Facebook Twitter

16 აპრილი, 2021 წელი,

საქმე №ას-776-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

II კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 5 იანვარს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, პირველი კასატორი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, მეორე კასატორი) დადეს საექსპერტო მომსახურების შესახებ #2000008115 ხელშეკრულება.

1.1. ხსენებული ხელშეკრულების საგანი იყო საექსპერტო მომსახურების გაწევა, ექსპერტის დასკვნის ან დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა. გარიგების თანახმად, ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით მიმართავდა და საჭირო მომსახურების თაობაზე მიუთითებდა. მიმწოდებელი საექსპერტო კვლევა/გამოკვლევას შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის საჭირო მასალა/ობიექტის წარმოდგენის დღიდან დაიწყებდა. დასკვნა ან აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაცემულიყო.

1.2. შემკვეთის 2015 წლის 29 დეკემბრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მენარდეს ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ქ.ზუგდიდში, ….. მდებარე ობიექტზე. 2016 წლის 20 თებერვალს მენარდემ მოამზადა დასკვნა, რომელიც 2016 წლის 25 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველს ჩაბარდა. ამ მომსახურების ღირებულებამ 500 ლარი შეადგინა.

2. 2016 წლის 4 იანვარს მხარეებს შორის საექსპერტო მომსახურების შესახებ მეორე (№2000063116) ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც კვლავ წარმოადგენდა საექსპერტო მომსახურების გაწევა, ექსპერტის დასკვნის ან დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა.

2.1. შემკვეთის 2016 წლის 24 მაისის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მენარდეს, თანდართული დანართის მიხედვით, სახლის საბაზრო ღირებულების დადგენა დაევალა.

2.2. 2016 წლის 15 ივნისს შემკვეთმა 2016 წლის 24 მაისის წერილში მითითებული ობიექტები დააზუსტა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაავალა, შემდეგ ობიექტებზე: ქ.ქუთაისი, .........., დაბა ხარაგაული, ...... და ზუგდიდი, სოფელი .......

2.3. 2016 წლის 5 ივლისს მენარდემ დასკვნა მოამზადა. ექსპერტმა შეაფასა ზემომითითებულ მისამართებზე მდებარე ფართები. ამ მომსახურების ღირებულებაც სრულად ანაზღაურდა.

3. 2016 წლის 15 ივლისს მენარდემ დასკვნა მოამზადა, რომელიც 2016 წლის 20 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემკვეთს ჩააბარა. ექსპერტმა შეაფასა ქ.თბილისში, ......, ..... ქ. #3-სა და გლდანის მასივის ტერიტორიაზე არსებული ფართები. დასახელებული მომსახურების ღირებულებამ 2030 ლარი შეადგინა.

4. შემკვეთის 2016 წლის 28 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მენარდეს ქ. წყალტუბოში, ..... მდებარე სანატორიუმ „მ–ას“ შენობის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა.

4.1. მენარდემ 2017 წლის 31 მარტს დასკვნა მოამზადა, რომელიც 2017 წლის 6 აპრილს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველს ჩაბარდა. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა.

5. შემკვეთის 2016 წლის 28 ნოემბრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მენარდეს ხობის რაიონის სოფელ ..... მდებარე ბინების საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა.

5.1. 2017 წლის 2 თებერვალს მენარდემ დასკვნა მოამზადა, რომელიც 2017 წლის 7 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველს ჩააბარა. მითითებული მომსახურების ღირებულებამ 500 ლარი შეადგინა.

6. შემკვეთის 2016 წლის 27 დეკემბრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მენარდეს ქ.ზუგდიდში, ...... მდებარე შენობის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა.

6.1. 2017 წლის 17 თებერვალს მენარდემ დასკვნა მოამზადა, რომელიც 2017 წლის 23 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველს ჩააბარა. მითითებული მომსახურების ღირებულებამ 500 ლარი შეადგინა.

7. მენარდემ სასამართლოში სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და გაწეული მომსახურების ღირებულების, 8 130 ლარის დაკისრება მოითხოვა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამკვეთმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ 6 100 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოპასუხემ მიიღო 2016 წლის 20 თებერვლის, 2017 წლის 2 თებერვლისა და 2017 წლის 17 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნებით მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურება. ამას ადასტურებდა საქმეში არსებული 2016 წლის 25 თებერვლის, 2017 წლის 7 თებერვლისა და 2017 წლის წლის 23 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტები. ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა ზემოხსენებული ექსპერტიზებისთვის შესაბამისი ანაზღაურების გაცემის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის 1 500 ლარის ანაზღაურება ევალებოდა.

10.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, 2016 წლის 15 ივლისის დასკვნის მომსახურების გაწევისთვის 2 030 ლარის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული დასკვნა იმ გარემოებას დაეყრდნო, რომ როგორც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, 2016 წლის 15 ივნისს შემკვეთმა 2016 წლის 24 მაისის წერილში მითითებული ობიექტები დააზუსტა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაჩქარებული წესით სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა შემდეგ საცხოვრებელ ფართებზე: ქ.ქუთაისი, ......, ბინა 7; დაბა ხარაგაული, ..... და ზუგდიდის რაიონი, სოფელი ..... 2016 წლის 15 ივლისს მენარდემ დასკვნა მოამზადა. ექსპერტმა შეაფასა ქ.თბილისში, ....., ქ.თბილისში, ...... და ქ.თბილისში, გლდანის მასივის ტერიტორიაზე არსებული ფართები. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ 2 030 ლარი შეადგინა. მითითებული ექსპერტიზის დასკვნა შემკვეთმა არ მიიღო და საპასუხო წერილით მენარდეს განსხვავებული შესრულების მოთხოვნის თაობაზე მიუთითა. მტკიცებულებათა ურთერთშედარების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს დაჩქარებული წესით ექსპერტიზა არ ჩაუტარებია იმ ობიექტებზე, რომლებიც 2016 წლის 15 ივნისს მენარდემ დაუკვეთა. სასამართლოს განმარტებით, ანაზღაურებას იმ ვალდებულების შესრულება ექვემდებარებოდა, რომელიც მხარეთა თანმხვედრი ნების საფუძველზე შეთანხმდა და, არა - ნებისმიერი სახის შესრულება. შესაბამისად, ვინაიდან შეკვეთილი სამუშაოს მენარდის მიერ შესრულება საქმის მასალებით არ დგინდებოდა, ამ ნაწილში სარჩეელი არ დაკმაყოფილდა.

10.3. რაც შეეხებოდა ექსპერტიზის 2017 წლის 31 მარტის დასკვნის მომსახურების საფასურს (4 600 ლარი), სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ეს თანხა მოპასუხის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

აღნიშნული მოსაზრების საფუძვლად სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხის 2016 წლის 28 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოსარჩელეს ქ.წყალტუბოში, ...... მდებარე სანატორიუმ „მ–ას“ შენობის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ 2017 წლის 31 მარტს დასკვნა მოამზადა, რომელიც 2017 წლის 6 აპრილს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემკვეთს ჩააბარა; ამ მომსახურების ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა.

მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ზუსტი ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.

შესაბამისად ის გარემოება, რომ საექსპერტო დასკვნის ერთი წლის შემდეგ მომზადება არაგონივრულ ვადაში მომზადებას უთანაბრდებოდა, რის გამოც მოპასუხემ შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგა, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო, რომლის გასამყარებლადაც მხარეს არცერთი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

მაგალითად, მას სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია საქმეზე ისეთი დოკუმენტის დართვის შესახებ, რომლითაც იდენტური საექსპერტო მომსახურების სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარების ფაქტი და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაგვიანებული შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა დადგინდებოდა.

გარდა ამისა, მოპასუხეს არც ის უმტკიცებია, რომ შესასრულებელი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა რთული კატეგორიის მომსახურებას არ წარმოადგენდა და მისი გონივრული მომზადების დრო ერთ წელზე ნაკლები იყო.

ამასთან, საქმის მასალებში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება გამოიყენა. უფრო მეტიც, 2017 წლის 6 აპრილს მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლითაც მოპასუხემ აპელანტის მიერ განხორციელებული შესრულება მიიღო. ამ დღიდან ივარაუდებოდა, რომ მას მხოლოდ არაჯეროვანი შესრულების გამო მეორადი მოთხოვნის წაყენების უფლებამოსილება ჰქონდა და, არა - ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება.

10.4. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში -სსკ) 317.1, 327.1, 629.1 და 630-ე მუხლებით.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

12. მენარდე მოითხოვს 2 030 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:

12.1. მენარდისათვის 2 030 ლარის დაკისრებაზე სააპელაციო სასამართლოს უარი შემდეგ არგუმენტს ემყარება: შემკვეთმა 2016 წლის 24 მაისის წერილით თავისი მოთხოვნა დააზუსტა და სამ ობიექტზე (მდებარე: ქ.ქუთაისში, ...... #203, ბინა 7; დაბა ხარაგაული, ......; ზუგიდი, სოფ......) სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზების ჩატარება ითხოვა. მიუხედავად ამისა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დამატებით ითხოვდა 2016 წლის 15 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების ანაზღაურებას, რომლითაც გამოკვლეული იყო თბილისში მდებარე სამი სხვა ობიექტი.

12.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 4 იანვრის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თუ შემსყიდველი უარს აცხადებს მიმწოდებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებაზე ან მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიღებაზე, იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული კვლევის საფასურის გადახდისაგან.

თავდაპირველი შეკვეთა ითვალისწინებდა იმ ობიექტების გამოკვლევას, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს 2016 წლის 15 ივლისის ექსპერტიზის დასკვნაში. ეს შეკვეთა დათარიღებულია 2016 წლის 24 მაისით. ამ წერილის მიღებისთანავე მენარდემ კვლევის ჩატარება დაიწყო და ვინაიდან სამივე მითითებული ობიექტი თბილისში მდებარეობდა, ისინი გამოიკვლია. მათი გამოკვლევა მოხდა 2016 წლის 20 ივნისამდე, ე.ი. მენარდესთან შემკვეთის 2016 წლის 15 ივნისის წერილის შესვლამდე. საგულისხმოა, რომ 2016 წლის 15 ივნისის წერილით შემკვეთი პირდაპირ არ ითხოვდა 2016 წლის 24 მაისის წერილის დანართში მითითებული ობიექტების კვლევის გაუქმებას. მოპასუხეს მართლაც სურდა ამის შემდეგ გაეუქმებინა ერთი ობიექტის კვლევაზე შეკვეთა, რაზეც პირდაპირ მიუთითა თავის 2016 წლის 2 ივნისის წერილით (ხსენებული წერილით გაუქმდა რუსთავში, ...... მდებარე ბინა 25-ის შეფასების შეკვეთა). რაც შეეხება მოპასუხის 2016 წლის 15 ივნისის წერილს, მასში გათვალისწინებული იყო ერთი პირობა - სამი საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ქუთაისში, დაბა ..... და ზუგდიდის რაიონის სოფელ .......) გამოკვლევის დაჩქარებული წესით ჩატარება. დასახელებულ წერილში არაა იმაზე მინიშნება, რომ შემკვეთმა დაკარგა ინტერესი თავდაპირველი წერილის დანართში მითითებულ, თბილისში მდებარე სამი ბინის გამოკვლევაზე. ამდენად, 2030 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მცდარია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მენარდის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში: უფლებამონაცვლე, მეორე კასატორი). ამავე განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარიც მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. აღნიშნული საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:

14.1. შემკვეთის 2016 წლის 28 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მენარდეს წყალტუბოში, ...... მდებარე სანატორიუმ „მ–ას“ შენობის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა. მენარდემ 2017 წლის 31 მარტს დასკვნა მოამზადა, რომელიც შემკვეთს 2017 წლის 6 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაბარდა. მითითებული მომსახურების ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მენარდემ დასკვნა ერთი წლის შემდეგ წარმოადგინა. სსკ-ის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მენარდე საექსპერტო გამოკვლევას იწყებს შემკვეთის მიერ მენარდისათვის საჭირო მასალის/ობიექტის წარდგენის დღიდან, დასკვნა ან აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში. უდავოა, რომ 2017 წლის 31 მარტის დასკვნა გაიცა შეკვეთიდან ერთი წლის შემდეგ. აღნიშნულით მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მენარდის დასკვნით უნდა გაერკვია, გამოსაკვლევი ობიექტი ნგრევადი ხომ არ იყო და იქ მცხოვრებ დევნილებს საფრთხე ხომ არ ექმნებოდათ, აშკაარაა, დასკვნის შესადგენად ერთწლიანი ვადის არაგონივრულობა.

14.2. რაც შეეხება 2015 წლის 29 დეკემბრის, 2016 წლის 28 ნოემბრისა და 2016 წლის 27 დეკემბრის წერილების საფუძველზე შესრულებულ ექსპერტიზებს (ჯამური ღირებულება - 1 500 ლარი), მათზე შედგენილი დასკვნები წლის ბოლოს იქნა წარმოდგენილი, როდესაც ბიუჯეტში თანხა არ იყო. ამასთან, წინა წელს აღებული ვალდებულების მომდევნო წელს ანაზღაურება ბიუჯეტით გათვალისწინებული არაა.

14.3. სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების პირველი 1.3 მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეორე კასატორი განისაზღვრა მოპასუხის უფლებამონაცვლედ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა დაედგინა უფლებამონაცვლეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, მენარდის მიერ შემკვეთისათვის შეთანხმებული საზღაურის (8 130 ლარი) მოთხოვნის მართლზომიერება. მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად შეასრულა.

19. საზღაურის ანაზღაურებაზე მენარდის მოთხოვნა დაფუძნებულია ამ უკანასკნელის მიერ საექსპერტო მომსახურების გაწევის ფაქტზე, კერძოდ, რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნის შედგენაზე. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერების შესაფასებლად უნდა გაირკვეს, თითოეული ამ დასკვნის შესაბამისად, შემკვეთის მხრიდან საზღაურის გადახდის ვალდებულების საფუძვლის არსებობა.

20. 1 500 ლარის მოპასუხისათვის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ მენარდემ 2016 წლის 20 თებერვალს, 2017 წლის 2 თებერვალსა და 2017 წლის 17 თებერვალს სამი სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, რომელთა ღირებულება მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხსენებული ექსპერტიზები მართლაც შეასრულა და შემკვეთს მათ საფუძველზე შედგენილი დასკვნები ჩაბარდა კიდეც. მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეს საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია. მოცემული კუთხით მისი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ დასახელებული დასკვნები წლის ბოლოს იქნა წარმოდგენილი, როდესაც ბიუჯეტში თანხა არ იყო, ხოლო წინა წელს აღებული ვალდებულების მომდევნო წელს ანაზღაურება ბიუჯეტით გათვალისწინებული არაა.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ, საქმე №ას-696-696-2018, 6.07.2018; №ას-495-2020, 23.10.2020).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მენარდის მიერ მოთხოვნის კალენდარული წლის ბოლოს წარდგენა, ბიუჯეტში სადავო თანხის (1 500 ლარი) არქონა და მომავალი წლის ბიუჯეტში ამ თანხის გაუთვალისწინებლობა (რაზეც მეორე კასატორი აპელირებს), ვერ გახდება შემკვეთის მხრიდან ვალდებულების შეასრულებაზე (მენარდისათვის საზღაურის გადახდა) უარის თქმის საფუძველი.

21. პალატის მოსაზრებით, 4 600 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც მენარდის მოთხოვნა კანონიერია და იგი სწორად დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაადგინა, რომ: შემკვეთის (მოპასუხე) 2016 წლის 28 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოსარჩელეს დაევალა ქ.წყალტუბოში, ..... მდებარე სანატორიუმ „მ–ას“ შენობის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება; ამის შედეგად, 2017 წლის 31 მარტს მენარდემ მოამზადა დასკვნა, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოპასუხეს 2017 წლის 6 აპრილს ჩაბარდა; მითითებული მომსახურების ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა.

ზემომითითებული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმას მეორე კასატორი (შემკვეთი) იმით ასაბუთებს, რომ მენარდემ ეს მომსახურება (ექსპერტიზის დასკვნა) არაგონივრულ ვადაში - ერთი წლის შემდეგ წარმოადგინა, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე მიუთითებს.

საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ზუსტი ვადა არ განსაზღვრულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან (სსსკ-ის 105-ე მუხლი) გამომდინარე მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება იყო, საექსპერტო დასკვნის არაგონივრულ ვადაში მომზადებისა და შესრულების მიმართ მის მიერ ინტერესის დაკარგვა.

ამ გარემოების გასამყარებლად კი, მოპასუხეს სასამართლოსათვის სათანადო მტკიცებულება და დასაბუთებული არგუმენტი არ წარმოუდგენია.

22. გარდა ამისა, დამკვეთი თავის საკასაციო საჩივარში აპელირებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პროცესუალურ დარღვევაზე, კერძოდ, მისი მოსაზრებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების პირველი 1.3 მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეორე კასატორი განისაზღვრა მოპასუხის უფლებამონაცვლედ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა დაედგინა უფლებამონაცვლეობა.

პალატის განმარტებით, მოცემული არგუმენტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ განაპირობებს, ვინაიდან სსსკ-ის 393.1 მუხლის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და, შესაბამისად, მცდარია მასზე დაყრდნობით ამ გადაწყვეტილების გაუქმებაზე აპელირება.

23. რაც შეეხება სარჩელის დაუკმაყოფილებელ, კერძოდ, მოპასუხისათვის 2 030 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას, ამ კუთხით პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

2016 წლის 15 ივნისს შემკვეთმა 2016 წლის 24 მაისის წერილში მითითებული ობიექტები დააზუსტა და მენარდეს დაჩქარებული წესით სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა შემდეგ საცხოვრებელ ფართებზე: ქ.ქუთაისი, ....., ბინა 7; დაბა ხარაგაული, ....... და ზუგდიდის რაიონი, სოფელი .....; 2016 წლის 15 ივლისს მენარდემ დასკვნა მოამზადა; ექსპერტმა შეაფასა ქ.თბილისში, ......, ქ.თბილისში, .......ქ. #3-სა და ქ.თბილისში, გლდანის მასივის ტერიტორიაზე არსებული ფართები; აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ 2 030 ლარი შეადგინა; მითითებული ექსპერტიზის დასკვნა შემკვეთმა არ მიიღო და საპასუხო წერილით მენარდეს განსხვავებული შესრულების მოთხოვნის თაობაზე მიუთითა.

ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პირველი კასატორის (მოსარჩელე) პრეტენზია შემდეგია: ა) 2016 წლის 15 ივნისის წერილით შემკვეთი პირდაპირ არ ითხოვდა 2016 წლის 24 მაისის წერილის დანართში მითითებული ობიექტების კვლევის გაუქმებას; ბ) შემკვეთის თავდაპირველი მოთხოვნით გათვალისწინებული ობიექტების ექსპერტიზა მენარდემ შეასრულა 2016 წლის 20 ივნისამდე, ე.ი. ამ უკანასკნელის მიერ შემკვეთის 2016 წლის 15 ივნისის (რომლითაც ექსპერტის მიერ გამოსაკვლევი ობიექტები დაზუსტდა) წერილის მიღებამდე.

საკასაციო საჩივრის დასახელებულ პრეტენზიას პალატა არ იზიარებს, რადგან 2016 წლის 15 ივნისის წერილში შემკვეთი გარკვევით მიუთითებს, რომ #01-02/08/14256 წერილით (საუბარია 2016 წლის 24 მაისის წერილზე) მოსარჩელეს მიმართა 7 შესასყიდი სახლის საბაზრო ღირებულების დასადგენად; აღნიშნულთან დაკავშირებით 2016 წლის 15 ივნისის წერილით მოპასუხე მოითხოვს, რომ დანართის შესაბამისად დაჩქარებული სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა ჩაუტარდეს ქ.ქუთაისში, ....... დაბა ხარაგაულში, ...... და ზუგდიდში, სოფელ .....მდებარე საცხოვრებელ ფართებს (იხ. ს.ფ. 62, 52). ამდენად, 2016 წლის 15 ივნისის წერილის შინაარსი შემდეგი ინფორმაციის მაუწყებელია: აღნიშნული დროისათვის შემკვეთის ინტერესი იმგვარად შეიცვალა, რომ მის წინაშე დღის წესრიგში დადგა სწორედ ამ წერილში მითითებული ობიექტების სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა და, არა - 2016 წლის 24 მაისის წერილში დასახელებული სხვა ობიექტების საბაზრო ღირებულების დადგენა.

რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო საჩივრის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შემკვეთის თავდაპირველი მოთხოვნით გათვალისწინებული ობიექტების ექსპერტიზა მან შეასრულა 2016 წლის 20 ივნისამდე, ე.ი. შემკვეთის 2016 წლის 15 ივნისის (რომლითაც ექსპერტის მიერ გამოსაკვლევი ობიექტები დაზუსტდა) წერილის მიღებამდე, ვერც ეს მსჯელობა ვერ გამოდგება 2 030 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ზუსტი ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის შეკვეთილი ობიექტების დაზუსტების ან შეცვლის უფლება რაიმე კონკრეტული ვადით იყო შემოსაზღვრული.

24. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2016 წლის 15 ივლისს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საინჟინრო გამოკვლევა ჩაუტარდა თბილისში არსებულ შემდეგ ობიექტებს: ..... ქუჩა #3-ში მდებარე შენობა, გლდანის მასივის ტერიტორიაზე არსებული შენობა, ..... ქუჩა #1-ში მდებარე შენობა. დასახელებული დასკვნის შედგენას წინ უძღოდა დამკვეთის 2016 წლის 30 მაისის მიმართვა, რომლის შესაბამისად მენარდეს დაევალა 7 (შვიდი) ობიექტის საბაზრო ღირებულების დადგენა.

2016 წლის 20 ივნისის მიმართვის საფუძველზე დამკვეთმა მხოლოდ სამ ობიექტთან დაკავშირებით (ქ. ქუთაისი ......, დაბა ხარაგაული ..... და ზუგდიდის რაიონი, სოფელი ......) მოითხოვა საბაზრო ღირებულებასთან ერთად საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებაც და აშკარაა, რომ დამკვეთს 2016 წლის 15 ივლისის დასკვნაში აღწერილი ობიექტების საინჟინრო კვლევა არ დაუკვეთია.

აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ დამკვეთის მიერ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა მიღებული განსხვავებულ შესრულებაზე მითითებით და შესაბამისად დასახელებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებაც არ წარმოქმნილა.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-729-729-2018, 28.02.2019; №ას-604-604-2018, 28.04.2019).

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი, ხოლო მეორე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - # 03132, გადახდის თარიღი - 18.03.2020) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე