საქმე №ას-1232-2019 5 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – მ.ქ–ი, გ.ლ–ლი (თავდაპირველი სარჩელით მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ი (თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებეული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მამობის დადგენა, მამის გვარის მინიჭება (ძირითად სარჩელში), შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება (შეგებებულ სარჩელში);
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ტ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვანის მამა, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), 2015 წლის მაისის თვეში დაქორწინდა მ.ქ–ზე (შემდეგში: მოპასუხე, არასრულწლოვანის დედა, აპელანტი ან კასატორი); მოპასუხე იმხანად არასრულწლოვანი იყო და, ქორწინების ფაქტიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში (იხ. ტ.1, - განაჩენი, გამოკითხვის ოქმი- ს.ფ. 18-24);
2. თანაცხოვრების პერიოდში წყვილს, 2016 წლის 2 აპრილს შეეძინა შვილი - მ.ქ–ი (პ/ნ ........; იხ. დაბადების მოწმობის ასლი - ტ.1, ს.ფ. 17);
3. მოპასუხე და გ.ლ–ლი (შემდეგში: შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან (იხ.ქორწინების მოწმობა -ტ.1, ს.ფ. 40);
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს მოსარჩელის მამობა მისი მცირეწლოვანი შვილის, მ.ლ–ის მიმართ, ბავშვს მიენიჭოს მამის გვარი - ტ–ი და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი მ.ლ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N ....., კერძოდ, მამის გრაფაში ნაცვლად გ.ლ–ლის გვარისა (ნაცვლად გვარისა „ლ–ი“) მიეთითოს ბავშვის ბიოლოგიური მამის გ.ტ–ის გვარი - ტ–ი (იხ. სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი- ტ.1, ს.ფ .3-15; 212-227).
5. მოპასუხეთა შესაგებელი
5.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და მისი უარყოფა მოითხოვეს.
6. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
6.1. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხემ გ.ლ–ლმა, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა: დადასტურდეს გ.ლ–ლის მიერ 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ.ლ–ის შვილად აყვანის ფაქტი (იხ. შეგებებული სარჩელი- ტ.1, ს.ფ.119-132).
7. შეგებებული სარჩელის პასუხად წარდგენილი შესაგებელი
7.1 შეგებებული სარჩელის პასუხად ბავშვის მამამ წერილობით წარადგინა სარჩელი და არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად, მისი უარყოფა მოითხოვა.
8. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის- არასრულწლოვანის ბიოლოგიური მამის სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგნაირად: გ.ტ–ი (პირადი N....) ცნობილი იქნა მ.ლ–ის (პირადი N0....) მამად და შევიდა ცვლილება 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ.ლ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (ჩანაწერის ნომერი - .....) და გაიცა დაბადების მოწმობა: მამის გრაფაში გ.ლ–ლის ნაცვლად მიეთითა მამა - გ.ტ–ი და ბავშვის გვარის გრაფაში მიეთითა - ტ–ი.
8.2. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ.ლ–ლის სარჩელი.
8.3. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
8.3.1. მ.ქ–ი გ.ტ–ს შვილს არ აჩვენებს (იხ.- სარჩელი; დაზუსტებული სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 3-15; 212-227);
8.3.2. მას შემდეგ რაც დავა დაიწყო მამობის დადგენის თაობაზე, მ.ქ–მა და მისმა მეორე მეუღლემ გ.ლ–ლმა მიმართეს სამოქალაქო რეესტრს და ცვლილებები შეიტანეს მ–ს დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მ–ს მამად მიეთითა გ.ლ–ლი და მ–ს გვარად განისაზღვრა - ლ–ი (იხ. მ.ლ–ის დაბადების მოწმობის ასლი - ტ.1, ს.ფ. 98);
8.3.3. გურჯაანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ნ.ქ–ის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გაცემული N3826 დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ,,2015 წლის მაისში სიყვარულით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გ.ტ–ი დაქორწინდა მ.ქ–ზე. დაოჯახების შემდეგ დასახლდნენ სოფელ ........ გ–ს მშობლების სახლში. გ–ს მშობლებმა სიხარულით მიიღეს რძალი. მაისის თვეში გაიგეს, რომ მ–ა ორსულად იყო და მალევე დააყენეს აღრიცხვაზე ქ. თბილისში შპს კლინიკაში ,,ა.ს–ე“. გ–ს და მ–ს (ყოფილი დედამთილი) მ–ა რეგულარულად დაჰყავდათ ექიმთან ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით.2016 წლის 2 აპრილს იმავე კლინიკაში შეეძინათ მდედრობითი სქესის ახალშობილი. რადგან იმ დროისთვის ბავშვის დედა არასრულწლოვანი იყო, ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა მ.ქ–ის ასაკიდან გამომდინარე. გ–ს სიდედრის რეკომენდაციით, ბავშვი გატარდა ბიოლოგიური დედის გვარზე - ქ–ზე. გ.ტ–ი არასრულწლოვანთან ქორწინების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მისცეს. მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალშობილი მ.ქ–ი ცხოვრობდა მამის ოჯახში. თვენახევრის ასაკში მ–ს შეხვდა ყივანახველა, რის გამოც სასწრაფოდ წაიყვანეს ,,ჯ–ის“ გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი გადაიყვანა ქ. თბილისში. საავადმყოფოში 16 დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად მზრუნველობას ახორციელებდა მ–ს ბიოლოგიური ბებია (მამის მხრიდან) - მ– გ–ი. ბიოლოგიური მშობლები: გ– და მ–ა კი იმყოფებოდნენ გ–ს მამის ძმის ოჯახში და იქედან დადიოდნენ ბავშვის სანახავად. ოჯახში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში გ–ს და მ–ას დაეძაბათ ურთიერთობები. რის შემდეგაც მ–ა წავიდა სახლიდან. გ– ყოველ კვირა დღეს აკითხავდა შვილს ხან სოფელ ბ–ში, ხან ქალაქ რუსთავში, ხოლო გამზრდელ ბებიას (გ–ს დედას) არ აჩვენებდნენ შვილიშვილს მ–ას ოჯახის წევრები. მ.ქ–ის გათხოვების შემდეგ, გ– ყოველთვის იჩენდა ინტერესს საკუთარი შვილის მიმართ, მაგრამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს ვერც შვილის ნახვას და ვერც სათანადო ზრუნვას.“ ამავე დასკვნის თანახმად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიური მამის - თავდაპირველი მოსარჩელის ოჯახში არის კეთილსაიმედო გარემო არასრულწლოვან მ.ლ–ის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისათვის (იხ. ტ.1, ს.ფ.281-283).
8.3.4. კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ე.ტ–ის მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს გაცემული N3688 დასკვნის თანახმად, შესრულდა ბავშვის მ.ლ–ის და მისი მშობლების გ.ლ–ლის და მ.ქ–ის ოჯახის შეფასება. განხორციელებული ვიზიტების და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ გ.ლ–ლისა და მ.ქ–ის ოჯახში ბავშვისათვის შექმნილია უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. გოგონას ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ის იზრდება მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და განვითარებას. დასკვნის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია იგი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვერდით. ამასთანავე, მას უფლება აქვს, იცოდეს სიმართლე საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მიზანშეწონილია აღნიშნული ინფორმაცია ბავშვისათვის მიწოდებულ იქნეს ასაკის შესაბამისად.
8.3.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
8.3.6. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
8.3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს თავდაპირველი მოსარჩელის - გ.ტ–ის მამობა მისი მცირეწლოვანი შვილის - მ.ლ–ის მიმართ; შესაბამისად, მ.ლ–ს მიენიჭოს მამის გვარი - ტ–ი და სათანადო ცვლილებები იქნეს შეტანილი მ.ლ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N ..., კერძოდ, მ.ლ–ს მამის გრაფაში ნაცვლად გვარისა „ლ–ი“ მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამის გ.ტ–ის გვარი - „ტ–ი“.
8.3.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
8.3.9. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი ზემოხსენებული მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა პირობის არსებობა, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მათგანი. განსახილველი ნორმის მიხედვით, მამობის დადგენისას აუცილებელია ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომლებიც უკავშირდება საოჯახო ურთიერთობებს, ოჯახის შექმნის მიზანს ან პოტენციური მამის მიერ მამობის აღიარების ფაქტს. „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
8.3.10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.ქ–სა და გ.ტ–ს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება, რა დროსაც შეეძინათ შვილი, 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ.ქ–ი, ბავშვის დაბადებისას მოპასუხე მ.ქ–ი იყო არასრულწლოვანი; წყვილმა ვერ მოახერხა სამოქალაქო რეესტრში, ერთობლივად მისვლა, ხოლო შემდეგ მათ დაეძაბათ ურთიერთობა; ბავშვის დედამ უარი განაცხადა ბავშვის ბიოლოგიური მამა (თავდაპირველი მოსარჩელე) ჩაწერილიყო შვილის დაბადების მოწმობაში და, შესაბამისად, ბავშვს მინიჭებოდა ბიოლოგიური მამის გვარი. ბავშვის დედამ 2016 წლის ნოემბერში შექმნა სხვა ოჯახი გ.ლ–ლთან (შეგებებული სარჩელის ავტორთან), ხოლო ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ 2017 წლის 21 ივნისს სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის შემდეგ, 2017 წლის 22 აგვისტოს უკვე გ.ლ–ლი (ბავშვის დედასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი) ჩაეწერა ბავშვის მამად და ბავშვს მისცეს გვარი- ლ–ი.
8.3.11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციით.
8.3.12. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად, ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აგრეთვე რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება. კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად კი, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
8.3.13. სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
8.4. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ.ლ–ი არის მცირეწლოვანი და მის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება ბავშვის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება, შეინარჩუნოს კავშირი როგორც დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ შორის, მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები.
8.5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავისა და გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მხარეთა პოზიციის, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის პოზიციის, მოცემულ შემთხვევაში მცირეწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე, მ.ლ–ისათვის ბილოგიური მამის გვარის - ტ–ის მინიჭებისა და მ.ლ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე, კერძოდ მ.ლ–ის მამის გრაფაში ნაცვლად გ.ლ–ლის გვარისა „ლ–ი“ ბიოლოგიური მამის -გ.ტ–ის გვარის „ტ–ის“ მითითება დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8.6. შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე- დადასტურდეს გ.ლ–ლის მიერ 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ.ლ–ის შვილად აყვანის ფაქტი - მსჯელობისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ბავშვს ჰყავს როგორც ბიოლოგიური დედა, ასევე - ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ შეუწყვეტია, ბავშვი, დაბადების მომენტიდან, ბავშვზე ზრუნვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მ.ქ–ი წავიდა გ.ტ–ის ოჯახიდან, ამ უკანასკნელის მცდელობის მიუხედავად, ბავშვის დედა ბიოლოგიურ მამას არ აჩვენებდა ბავშვს, ისევე როგორც - მამის ოჯახის წევრებსაც, მოცემულ შემთხვევაში გ–ს დედას. დადგენილია ის გარემოებაც, რომ შეგებებული მოსარჩელის- გ.ლ–ლისათვის ცნობილი გახდა, რომ გ.ტ–ს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში მამად ცნობისა და ბავშვისათვის გვარის მინიჭების თაობაზე, ამის შემდეგ ჩაეწერა იგი ბავშვის მამად და ბავშვს მიანიჭა თავისი გვარი „ლ–ი“. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, ვინაიდან ბავშვის ბიოლოგიურ მამას, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ–ა ქ–თან, არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე. სსკ-ის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.
8.7. გაეროს 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-7 მუხლის თანახმადაც, ბავშვს აქვს უფლება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სცნობდეს თავის მშობლებს და მას ასევე აქვს უფლება მშობელთა მზრუნველობაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
9. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოპასუხეებმა (მათ შორის შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს შემდეგ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით:
9.1.1. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ გ.ლ–სა და მ.ლ–ს შორის ჩამოყალიბებულია ის ურთიერთობა, რაც ნამდვილ მამა-შვილს შორის შეიძლება არსებობდეს;
9.1.2. სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რატომ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში მოსარჩელის მითითება და რატომ არ შეესააბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს გ.ლ–ლის მიერ მისი შვილად აყვანა და მისი მამად მითითება;
9.1.3. გ.ლ–ლის კეთილშობილება, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოვლინდა, რომ მ.ქ–ს შესთავაზა ბავშვის თავისთან სახლში მიყვანა, ოჯახთან ერთად ცხოვრება და შვილად აღიარება. თავდაპირველი მოსარჩელე არ იყო დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში მითითებული, შესაბამისად, როგორც მამა არანაირ ინტერესს არ იჩენდა ბავშვის მიმართ. გ.ლ–ლმა სამართლებრივად და მორალურადაც სწორად გადაწყვიტა მ–ს არსებობისათვის მიეცა კანონიერი სახე. იგი მოპასუხესთან ერთად გამოცხადდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განაცხადა, რომ იყო ბავშვის მამა. ბავშვმა იცის, რომ მისი მამა გ.ლ–ლია, მას ჰყავს ძმა ზურა ლ–ი, რომელთან ერთადაც იზრდება და უყვარს. გიორგის მშობლები - პაპა და ბებია იჩენენ მზრუნველ და თბილ დამოკიდებულებას მის მიმართ.
9.1.4. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აპელანტები წინააღმდეგი არიან სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის და გ.ტ–თან ბავშვის ურთიერთობის. როდესაც ბავშვი გაიზრდება და ექნება დამოუკიდებელი განსჯის უნარი, იგი შეიტყობს სინამდვილეს და თავად გადაწყვეტს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის საკითხს, რომელსაც მამად ყოფნის ფაქტი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რაც მ.ქ–ის მეორედ ქორწინების შესახებ შეიტყო.
9.1.5. აპელანტები სადავოდ ხდიან იმასაც, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და ასეთად უთითებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 7.3.7 პუნქტში ასახულ გარემოებებზე (საუბარია ნ.ქ–ის დასკვნაზე - იხ. წინამდებარე განჩინების 8.3.3 ქვეპუნქტი).
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილება და გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი მოტივაციისას ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის მეორე კარზე, რომელიც ეძღვნება მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების სამართლებრივ ურთიერთობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლომ განმარტა, კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა წარმოადგენს.
10.3. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილია თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობა და მათი დაცვა დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. ამავე კონვენციის მე-7 მუხლით კი ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია, იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში (Mikulić v. Croatia, no. 53176/99 judgment of 07.02.2002), მიიჩნია, რომ, ვინაიდან სადავო იყო მამობის საკითხი და ეს ნაწილი არ იყო დადგენილი, შესაბამისად, ოჯახური ცხოვრება არ იყო სახეზე. ეს შემთხვევა სასამართლომ განიხილა პირადი ცხოვრების ჭრილში, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, გულისხმობს ინდივიდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ინტეგრაციას, რაც ასევე მოიცავს უფლებას, სოციალურ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შემთხვევაში სრულად გამოიყენება ბავშვის კონვენციის მე-8 მუხლი. სასამართლომ ამ საქმეზე მოიშველია მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება (Gaskin v. the United Kingdom) და განაცხადა, რომ პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის ბიოლოგიური მშობლების შესახებ.
10.4. სსკ-ის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს ამ მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე.
10.5. საკასაციო სასამართლო მის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით აღიარებულია ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, რომელიც ვრცელდება კონვენციის ყველა სუბიექტზე. ოჯახურის ცხოვრების პატივისცემის უფლება მოიცავს ასევე ბიოლოგიური მშობლის უფლებას, შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში რეგისტრირებული იყოს მშობლად და განახორციელოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 1187-ე მუხლი). ამდენად, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულია ბავშვის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ასევე უფლებას, იცოდეს საკუთარი ბიოლოგიური წარმომავლობა. ამასთან აღნიშნული უფლების წართმევის შემთხვევაში, ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს; მითითებული კი, არ წარმოადგენს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს. შესაბამისად, სახეზეა არასრულწლოვანის უფლებების დარღვევა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მ–ს ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო აკავშირებდეს გ.ლ–ლთან ისეთი ემოციური მიჯაჭვულობა, რომ ბიოლოგიური წარმომავლობის დადგენა ეწინააღმდეგებოდეს მის ინტერესს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აღნიშნული ინტერესი დაცული იქნება ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მოსარჩელის სასარგებლოდ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით.
10.6. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ბავშვისთვის მამის გვარის მისანიჭებლად სავალდებულო არ იყო ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია, თუმცა მოსარჩელეს ამ საკითხზე არ უზრუნია. რაც შეეხება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აპელანტებს რაიმე დასაბუთებული არგუმენტები აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
10.7. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი დაბადების მომენტიდან 18 წლის ასაკამდე. აღნიშნული კანონით განისაზღვრება ბავშვის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. 7 წლამდე ასაკის ბავშვი ქმედუუნაროა. მის უფლებას მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე) ახორციელებს. 7-18 წლამდე ასაკის ბავშვი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა და მისი ნების გამოსავლენად აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ხოლო სრულად ქმედუნარიანი კი, 18 წლის დადგომისთანავე ხდება (სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი; ასევე ამავე კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი). უფრო მეტიც, ფიზიკური პირის უფლება, თავად აირჩიოს სახელი გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით, სახელდობრ, ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ (სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება სამომავლოდ დამოკიდებულია თავად არასრულწლოვანის ნებაზე, რომელსაც, სრულწლოვანების მიღწევის დროისათვის, სამართლებრივი შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთხელ გადახედოს მითითებულ საკითხს და თავად განსაზღვროს იგი.
10.8. შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ბავშვს ჰყავს როგორც ბიოლოგიური დედა, ასევე - ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ შეუწყვეტია ბავშვის დაბადების მომენტიდან ბავშვზე ზრუნვა და, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ.ქ–თან, გ.ტ–ს არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე.
10.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მართებულად მიუთითა სსკ-ის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.
10.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებლობა, რაც მათი სააპელაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
11. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა, მოითხოვეს შემდეგ ძირითად გარემოებებზე დაყრდნობით:
11.1.1. თავდაპირველი სარჩელის პასუხად წარდგენილ შესაგებელში ბავშვის დედამ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა არ აქცევდა შვილს ყურადღებას, არ ზრუნავდა მასზე; ბავშვი თბილ ოჯახურ ატმოსფეროში იზრდება და მოპასუხეები არ ეთანხმებიან ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მოსარჩელის მითითებას; ამ უკანასკნელთან ცხოვრება და ქორწინება იყო იძულებითი და თვალთმაქცური, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არიდების მცდელობით განპირობებული; არც ბავშვის ბიოლოგიურ მამას, არც მისი ოჯახის წვერებს არ უცვნიათ ბავშვის დაბადება, არ დასწრებიან მშობიარობას, არ მისულან სამშობიაროში ბავშვის გამოსაყვანად, არ უფიქრიათ იმაზე, რომ ბავშვს სჭირდებოდა კანონიერად ცნობა, მამის მონაცემების რეგისტრაცია სააქტო ჩანაწერში;
11.1.2. კასატორი გ.ლ–ლი არა მხოლოდ მეუღლის (ბავშვის დედის), არამედ თვითონ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე კატეგორიული წინააღმდეგია მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის და ამ ეტაპზე ბავშვის ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის; როდესაც ბავშვი გაიზრდება, ექნება დამოუკიდებელი განსჯის უნარი, შეიტყობს სინამდვილეს, იგი თავად გადაწყვეტს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის საკითხს; მოსარჩელეს მამად ყოფნის ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც ბავშვის დედის მეორე ქორწინების შესახებ შეიტყო;
11.1.3. კასატორები უთითებენ თავდაპირველი სარჩელის პასუხად აღძრულ შეგებებულ სარჩელზე და იმ გარემოებაზე, რომ ბავშვსა და მისი დედის რეგისტრირებულ მეუღლეს შორის სწორედ ისეთი ურთიერთობაა, როგორიც შესაძლოა ბიოლოგიურ მამასთან იყოს; თავდაპირველ მოსარჩელეს არ დაუზუსტებია საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეთა წრე; მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გ.ლ–ლს ბავშვი მიღებული ჰყავს, როგორც ბიოლოგიური შვილი, თვითონ და მისი ოჯახი ზრუნავენ და ზრდიან ბავშვს, როგორც საკუთარს, შეგებებული სარჩელის ავტორს სურს როგორც გამზრდელი მშობლის, ისე მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვა;
11.1.4 კასატორი უთითებს შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ: სსკ-ის 1187-ე, 1190.1-ე, 1191.1-ე, 1239-ე მუხლებზე;
11.1.5 კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, სასამართლომ საქმეში დაინტერესებულ პირად ჩააბა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით დაევალა მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა და დავის საგანთან დაკავშირებით დასკვნის წარდგენა, რაც მხარეთა სოციალური გარემოს, ეკონომიკური პირობების შეფასებაში გამოიხატა და არა იმაში, თუ რამდენად მისაღები იყო ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მისი ინტერესებისათვის ცვლილებები იმ პირობებში, როდესაც ბიოლოგიურ მამას მიტოვებული ჰყავდა ბავშვი, როდესაც მისი დაბადების დროს არ უზრუნია ბავშვის მამად მითითებაზე სააქტო ჩანაწერში; ბავშვს ყველგან - ბაღში, სამედიცინო დაწესებულებებში, ოჯახის ახლობლების წრეში იცნობენ როგორც გ.ლ–ლის შვილს, ბავშვს ჰყავს იმავე გვარის მატარებელი ძმა- ზ.ლ–ი; თვითონ ბავშვს გ.ლ–ლი მიაჩნია მამად, ისევე როგორც მისი მშობლები - ბებია-პაპად. არავის უფიქრია ბავშვის განცდაზე და სტრესზე, რა დაემართება, როდესაც ერთ დღეს მისთვის უცხო მამაკაცი მივა და ეტყვის, რომ გ.ლ–ლი, რომელსაც მამას ეძახის და ზრუნავს მასზე, არაა მამა და ის პირია მამა, რომელმაც მისი არასრულწლოვანი დედა მიატოვა, ბავშვს გვარი არ მისცა და შვილი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც მისი დედა ხელმეორედ დაქორწინდა;
11.1.6. კასატორი არ ეთანხმება და აკრიტიკებს ბავშვის ბიოლოგიური მამის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში რაიონული სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებს (სსკ-ის 1190-ე მუხლი, „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 მუხლები, მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) რეკომენაცია), რაც ბავშვის ინტერესების მიხედვით არ იქნა გამოყენებული; კასატორთა მტკიცებით, სასამართლოს არ შეუფასებია და ზერელედ იმსჯელა საქმეში წარდგენილ დასკვნებზე, ასევე- ბავშვის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მის ფსიქიკურ განწყობაზე გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით; უსაფუძვლო და საეჭვოა უპირატესობის მინიჭება გურჯაანის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნისათვის, დაუსაბუთებელია, თუ რის გამო მიენიჭა ერთ დასკვნას მეორესთან შედარებით უპირატესობა;
11.1.7. არც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ მოიშველია, მაგრამ არ შეაფასა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 06.08.2018 წ. გაცემული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვს მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ასაკის შესატყვისად, დაუსაბუთებელია, რატომ მიენიჭა უპირატესობა 13.08.2018 წ. დასკვნას;
11.1.8 სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული, რადგან განსახილველ საქმეზე განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებია; მოცემულ შემთხვევაში ბიოლოგიურ მამას მიენიჭა უპირატესობა იმ დროს, როდესაც ბავშვი მშვილებლის ოჯახში როგორც ბიოლოგიური შვილი ისე იზრდებოდა. კასატორი უთითებს ლ. ქ–ის დისერტაციაზე სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, სადაც საუბარია არაბიოლოგიური მამის მიერ მამობის ტვირთის სრულად აღებაზე, რაც ამ უკანასკნელს, როგორც მზრუნველს ანიჭებს უპირატესობას ბიოლოგიურ მამასთან შედარებით;
11.1.9 კასატორები ყურადღებას ამახვილებენ სსკ-ის 1190-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს და უთითებენ, რომ ამ დანაწესის მიზანი სწორედ ისაა, რომ როდესაც მამობის ტვირთს იღებს არაბიოლოგიური მამა, რომელიც ბავშვის დედასთან ერად ერთობლივ მეურნეობას ეწევა, აქვს ერთობლივი ჭერი, ერთად ზრდიან ბავშვს, უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს არაბიოლოგიურ მამას, რომელიც ზრუნავს ბავშვზე. მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი (კასატორი) სწორედ ის მზრუნველი პირია, რომელმაც ბიოლოგიური მამის მიერ დავის აღძვრის შემდეგ, ბავშვის დედასთან ერთად მიმართა სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შესატანად და მამის გრაფაში მისი რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც იმას ადასტურებს, რომ კასატორისათვის ძვირფასია ბავშვი და შეეცადა გოგონას დაცვას ბიოლოგიური მამის ძალადობისაგან;
11.1.10 კასატორები ასევე აკრიტიკებენ და არ ეთანხმებიან სსკ-ის 1251.1-ე მუხლის გამოყენებას, რადგან ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვის სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის დროისათვის ბავშვის დედა ჯერ კიდევ მარტოხელა დედა იყო (სსკ-ის 1191.1-ე მუხლი) და მას თანხმობა არ სჭიდებოდა. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 1239-ე და 1248- ე მუხლებით; კასატორი ციტირებს პროფესორ მიხეილ ბიჭიას სამეცნიერო ნაშრომიდან „ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობების სამართლებრივი მნიშვნელობა“ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ დაარღვია ბავშვის კანონიერი და უპირატესი ინტერესი, მისი უფლება, იზრდებოდეს ოჯახში და ატარებდეს გამზრდელი/მშვილებელი მამის გვარს ბიოლოგიური ძმის მსგავსად;
11.1.11 საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რადგან საკითხი ეხება ბავშვის ინტერესებს, რაც უგულებელყოფილია ბიოლოგიური მამის და სასამართლოს მიერ.
11.1.12. ფაქტობრივ უსწორობაში კასატორი უთითებს სოც. მუშაკის 13.08.2018 წლის N826 დასკვნაში აღწერილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 8.3.3 ქვეპუნქტი).
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391- ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვთ წარმოდგენილი.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
15. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, პროცესუალურ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას და იმსჯელებს იმაზე, თუ ბავშვის ბიოლოგიური მამის თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე (მამობის დადგენა, ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში ბიოლოგიური მამის გვარის მითითებით), რამდენად აკმაყოფილებს შეგებებული სარჩელისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს გ.ლ–ლის სარჩელი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სსსკ-ის 189-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით /შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელის სარჩელის დაკმაყოფილებას/ და „გ“ ქვეპუნქტით /შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება/ განსაზღვრული საფუძვლების შემოწმება.
16. საქმის მასალების მიხედვით ძირითადი მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით და საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა გ.ლ–ლი (იხ. ტ.1, ს.ფ.100). მესამე პირის სტატუსით საქმეში ჩაბმულმა გ.ლ–ლმა 2018 წლის 4 იანვარს შეგებებული სარჩელი აღძრა ძირითადი მოსარჩელის (შესაბამისად შეგებებული სარჩელის მოპასუხის) გ.ტ–ის წინააღმდეგ და მოითხოვა არასრულწლოვანის შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის მამის გრაფაში მითითებულია არაბიოლოგიური მამა - გ.ლ–ლი, რომელიც მცირეწლოვანის დედასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს ფაქტობრივი გარემოება, რომ არასრულწლოვანი მ–ს დაბადების სააქტო ჩანაწერში, მამის გრაფაში შეგებებული სარჩელის ავტორის (არაბიოლოგიური მამის) გვარის მითითება მას შემდეგ მოხდა, რაც ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ 2017 წლის 21 ივნისს სარჩელი აღძრა მამობის დადგენის მოთხოვნით, სააქტო ჩანაწერში ცვლილება შეტანილია 2017 წლის 22 აგვისტოს (იხ. წინამდებარე განჩინების 8.3.2 ქვეპუნქტი);
17. სსსკ-ის 189-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით, ხოლო მეორე ნაწილი სამ დამოუკიდებელ წინაპირობას განსაზღვრავს მოსამართლის მიერ შეგებებული სარჩელის მისაღებად, ეს წინაპირობები გამომდინარეობს იქიდან, რომ შეგებებული სარჩელი აღიძვრის სხვა ძირითადი (თავდაპირველი) სარჩელის გამო და თუ ძირითადი სარჩელი არ იქნებოდა აღძრული, მაშინ შესაძლოა აღძრულიყო დამოუკიდებელი სარჩელის სახით. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ არის მიმართული პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად, არ არის გამოვლენილი სსსკ-ის 189.2-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობა, რაც შეეხება ამავე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს (დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში), „ბ“ ქვეპუნქტის წინაპირობის შემთხვევაში შეგებებულმა სარჩელმა მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა გამორიცხოს თავდაპირველი (ძირითადი) სარჩელის დაკმაყოფილება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევას არ უკავშირდება; ბავშვის ბიოლოგიური მამის სასარჩელო მოთხოვნას (მამად ცნობის, ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭების და დაბადების სააქტო ჩანაწერის შესაბამის გრაფაში გვარის ნაწილში ცვლილების შეტანაზე) ვერ უპირისპირდება, სარჩელის გამორიცხვის კუთხით არაბიოლოგიური მამის მოთხოვნა შვილად აყვანის შესახებ, რადგან ბიოლოგიურ მამას არათუ უარი არ განუცხადებია მამობაზე და არ გამოუვლენია თანხმობა გაშვილებაზე, არამედ სწორედ ამას მოითხოვს ძირითადი სარჩელით. რაც შეეხება, სსსკ-ის 189.2-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, თუკი მივიჩნევთ, რომ არსებობს ურთიერთკავშირი პირვანდელ და შეგებებულ სარჩელებს შორის, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება ბავშვის უფლებას, იცოდეს მისი წარმომავლობის, ბიოლოგიური მშობლის ვინაობა, იმავდროულად შესაფასებელია არსებობს თუ არა ბიოლოგიური მამის სარჩელის უარყოფისა და არაბიოლოგიური „მამის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებს საფუძვლები, ბავშვის საუკეთესო და უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ ბუნებრივია, რომ შესაძლებელია ურთიერთკავშირი გამოიკვეთოს პირვანდელ და შეგებებულ სარჩელებს შორის.
18. საკასაციო სასამართლო მხარეთა საყურადღებოდ განმარტავს, რომ ნებისმიერ დავაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება უპირატესობა და ამ თვალსაზრისით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ მოტივაციაში „ბავშვის უფლებათა კონვენციის“, „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციისა და ევროპის საბჭოს სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) რეკომენდაციით განსაზღვრული დებულებების მოხმობა, სავსებით დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განმარტებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა ბავშვის, როგორც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მფლობელ სუბიექტად აღიარება და არა მისი დაცვის ობიექტად მიჩნევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
19. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობას ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N. 71776/12; 2 თებერვალი, 2016 წ.), სადაც სასამართლომ განმარტა: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“. სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ - იხ. სუსგ- ები: N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-861-2019, 03.10.2019წ.
20. განსახილველ შემთხვევაში კასატორთა ძირითადი პრეტენზია იმას ეფუძნება, რომ ბავშვის საუკეთესო და პრიორიტეტული ინტერესების გაუთვალისწინებლად მიიღო სააპელაციო სასამართლომ განჩინება და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ ბავშვმა, შედარებით მოზრდილ ასაკში, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობისა და მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში გვარის ცვლილების შესახებ, რადგან მას ყველა იცნობს არაბიოლოგიური მამის- ლ–ის გვარით და ამავე გვარის ბიოლოგიური ძმა ჰყავს, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა მოსალოდნელი სტრესი, რაც ბავშვისათვის ბიოლოგიური მამის ვინაობის (შესაბამისად სააქტო ჩანაწერში ამ გვარის მითითებას) გამჟღავნებას მოჰყვება, რადგან ბავშვისათვის მძიმე იქნება „ერთ დღეს“ იმის გაცნობიერება, რომ უცხო მამაკაცია მისი ბიოლოგიური მამა და არა ის პიროვნება, რომელთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს ოჯახურ, მზრუნველ გარემოში.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არის გასაზიარებელი კასატორთა არგუმენტები, რადგან ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას განსაზღვრავს, ხოლო საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობების სასამართლო წესით განხილვის დროს სასამართლო კონტროლი ხორციელდება ინკვიზიციური სამართალწარმოების გზით, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი), სასამართლოსათვის უპირატესია ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა, ამასთან, დასახელებული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის სტანდარტის დასაცავად, მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მშობელსა და შვილს შორის კონტაქტი არის ის ამოსავალი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო, რათა ოჯახური ცხოვრების კონვენციისეული მიდგომა იყოს დაცული (შეად. სუსგ N ას -1149-1081-2015, 06.05.2016წ.).
22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.
23. კასატორთა მტკიცების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს და მიიღოს მათი მხრიდან ზრუნვა (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი), ამასთან, კონვენციის თანახმად, სწორედ მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებაა, პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი (რაც სსკ-ის მე-17.1 მუხლის თანახმად ფიზიკური პირის სახელსა და გვარს მოიცავს), ოჯახური ურთიერთობა, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა (კონვენციის 8.1-ე მუხლი); კონვენცია დაუშვებლად მიიჩნევს ბავშვის მიერ თავისი ინდივიდუალობის ნაწილის ან ყველა ელემენტის დაკარგვას და ასეთი შემთხვევისათვის მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ბავშვის უზრუნველყოფას საჭირო დახმარებითა და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
24. განსახილველ შემთხვევაში ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ სასარჩელო წარმოების გზით მოითხოვა მამობის დადგენა და ბავშვის სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში შესაბამისი ცვლილების შეტანა - ბავშვის გვარად ბიოლოგიური მამის გვარის მითითება. ბავშვის ბიოლოგიური მამის სარჩელის მოპასუხემ (ბავშვის დედამ) არ უარყო ფაქტობრივი ქორწინება მოსარჩელესთან და თანაცხოვრების დროს ბავშვის შეძენა, მხოლოდ ის გახადა სადავო, რომ ბიოლოგიური მამა არ აკითხავდა ბავშვს და არ მონაწილეობდა მის აღზრდაში; ასევე, ბავშვის დედამ პირადი მოსაზრება გამოხატა, რომ მას არავითარი სურვილი არ აქვს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში ჩაეწეროს მოსარჩელე (ბიოლოგიური მამა), დედას ჰყავს მეორე ოჯახი, სადაც ბავშვი უზრუნველად იზრდება და ეს მის ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს (იხ. შესაგებელი - ტ. 1. ს.ფ. 39).
25. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით გამოვლენილია, რომ ბავშვს დაბადების დროს დედის- მ.ქ–ის გვარი მიენიჭა, მის სააქტო ჩანაწერში, მამის გრაფაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა ცვლილება 2017 წლის 22 აგვისტოს და მიეთითა არაბიოლოგიური მამის გვარი, რაც ბიოლოგიურმა მამამ სარჩელი აღძრა 2017 წლის 21 ივნისს; დადგენილია, რომ ბავშვის დედა არ აჩვენებს შვილს ბიოლოგიურ მამას; მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - გ.ლ–ლმა კი შეგებებული სარჩელი აღძრა 2018 წლის 4 იანვარს და მოითხოვა შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება. ამ გარემოებების მოხმობა საკასაციო სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ საკასაციო სასამართლო გაასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით არსებითად განხილვის დროს ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც მისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ასევე, იმის წარმოსაჩენად, რომ კასატორთა პრეტენზია ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებით, მათ შორის, მისთვის ბიოლოგიური მამის გვარის მინიჭებიდან გამომდინარე შესაძლო მავნე ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე არაფრითაა დასაბუთებული; საკასაციო სასამართლო კასატორთა პრეტენზიის გასაქარწყლებლად მიუთითებს, რომ 2016 წლის 2 აპრილს დაბადებულ მ.ქ–ს დედის გვარი- ქ–ი მიენიჭა იმავე წლის 5 აპრილს (იხ. დაბადების მოწმობა, - ტ.1, ს.ფ.17) და ბავშვი ამ გვარით ირიცხებოდა 2017 წლის 22 აგვისტომდე (იხ. დაბადების მოწმობა - ტ.1, ს.ფ. 98), სანამ ბავშვის ბიოლოგიური დედისა და მისი მეუღლის ერთობლივი განცხადების საფუძველზე სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში ცვლილება არ შევიდა და მ–ს გვარი - ლ–ი არ მიენიჭა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის გვარის - ქ–ის ლ–ით შეცვლას ბიოლოგიური დედისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მცირეწლოვანის ბიოლოგიურ მამას უკვე აღძრული ჰქონდა სარჩელი და ბავშვის გვარის ცვლილება, სრულიად ცხადია, რომ არ უკავშირდებოდა მისი ვინაობის (მშობელთან კავშირის) ცოდნის მიზანს და ამით - ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კასატორთა მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ ბავშვს ყველა ლ–ის გვარით იცნობს, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვს ეს გვარი 2017 წლის 22 აგვისტოდან აქვს დარეგისტრირებული, შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბავშვი დედის გვარზე იყო მანამდე, ასევე ცნობილი იყო იმ საახლობლო წრისათვის, რომელიც მ.ქ–ისა და გ.ლ–ლის გულშემატკივრები არიან. ესეც რომ არ იყოს, არაფრითაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ აღარაფერი ითქვას იმ უსაფუძვლო მიზეზზე, რომ თითქოსდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცდილობს ბავშვის დაცვას ბიოლოგიური მამის ძალადობისაგან (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1.9 ქვეპუნქტი), რადგან რაიმე ძალადობა ან ასეთის მცდელობა არც შესაგებელში, არც შეგებებულ სარჩელში არაა მითითებული და ასეთი გარემოება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანიც კი არ ყოფილა.
26. საკასაციო სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების გათვალისწინებით სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვმა უნდა შეინარჩუნოს მისი კავშირი ბიოლოგიურ მამასთან როგორც გვარის სახით, ისე ურთიერთობის გაუმჯობესების გზით და ამ თვალსაზრისით ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებებს საქმეში წარდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნების შესახებ. კასატორის მოსაზრების პასუხად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური მუშაკის 2018 წლის 3 აგვისტოს დასკვნა ასახავს ბავშვის საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს დედასთან და მისი მეუღლის ოჯახში, ხოლო 2018 წლის 13 აგვისტოს დასკვნა- ბიოლოგიური მამის საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს, ორივე დასკვნით იკვეთება ის გარემოება, რომ ბავშვისათვის უსაფრთხო, მზრუნველი და დაცული გარემო არსებობს, როგორც დედის, ისე ბიოლოგიური მამის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებზე, ხოლო 03.08.2018 წლის დასკვნა უთითებს იმაზე, რომ ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს საკუთარი წარმომავლობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია კი ასაკის შესატყვისად უნდა მიეწოდოს. არც ერთი დასკვნა არ იძლევა საფუძველს ბიოლოგიური მამის სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო მსჯელობისათვის, ხოლო სსკ-ის 1190.8-ე მუხლის თანახმად არ არის გამოვლენილი ისეთი გარემოება, რაც მამობის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ შვილების მიმართ, ხოლო მშობლის უფლების განხორციელებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1197-ე, 1199-ე მუხლები). არასრულწლოვანის ბიოლოგიური მამის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში ბიოლოგიური მამის გვარის მითითება სწორედ ბავშვის სახელის, მისი წარმომავლობის ცოდნის უფლებას უკავშირდება და არ ხელყოფს ბავშვის საუკეთესო და პრიორიტეტულ ინტერესებს. მშობლის უფლებას ყოველთვის გადასწონის ბავშვის უფლება და მისი უპირატესი ინტერესი. ბავშვის ბიოლოგიური მამის დადგენა დაკავშირებულია ასევე მემკვიდრეობის უფლებასთან (სსკ-ის 1309-ე მუხლი), რაც საკუთრების უფლებას უკავშირდება და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესის დაცვა.
27. კასატორთა მითითება სამეცნიერო ნაშრომებზე მოცემული შემთხვევისათვის სრულიად არათავსებადია, რადგან სამეცნიერო და აკადემიურ კვლევებში გამოთქმული მოსაზრებები კანონის დანაწესს ვერ შეცვლის, ამასთან, განსახილველი დავა არ უკავშიდება მარტოხელა მშობლის სტატუსს (რაც სსკ-ის დამოუკიდებელი მოწესრიგებაა) და აქედან გამომდინარე ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს. იმის გათვალისწინებით, რომ უცვლელად დარჩა ბიოლოგიური მამის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული ძირითადი სარჩელი, უსაფუძვლოა შეგებებული სარჩელის ნაწილის მოთხოვნა, რადგან ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს კვლევა და დასკვნები სრულად არის გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება თითოეული მხარისათვის, ყველა თანამდებობის პირისათვის სავალდებულოა და მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40), ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40). სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. მამა-შვილს შორის არსებული შესაძლო გაუცხოების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. მოცემულ შემთხვევაში ორივე მშობელზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა და აქედან გამომდიანე შედეგების ბავშვისათვის გასაგებ ენაზე განმარტება ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის ბალანსის შენარჩუნებით, ფრთხილად და მზრუნველობით. ოჯახური გარემო ბიოლოგიურ მშობლებთან (თუნდაც ერთმანეთთან დაშორებულებთან) ურთიერთობის შესაძლებლობას და ხელმისაწვდომობას ნიშნავს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით, რაც ასევე დაკავშირებულია ბავშვის წარმომავლობის, მემკვიდრეობისა და შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან.
29. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით უარყოფილია მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
30. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ის და გ.ლ–ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე