საქმე №ა-3680-შ-85-2020 4 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის ქალაქ მინსკის საგადასახადო ინსპექციის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ჩ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებიასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე #2-4291/17)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე #2-4291/17) (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ს.ლ. ასული ბ–ის სარჩელი ხ.ჩ–ას (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2016 წლის 25 მაისს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის კ–თვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების 122.98 რუბლისა და 96.60 რუბლის გადახდა.
2. ბელარუსის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის ქალაქ მინსკის საგადასახადო ინსპექციის სამინისტრომ (შემდეგში: სამინისტრო ან შუამდგომლობის ავტორი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება-აღსრულება ითხოვა მოპასუხისათვის უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 122.98 რუბლისა და 96.60 რუბლის დაკისრების ნაწილში.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში, არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამინისტროს შუამდგომლობა წარმოებაში მიიღო.
5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. მოპასუხემ, სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მომართა და განმარტა, რომ მას უცხო ქვეყნის სასამართლოდან არანაირი შეტყობინება არ მიუღია მის წინააღმდეგ წარმართული საქმის შესახებ, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლოა თავისი პოზიცია სარჩელის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სასამართლოში დაეფიქსირებინა. იგი აპირებდა როგორც შესაგებლის, ისევე, შეგებებული სარჩელის აღძვრას. იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია, მან ვერც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით ისარგებლა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ სამინისტროს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი საქმის უცხო ქვეყნის სასამართლოს წარმოებაში დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, იმ ნაწილში რაც შუამდგომლობითაა მოთხოვნილი.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) მოწესრიგებას.
9. მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
11. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება მოპასუხისათვის დაკისრებული სასამართლო ხარჯის - 122.98 რუბლისა და 96.60 რუბლის ნაწილში.
12. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და ცნობების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად. მოპასუხემ მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ამ განჩინების მე-6 პუნქტში ასახული გარემოებების გამო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
14.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
15. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იგი ექვემდებარება აღსრულებას და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;
გ) მოპასუხე მიწვეული იყო საქმის განხილვაზე ბელარუსის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადებულა;
დ) მოპასუხის ადგილსამყოფელი საქართველოშია.
16. მოპასუხის მტკიცების (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) საგანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იქნეს ცნობილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
17. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ცნობის გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის, თუმცა, მის მიერ რაიმე მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რითაც ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება.
19. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
20. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.
21. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.
22. მინსკის კონვენციის 54.2-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3-ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .
23.ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის, ქალაქ მინსკის საგადასახადო ინსპექციის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე #2-4291/17) იმ ნაწილში, რომლითაც ხ.ჩ–ას ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების 122.98 რუბლისა და 96.60 რუბლის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური