29 აპრილი, 2021 წელი,
საქმე №ას-1410-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ნ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ბათუმში, ..... მდებარე №34 - ე ბინის (შემდეგში: სადავო ბინა, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) მესაკუთრეა რ.ს–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე). საჯარო რეესტრში მოსარჩელის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.
2. სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნ.ბ–ი (შემდეგში: მოპასუხე, მფლობელი, აპელანტი, კასატორი).
3. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მფლობელის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა, რა მიზნითაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა.
6.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მფლობელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. ხსენებული შუამდგომლობა ორ საფუძველს ემყარებოდა, კერძოდ: ა) მფლობელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის აღძვრას აპირებდა; ბ) პიროვნება, რომელსაც მოსარჩელის ვალი ჰქონდა, ამ ვალის სექტემბრის ბოლომდე სრულად გადახდაზე თანახმა იყო. სასამართლომ განმარტა, რომ საქმისწარმოების შეჩერება მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 279-283-ე მუხლებით განსაზღვრული პირობებითაა დასაშვები, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, დასახელებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოპასუხე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, კასატორი მოითხოვს მოცემული საქმის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე მიღებული განჩინების და, შესაბამისად, ამ მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას. საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:
7.1. კანონდარღვევაა ის, რომ სასამართლომ საქმეზე წარმოების დასრულებამდე სადავო ბინიდან მოპასუხის გამოსახლების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია და ამ მიზნით სააღსრულებო ფურცელი გასცა. ასევე, არასწორია, სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოპასუხისათვის გაგზავნაზე უარი, მიუხედავად ამ უკანასკნელის დაჟინებული მოთხოვნისა.
7.2. კასატორს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და ფაქტობრივად ქუჩაში რჩება, იგი თავისი დარღვეული უფლებების დასაცავად სასამართლოში სარჩელის აღძვრას აპირებს.
7.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის წინამორბედის ვალი მოპასუხეს კი არ ჰქონდა, არამედ - სხვა პიროვნებას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რატომ მოითხოვს მოსარჩელე სადავო ბინიდან მოპასუხის გამოსახლებას, მაშინ როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება გარკვეული არაა.
8. 2021 წლის 28 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა გ.ძიმისტარიშვილმა საკასაციო სასამართლოში შუამდგომლობა წარმოადგინა და საქმის წარმოების შეჩერება ითხოვა. მან განმარტა, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა. თუკი ეს გარიგებები ბათილად იქნება ცნობილი, მაშინ სადავო ბინიდან კასატორის გამოსახლება ვეღარ მოხდება, რადგან ეს უკანასკნელი დედასთან ერთად ხსენებული ბინის თანამესაკუთრე გახდება. დიდი ალბათობაა, რომ ასეთი რამ მოხდეს, ამიტომ მითითებული ახალ სარჩელზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, განსახილველ საქმეზე წარმოება უნდა შეჩერდეს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხე უძრავი ნივთის მფლობელია. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. ეს გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეს არ აქვს მისი ფლობის უფლება.
16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას არ ასაბუთებს კასატორის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ: ა) სასამართლომ საქმეზე წარმოების დასრულებამდე სადავო ბინიდან მოპასუხის გამოსახლების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია და, რომ ბ) მოთხოვნის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაგზავნია. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხარეს უფლებას ანიჭებს, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზებისათვის კანონით დადგენილი წესის დაცვაა საჭირო. ეს წესი იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას (სსსკ-ის 270-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების (რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა დადგინდა) სარეზოლუციო ნაწილითაც განიმარტა დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობაზე (ს.ფ. 78). საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოსამართლის განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. რაკი მოპასუხეს კანონით მინიჭებული ასეთი შესაძლებლობით არ უსარგებლია, მან ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა დაკარგა და, შესაბამისად, მოცემული კუთხით საკასაციო საჩივარი საფუძვლიანად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაგზავნია, ამ შემთხვევაშიც მითითებული პრეტენზიის პირდაპირ საკასაციო საჩივარში დაყენება არასწორია. საქმე ისაა, რომ კასატორი საუბრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გაუგზავნელობაზე, თუმცა აღნიშნული პრეტენზია მას სააპელაციო საჩივარში არ დაუყენებია. მოპასუხის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა ამ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე, რაც იმას მოწმობს, რომ აღნიშნული დროისათვის მოპასუხე პირველი ინსტანციიის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს გაცნობილი იყო. ამასთან, სააპელაციო საჩივარში მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნის მიუხედავად ხსენებული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 80-90, 92-102). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის ზემომითითებული არგუმენტები ვერ იქნება გაზიარებული.
20. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. აღნიშნული ვერ მიიჩნევა ისეთ საკასაციო შედავებად, რაც სადავო ქონებაზე კასატორის მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).
21. გასაჩივრებული განჩინებით დამდგარ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივარში მითითებული ვერც სხვა გარემოებები, რადგან ისინი მოცემული დავის ფარგლებში განსახილველი გარემოებები არაა. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითია, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა და მოპასუხე უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ეს ვითარება მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. მცდარია კასატორის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ მის მიერ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის გამო, არსებობს მოცემული საქმის წარმოების შეჩერების ან საქმის განხილვის გადადების საფუძველი, დასახელებულ სარჩელზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას საყურადღებოა სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).
გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე პრეზუმირებულია. აქედან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული არგუმენტი საქმის განხილვის შეჩერების ან გადადების საფუძველს ვერ წარმოშობს.
როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული ქონების მოპასუხეებისაგან გამოთხოვის სრული უფლება აქვს, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. ნ.ბ–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #10472526559, გადახდის თარიღი 15.02.2021) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე