Facebook Twitter

საქმე №ას-122-2021 26 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ი.მ–ი, ლ.ნ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.მ–ისა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მოსარჩელის ძმა, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და ლ.ნ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, ასევე - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულელად მიქცევა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი, ვ.მ–სა (შემდგომ - მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის მამა) და პირველი მოპასუხის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...... ქუჩა, კორპუსი №25, ბინა 64-ში (ს/კ ......) (შემდგომ - სადავო ქონება) საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სადავო უძრავი ქონება გატანილ იქნა აუქციონზე, რომელიც მოსარჩელემ განმეორებით აუქციონზე შეიძინა. ამონაგები თანხა კი განაწილდა სამივე მესაკუთრეზე, მათ შორის - პირველ მოპასუხეზე.

3. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი დარეგისტრირდა მის სახელზე, მაგრამ ფაქტობრივად იმყოფება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში, რომლებიც მას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

მოპასუხეთა პოზიცია:

4. მოპასუხეებმა (მფლობელებმა) სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო უძრავი ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და ბინის აუქციონზე დაყიდვა პროვოცირებული იყო მოსარჩელის მიერ, რათა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მთლიანად მოეპოვებინა. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხეები მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ, რის გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ უნდა მოხდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელებს დაევალათ გამოთავისუფლებული უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გადაცემა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, ამასთან, მოპასუხეებს წარდგენილი შესაგებლით ქონების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ.

9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტი.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამივე საფუძველი ვლინდება და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უძრავი ქონების მესაკუთრის სახელზე აღრიცხვის წინაპირობები და საფუძველები გამოიკვლიოს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა და იგი უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

13. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, თუ რა გზით გახდა მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე და რამდენად კანონიერად იმყოფებიან მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებაში.

14. კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

19. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

23. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთების მესაკუთრეა, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები, თუმცა მათ მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ.

24. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევ პირთა მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ვრცლადაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ’’ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

26. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

27. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

29. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ. სუსგები: №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

31. ამ შემთხვევაში, პირი, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომელთაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

32. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეთა იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთების ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ისინი დაამტკიცებდნენ ქონების მართლზომიერად ფლობას.

33. საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორთა წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებული საკასაციო პრეტენზია, ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ არგუმენტაციას არ წარმოადგენს და წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული პრეტენზია სხვა სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს და მას განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, მოპასუხეთა მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორის მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებაში მცირეწლოვანი პირის ცხოვრობა, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით - სადავო ქონებაზე კასატორთა მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

37. რაც შეეხება კასატორთა საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთან, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთანაც, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ისა და ლ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.მ–სა (პ/ნ .....) და ლ.ნ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ი.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №10505239794, გადახდის თარიღი 23.02.2021), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე