საქმე №ას-1975-2018 26 ivnisi, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ P.G.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ტ–ი“(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს მ.ტ–ს (შემდეგში: შემკვეთი, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან აპელანტი) და შპს „ P.G.“-ს (შემდეგში: მენარდე, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის 2014 წლის 6 მარტს, დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს უნდა მოეპირკეთებინა შემკვეთის კუთვნილი სასტუმროს გარე ფასადი, შემკვეთს კი, თავის მხრივ, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა აენაზღაურებინა.
2. მენარდემ სულ 2 509 535,278 ევროს ღირებულების სამუშაო შეასრულა, თუმცა შემკვეთმა მას, მხოლოდ, 2 089 933,86 ევრო გადაუხადა. ამის შესაბამისად, სხვაობა შესრულებულ სამუშაოსა და გადახდილ ანაზღაურებას შორის 2 509 535,278-2 089 933,86=419 601,41 ევროა, რაც შემკვეთს მენარდისათვის არ გადაუხდია.
3. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ ფასადის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ სასტუმრო „L.“ ამოქმედდა, მასში მოწყობილია სასტუმრო, რესტორნები, კაფეები, სპა-ცენტრი, სამორინე და სხვა ტიპის სალონები, შესაბამისად იღებს სტუმრებს და აწარმოებს ბიზნეს საქმიანობას.
4. მენარდის სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
4.1. მენარდემ სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, ნარდობის ხელშკრულებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის - 429 601.41 ევროს დაკისრება; ასევე- მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 3491 ევროს ანაზღაურება 2015 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე;
4.2. მენარდემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და სათანადოდ მოაწყო სასტუმროს ფასადი. შემკვეთმა კი ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, გადაიხადა 2 089 933.86 ევრო. გადასახდელი დარჩა 429 601.41 ევრო. მოპასუხე თავს იკავებს ამ თანხის გადახდისაგან;
4.3. მენარდე უთითებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით შემკვეთი აკარგვინებს შემოსავალს და ამ გზით აყენებს ზიანს. თუ მოპასუხე დროულად შეასრულებდა ვალდებულებას და გადაუხდიდა კუთვნილ 429 601.41 ევროს, მაშინ მოსარჩელე თანხას განათავსებდა ანაბარზე და მიიღებდა ყოველწლიურად 10 %-იან სარგებელს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მენარდე კომპანიამ თვეში 3491 ევრო დაკარგა.
5. შემკვეთის შესაგებელი და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
5.1. შემკვეთმა წერილობით წარდგენილი შესაგელით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა იმ დასაბუთებით, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მის მიერ დამონტაჟებული ფასადი არის უხარისხო, პროექტთან შეუსაბამო და არაჯეროვანი. სასტუმროს ფასადზე დამონტაჟებული მინები გამოსცემს ხმას, იმტვრევა შუშები, ასევე შემინვა ვერ ინარჩუნებს ტემპერატურას. დარღვეულია, როგორც გამოყენებული მასალის, ისე დამონტაჟების წესი. მოსაჩელეს გამოყენებული აქვს ნაკლები სილიკონი და შეთანხმებული მასალისაგან განსხვავებული მასალა. დასამონტაჟებელია გაფართოების შუასადები ბუდეები, რომელიც შიდა და გარე ტემპერატურის სხვაობისას თავიდან აიცილებს მინების გაფართოებით გამოწვეულ პრობლემებს. გამოსასწორებელია თბოიზოლაცია. საჭიროა განხორციელდეს ხარაჩოების მონტაჟი, დამონტაჟებული მასალების დემონტაჟი და ნაკლოვანებების გარეშე სამუშაოების ხელახლა ჩატარება. უნდა აღმოიფხვრას გაფართოების, გაფართოებით გამოწვეული ხმების, ტემპერატურის და მინების მზიდავ სოლებთან დაკავშირებული პრობლემები. ფასადს აქვს სხვა პრობლემებიც, მინების გადაბმის ადგილების შეუვსებლად დატოვების გამო დარჩენილი სივრცეები იწვევს ტემპერატურის დაკარგვას, რაც ზრდის ზაფხულში გაგრილების და ზამთარში გათბობის დანახარჯებს. კომპოზიტური პანელები დამაგრებულია არასათანადოდ და არსებობს მათი ჩამოვარდნის საფრთხე. ამ და სხვა გარემოებათა გამო მოპასუხე მიიჩნევს, რომ მენარდის მიერ შესრულებული ვალდებულება ნაკლიანია და მისი გამოსწორება ითხოვს დიდ ხარჯებს, რის გამოც მათ მოსარჩელეს არ გადაუხადეს 429 601.41 ევრო. მენარდემ არ შეასრულა ვალდებულება ჯეროვნად, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
5.2. შემკვეთმა კომპანიამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა, რომ მენარდეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს) დაეკისროს:
5.2.1. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 117 102.08 აშშ დოლარის გადახდა;
5.2.2. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება 2015 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ზაფხულში ყოველთვიურად 19 729.1 ლარი, დანარჩენ თვეებში - 16 110.4 ლარი.
5.3. შეგებებული სარჩელი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
5.3.1. მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდე კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო; ფასადი მოაწყო პროექტის შეუსაბამოდ, რის გამოც ის მოითხოვს თავიდან მის ხელახლა მოწყობას. ტემპერატურის ცვლილებისას სასტუმროს ნომრებში ისმის ფასადის მიერ გამოცემული ხმები, ფიქსირდება ფასადების ჩამსხვრევის შემთხვევები. ასევე მინები ვერ აკავებს ჰაერს, რაც იწვევს გათბობისა და გაგრილების დანახარჯის 25 %-ით ზრდას. არაჯეროვანი თბოიზოლაციის გამო არ ხერხდება ტემპერატურის შენარჩუნება. შემკვეთი კომპანია ზაფხულის თვეებში ყოველთვიურად ზედმეტად ხარჯავს 19 729.1 ლარის ელექტროენერგიას, ზამთარში კი ზედმეტად ხარჯავს 16 110.4 ლარის ელექტროენერგიას. ამ სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა გაწეულ იქნას 1 117 102.08 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები. ეს კი განაპირობა შეგებებული სარჩელის მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებამ, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება შემკვეთის სასარგებლოდ.
6. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
6.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხე მენარდე კომპანიამ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა და განმარტა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. შესაბამისად მისი ქმედებით შემკვეთი არ დაზარალებულა. სასტუმროს ფასადი მოეწყო პროექტის შესაბამისად სათანადოდ, რაც გამორიცხავს მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობას, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მენარდე კომპანიის სარჩელი, ისევე, როგორც შემკვეთი კომპანიის შეგებებული სარჩელი, არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდა შემკვეთი კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული შემდეგი ქონება (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ტ.7, ს.ფ. 62-64).
8. მენარდე კომპანიისა და შემკვეთი კომპანიის სააპელაციო საჩივრები
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
8.2. მენარდე კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა შემკვეთი კომპანიის წინააღმდეგ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
8.3. შემკვეთმა კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შემკვეთის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მენარდე კომპანიის წინააღმდეგ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2-5.2.2 ქვეპუნქტები)
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
9.1.1. შემკვეთი კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
9.1.2. მენარდე კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
9.1.3. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შემკვეთი კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
9.1.4. მენარდე კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;
9.1.5.შემკვეთი კომპანიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მენარდე კომპანიას შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა 655 640. 52 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
9.1.6.დანარჩენ ნაწილში შემკვეთი კომპანიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
9.1.7.შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (მენარდე კომპანიას) შემკვეთი კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 ლარის გადახდა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოები ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.
9.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2016 წლის 8 აპრილს დასკვნაზე, რომლის თანახმად მენარდემ სამუშაო არასრულფასოვნად და არაჯეროვნად შეასრულა. ექსპერტის შეფასებით, სასტუმროს კომპლექსის შიდა მხარეს ისმოდა, სავარაუდოდ, ტემპერატურული ცვლილებებისაგან გამოწვეული ხმაური (ტკაცუნი), ალუმინის დგარებს შორის (გრძივ და განივ შეერთებებზე) არ იყო მოწყობილი იზოლაციები, ხოლო ფასადის მინაპარკეტების მხრიდან ზოგიერთ ადგილებში აღინიშნებოდა ჰაერის შესვლის კვალი;
9.4. ანალოგიური დაასკვნეს თურქეთის ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების კავშირის მანქანა დანადგარების ინჟინერთა პალატის ექსპერტებმა. მათ აღნიშნეს, რომ ტემპერატურული ცვლილებებისას (გაცივება და გათბობა) მენარდის მიერ დამონტაჟებულ ვერტიკალურ პროფილებზე განხორციელებული ზეწოლა იწვევდა დიდ ხმაურს; შეცდომით შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების შედეგად შენობაში შედიოდა ჰაერი, წვიმის წყალი, ქარი, ხმა, მტვერი; იბზარებოდა მინები და შენობა ჯეროვნად არ იყო იზოლირებული გარემო პირობების ზემოქმედებისაგან. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პრაქტიკულად იდენტური დასკვნა შეადგინა თურქეთის ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების კავშირის სამშენებლო ინჟინერთა პალატის ექსპერტმა;
9.5. „ნობელ ელექთრიქ &ენერჯი მუფენდისლიქის“ 2017 წლის 25 მარტის დასკვნის შესაბამისად, სასტუმროს გარე ფასადის სისტემაში ჩატარებული კონტროლის შედეგად დადგინდა სითბური გაჟონვა, ე.ი. მოპირკეთება შენობაში ტემპერატურის დასაშვებ შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფდა;
9.6. მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2015 წლის 31 ივლისს შედგენილი „მშენებლობის ობიექტის დათვალიერების აქტი/ანგარიშის“ თანახმად, სასტუმროს ფასადზე დილის საათებში მზის ამოსვლისას და საღამოს საათებში მზის ჩასვლის შემეგ კუმშვა-გაფართოების გამო ისმოდა ტკაცანის/ჭრიალის ხმები.
9.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტთა დასკვნებსა და დათვალიერების აქტში მითითებული გარემოებები დასტურდება სასტუმროს მომხმარებელთა კომენტარებითაც, სადაც ისინი, სხვა პრობლემებთან ერთად, ფილების ხმაურისაგან გამოწვეულ დისკომფორტს საგანგებოდ აღნიშნავდნენ. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება მენარდეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
9.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. შენობის მოპირკეთება, რომელიც ტემპერატურული ცვლილებების შედეგად ხმაურობს, მას გარემო პირობების ზემოქმედებისაგან სათანადოდ ვერ იცავს და ვერც სითბოს სათანადოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს, არ შეიძლება ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდე კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არაჯეროვნად შეასრულა.
9.9. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორებას, ცხადია, ხარჯი ესაჭიროება. შემკვეთი კომპანიის მიერ წარდგენილი ცხრილის თანახმად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 189-193), ნაკეთობის ხარვეზის გამოსასწორებლად 1 040 000 ევროს სამუშაოა ჩასატარებელი. გარდა ამისა, შემკვეთმა სასამართლოს წარუდგინა შპს „ა–ის“ მიერ შედგენილი დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 1 117 102,08 აშშ დოლარია.
9.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შპს „ა–ის“ მიერ წარდგენილი ხართაღრიცხვა დამაჯერებელი და დასაბუთებულია, ამიტომ სასამართლომ იგი გაიზიარა. ამავდროულად, 1 117 102,08 აშშ დოლარი 1 040 000 ევროზე ნაკლებია და შემკვეთი სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას ითხოვს. მართალია, შპს „ა–მა“ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა შეადგინა, თუმცა საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მენარდე კომპანიას სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც მიუთითებია მათზე. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნაკეთობის ნაკლის გამოსასწორებლად, სწორედ, 1 117 102,08 აშშ დოლარის სამუშაოს შესრულებაა აუცილებელი.
9.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემკვეთი კომპანია უფლებამოსილია, მენარდეს თანხის ანაზღაურება მოსთხოვოს. სსკ-ის 642-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. ამავე კოდექსის 643-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
9.12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნაკეთობის ნაკლის თაობაზე მენარდე კომპანიისათვის, ყოველ შემთხვევაში, 2015 წლის 28 ივლისიდან, ე.ი. „მშენებლობის ობიექტის დათვალიერების აქტი/ანგარიში“-ს შედგენის მომენტიდან მაინც იყო ცნობილი. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 24-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნაკეთობის ხარვეზი მენარდეს აღმოჩენიდან 30 დღის ვადაში უნდა გამოესწორებინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის ე.წ. დამატებითი შესრულების ვადა შეთანხმებული იყო. „მშენებლობის ობიექტის დათვალიერების აქტი/ანგარიში“-ს თანახმად, მენარდეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები 2015 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მაინც უნდა დაეწყო;
9.13. დადგენილია, რომ მენარდეს ნაკეთობის ნაკლი არც 2015 წლის 28 ივლისიდან 30 დღის ვადაში, არც 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და არც მას შემდეგ გამოუსწორებია და არც მისი გამოსწორების ნება გამოუხატავს და არც არათანაზომიერი ხარჯების გამო შესრულებაზე უთქვამს უარი. ამის შესაბამისად, მენარდემ შემკვეთს ნაკლის აღმოფხვრისათვის საჭირო ხარჯი უნდა გადაუხადოს. სსკ-ის 643-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, შემკვეთმა ამ ხარჯის ანაზღაურება, შესაძლებელია, წინასწარაც მოითხოვოს. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შემკვეთმა კომპანიამ სავსებით მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე №ას-216-203-2015, რომელშიც საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯის გაწევამდე, შემკვეთს არ ჰქონდა უფლება, წინასწარ მოეთხოვა ამ ხარჯის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შემკვეთს აღნიშნულ უფლებას ანიჭებდა სსკ-ის 644-ე და 643.3-ე მუხლები. ამის შესაბამისად, შემკვეთის მოთხოვნა მენარდისათვის ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, ამავდროულად, მხარეები არ დავობენ, რომ მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულება 2 509 535,278 ევრო იყო, თუმცა აქედან შემკვეთმა მენარდეს მხოლოდ, 2 089 933,86 ევრო გადაუხადა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამატებითი შესრულებისათვის საჭირო ხარჯში შემკვეთის მიერ მენარდისათვის გადასახდელი საზღაური უნდა იქნას გათვალისწინებული. სასამართლოს შეფასებით დამატებითი შესრულებისათვის ანაზღაურება, თავისი შინაარსით, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას უთანაბრდება. ზიანი კრედიტორის ქონებრივი ანდა არაქონებრივი დანაკლისია. ამის შესაბამისად, ე.წ. დამატებითი შესრულების საზღაური ის ზედმეტი ხარჯია, რომლის გადახდაც შემკვეთს მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო უწევს.
9.14. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური შემკვეთისათვის ზედმეტი ხარჯი არ არის, მისი გადახდის ვალდებულებას ხელშეკრულება ისედაც ითვალისწინებს. ამიტომ, გადაუხდელი საზღაური დამატებითი შესრულებისათვის გასაწევ ხარჯს უნდა გამოაკლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, შემკვეთმა სამუშაო მთლიანად მენარდის თანხით შეასრულოს, რაც შემკვეთის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს და დაუშვებელია. როგორც აღინიშნა, შემკვეთს მენარდისათვის 419 601,41 ევრო არ გადაუხდია. ამავდროულად, დამატებით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 1 117 102,08 აშშ დოლარია. 2016 წლის მდგომარეობით 1 117 102,08 აშშ დოლარი 1 117 102,08/1.1=1 015 547,34 ევრო იყო. ამის შესაბამისად, მენარდე კომპანიამ შემკვეთს 1 015 547,34-419 601,41=595 945,93 ევრო, ე.ი. 595 945,93X1.1=655 640,52 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაუხადოს;
9.15. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მენარდის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შემკვეთმა მის მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა. სსკ-ის 652-ე მუხლის თანახმად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილი იყო და მან იგი პრეტენზიის განუცხადებლად ჩაიბარა, მენარდეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სასამართლოს შეფასებით, „შესრულებული სამუშაოების დროებითი ჩაბარების ოქმით“ (იხ. ტ. 4, ს.ფ. 60-63) აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. მეტიც, ამ ოქმის თანახმად, შემკვეთმა მენარდეს, სხვა ნაკლის გამოსწორებასთან ერთად, მბრუნავი კარის ზედა აბრისა და საკეტის შეკეთებაც კი მოსთხოვა. ამ ვითარებაში ყოვლად წარმოუდგენელია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ნაკლის მქონე შესრულება მას ყოველგვარი პრეტენზიის გაცხადების გარეშე მიეღო.
9.16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლი იმგვარი ხასიათის იყო, რომელიც მხოლოდ ნაკეთობის ექსპლუატაციის პროცესში თუ გამოჩნდებოდა. ამას „მშენებლობის ობიექტის დათვალიერების აქტი/ანგარიშიც“ ადასტურებს. ანგარიშიდან ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ შემკვეთმა ნაკეთობის ნაკლის თაობაზე საქმიანობის პროცესში შეიტყო, ამის თაობაზე მენარდეს პრეტენზია განუცხადა და სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე შეუთანხმდა კიდეც. აქედან გამომდინარე, შემკვეთს ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების ნება არ გამოუხატავს და ამის გამო, მოთხოვნის უფლებები არ დაუკარგავს;
9.17. გარდა ზემოხსენებულისა, შემკვეთი მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასაც ითხოვს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როგორც აღინიშნა, „ნობელ ელექთრიქ&ენერჯი მუფენდისლიქის“ 2017 წლის 25 მარტის დასკვნით დგინდება, რომ შემკვეთის კუთვნილი შენობა სითბოს ჯეროვნად ვერ ინარჩუნებს (იხ. 9.5 ქვეპუნქტი). თუმცა, ამავდროულად, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სათანადო ტემპერატურას შემკვეთი კომპანია მაინცდამაინც ელექტრომოწყობილობების გამოყენებით ინარჩუნებს და ელექტროენერგიის ხარჯი სწორედ ამის გამო იზრდება, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ელექტროენერგიის ხარჯსა და შესრულებული სამუშაოს ნაკლს შორის არსებული უშუალო კავშირი შემკვეთმა ვერ დაამტკიცა, ამიტომ ამ ნაწილში, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
9.18. სსკ-ის 645-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. ამ ნორმის საფუძველზე, შემკვეთი უფლებამოსილი იყო მენარდისათვის გადასახდელი საზღაური შეემცირებინა. როგორც აღინიშნა, დამატებით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შემკვეთის მიერ მენარდისათვის ასანაზღაურებელ თანხას მნიშვნელოვნად აღემატება. ამიტომ, შემკვეთი არ არის ვალდებული მენარდეს დარჩენილი საზღაური გადაუხადოს.
10. მენარდე კომპანიის საკასაციო საჩივარი
10.1. მენარდე კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემკვეთი კომპანიის შეგებებული სარჩელი მენარდის წინააღმდეგ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთი კომპანიის სასარჩელო მოთხოვნის სრულად უარყოფა და მენარდე კომპანიის თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით (იხ. ტ.7, საკასაციო საჩივარი- ს.ფ. 301-311; დაზუსტებული საკასაციო საჩივარი - ს.ფ.322-336) :
10.1.1. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა დაყრდნობოდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მან უნდა გაიაროს ე.წ. "შეფასების ტესტი". საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმეზე ას-633-966-07) აღნიშნა, რომ: ექსპერტის დასკვნის შემოწმებისა და შეფასების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი საკითხის შესწავლა-განხილვაზე, როგორიცაა: ექსპერტიზის ჩატარების დროს პროცესუალური ნორმების დაცვის შემოწმება; ექსპერტის ობიექტურობის შემოწმება; ექსპერტის კომპეტენტურობის შემოწმება; საექსპერტო გამოკვლევის მასალების (გამოკვლევის ობიექტებისა და ნიმუშების) შემოწმება: ექსპერტის დასკვნის დასაბუთებულობის შემოწმება და ექსპერტის დასკვნითი ნაწილის შეფასება. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტმა ბ.მ–მა თავად დაადასტურა, რომ ის არ არის ფასადის ინჟინერი, და რომ მას შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია სრულყოფილად ჩაატროს მსგავსი ტიპის კვლევა (მოამზადოს ხარჯთაღრიცხვა), შესაბამისად მის მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევა, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით არ იყო საკმარისი, რომ მის წინაშე დასმულ შეკითხვებს გასცემოდა შესაბამისი პასუხები; მოწინააღმდეგე მხარის მიერ ექსპერტს დაესვა რამდენიმე შეკითხვა. დასკვნა არ არის არაკვალიფიციური და იგი სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა;
10.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა თურქი ექსპერტების მიერ შედგენილ დასკვნებს, რაც ასევე არასწორია, რადგან დასკვნის ავტორ ექსპერტებს არ ჰქონდათ პროფესიული კვალიფიკაცია და უფლებამოსილება შეეფასებინათ ფასადის მოპირკეთების სამუშაოები. კასატორი ამ მიმართებით მსჯელობს ფასადის, ისევე როგორც სამშენებლო ობიექტების, სამუშაოების ინჟინერიაზე, რომელიც, მისი მითითებით განეკუთვნება სამოქალაქო ინჟინერიის დარგს. თურქეთში საინჟინრო და არქიტექტურულ საქმიანობას არეგულირებს და აკონტროლებს თურქეთის ინჟინერთა და არქიტექტორთა კავშირი, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა პალატებად კონკრეტული სფეროების მიხედვით, მათ შორის არის სამოქალაქო ინჟინერთა პალატა და მანქანა-დანადგარების ინჟინერთა პალატა. მანქანა-დანადგარების ექსპერტს არ აქვს კომპეტენცია შეაფასოს ფასადის სამუშაოები. უფრო მეტიც, დასკვნაზე ხელმომწერ ექსპერტებს არ აქვთ უფლებამოსილება განახორციელონ ექსპერტული მომსახურება მათი ავტორიზაციის გარეთ მყოფ საკითხებზე. ამას გარდა, ვინაიდან ზემოთხსენებულ ინჟინერ-მექანიკოსებს, რომლებმაც შეადგინეს დასკვნა, არ გააჩნიათ „ექსპერტი ინჟინრის სერტიფიკატი“, რომელსაც გასცემს მხოლოდ იმპ (ინჟინერ-მექანიკოსების პალატა), ამიტომ მათი „დასკვნა„ არ შეიძლება შეფასდეს როგორც „ექსპერტის“ დასკვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა აღნიშნულ მტკიცებულებას;
10.1.3. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ეყრდნობა აფერ ჩარჰაჯიოღლუს მიერ შედგენილ დასკვნას, რომელიც, კასატორის მოსაზრებით, შეიცავს უამრავ ბუნდოვანებას, განსაკუთრებით მისი შინაარსი ძალზეც საეჭვოდ ემთხვევა მანამდე არსებულ დასკვნას. მსგავსი არის როგორც, საკითხთა წრე, მათი რიგითობა, პრობლემების ფორმულირება და მათი გადაჭრის გზები. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რომ ბატონი ა–ი წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა განმარტებები მის დასკვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად კასატორის მცელობისა, ექსპერტმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან;
10.1.4. კასატორი ასევე აკრიტიკებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ თვალსაზრისითაც, რომ დასაბუთების დროს მითითებულია შპს "ა–ის" მიერ წარდგენილ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაზე; პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პალატა თვითონ აღიარებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნებოდა სავარაუდო გაანგარიშებებს და იგი არ იყო ზუსტი. ამას გარდა, იგი ნაკეთობის ნაკლის განსაზღვრასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მტკიცების ტვირთს აკისრებს ასევე მენარდეს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. ამასთან, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს; კასატორი უთითებს და ციტირებს საკასაციო სასამართლოს საქმეზე N ას-184-177-2013, რომელშიც განმარტებულია მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი და უთითებს, მენარდეს არ უნდა ემტკიცებინა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, არამედ სწორედ მოპასუხეს (დამკვეთს) ევალებოდა წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო სათანადოდ არ შესრულებულა. სასამართლომ მოცემულ საქმეში მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა;
10.1.5. მცდარია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შემკვეთმა დაიცვა სსკ-ის 642-ე მუხლის დანაწესი და განუსაზღვრა შემკვეთს დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად. დამატებითი ვადა წარმოადგენს ფაქტის და არა - სამართლის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა თანხის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის 652-ე მუხლის იურიდიული შემადგენლობა და სასამართლოს იგი უნდა გამოეყენებინა;
10.1.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შემკვეთისათვის ცნობილი იყო ნაკეთობის ნაკლის შესახებ უკვე 2015 წლის 28 ივლისს. შემკვეთს ნაკლიანი შესრულება მიღებული უნდა ჰქონდეს საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრით სადავო არ გაუხდია. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პალატამ იგი უდავო გარემოებად უნდა ჩათვალოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე # ას-984-929-2015) აღნიშნა, რომ სსკ-ის 652-ე მუხლის თანახმად, ნაკლის მქონე ნივთის მიღების უფლება შემკვეთის უფლებას წარმოადგენს, რაც მას მომავალში, ნაკეთობის ნაკლის გამო, პრეტენზიის გაცხადების უფლებას ართმევს. ზემოთ ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით შემკვეთს მიღებული ჰქონდა შესრულება. იმისთვის, რომ სსკ-ის 652-ე მუხლის იურიდიული შემადგენლობა არ ამოქმედდეს აუცილებელია, რომ შემკვეთმა მენარდეს ნაკეთობის ნაკლის შესახებ შეატყობინოს დაუყოვნებლივ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 4, ნაწილი 2, 2001, გვ. 287). დადგენილია, რომ აპელანტმა ნაკეთობის ნაკლის შესახებ გაიგო მხოლოდ 2016 წლის 15 იანვარს, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მიუთითა ნაკეთობის ნაკლის შესახებ. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა, ანუ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის 15 იანვრის პერიოდში მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია ნივთის ნაკლოვანებასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ N ას-754-715-2013) .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. ქვემორე პუნქტებში მითითებული სასამართლო პრაქტიკა).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციის დროს საქმეში მოთავსებული საექსპერტო დასკვნებისა და შპს "ა–ის" მიერ წარდგენილ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მონაცემებზე დამყარებულ მსჯელობას და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის განაცხადი არც ერთი სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, გაექარწყლებინა შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა ან თუნდაც ერთმანეთისათვის შეედარებინა მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარდგენილი საექსპერტო დასკვნები, სპეციალისტთა მოსაზრებები. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. დასახელებული ნორმების შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. მას შეუძლია მხოლოდ ნაკლის გამო შეამციროს ანაზღაურება ან მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია. მოცემულ საქმეზე სავსებით სწორად არის გადანაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (ამგვარ დავებში მოთხოვნის დამფუძნებელი (როგორც აღმჭურველი, ისე გამომრიცხველი) ნორმების აბსტრაქტული შემადგენლობისა და შესაბამისი მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ იხილეთ: სუსგ-ებები: N ას-1115-2019; N ას-959-2019; Nას-796-2019; N ას-589-2019; N ას-203-203-2018); იმ პირობებში, როდესაც საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად შემკვეთმა საწარმომ არაერთი საექსპერტო დასკვნა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა წარადგინა, მტკიცების ტვირთი, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება, შეუბრუნდა შეგებებული სარჩელის მოპასუხე მენარდე კომპანიას, რომელმაც არათუ არც ერთი მტკიცებულება არ წარადგინა მოწინააღმდეგის მოთხოვნის საპირწონედ, არამედ საკასაციო საჩივარში ვრცლად მსჯელობს ექსპერტის „მაღალ თვითშეგნებასა და პროფესიულ ეთიკაზე, რომელსაც გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი როლი მართლმასჯულების განხორციელებისას, ვინაიდან იგი ფლობს იმ სპეციალურ ცოდნას, რომელიც სასამართლოსა და მხარის სამართლებრივ მრჩევლებს გააჩნიათ“, მიმოიხილავს თურქეთის კანონმდებლობას ექსპერტიზის ინსტრუქციის შესახებ (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი- ტ.7, ს.ფ. 326, 327), რაც მინიმალური სტანდარტითაც კი არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის რომელიმე წინაპირობას, ისევე, როგორც კასატორის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები/განჩინებები, რომელთა მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმისაგან. კასატორს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს) შესაბამის საპროცესო ეტაპზე ეკისრებოდა ვალდებულება, მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარედგინა და შემკვეთი საწარმოს მტკიცებისათვის დასაბუთებული პრეტენზია დაეპირისპირებინა. ექსპერტისა და სპეციალისტის დასკვნებს, თუნდაც სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას ვერ შეარყევს, არათუ ვერ გააბათილებს, მხარის მარტოოდენ წერილობითი პრეტენზია, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, რასაც თავად კასატორიც არ უარყოფს, როდესაც უთითებს, რომ ექსპერტისდარი ცოდნა არც სასამართლოს გააჩნია და არც- მხარეების სამართლებრივ მრჩევლებს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტი (იხ. სუსგ N ას-164-160-2016, 28.07.2016წ.);
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემკვეთი კომპანიის შეგებებული სარჩელის პასუხად წარდგენილ დაზუსტებულ შესაგებელზე სადაც მოპასუხე უთითებს, რომ „იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო არ გაიზიარებს შემსრულებლის მიერ განვითარებულ მსჯელობას და არგუმენტაციას, დამკვეთს მაინც ეკისრება შესრულების ნაკლისა და მოთხოვნილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი. როგორც უკვე აღვნიშნეთ დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას ზიანის ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად, დამკვეთმა ვერ შეძლო ზიანის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს“. შეგებებული სარჩელის მოპასუხე ითხოვს კონკრეტულ მოწმეთა დაკითხვას(იხ. ტ.4, ს.ფ. 5-22).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308)- შეად. სუსუგ N ას-1815-2018, 24.04.2020წ. აქედან გამომდინარე, საექსპერტო დასკვნების გაბათილებას მარტოოდენ მოწინააღმდეგის მოსაზრება, რომ ისინი არ წარმოადგენენ სათანადო მტკიცებულებას, ვერ შეარყევს მხარის განცხადება, რაც შეეხება მოწმეთა განმარტებას, ამ სახის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ შესაძლებელია იგივე სახის მტკიცებულების (მოწმის განმარტების) წარდგენა, თუმცა, ექსპერტისა და სპეციალისტის დასკვნების გასაქარწყლებლად (მათი სათანადოობის და განკუთვნადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად) არ არის საკმარისი (შეად. სუსგ-ას N ას-930-2019, 03.10.2019წ.).
20. მხარის მიერ საკუთარი საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც მტკიცების ტვირთის ფარგლებში შესატყვის საპროცესო ეტაპზე კვალიფიციურ და დასაბუთებულ შედავებას მოიცავს, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით, განაპირობებს არასასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც მოცემულ შემთხვევაშია გამოვლენილი. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის არც ერთ კრიტერიუმს, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს " P.G."-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს " P.G."-ს (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000ლარის (საგადახდო დავალება N45, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 იანვარი), 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე