საქმე№ას-78-2021 2 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ბ–ძე(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ყ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, ე.ყ–ისა და რ.დ–ძის წინააღმდეგ, უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო, ე.ყ–ის სარჩელი თ.ბ–ძის წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, როინ აბაშიძისთვის, რომელიც მხარეს წარმოადგენდა ორდერის საფუძველზე, ცნობილი იყო. დადგენილია, რომ აპელანტს, დადგენილ ვადაში, 2020 წლის 17 ივლისამდე, სასამართლოსთვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ მიუმართავს.
5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მხოლოდ 2020 წლის 4 სექტემბერს მიმართა სასამართლოს, ხოლო, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2020 წლის 23 სექტემბერს, მაშინ, როდესაც, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა მხარისთვის 2020 წლის 31 ივლისს ამოიწურა(იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 2591-ე მუხლი).
6. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი წარმომადგენელის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული, ხოლო თვითონ ავად იყო, რის გამოც გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ მოახერხა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
12. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.
14. საკასაციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 3-5 პუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას პირველი ინსტანციის სასამართლოში, ადვოკატი როინ აბაშიძე აწარმოებდა, ორდერის საფუძველზე, რომელსაც, როგორც უფლებამოსილ წარმომადგენელს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე, ეცნობა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, აღნიშნული დასტურდება აგრეთვე, საქმეში არსებული ხელწერილით (ტ.3,ს.ფ.24).
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს ადვოკატის უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საქმის განხილვაში მონაწილეობს მხოლოდ ადვოკატის ორდერის საფუძველზე.
15.1. საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15.2. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
15.3. ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადვოკატს უფლება აქვს ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
15.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადვოკატის უფლებამოსილება, წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში.
15.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და გაცემული ორდერი უფლებას ანიჭებს ადვოკატს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ასეთივე უფლებამოსილებას ადვოკატს ანიჭებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
16. ამდენად, უდავოა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ გასაჩივრების უფლების მქონე პირი არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. რაც შეეხება, ორდერით წარმომადგენელი პირისთვის გასაჩივრების უფლების არ ქონას, აღნიშნული კავშირში არაა პირველ ინსტანციაში მის უფლებამოსილებასთან, რომლის მიხედვითაც, ვალდებულია მხარეს აცნობოს საპროცესო თუ მატერიალურსამართლებრივი შედეგები, რომლებიც მხარის უფლებებსა და მოვალეობებს ეხება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ვ. კაკაბაძე