Facebook Twitter

საქმე №ას-423-2020 17 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ნ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება, იმავე სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და ამავე განჩინებით უცვლელად დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი.ნ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.მ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბინის (მდებარე, ქ. თბილისი, ....., ს/კ: .....) მესაკუთრედ ცნობა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია

3.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მისი საკუთრების უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2 800 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა.

5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

5.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

6. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.2.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 6 თებერვალს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა როგორც აპელანტს, ასევე მის წარმომადგენელს, თუმცა უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, ერთ შემთხვევაში, მხარის მოუძიებლობის, ხოლო, მეორე შემთხვევაში - ადვოკატის მისამართზე არყოფნის მოტივით;

6.2.2. მხარესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ტელეფონის მეშვეობით, რის გამოც სასამართლო სხდომა გადაიდო 2019 წლის 13 მარტს, 16:00 საათზე;

6.2.3. აპელანტს 2019 წლის 13 მარტის სხდომის შესახებ უწყება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა მხარის მოუძიებლობისა და არასრული მისამართის მითითების საფუძვლით. უწყება ასევე გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, თუმცა დაბრუნებული საფოსტო უკუგზავნილებით დადგინდა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე აღარ მუშაობდა;

6.2.4. 2019 წლის 13 მარტს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა არ შედგა სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო და საქმის განხილვა გადაიდო 2019 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც აპელანტს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით - განჩინება საერთო სასამართლოების ვაბ-გვერდზე განთავსდა 2019 წლის 22 მარტს, ხოლო სსსკ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს - 2017 წლის 29 მარტს;

6.2.5. სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 17 მარტს 15:00 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადააწყვეტილების მიღების თაობაზე.

6.3. საპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 387-ე მუხლით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მას სასამართლოსთვის არ უცნობებია რაიმე ისეთი გარემოების შესახებ, რაც არსებითად გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას, არსებობდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

7. მოსარჩელის საჩივარი

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა პოლიციის მეშვეობით უწყების ჩაბარების დავალების საპროცესოსამართლებრივი საშუალება. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ 73-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით და აღნიშნა, რომ მითითებული წესით მხარის სასამართლოში დაბარება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, არ არსებობდა ამ მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

9.აპელანტის საკასაციო საჩივარი

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას 2019 წლის 17 აპრილის სხდომის თაობაზე შეტყობინება არც წერილობით და არც ტელეფონის საშუალებით არ მიუღია. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროისთვის მას აღარ ჰყავდა წარმომადგენელი, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო სასამართლო და უნდა გაეთვალიწინებინა იგი.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩნებით იგი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

13. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

14.1. აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში გაიმართა ორი სასამართლო სხდომა - 2019 წლის 6 თებერვალს და იმავე წლის 17 აპრილს (იხ. ტ. 2. ს.ფ 267-269, 292-294), ხოლო 2019 წლის 13 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომა არ შედგა სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო (იხ. ტ. 2. ს.ფ 289).

14.2. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ დანიშნულ სხდომათა უწყებებს სასამართლო აგზავნიდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....., თუმცა გზავნილის მხარისთვის ჩაბარება ვერ ხერხდებოდა. საფოსტო უკუგზავნილებში ჩაუბარებლობის მიზეზად, ერთ შემთხვევაში, არასრული მისამართი, ხოლო, სხვა შემთხვევაში, ადრესატის მოუძიებლობა სახელდებოდა (იხ. ტ. 2. ს.ფ 263, 278). აპელანტთან დაკავშირება პალატამ ვერც ტელეფონის მეშვეობით მოახერხა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ. 2. ს.ფ 266), რის გამოც 2017 წლის 6 თებერვლის სხდომა გადადო კიდეც (იხ. ტ. 2. ს.ფ 267-268).

14.3. საბოლოოდ კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 17 აპრილს 15:00 დანიშნული სხდომის თაობაზე უწყების აპელანტისთვის ჩაბარება უნდა განეხორციელებინა საჯარო შეტყობინების გზით - სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით აპელანტი მოწვეული იქნა 2019 წლის 17 აპრილს 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე და განჩინება განთავსდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს (იხ. ტ. 2. ს.ფ 288-290);

14.4. დავას არ იწვევს ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

15. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები, ხოლო საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას არ მიუღია 2019 წლის 17 აპრილს დანიშნული სასამართლოს სხდომის უწყება, ამასთან, მისივე განცხადებით, საქმის განხილვის დროისთვის აპელანტს უკვე აღარ ჰყავდა წარმომადგენელი, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

19. ამავე კოდექსის 73.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

20. ამდენად, ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ სასამართლო თავად წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა (იხ. სუსგ საქმე №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი; სუსგ საქმე №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ აპელანტის სხდომაზე მოწვევის მიზნით არაერთხელ გამოიყენა მხარის სასამართლოში დაბარების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა საშუალება - საცხოვრებელ მისამართზე უწყების გაგზავნა და ტელეფონით დაკავშირება, თუმცა ვერ უზრუნველყო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ მხარის ინფორმირება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპების გათვალისწინებით, მართებულად იქნა გამოყენებული უწყების ჩაბარების ალტერნატიული გზა - საჯარო შეტყობინების გავრცელება. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც მითითებული ქმედების მიზანშეუწონლობას დაადასტურებდა.

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მას აღარ ჰყავდა წარმომადგენელი, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო სასამართლო და უნდა გაეთვალიწინებინა იგი, ასევე ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც დასტურდებოდეს კასატორის მიერ მითითებული გარემოება, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში მხარის დაბარების ყველა საპროცესო საშუალება (საცხოვრებელ მისამართზე უწყების გაგზავნა, ტელეფონით დაკავშირება, საჯარო შეტყობინების გამოქვეყნება) სააპელაციო პალატამ გამოიყენა თავად საპროცესო მხარის (აპელანტის) (და არა მხოლოდ მისი წარმომადგენლის) მიმართ, არ არსებობს მითითებული საფუძვლით აპელანტის პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დადასტურების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლო სხდომაზე მისი კანონით დადგენილი წესით მოუწვევლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ნ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე