Facebook Twitter

საქმე №ას-1312-2020 17 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ი.ა–ვა, შპს ,,ფირმა ზ–უ“, შპს ,,პ–ი“ (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.დ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.დ–ასა (შემდგომ - მოპასუხე, გამსესხებელი, მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ა–ვას (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, მსესხებელი, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) შორის, 2016 წლის 9 აპრილს, გაფორმდა №160355329 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელს მსესხებლისათვის სესხის სახით 107 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა, რაც 2018 წლის 9 აპრილის ჩათვლით უნდა დაბრუნებულიყო.

2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს „ფირმა ზ–უს“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, პირველი კომპანია) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სენაკში, ...... (ს/კ ....) და ქ. სენაკში, ..... (ს/კ ......).

3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 60 000 აშშ დოლარი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე გადასცა, 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 2016 წლის 11 აპრილის ჩათვლით, ხოლო - 22 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეებს უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი.

4. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელმა მსესხებელს - 85 000 აშშ დოლარი გადასცა.

5. 2016 წლის 9 აპრილს, მხარეებს შორის №160355330 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომლის საფუძველზეც გამსესხებელს მსესხებლისათვის სესხის სახით 93 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა.

6. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხი 2018 წლის 9 აპრილის ჩათვლით უნდა დაბრუნებულიყო. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით კი, იპოთეკით დაიტვირთა შპს „პ–ის“ (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მეორე კომპანია, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სენაკში, ..... (ყოფ. .....) ქუჩა №2-ში (ს/კ ......).

7. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 50 000 აშშ დოლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე, 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 2016 წლის 11 აპრილის ჩათვლით, ხოლო - 18 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეებს უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი.

8. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელეს - 75 000 აშშ დოლარი გადასცა.

9. 2018 წლის 19 აპრილს ნოტარიუსმა ნ.ს–ძემ 2016 წლის 9 აპრილის №160355329 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე №180421538 სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად სესხის თანხა - 107 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, ასევე, პირველი კომპანიის წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული იპოთეკის საგნების რეალიზაცია დადგინდა.

10. მოპასუხის მოთხოვნით, №180421538 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 25 000 აშშ დოლარით შემცირდა და მოთხოვნა 82 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

11. ნოტარიუსმა ნ.ს–ძემ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 19 აპრილს, №180421750 სააღსრულებო ფურცელიც გასცა, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად სესხის თანხა - 93 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, ასევე, იპოთეკის საგნის, მეორე კომპანიის წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების რეალიზაცია დადგინდა.

12. მოპასუხის მოთხოვნით №180421750 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 25 000 აშშ დოლარით შემცირდა და მოთხოვნა 68 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

13. 2015 წლის 29 დეკემბერს შპს „მ.კ. L. M.C -სა” და ლ.ტ–ძეს (შემდგომ - მოწმე) შორის დაიდო უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, ...... კორპუსი 22, მიმდებარედ ნაკვეთი №...., სართული 9, ბინა 37 (ს/კ .....) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მყიდველს ნასყიდობის საგნის რაიმე ფორმით განკარგვა 2016 წლის 28 ივნისამდე აეკრძალა.

14. დღეის მონაცემებით, წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „მ.კ. L.M.C.-ს“ სახელზე. ამასთან, უძრავ ქონებაზე აღარ არის რეგისტრირებული ზემოაღნიშნული ვალდებულება.

15. მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: წალკის რაიონში, სოფელი ........ (ს/კ .........; ს/კ ......; ს/კ ......), თბილისში, ...... №77ბ-ში (ს/კ .....) და თბილისში, .....1-ლ კვარტალში, კორპუს 7-ში, მე-8 სართულზე, ბინა №29-ში (ს/კ .....) დატვირთული იყო იპოთეკით პირველ მოსარჩელესა და სს „ს.ბ–ს“ შორის 04.12.2012 წელს, 12.11.2015 წელს, 24.12.2009 წელს და 22.09.2014 წელს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. პირველი მოსარჩელის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები გაიყიდა.

16. შედგენილი შეფასების ანგარიშის თანახმად: თბილისში, ...., მე-2 მ/რ-ში, 1-ლი კვარტალი, კორპუს 7-ში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა №29-ის (ს/კ .......) საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) 125 000 ლარია, ...... გამზირზე №77ბ-ში (ს/კ .....) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) 285 000 ლარი, წალკის რაიონში, სოფელ ........ (ს/კ .....) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება - 56 000 ლარია, იმავე სოფელში მდებარე მეორე უძრავი ქონების (ს/კ ......) საბაზრო ღირებულება - 87 000 ლარი, ხოლო იმავე სოფელში მესამე უძრავი ქონების (ს/კ ......) საბაზრო ღირებულება - 117 000 ლარი.

17. მოწმის ჩვენების თანახმად, სურდა ბინის ყიდვა. მოსარჩელეს მოპასუხისაგან იცნობდა, იმ პერიოდში, როცა მოპასუხესთან მუშაობდა, იქ ხშირად მოსარჩელეც მიდიოდა. მოსარჩელემ პირად საუბარში თქვა, რომ ბინები ჰქონდა გასაყიდი დიდ დიღომში და მოწმეს უძრავი ქონების მისაღებ ფასად ყიდვაში დახმარება შესთავაზა. მოსარჩელემ მოწმე წაიყვანა, ბინა აჩვენა და შეთანხმდნენ, რომ ერთ კვ.მ-ს 300 აშშ დოლარად მიჰყიდდა. მოწმემ მას 33 000 აშშ დოლარი გადასცა, რის სანაცვლოდაც მის სახელზე 110 კვ.მ ფართი უნდა გაფორმებულიყო, თუმცა შემდგომ, როგორც მოსარჩელემ აუხსნა, გამიჯვნა არ იყო ჯერ დასრულებული და ამ საფუძვლით, ნაცვლად 110 კვ.მ-ისა, 214 კვ.მ ფართი გადაუფორმა, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დადეს, ვინაიდან, საბოლოოდ მოწმეს მხოლოდ 110 კვ.მ უნდა დაეტოვებინა, ხოლო დანარჩენი მოსარჩელისათვის უკან უნდა გადაეფორმებინა. გამოსყიდვის ვადა 6 თვე იყო. მოწმე მშენებელს არ იცნობდა, თუმცა მოსარჩელემ განუმარტა, რომ ისინი ერთად საქმიანობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდგომ, მშენებელსა და მოსარჩელეს ურთიერთობა აერიათ. ეს უკანასკნელი აღარ ჩანდა, ხოლო მოწმე ვეღარ შეთანხმდა მშენებელთან იმ თანხაზე, რაზეც მანამდე მოსარჩელეს მოურიგდა. მოწმის განმარტებით, მან სწორედ იმიტომ გადაწყვიტა ბინის ყიდვა, რომ შეთავაზებული ფასი ნაკლები იყო მის რეალურ საბაზრო ფასთან, შესაბამისად, ვინაიდან ამ თანხაზე მშენებელს ვერ მოურიგდა, უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით, გადახდილი 33 000 აშშ დოლარი უკან დაიბრუნა და ბინაც გადაუფორმა. თანხა მისი კუთვნილი იყო და მასთან მოპასუხეს არაფერი აკავშირებდა.

სასარჩელო მოთხოვნა:

18. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და ნოტარიუს ნ.ს–ძის მიერ 2018 წლის 9 აპრილს გაცემული №180421538 და №180421750 სააღსრულებო ფურცლების გაუქმება მოითხოვეს, ასევე - გამსესხებლისათვის ზიანის - 378 490 ლარის დაკისრება.

19. მოსარჩელეებმა წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე მიუთითეს და განმარტეს, რომ მსესხებელმა პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს №160355329 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი 22 000 აშშ დოლარი აღარ გადასცა, ხოლო №160355330 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 18 000 აშშ დოლარი.

20. მოპასუხისაგან მიღებული 160 000 აშშ დოლარიდან 110 000 აშშ დოლარი წარიმართა მსესხებლის მიერ დაფუძნებული შპს „B.M G.-ის” საჭიროებისამებრ. 50 000 აშშ დოლარიდან ნაწილი - 34 000 აშშ დოლარი - პირველი კომპანიის სესხის დასაფარად, ხოლო დარჩენილი - 16 000 აშშ დოლარი კი - მსესხებლის სესხისა და სხვა ვალდებულებების დასაფარად.

21. მსესხებლის მტკიცებით, მან ზემოაღნიშნული სესხი ნაწილობრივ დაფარა, კერძოდ, 160 000 აშშ დოლარიდან გადაიხადა 8500 აშშ დოლარი და 33 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ 33 000 აშშ დოლარის გადასაცემად ცალკე უზრუნველყოფა მოითხოვა. ამისათვის მოწმის სახელზე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით გაფორმდა მოსარჩელის მეგობრის - თ.გ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დიდ დიღომში, ......, 228.9 კვ.მ ბინა 37-ში. 33 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაბრუნების შემდგომ ხელშეკრულება გაუქმდა.

22. მსესხებლის მითითებით, მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, 107 000 აშშ დოლარიდან ვერ მიიღო 22 000 აშშ დოლარი, ხოლო 93 000 აშშ დოლარიდან 18 000 აშშ დოლარი, რის გამოც სესხის აღების ძირითადი მიზნის - სს „ს.ბ–ის“ წინაშე არსებული პირადი ვალის რესტრუქტურიზაცია და სასურველი გადახდის გრაფიკის მიღება ვერ შეძლო. ამის გამო, არსებული დავალიანების დასაფარად, იძულებით რეალიზდა პირველი მოსარჩელის კუთვნილი არაერთი უძრავი ქონება, რის გამოც მოპასუხეს ზიანის - 378490 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

23. მოსარჩელეთა მტკიცებით, უკანონოდ გაიცა სააღსრულებო ფურცლებიც, ვინაიდან დავალიანება ბევრად ნაკლებია.

მოპასუხის შესაგებელი:

24. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმავე წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები მოწმე და შპს „მ.კ.“ არიან, შესაბამისად, მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის 33 000 აშშ დოლარის დაბრუნება არ დასტურდება. გარდა ამისა, მსესხებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც 8 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემა დადგინდებოდა.

25. მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სესხი გაიცა პირველი მოსარჩელის სავალალო მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ამასთან, თავად ქონების შეფასება და ღირებულება მიუთითებს იმ გარემოებას, რომ შეუძლებელია იმ სესხის 40 000 აშშ დოლარით დაფარვა, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც აუქციონზე გაიყიდა 670 000 ლარის ქონება.

26. მოპასუხის მტკიცებით, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლები გაცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსარჩელის დაანგარიშება არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

27. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

28. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

30. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს სააღსრულებო ფურცლების არც ნაწილობრივ და არც სრულად გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსესხებელმა შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ვალდებულების შესრულების მიზნით, კრედიტორს გადაეცა თანხა.

31. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის 2016 წლის 9 აპრილს დადებულ სესხის ხელშეკრულებებში არ არის მითითებული სესხის მიზნობრიობის თაობაზე. ამასთან, მსესხებელი სარჩელში თავად განმარტავს, რომ სესხის ნაწილი - 110 000 აშშ დოლარი დაიხარჯა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის საჭიროებისამებრ, 50 000 აშშ დოლარიდან ნაწილი - 34 000 აშშ დოლარი - პირველი კომპანიის სესხის დასაფარად, დარჩენილი 16 000 აშშ დოლარი კი - მსესხებლის სესხისა და სხვა ვალდებულებების დასაფარად.

32. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მსესხებელს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დადასტურდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის სრულად მიუღებლობით მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ფაქტი, რის გამოც არ არსებობს მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

34. კასატორები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 369-ე მუხლს მიუთითებენ და განმარტავენ, რომ, თუ კრედიტორი (მოვალე) თავად არ ასრულებს ვადამოსულ ვალდებულებას, მას არ შეუძლია, მოვალეს (კრედიტორს) საპირისპირო ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ არსებული მოთხოვნის უფლება ნამდვილი და ამოუწურავია.

35. კასატორთა მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ორმხრივად მავალდებულებელი იყო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა სამართლებერივი უფლება სააღსრულებო ფურცლით სესხის დაბრუნება და ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია მოეთხოვა.

36. კასატორთა განმარტებით, სესხის ხელშეკრულებაში მიზნიობრიობის მითითება საბანკო დაწესებულებასა და კლინტს შორის დადებული ხელშეკრულების სავალდებულო სტანდარტია. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე არარეგისტრირებული კერძო სუბიექტია და სასამართლოს მიერ აღნიშნული პირობის აუცილებელი დაცვის უკანონოდ მოთხოვნა და მის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა სასამართლოს მიკერძოებასა და გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

37. კასატორთა მითითებით, მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი სესხის აღების მიზნობრიობაც და დარჩენილი 40 000 აშშ დოლარის გაუცემლობით გამოწვეული შესაძლო სავალალო შედეგებიც, თუმცა მართლსაწინააღმდეგოდ განზრახ უარი თქვა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

38. კასატორთა მითითებით, მართალია, კანონმდებელმა მიანიჭა ნოტარიუსს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის 5-ე ნაწილის საფუძვლეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება, მაგრამ 52-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად აუკრძალა და გააფრთხილა არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუკი ის ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობრივ ნორმებს და პირდაპირ მიუთითა, რომ ნოტარიუსი უარს ამბობს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ: ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; იგივე იმპერატიული დანაწესი გამყარებულ იქნა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების მე-8 მუხლის პირველ ნაწილში, სადაც ნათქვამია, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია, იყოს მიუკერძოებელი და არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს.

39. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ურთიერთობებზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

40. კასატორთა განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და მის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დამდგარ შედეგსა და მიყენებულ ზიანს შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირზე, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

42. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

44. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის

45. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

46. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაცემის კანონიერება (კასატორები სადავოდ ხდიან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობას) და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება.

47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ დანაწესს სსკ-ის 623-ე, მე-400 და 286-ე მუხლები წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც უდავოა მსესხებლის მიერ №160355329 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 85 000 აშშ დოლარისა და №160355330 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 75 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, ასევე - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა. ასევე უდავოა, რომ ვალდებულების დარღვევის მოტივით კრედიტორმა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განკარგა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლითა (ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალება - მიიღო სააღსრულებო ფურცელი.

48. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მსესხებლის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 85000 აშშ დოლარისა და 33000 აშშ დოლარის კრედიტორისათვის ანაზღაურების საკითხი.

49. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე და მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით მიუთითებს სსკ-ის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით ვალდებულება შეწყვეტილად მიიჩნევა შესრულებული ვალდებულების ოდენობის პროპორციულად. თავად ნორმის შინაარსის, ასევე, სსსკ-ის კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოვალეს ეკისრება, ხოლო შესრულება, როგორც წესი, უნდა დადასტურდეს განკუთვნადი მტკიცებულებით (მაგ.: სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული სავალო საბუთი, უნაღდო ანგარიშსწორების დოკუმენტი და სხვა). ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ. სუსგ №ას-481-481-2018, 19 თებერვალი, 2019 წელი).

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოვალეს სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია კრედიტორიოს წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, რაც მისი მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა, მარტოოდენ მხარის (მოვალის) ახსნა-განმარტება და წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული გარემოება, რომელიც მოწმის ჩვენებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფილია, არ ქმნის მსესხებლის მიერ მითითებული სადავო გარემოების გაზიარების საფუძველს, შესაბამისად, რამდენადაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ კრედიტორის ინტერესების სანოტარო სააღსრულებო ფურცლით დაკმაყოფილებაზე (იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-15 პუნქტი) და მსესხებლის მიერ სესხის თანხის დაბრუნება არ დასტურდება, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებასთან დაკავშირებით და მათი პრეტენზია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლთან დაკავშირებით (უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე).

51. რაც შეეხება მოვალის შედავებას სსკ-ის 369-ე მუხლის ფარგლებში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რაც როგორც წესი, არ ვრცელდება ცალმხრივ გარიგებებსა და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. უფრო მეტიც, ნორმის ფარგლებში ექცევა არა ყველა ორმხრივი ხელშეკრულება, არამედ სრულყოფილად ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებები (ორმხრივი სინალაგმატური ხელშეკრულებები), რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმა აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, როდესაც ხელშეკრულება ორივე მხარისათვის წარმოშობს ვალდებულებებს, რომლის დროსაც შესრულება და საპირისპირო შესრულება ურთიერთდამოკიდებულია, ვალდებულება კი იმიტომ სრულდება, რომ საპასუხო შესრულება იქნეს მიღებული (,,dout des“). ასეთ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება: ნასყიდობა, გაცვლა, ქირავნობა, მომსახურება, ნარდობა. ნორმის მოქმედება არ ვრცელდება ორმხრივ, თუმცა, არასრულყოფილად ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებებზე, როგორიცაა: დავალება, თხოვება, უპროცენტო სესხი, უსასყიდლო მიბარება. ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებებზე ნორმის გავრცობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებებში საპირისპირო ვალდებულებების სამართლებრივი ბედი ერთმანეთზე დამოკიდებულია (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 369, ველი 1, www.gccc.ge).

53. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმს მსესხებლისათვის 60 000 აშშ დოლარი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე უნდა გადაეცა, 25 000 აშშ დოლარი - 2016 წლის 11 აპრილის ჩათვლით, ხოლო - 22 000 აშშ დოლარის იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. უდავოა, რომ გამსესხებელმა მსესხებელს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ 85 000 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო №160355330 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებადან გამომდინარე 93 000 აშშ დოლარის ნაცვლად 75 000 აშშ დოლარი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მსესხებელს არ შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების განხორციელება - სესხის დარჩენილი თანხის გადაცემა, მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებასთან - ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებული არ არის, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში არ დასტურდება სსკ-ის 369-ე მუხლის შემადგენლობა, რომელზეც მსესხებელი მიუთითებს.

54. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მითითებას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ამისათვის სავალდებულოა, ვლინდებოდეს კრედიტორის ისეთი ქმედება, რომელიც სხვა პირისათვის მხოლოდ ზიანის მიყენებას ისახავს მიზნას (სსკ-ის 115-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღება წინამდებარე განჩინების 50-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, თავისთავად, არ შეიძლება, შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად.

55. საკასაციო პალატა იზიარებს ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის უარყოფის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნასაც და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია იმავე კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ის ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების შექმნამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა.

57. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

58. განსახილველ შემთხვევაში, მხარე მიუთითებდა, რომ 2016 წლის 9 აპრილის სესხის ხელშეკრულებების გაფორმების ძირითად მიზანს სს ,,ს.ბ–ში“ არსებული ფულადი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია წარმოადგენდა, თუმცა, ვინაიდან მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელს სესხის თანხა (40 000 აშშ დოლარი) სრულად არ გადასცა, ამ უკანასკნელმა ვერ განახორციელა ნაკისრი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, რის გამოც აუქციონზე რეალიზდა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დატვირთული მისი კუთვნილი რამდენიმე უძრავი ქონება, რითაც ზიანი მიადგა.

59. საკასაციო პალატამ მიუთითებს, რომ თავად პირველი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხისაგან მიღებული 160 000 აშშ დოლარიდან 110 000 აშშ დოლარი დაიხარჯა მის მიერ დაფუძნებული შპს „B.M.G-ის” საჭიროებისამებრ, 50 000 აშშ დოლარიდან ნაწილი - 34 000 აშშ დოლარი პირველი კომპანიის სესხის დასაფარად, დარჩენილი 16 000 აშშ დოლარი კი - მოსარჩელის სესხისა და სხვა ვალდებულებების დასაფარად. აღნიშნული გარემოება კი, მსესხებლის მითითებას სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს ხდის, მით უფრო, როცა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც არ ყოფილა მითითებული სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რეალიზებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება 670 000 ლარი იყო, ხოლო გამსესხებლის მიერ გასაცემი სესხის თანხა მხოლოდ - 40 000 აშშ დოლარი.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლებითაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის სრულად მიუღებლობით მსესხებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ფაქტი დადასტურდებოდა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მისთის ზიანის მიყენების ფაქტის დამტკიცება, მოპასუხემ კი, სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტებით, შეძლო სარჩელში მითითებული გარემოებების გაქარწყლება.

61. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-971-2019, 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება; №ას-312-2020, 2021 წლის 8 აპრილის განჩინება).

64. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

65. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

66. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–ვას, შპს ,,ფირმა ზ–უს“ და შპს ,,პ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.ა–ვას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.ზ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №1 / გადახდილია 8000 ლარი; გადახდის თარიღი 23.10.2020), 70% - 4200 ლარი;

3. ი.ა–ვას (პ/ნ ....) და შპს ,,ფირმა ზ–უს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე კ.ზ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის (საგადასახადო დავალება №1 / გადახდილია 8000 ლარი, გადახდის თარიღი 23.10.2020), 70% - 1400 ლარი;

4. ი.ა–ვას (პ/ნ .....) და შპს ,,ფირმა ზ–უს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დ.ზ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1044 ლარის (საგადახდო დავალება №10229258809, გადახდის თარიღი 14.12.2020), 70% - 730.8 ლარი;

5. ი.ა–ვას (პ/ნ ....) და შპს ,,პ–ს“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დ.ზ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2004 ლარის (საგადახდო დავალება №10229278484, გადახდის თარიღი 14.12.2020), 70% - 1402.8 ლარი;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე