Facebook Twitter

საქმე №ას-1358-2019 5 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. და კ.დ.ს. ტ. და ი.პ.ც–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ლ. და კ.დ.ს. ტ.და ი.პ.ც–სა„ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი კომპანია, შეგებებული სარჩელის ავტორი) და მ.ბ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, ექიმ-ინფექციონისტი, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, ერთი წლით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელე ბავშვთა ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობაზე დასაქმდა.

2. ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, დამსაქმებლისათვის ერთი თვით ადრე ეცნობებინა და მინიმუმ ამ ვადის გასვლამდე არ დაეტოვებინა სამსახური დამსაქმებელი კომპანიის მიერ სათანადო კვალიფიკაციის მქონე იმ სპეციალისტის მოძებნამდე, რომელიც მის ჩანაცვლებას შეძლებდა. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის საჯარიმო თანხა - 5000 ლარი გადაეხადა.

3. ექიმ-ინფქციონისტმა 2018 წლის 1 თებერვალს დამსაქმებელ კომპანიას წერილობით მიმართა და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, პირადი განცხადების საფუძველზე 01.02.2018 წლიდან.

4. დამსაქმებელი კომპანიის 2018 წლის 1 თებერვლის N10-&5 ბრძანებით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ; საქართველოს ორგანული კანონი) 37.1 მუხლის „დ„ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. ყოფილ დასაქმებულს დამსაქმებელმა კომპანიამ 2018 წლის 2 თებერვალს აცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტის საფუძველზე (იხ. მე-2 პუნქტი), ანგარიშსწორება მოხდებოდა საჯარიმო თანხის გაქვითვის გათვალისწინებით.

6. დამსაქმებელ კომპანიაში ყოფილი დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულებამ (დარიცხული თანხა), 2017 წლის ოქტომბრიდან-2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით, 7312,88 ლარი შეადგინა, აქედან ხელზე ასაღებმა თანხამ-5850,30 ლარი, საიდანაც ექიმ-ინფექციონისტს მიღებული აქვს: 2017 წლის 30 ნოემბერს - 2900 ლარი, 2017 წლის 27 დეკემბერს-2500 ლარი; ჯამში- 5400 ლარი.

7. სარჩელის საფუძვლები და მოთხოვნა

7.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებელის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის - 5000 ლარის დაკისრების შესახებ;

7.2. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 4643,40 ლარის დაკისრება, რაც მისი შრომის ანაზღაურებაა, რომელიც დამსაქმებელს არ გადაუხდია;

7.3. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დამსაქმებელი კომპანიის შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტის, როგორც კაბალური სახელშეკრულებო პირობის, ბათილად ცნობა.

8. მოპასუხის შესაგებელი და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

8.1 მოპასუხე კომპანიამ წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ყოფილმა დასაქმებულმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან, ერთი თვით ადრე არ აცნობა დამსაქმებელს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ; ასევე, 2018 წლის 1 თებერვალს და მას შემდეგაც საერთოდ არ გამოცხადებულა სამსახურში და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადება დამსაქმებელ კომპანიაში მისმა მეუღლემ მიიტანა;

8.2. მოსარჩელემ 2018 წლის 1 თებერვალს მოითხოვა იმავე თარიღიდან ხელშეკრულების მოშლა, რაც მისი უფლება იყო და კომპანიამ დააკმაყოფილა კიდეც. 2017 წლის ოქტომბრიდან გათავისუფლებამდე მისაღები თანხის ნაწილი ყოფილ დასაქმებულს ხელფასის სახით გადაეცა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გაიქვითა საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებაში. ამდენად, მოსარჩელეს არანაირი თანხა არ ეკუთვნის დამსაქმებელი კომპანიისაგან;

8.3. მოპასუხე კომპანია არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების 8.2. პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც, რადგან ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დასაქმებულისათვის დაკისრებას კანონმდებლობა არ კრძალავს. შესაბამისად, დასაქმებულის სურვილი, რომ ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და არაფერი მოეთხოვოს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, არის კანონსაწინააღმდეგო.

9. ყოფილი დასაქმებულის შესაგებელი დამსაქმებელი კომპანიის შეგებებულ სარჩელზე

9.1. თავდაპირველმა მოსარჩელემ არ ცნო მოპასუხის შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ დამსაქმებელს ზედმეტი თანხა მისთვის არ ჩაურიცხავს;

9.2. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის საფუძველზე, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს ყოფილი დასაქმებული, თანხის გაქვითვა (გამოკლება), არის უკანონო. მოპასუხე კომპანიის მიერ ექიმ-ინფექციონისტისათვის უკვე ჩარიცხული თანხა, მისი შრომის ანაზღაურებაა და ბუღალტერს შეცდომა არ დაუშვია.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ყოფილი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;

10.2. შეგებებული მოსარჩელის (მოპასუხე კომპანიის) სასარგებლოდ ყოფილ დასაქმებულს (მოსარჩელეს) 4549,70 ლარის გადახდა დაეკისრა;

10.3. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ს.ფ. 141-142).

10.4. საქალაქო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ, საქართველოს ორგანული კანონი) 2.1, 2.2. მუხლებზე, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 38.3.-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 52-ე, 54-ე, 115-ე, 316-317-ე, 319.1-ე, 327.1-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა, საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრის ნაწილში შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტის ნამდვილობა, ასევე ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელისათვის საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს) სახით დაკისრებული-4549,70 ლარის საფუძვლიანობა;

10.5. სსკ-ის 115-მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მხარის კეთილსინდისიერება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო არის ხელშეკრულების შესრულების გარანტია და ერთგვარი იძულებითი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მხარეებისთვის წინასწარ იყოს მოსალოდნელი ის „დამსჯელი“ შედეგი, რაც თან ახლავს მათ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას, თუ არაჯეროვან შესრულებას;

10.6. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულების შინაარსის ანალიზის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, მისი შინაარსი ჩამოყალიბებულია და კეთილისინდისიერ ხასიათს ატარებს, შესაბამისად, არ არსებობს შრომის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველები;

10.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 1 თებერვლით დათარიღებული ექიმ-ინფექციონისტის განცხადება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ, პირადი განცხადების საფუძველზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2018 წლის 1 თებერვლიდან მოითხოვა, რითაც დაარღვია 2017 წლის 1 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, დამსაქმებელი გაეფრთხილებინა ერთი თვით ადრე და ამ ვადის გასვლამდე არ დაეტოვებინა სამსახური კომპანიის მიერ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოძებნამდე, რომელიც შეძლებდა მის ჩანაცვლებას. ასეთ პირობებში, დასაქმებულს წარმოეშვა ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული, საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს)-5000 ლარის გადახდის ვალდებულება;

10.8. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებლის მიერ, ყოფილი დასაქმებულისათვის საჯარიმო თანხის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, არ დარღვეულა კანონით დადგენილი რომელიმე წესი და აკრძალვა. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს დამსაქმებელი კომპანიის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მიმართ არსებული საჯარიმო დავალიანება (პირგასამტეხლო), რაც 4549,70 ლარს შეადგენს;

10.9. საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის განცხადების შინაარსზე და არ დაეთანხმა ყოფილი დასაქმებულის მტკიცებას, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა მოთხოვნას 2018 წლის 1 თებერვლიდან მისი გათავისუფლების თაობაზე და, მიუხედავად იმისა, რომ მან დაწერა განცხადება, არ მიუტოვებია სამუშაო და დამსაქმებელი ვალდებული იყო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოეცა ერთი თვის შემდეგ;

10.10. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, ბრძანების ჩაბარების შემდეგ დამსაქმებლისათვის არ უცნობებია, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსი არ შეიცავდა იმავე დღიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას და რომ განცხადების შინაარსის მიხედვით, ეს იყო დამსაქმებლის გაფრთხილება შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად 1 თვის შემდეგ ხელშეკრულების ვადამდე მოშლის თაობაზე. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მტკიცება, რომ მის მიერ დამსაქმებლისათვის წარდგენილი განცხადება არ ითვალისწინებდა იმავე დღიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას, მოკლებული იყო დამაჯერებლობას;

10.11. ყოფილი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნაზე, მიუღებელი შრომის ანაზღაურების შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ 2017 წლის ოქტომბრიდან-2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით შრომითი ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულებამ (დარიცხული თანხა) სულ-7312,88 ლარი შეადგინა, საიდანაც ექიმ-ინფექციონისტს 5400 ლარი აღებული აქვს ხელზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უნდა მიეღო 5850,30 ლარი, საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს) დაკისრების გამო, კომპანიის შინაგანაწესის 6.4 პუნქტიდან გამომდინარე, მოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა, მიუღებელი შრომის ანაზღაურების თაობაზე, ყოფილი დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

10.12. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მხარის კეთილსინდისიერება. პირგასამტეხლო არის ხელშეკრულების შესრულების გარანტია და ერთგვარი იძულებითი ღონისძიება ხელშეკრულების პირობების დარღვევის ასარიდებლად, შესაბამისად, მხარეებისათვის წინასწარ არის მოსალოდნელი ის ე.წ. “დამსჯელი“ შედეგი, რაც ახლავს მხარეთა არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას.

10.13. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების გაანალიზების შედეგად, დაასკვნა, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინიცპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, მისი შინაარსი ჩამოყალიბებულია და კეთილსინდისიერ ხასიათს ატარებს, შესაბამისად, არ არსებობს შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

10.14. სასამართლომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა მოსარჩელის მიერ 2018 წლის 1 თებერვლით დათარიღებულ წერილზე დამსაქმებელი კომპანიისადმი, საიდანაც დგინდება, რომ ექიმ-ინფექციონისტმა პირადი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 1 თებერვლიდან მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, რითაც დაარღვია შრომითი ხელშკრულების 2.4.7 პუნქტი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, დამსაქმებელი ერთი თვით ადრე გაეფრთხილებინა და ამ ერთთვიანი ვადის გასვლამდე არ დაეტოვებინა სამსახური, დამსაქმებელი კომპანიის მიერ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოძებნამდე, რომელიც მას ჩაანაცვლებდა.

10.15. ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტით განსაზრვრული პირობის დარღვევის გამო ყოფილ დასაქმებულ წარმოეშვა იმავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტით დადგენილი საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს) – 5000 ლარის გადახდის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელი კომპანიის მიერ ყოფილი დასაქმებულისათვის სახელშეკრულებო პირობის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიღ არ დარღვეულა კანონით დადგენილი რომელიმე წესი და აკრძალვა.

10.16. იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, საქმეში არებული მტკიცებულებების ერთობლივად გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს დამსაქმებელი კომპანიის მიმართ არსებული საჯარიმო დავალიანება (პირგასამტეხლო), რაც 4549, 70 ლარს შეადგენს.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყოფილმა დასაქმებულმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო დამსაქმებელი კომპანიის შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ ძირითად პრეტენზიებზე დაყრდნობით:

11.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად იმ არგუმენტს ეფუძნება, რომ მოსარჩელე 2018 წლის 1 თებერვლიდან არ გამოცხადებულა დამსაქმებელ კომპანიაში და არ განუხორციელებია თავისი უფლებამოსილება, თუმცა სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, აპელანტი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან იმავე დღეს, 2018 წლის 1 თებერვლიდან, რის გამოც, არანაირი იურიდიული უფლებამოსილება არ ჰქონდა განეხორციელებინა თავისი საქმიანობა მოპასუხე კომპანიაში;

11.3. მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის შინაარსიდან იკვეთება, რომ ეს არის კუმულაციური ნორმა, ანუ ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში: 1) დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ დამსაქმებელს აცნობოს ერთი თვით ადრე და 2) მინიმუმ ამ ვადის გასვლამდე არ დატოვოს სამსახური კომპანიის მიერ სათანადო კვალიფიკაციის მქონე იმ სპეციალისტის მოძებნამდე, რომელიც მის ჩანაცვლებას შეძლებს;

11.4. აპელანტის მტკიცებით, ზემოხსენებული სახელშეკრულებო პირობის დარღვევად მისაჩნევად დასაქმებულმა არა მარტო უნდა აცნობოს დამსაქმებელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ერთი თვით ადრე, არამედ, მინიმუმ ამ ვადის გასვლამდე არ უნდა დატოვოს სამუშაო ადგილი. აპელანტის მტკიცებით, ეს პირობა კუმულაციურია და ორივე წინაპირობა ერთდროულად უნდა იყოს გამოვლენილი საიმისოდ, რომ დაკვალიფიცირდეს სახელშეკრულებო 2.4.7 პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევად. ამ საკითხზე საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და მარტივად გამოიტანა დასკვნები მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით;

11.5. მოპასუხე უთითებს, რომ დასაქმებულს ბუღალტრის შეცდომის გამო ზედმეტად ჩაერიცხა თანხა, თუმცა, ასეთი შეცდომის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არაა წარდგენილი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ყოფილი დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. მხარეთა შორის სადავოა პირგასამტეხლოს გადახდაზე მხარეთა შეთანხმების ნამდვილობა და მიუღებელი ხელფასის გადახდევინება. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს შესაფასებელია, შრომით ხელშეკრულებაში გამოხატული ნება არის თუ არა კანონშესაბამისი, რასაც შესაძლოა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის-პირგასამტეხლოს დაკისრება მოჰყვეს, ასევე, არსებობს თუ არა, მიუღებელი ხელფასის სახით 5000 ლარის ანაზღაურების საფუძველი. იმის გადასაწყვეტად, შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტში დაფიქსირებული შეთანხმება ჯარიმის (პირგასამტეხლოს) გადახდევინების თაობაზე, არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო, აუცილებელია გაირკვეს, რა წინაპირობების არსებობისათვის იქნა დადგენილი მისი გამოყენება.

12.4. შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე დასაქმებულს ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოეშობოდა ორ შემთხვევაში, კერძოდ: თუ ხელშეკრულების ვადამდე მოშლას მოითხოვდა დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, რაც ასევე გამოიწვევდა ერთ თვეზე ნაკლებ დროში სამსახურის დატოვებას და ამავე ვადაში კომპანიის მიერ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტით ჩანაცვლების შეუძლებლობას;

12.5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) დაარღვია სახელშეკრულებო პირობა, მან 2018 წლის 1 თებერვალს განცხადებით მიმართა დამსაქმებელ კომპანიას და იმავე დღეს მოითხოვა გათავისუფლება, რაც დამსაქმებელმა დააკმაყოფილა და ამან განაპირობა გათავისუფლებამდე ერთ თვეზე ადრე და სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტით მის ჩანაცვლებამდე სამსახურის დატოვება.

12.6. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება და პირგასამტეხლოს დაკისრება აქედან გამომდინარეობს.

12.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შედავება მის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი (მოსარჩელე) დაეთანხმა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შეეხებოდა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე, თვეების მიხედვით, ყოფილი დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დროის გათვალისწინებით დარიცხული თანხების ოდენობას, რაც ჯამში 7312, 88 ლარს შეადგენდა, თუმცა, აპელანტს მიაჩნია, რომ მას სრულად ეკუთვნოდა ეს თანხა, დაქვითვის გარეშე და დაუქვითავი სახით უნდა მიეღო.

12.8. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ზემოხსენებული პრეტენზიის საპასუხოდ მიუთითა საგადასახადო კანომდებლობაზე, რომლის თანახმად შრომის ანაზღაურების მიზნით დარიცხული თანხა საგადასახადო დაბეგვრას ექვემდებარება, რაც იწვევს დარიცხულ და ხელზე ასაღებ თანხებს შორის სხვაობას (ხელზე აღებული თანხა ნაკლებია დარიცხულთან შედარებით). ამდენად, დამსაქმებელი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაქვითვის გარეშე, დარიცხული სახით გაეცა თანხა დასაქმებულზე. ამ ნაწილშიც უსაფუძლოდ იქნა მიჩნეული სააპელაციო საჩივარი;

12.9. შრომითი ხელშეკრულების 8.2 პირობის, როგორც კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების, ბათილად ცნობის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38.3-ე მუხლზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს დასაქმებულის ვალდებულებას, 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა კანონით გათვალისწინებული არ არის ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულის პასუხისმგებლობის ფარგლები. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამავე კოდექსის 38.2 მუხლის ანალოგიის გამოყენებით, 30 დღეზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტისას გონივრულია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ტოლფასი პირგასამტეხლოს დაკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი დასაქმებულის დარიცხულმა ხელფასმა გათავისუფლებამდე, 2018 წლის იანვრის თვეში 3255,75 ლარი შეადგინა, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს სახით, საგადასახადო დაბეგვრის გათვალისწინებით, ხელზე ასაღები, ორი თვის შრომის ანაზღაურებაზე (5209,2 ლარი) ნაკლები ოდენობით პირგასამტეხლოს-5000 ლარის დაკისრებაზე შეთანხმება ვერ მიიჩნევა კანონსაწინააღმდეგოდ, რაც გამორიცხავს შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტის ბათილობას.

13. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1 ყოფილმა დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა სააპელაციო საჩივარში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი) მითითებული პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

16. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა, ერთი მხრივ, მოსარჩელის (დასაქმებულის) მიერ სახელშეკრულებო პირობის დარღვევისა და აქედან გამომდინარე, დამსაქმებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, სახელშეკრულებო შეთანხმების დარღვევით, საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს) ყოფილი დასაქმებულისათვის დაკისრების მართლზომიერების კუთხით. კასატორს მიაჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების 8.2 პუნქტი, რომელიც 2.4.7 პუნქტით გათვალისწინებულ პირობაზე უთითებს, კანონსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლო საკასაციო პრეტენზიის უარყოფის დასაბუთებას, უპირველეს ყოვლისა, საქმეში მოთავსებული, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს მოპასუხისადმი მიმართული წერილობითი განცხადების შინაარსის შეფასებით დაიწყებს, რადგან მნიშვნელოვანია განიმარტოს აწ უკვე ყოფილი დასაქმებულის მიერ წერილობით გამოვლენილი ნების შინაარსი. საქმეში მოთავსებულია მოსარჩელის მიერ წერილობით შედგენილი განცხადება მოპასუხისადმი, რომელშიც მითითებულია: „გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე 1.02.2018წ.“; განცხადებაზე მითითებულია თარიღი 1.02.2018წ და მოსარჩელის (კასატორის) ხელმოწერა (იხ. ს.ფ. 20). საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 1 თებერვალს წარადგინა განცხადება და იმავე თარიღიდან მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან განცხადებაზე მითითებული ორივე თარიღი იდენტურია და გონივრული განსჯის შედეგად ერთადერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ 2018 წლის 1 თებერვლის განცხადებით, იმავე თარიღიდან მოითხოვა დასაქმებულმა გათავისუფლება. ამ განცხადების სხვაგვარად შეფასება შეუძლებელია და კასატორის მტკიცება, რომ დასაქმებული იმავე დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან, შესაბამისად, მას არ შეეძლო დაეცვა ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის მეორე პირობა, ემუშავა კიდევ ერთი თვის განმავლობაში, მისი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტით ჩანაცვლებამდე, არ არის გასაზიარებელი. დასაქმებულს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ განცხადების წარდგენის შემდეგ ის გამოცხადდა სამუშაოზე და არ დაუშვეს სამსახურში, სრულიად დაუსაბუთებელია იმის მტკიცება, რომ დასაქმებულმა 2018 წლის 1 თებერვლის განცხადებით, ერთი თვით ადრე გააფრთხილა დამსაქმებელი კომპანია, რადგან ასეთი გარემოება არც განცხადებაში მითითებული თარიღებიდან იკვეთება და არც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომ ექიმ-ინფექციონისტმა განცხადების წარდგენის შემდეგ თუნდაც სცადა სამუშაოს გაგრძელება, მის ჩანაცვლებამდე და მას ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა. კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ განცხადების წარდგენის შემდეგ მოსარჩელე არ გამოცხადებულა სამსახურში;

18. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, თუ რატომ არ უნდა გაეთავისუფლებინა დამსაქმებელს იგი, მის მიერ მოთხოვნილი თარიღიდან, რადგან ასეთი შემთხვევისათვის დამსაქმებელ კომპანიას სახელშეკრულებო პირობა და მისი დარღვევისათვის შესაბამისი ჯარიმაც ჰქონდა გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 და 8.2 პუნქტების სახით, რაც სავსებით შეესაბამება სსკ-ის 319.1-ე /კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას/ და 327-ე /ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით/ მუხლების მოთხოვნებს და არ არსებობს სადავო 8.2 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებაზე, რომელიც ხელშეკრულების 8.2 პუნქტით განსაზღვრულ პირობას უკავშირდება და მოხმობილია სშკ-ის 38.3-ე მუხლი და ანალოგიით 38.2-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა და ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა არ უნდა იქნეს იმგვარად განმარტებული, რომ თითქოსდა დამსაქმებელ კომპანიას დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ე.წ. საჯარიმო თანხის (პირგასამტეხლოს) ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების არანაკლებ 2 თვის ტოლფასი ოდენობით;

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის უფლების განხორციელება განუყოფლად არის დაკავშირებული დასაქმების პოლიტიკასთან და ადამიანური რესურსების შენარჩუნებასთან, მათ შორის, მათი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების შესაძლებლობასთან; დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული შესაძლო სირთულეების ან შრომითი საქმიანობის შეფერხების გარეშე გასაგრძელებლად და იმგვარი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რაც დასაქმებულის მიერ სხვაგან შესაძლო უკეთესი პირობებით დასაქმების გამო ხელშეკრულების ვადამდე, გაფრთხილების გარეშე, შეწყვეტას და შესაბამისად, დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული წინაპირობების დაცვისაგან თავის არიდებას ემსახურება, დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულთან კანონით დადგენილი წესით შეათანხმოს ე.წ. „სანქცია“ (ჯარიმა, პირგასამტეხლო), რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მისი გონივრულობის, კანონთან შესატყვისობის თვალსაზრისით საერთო სასამართლოების კონტროლს და შეფასებას ექვემდებარება.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

22. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ხაზინაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე