Facebook Twitter

საქმე №ას-1428-2019 17 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვადის განსაზღვრის ნაწილში შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2014 წლის 28 აგვისტოს დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ნაწილში, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 16 მარტის #2083/კ ბრძანების ბათილად ცნობა, დასაქმებულის აღდგენა სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე, იძულებითი განაცდურის სახით მოპასუხისათვის 2015 წლის 17 მარტიდან 2016 წლის 1 მარტამდე თვეში 5 000 ლარის (დარიცხული), ხოლო 2016 წლის 1 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1 352 ლარის (დარიცხული) დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის 01.04.2009 წლიდან გაფორმდა ხელშეკრულება და იგი დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 01.01.2010 წლიდან ხელშეკრულება გაგრძელდა 6 თვით. 22.02.2010 წელს მოიშალა ხელშეკრულება და ამავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი, რომლის საფუძველზეც მოსარჩერლე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მომხარებელთა მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებული გათავისუფლდა 17.03.2012 წელს, ხოლო, 10 მარტიდან დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის სამსახურში უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება გაგრძელდა 1 წლის ვადით. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის სამსახურში მოსარჩელე უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა 01.07.2010 წლიდან. ამავე პერიოდიდან იგი დაინიშნა მენეჯერად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის _ „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ 01.01.2013 წლამდე და იგივე პროექტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირად. 01.07.2010 წლიდან 01.01.2013 წლამდე მოსარჩელეს დაევალა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება. სააგენტოს პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და განთავისუფლდა თანამდებობიდან 16.11.2010 წლიდან. იმავე რიცხვში კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება და დაინიშნა იმავე თანამდებობაზე 01.01.2013 წლამდე. 04.02.2011 წელს მოსარჩელე მიღებულ იქნა სააგენტოს პროექტის _ „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერის თანამდებობაზე 31.12.2012 წლამდე და 03.09.2011 წლიდან დაევალა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება, აღნიშნული მოვალეობის შესრულება შეწყდა 03.10.2011 წელს. 30.03.2012 წლიდან მოსარჩელე გათავისუფლდა სააგენტოს პროექტ „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერის თანამდებობიდან და ამავდროულად გაგრძელდა მასთან ხელშეკრულება 2012 წლის 30 მარტიდან 01.01.2013 წლამდე. 17.07.2012 წლიდან 01.01.2013 წლამდე დასაქმებულთან სააგენტომ კვლავ დადო ხელშეკრულება და მიიღო პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერად. აღნიშული ხელშეკრულება მოიშალა 28.09.2012 წელს. 2012 წლის 16 ივლისიდან პროექტ „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერს, მოსარჩელეს შეეთავსა სერვისების განვითარების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობები. 01.10.2012 წლიდან 01.10.2014 წლამდე მოსარჩელე დაინიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების პროექტის დირექტორად. აღნიშნული თანამდებობიდან მოსარჩელე განთავისუფლდა 01.02.2013 წელს. 2012 წლის 10 ოქტომბრიდან მას შეთავსებული ჰქონდა სსგს-ს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობანი. 01.02.2013 წლიდან იგი დაინიშნა სსგს-ს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმის დეპრტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლიდან 1 მაისამდე, რის შედეგადაც მოსარჩელეს ხელშეკრულება გაუგრძელდა 02.05.2013 წლიდან 02.07.2013 წლამდე, შემდეგ კი _ 01.09.2013 წლამდე. 01.02.2013 წლიდან 01.10.2014 წლამდე მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ინსტიტუციური განვითარების დირექტორის მოვალეობების შეთავსება. 01.09.2013 წლიდან 01.09.2014 წლამდე ქ.გ–ი დაინიშნა სსგს-ს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმის დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. დაკავებული თანამდებობიდან იგი გათავისუფლდა 01.10.2014 წლიდან, შემდგომ კი ხელშეკრულება გაგრძელდა 01.03.2015 წლამდე. აღნიშნული თანამდებობიდან დასაქმებული გათავისუფლდა 17.03.2015 წლიდან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. მოსარჩელე არ დაეთანხმა აღნიშნულ ბრძანებას და განმარტა, რომ იგი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში ერთსა და იმავე დამსაქმებელთან, შესაბამისად, ივარაუდებოდა, რომ დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება. სააგენტოსა და მოსარჩელეს შორის ბოლოს დადებული შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 6 თვის ვადით, ხოლო 01.03.2015 წელს 17 დღით. მითითებულ პერიოდში მოსარჩელე იმყოფებოდა შვებულებაში შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 6.12 მუხლის თანახმად, თუკი ხელშეკრულების გაფორმებისას კანონმდებლობის სრული დაცვით გამოყენებული იქნებოდა მინიმუმ 1-წლიანი ვადა, ხელშეკრულების ვადად უნდა განსაზღვრულიყო 2015 წლის აგვისტოს ბოლო დღე, შესაბამისად, მოსარჩელე ჩაითვლებოდა უვადო ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულად, ვინაიდან, სახეზე იყო შრომის კოდექსის 6.1.3. მუხლის ამოქმედების ორივე პირობა: დასაქმებული მუშაობდა 5 წელზე ნაკლები ვადით 4 წელი და 3 თვე და დასაქმებული მუშაობდა შრომის კოდექსის (12.06.2013წ) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ. 2014 წლის 1 სექტემბრისათვის ხელშეკრულების დადების ნება დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ გამოხატული იქნა, შესაბამისად, სადავო არ არის გარემოება, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი მხარეებს ჰქონდათ. გათავისუფლებიდან 2016 წლის 1 მარტამდე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5 000 ლარის (დარიცხული), ხოლო 2016 წლის 1 მარტიდან მისი ოდენობა განისაზღვრა 1 352 ლარით (დარიცხული)

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმების საგანს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 17 მარტამდე, რომლის ამოწურვაც საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულების მოშლას, თანახმად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადების შესაძლებლობას. სადავო ხელშეკრულების 6 თვის ვადით დადება განპირობებული იყო დეკრეტული შვებულებით სარგებლობის მიზნით, ვინაიდან, დასაქმებული იმყოფებოდა ფეხმძიმედ და მისი სამსახურიდან გათავისუფლება აღნიშნულ მდგომარეობაში იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2014 წლის 28 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება ვადის განსაზღვრის ნაწილში, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის 16 მარტის #2083/კ ბრძანება შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 17 მარტიდან 2016 წლის 1 მარტამდე თვეში 5 000 ლარის (დარიცხული), ხოლო 2016 წლის 1 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1 352 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი სახით:

- 2015 წლის 17 მარტიდან 2016 წლის 1 მარტამდე თვეში 5 000 (დარიცხული) ლარის ოდენობით;

- 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ყოველთვიურად 1 352 (დარიცხული) ლარის ოდენობით;

- 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე _ 15 423,39 (დარიცხული) ლარის ოდენობით;

- 2019 წლის აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე 1 352 (დარიცხული) ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 01.04.2009წ. მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 იანვრამდე (9 თვე). ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ გამოსცა ბრძანება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნის შესახებ 2009 წლის 1 აპრილიდან 9 თვის ვადით;

1.2.2. სააგენტოს 05.01.2010წ. #2 ბრძანებით 01.01.2010 წლიდან მოსარჩელეს 6 თვის ვადით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა;

1.2.3. სააგენტოს 26.02.2010წ. #22 ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, 22.02.2010 წლიდან მოსარჩელესთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

1.2.4. 22.02.2010წ. მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 თვით. ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტომ 26.02.2010წ. გამოსცა ბრძანება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული დანიშვნის შესახებ;

1.2.5. სააგენტოს 17.03.2010წ. #33 ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 17 მარტიდან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

1.2.6. 17.03.2010წ. გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის სამსახურში უფროსის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 თვით. ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტოს მიერ 17.03.2010წ. გამოიცა შესაბამისი ბრძანება;

1.2.7. მოპასუხის 17.03.2010წ. #33 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტირების მართვის სამსახურში უფროსის თანამდებობაზე 3 თვის ვადით;

1.2.8. მოპასუხის 11.06.2010წ. #188 ბრძანებით 17.06.2010 წლიდან 1 წლის ვადით გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა;

1.2.9. სააგენტოს 14.06.2010წ. #601 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან;

1.2.10. 01.07.2010წ. მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს პროექტის _ „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერად 01.01.2013 წლამდე. ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტომ გამოსცა შესაბამისი ბრძანება;

1.2.11. დამსაქმებლის 28.07.2010წ. #827 ბრძანებით 01.07.2010 წლიდან მოსარჩელე დაინიშნა პროექტის მატერიალურ პასუხისმგებელ პირად;

1.2.12. სააგენტოს 29.07.2010წ. #845 ბრძანებით მოსარჩელეს 01.07.2010 წლიდან 01.01.2013 წლამდე დაევალა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობების შესრულება;

1.2.13. 18.11.2010წ. #2742 ბრძანებით, 16.11.2010 წლიდან დასაქმებული გათავისუფლდა სააგენტოს პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერის თანამდებობიდან;

1.2.14. 16.11.2010წ. მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 01.01.2013 წლამდე მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერად. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 23 386.96 შვედური კრონის ეკვივალენტი ლარით. ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტომ 18.11.2010წ. მიიღო შესაბამისი ბრძანება;

1.2.15. 04.02.2011წ. გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერად 02.02.2011 წლიდან 31.12.2012 წლამდე;

1.2.16. 04.10.2011წ. #4173/კ ბრძანებით 03.10.2011 წლიდან დასაქმებულს დაევალა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოვალეობების შესრულება. აღნიშნული მოვალეობის შესრულება შეწყდა 03.10.2011 წელს;

1.2.17. 30.03.2012 წლიდან დასაქმებული გათავისუფლდა პროექტ „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერის თანამდებობიდან.

1.2.18. 30.03.2012წ. კვლავ დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 01.01.2013 წლამდე მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 040 ლარით;

1.2.19. დამსაქმებლის 17.07.2012წ. #3877/კ ბრძანებით მოსარჩელე მიღებული იქნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტში „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერის თანამდებობაზე, 16.07.2012 წლიდან 01.01.2013 წლამდე. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 040 ლარით;

1.2.20. მოპასუხის 18.07.2012წ. #4236/კ ბრძანებით, 16.07.2012 წლიდან სააგენტოს პროექტში „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერს შეეთავსა სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობები;

1.2.21.28.09.2012 წლიდან 02.10.2012წ. #6663/კ ბრძანებით, სააგენტოს პროექტის „სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 01.10.2012 წლიდან 01.10.2014 წლამდე დაინიშნა სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების პროექტის დირექტორად. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 3 200 ლარით. 10.10.2012წ. #6888/კ ბრძანებით მოსარჩელეს შეეთავსა სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობები;

1.2.22. სააგენტოს 05.02.2013წ. #1558/კ ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების პროექტის დირექტორთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და 01.02.2013 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

1.2.23. 01.02.2013წ. მხარეთა შორის კვლავ დაიდო შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, სამი თვის ვადით. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 5 000 ლარით. სააგენტომ 05.02.2013წ. გამოსცა შესაბამისი ბრძანება, ხოლო 13.05.2013წ. #4242/კ ბრძანებით სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს 05.05.2013 წლიდან 02.07.2013 წლამდე გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობის ვადა;

1.2.24. 01.02.2013 წლიდან 01.10.2014 წლამდე მოსარჩელეს დაევალა სააგენტოს პროექტის ინსტიტუციური განვითარების დირექტორის მოვალეობების შეთავსება. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 3 200 ლარით;

1.2.25. მოპასუხის 17.09.2013წ. #8067/კ ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 01.09.2014 წლამდე. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 5 000 ლარით;

1.2.26. სააგენტოს 03.10.2014წ. #7747/კ ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და 01.10.2014 წლიდან მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

1.2.27. დამსაქმებლის 28.08.2014წ. #6743/კ ბრძანებით, სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორს, თავმჯდომარის მოადგილეს 6 თვით, 01.09.2014 წლიდან 01.03. 2015 წლამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა და 16.03.2015წ. #2083/კ ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 17.03.2015 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

1.2.28. სააგენტოს 03.04.2015წ. #01/70772 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 01.03.2015 წელს, აღნიშნული დროისათვის დასაქმებული იმყოფებოდა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაში სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობების შემსრულებლის 27.11.2014წ. #9778/კ ბრძანების საფუძველზე, რომლის ვადაც, თავის მხრივ, იწურებოდა 17.03.2015წ. შესაბამისად, მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდა. სააგენტოს 17.03.2015წ. #01/53667 წერილით დასაქმებულს გაეგზავნა მოპასუხის 16.03.2015წ. #2083/კ ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;

1.2.29. ააიპ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის 23.03.2017წ. წერილის თანახმად, 01.03.2016 წლიდან 31.05.2018 წლის ჩათვლით მოსარჩელე ამავე ორგანიზაციის პროექტის „გავერთიანდეთ ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად და ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად საქართველოს უკეთესი მომავლისათვის“ დირექტორია. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 3 648.40 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, 408-ე მუხლი პირველი ნაწილი წარმოადგენს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად მოიძიეს/განმარტეს ზემოხსენებული ნორმები. ამ მხრივ პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ჭრილში ექვემდებარება შემოწმებას. ამ მხრივ უდავოა, რომ მოპასუხე შესრულების გზით ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს (შკ-ის 37.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა შორის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების ვადას, რომელიც ერთ წელს არ აღემატებოდა. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილი, მარათალია, დასაშვებად მიიჩნევს ხელშეკრულების ერთ წლამდე ვადით დადებას, თუმცა, კანონით გათვალისწინებული არც ერთი ობიექტური წინაპირობის არსებობა არ დგინდება, ხოლო, დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა რაიმე ობიექტური მიზეზის არსებობა, რომელიც ერთ წლამდე ვადით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას გამართლებულს გახდიდა. ამგვარად ვერ იქნება მიჩნეული მისი მტკიცება, რომ ხსენებული ნაკარნახევი იყო დეკრეტული შვებულების ვადით. ამ ვითარებაში, სახეზეა ბოლო ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები, რამდენადაც ვადაზე მხარეთა შეთანხმება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (შკ-ის 6.12, 1.3., ს.კ-ის 54-ე, 62-ე მუხლები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვადის განსაზღვრის ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობის გამო, მხარეთა შორის ბოლოს დადებული ხელშეკრულება მიიჩნევა მინიმუმ ერთი წლის ვადით დადებულად, თანახმად შრომის კოდექსის 6.12 მუხლისა, რაც მხარეთა უვადო შრომით ურთიერთობაში ყოფნაზე მეტყველებს (შკ-ის 6.13 მუხლი), შესაბამისად, ვადის გასვლის მოტივით შრომითი ურთიერთობის მოშლა მართლსაწინააღმდეგოა და არსებობს, როგორც დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შრომის კოდექსის 38.8 მუხლით განსაზღვრული წინაპირობა, ისე _ მართლსაწინააღმდეგო დათხოვნის გამო ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, რომელიც მართებულად იქნა გამოანგარიშებული მისაღები ხელფასის ოდენობით. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად მოშლის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების კანონიერებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

კასატორმა 2019 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის #462 ბრძანება, დამსაქმებლის რეორგანიზაციის თაობაზე. პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უარს აცხადებს ამ ბრძანების საქმისათვის დართვაზე და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე იარსებებს აღსრულების ხელისშემშლელი წინაპირობები, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შესაძლოა იმსჯელოს გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლაზე (სსსკ-ის 263-ე მუხლი) იმგვარად, რომ ხსენებული დოკუმენტი გავლენას ვერ იქონიებს სარჩელის საფუძვლიანობაზე, ამასთანავე, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატა წარმოდგენილ, დოკუმენტს უბრუნებს მხარეს.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 08.11.2019წ. #34102 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 082 ლარის 70% _ 3 557,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს დაუბრუნდეს 2019 წლის 25 დეკემბრის #ა-5881-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულება _ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის #462 ბრძანება 23 (ოცდასამი) ფურცლად.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ #2.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 08.11.2019წ. #34102 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 082 ლარის 70% _ 3 557,4 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი