016 და 08.12.2016 წელს წარდგენილ იქნა ექსპერტის დასკვნა, რომელიც არ არის „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ საექსპერტო ან/და აუდიტორულ კომპანიათა ნუსხის ჩამონათვალში.

4. მოპასუხეს სააგენტოს 13.06.2016 N4/29667, 04.11.2016 N4/57106 და 28.11.2016 N4/60691 წერილებით ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე და განესაზღვრა ვადა მის გადასახდელად.

5. ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის N1/1-4045 ბრძანებით შეწყდა სააგენტოსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

6. ნასყიდობის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 4.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1.3 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6 980 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 645.78 ლარის გადახდა დაეკისრა.

7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 208-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 7 220.75 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ საპრივატიზებო საფასურიდან 6 980 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სცნო, რის გამოც მოთხოვნა დაკმაყოფილდა (რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია).

8.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 377.1-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს შეფასების საგანია რამდენად კანონიერად შეამცირა საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლო 32 915.75 ლარიდან 1645.78 ლარამდე (სსკ-ის 420-ე მუხლი).

8.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები მოიხმო და პირგასამტეხლოს მნიშვნელობასთან დაკავშირებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითა.

8.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულლი სამივე მითითებული შემთხვევიდან (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) გამომდინარე პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა (32 915.75 ლარი) საქალაქო სასამართლომ, ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, როგორც „შეუსაბამოდ მაღალი“, 20-ჯერ შეამცირა (1 645.78 ლარამდე), რაც იმით დაასაბუთა, რომ პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრება ეწინააღმდეგებოდა სსკ-ით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რის გამოც პირგასამტეხლოს ეს ოდენობა არაგონივრული იყო.

8.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მყიდველის მიერ, როგორც საპრივატიზებო საფასურიდან 6 980 ლარის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის და 23 770 ლარის ნაწილში ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების, ასევე, დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ვალდებულების და მისი შესრულების დადასტურების მიზნით, შეთანხმებული აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის წარდგენის მოვალეობის დარღვევის (არაჯეროვნად შესრულების) ფაქტები.

8.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლომ ჯამში 4 365.75 ლარი შეადგინა (ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 20.05.2016 წელი. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. კერძოდ, გადასახდელი საპრივატიზაციო საფასურის დავალიანებამ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის (20.12.2016 წ.) 6 980 ლარი შეადგინა, 23 770 ლარის ნაწილში კი ვალდებულება ვადის დარღვევით შესრულდა. ამ ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1 %, ვალდებულების დარღვევის დღიდან (21.05.2016 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის ჩათვლით (20.12.2016 წ.), რაც ჯამში 4 365.75 ლარს შეადგენს).

8.8. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, პირველი საგარანტიო თანხის გარდა, ვადის უხეში დარღვევით ხორციელდებოდა. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე (20.12.2016 წ.) მოპასუხეს სულ გადახდილი ჰქონდა 27 020 ლარი, შესაბამისად, საპრივატიზებო საფასურიდან გადასახდელი დარჩა სარჩელით მოთხოვნილი 6 980 ლარი.

8.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ხელშეკრულების 6.3 პუნქტისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მყიდველმა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და სამშენებლო მასალების გატანა არ განახორციელა, მისთვის დასაკისრებელმა პირგასამტეხლომ 28 000 ლარი შეადგინა (დღეების რაოდენობა, 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 დეკემბრამდე, გამრავლებული 500 ლარზე). ხოლო ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად შესაბამისი დასკვნის წარდგენის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო 550 ლარით განისაზღვრა (50 ლარი გამრავლებული 11 დღეზე, ვადა 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 20 დეკემბრამდე).

8.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლისა და ამ განჩინების 8.9 ქვეპუნტში ასახული გაანგარიშების მიხედვით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 28 000 ლარი + 550 ლარი, შეუსაბამოდ მიიჩნია და 10-ჯერ შეამცირა. საბოლოოდ კი პირგასამტეხლოს ოდენობა - 4 365.75+2800+55=7 220.75 ლარით განსაზღვრა.

9. მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები

9.1. სააგენტომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. პირველი კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად შეამცირა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ, რადგან მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა უდავოა, პირგასამტეხლოს ოდენობაზე კი მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ.

9.3. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა, რადგან, მისი მტკიცებით, მისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-1646-2019, 30.09.2020 წ.).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში და მეორე კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში არ გააჩნიათ სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააგენტოს სააპელაცო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები სავსებით აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და განმარტებებს პირგასამტეხლოს ფუნქციასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს: № ას-1646-2019, 30.09.2020წ; №ას-1373-2018, 17.01.2019წ; № ას 848-814-2016, 28.12.2016წ; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ; ).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორების საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ვ.ბ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც.ფ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 386,30 ლარის (საგადახდო დავალება N9725600352, გადახდის თარიღი 2020 წლის 19 აგვისტო), 70% – 270,41 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე