Facebook Twitter

საქმე№ას-1483-2020 19 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ყ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ძე, მ.ბ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ყ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2012 წლის 28 დეკემბრიდან უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ......, 1000 კვ.მ ფართობი, ს/კოდი ...... მესაკუთრე იყო.

2. მ.ბ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან გამყიდველი) და ვ.ხ–ას წარმომადგენლობით, მოსარჩელეს შორის, 2017 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებში არსებული უზუსტობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. საჯარო რეესტრში 2017 წლის 17 ნოემბერს, წარდგენილი იქნა ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა. პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაჩქარებული წესით, იმავე დღეს განხორციელდა.

3. სადავო უძრავ ქონებაზე, პირველ მოპასუხეს და ნ.მ–ს (შემდეგში: იპოთეკარი) შორის, 2017 წლის 25 ნოემბერს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 30 ნოემბერს იპოთეკა დარეგისტრირდა.

4. პირველ მოპასუხეს და ა.გ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მყიდველი) შორის, 2017 წლის 30 ნოემბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია იმავე დღეს დასრულდა და სადავო უძრავი ქონება მეორე მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა. ნასყიდობის საგნის ღირებულება 90 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

5. ამავე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირების მიზნით, საჯარო რეესტრს პ.კ–ძის განცხადება წარედგინა. ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვის (ყადაღის) გამო, ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაცია ვერ განხორციელდა.

6. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 2018 წლის 24 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 5 სექტემბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

7.2. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით დადებული გარიგებაა, რადგანაც გამსხვისებელს ქონება შეძენილი ჰქონდა ყალბი მინდობილობის საფუძველზე და არც შემძენს სურდა რეალურად ქონების შეძენა. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ქონება მის რეალურ მესაკუთრეს (მოსარჩელეს) არ დაბრუნებოდა. სადავო გარიგება დაჩქარებული წესით გაფორმდა, მის გაფორმებას წინ უძღოდა ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ 5 დღის განმავლობაში იყო რეგისტრირებული. ამასთან არ დასტურდება მეორე მოპასუხის მიერ არც ნასყიდობის საფასურის და არც იპოთეკარისთვის თანხის გადახდა. გარდა ამისა, მეორე მოპასუხეს ქონების შეძენის სურვილი რომ არ გააჩნდა ამას ისიც ადასტურებდა, რომ შეძენამდე მას არ ჰქონდა გამოკვლეული უძრავი ქონების სამშენებლო პოტენციალი, მაშინ როცა შეძენა სახლის აშენების მიზნით განხორციელდა. გარდა ამისა, მეორე მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა მესამე პირზე უძრავი ქონების გაყიდვას.

8. მოპასუხეების პოზიცია

8.1 პირველ მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარუდგენია, მას საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით ეცნობა.

8.2. მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 56-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით.

9.3 სასამართლომ შეფასებით, ვინაიდან, მოჩვენებით დადებული გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებენ შეთანხმებით და ორივე უნდა აცნობიერებდეს ნების ნაკლს, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, მოპასუხეების მხრიდან ჰქონდა თუ არა სადავო გარიგების დადების დროს შეთანხმებულად მოქმედებას.

9.4. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს შორის, 2017 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის დადებული მოჩვენებით და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას ისახავდა მიზნად. იმავდროულად, სასამართლომ მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია.

9.5 სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

9.5.1 მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 30 ნოემბერს და უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება დაჩქარებული წესით აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პარალელურად გაუქმდა მასზე არსებული ჩანაწერი იპოთეკის შესახებ. მოწმის სახით დაკითხული იპოთეკარი და გ.ბ–ძე ადასტურებენ იპოთეკარისთვის თანხის გადაცემას, რაც საჯარო რეესტრშივე განხორციელდა, რეესტრში არსებული ბანკის ფილიალის საშუალებით.

9.5.2 უძრავი ქონების შეძენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 16 იანვარს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მეორე მოპასუხის სახელით მისმა წარმომდგენელმა მიმართა. აღნიშნულის მიზანს სადავო უძრავი ქონების მომიჯნავედ არსებული 105 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენდა, რისთვისაც მოიპოვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობა. ხოლო კომისიამ საკითხის გადასაწყვეტად დამატებით მოითხოვა სადავო უძრავი ქონების წინა მესაკუთრის თანხმობა. ვინაიდან ბოლო მესაკუთრე პირველი მოპასუხე იყო, რომელთან დაკავშირებაც მხარემ ვერ მოახერხა, თანხმობის მოპოვების მიზნით, ნასყიდობის ხელშეკრულება ოჯახის ახლობელთან პ.კ–ძესთან გააფორმა.

9.6 საქალაქო სასამართლომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია უძრავ ქონებაზე ფიქტიური გარიგებების შედგენის შესახებ და განმარტა, რომ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, ადგილი არ უნდა ჰქონოდა მეორე მოპასუხის მხრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მისი გასხვისების ან თუნდაც იპოთეკით დატვირთვის გარიგების გარდა, სხვა ქმედებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მეორე მოპასუხე სადავო უძრავი ქონების ფლობას შეუდგა და სადავო გარიგების დადებიდან რამდენიმე თვეში, მან აღიარების კომისიას მომიჯნავე მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნითაც მიმართა.

9.7 გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო მინდობილობის საფუძველზე განხორციელდა. მან არაფერი იცოდა სხვა სავარაუდო სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, მისი მხრიდან გარიგების დადება არ მომხდარა იმ მიზნით, რომ მას და პირველ მოპასუხეს თავიდან აერიდებინათ მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება.

9.8 სასამართლომ შეფასებით, მართალია, საქმის მასალებში ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, თუმცა ის ფაქტი, რომ მეორე მოპასუხეს ნაკვეთის შეძენა სურდა პირადი მიზნებისთვის, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ნასყიდობის საფასური გადახდილად უნდა იქნეს მიჩნეული.

9.9 საქალაქო სასამართლომ, სსსკ-ის 180-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ არსებობს. რამდენადაც საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული 2017 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი და ბათილი გარიგება და გამოხატავს შემძენის ნამდვილ ნებას, ამდენად, ნამდვილი გარიგების არსებობის პირობებში 2017 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით ვერ აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.

10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

11.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სადავოდ გამხდარია იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, 2017 წლის 30 ნოემბერს დადებული გარიგების კანონიერება შეაფასა. აპელანტის მიერ გაზიარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ მითითებული გარიგების ნამდვილობის შემთხვევაში, 2017 წლის 17 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, მოსარჩელის ნამდვილი იუირიდიული ინტერესი არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, 2017 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების ნამდვილობა.

11.4 მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითა (იხ. წინამდებარე განჩინების 9.5.1-9.5.2 ქვეპუნქტები) და მიიჩნია, რომ დასახელებული ფაქტები იმის დასტურია, რომ მოპასუხეებს შორის რეალურად წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართალურთიერთობა - დაიდო სამოქალაქო ბრუნვის გარიგება. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე ვერ ასახელებს სადავო გარიგებით რა გარიგება დაიფარა და მხარეებს შორის რა სამართალურთიერთობა არსებობდა, რაც გამორიცხავს თვალთმაქცური გარიგების არსებობის შესაძლებლობას.

11.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო გარიგების ნამდვილობაზე გავლენს ვერ მოახდენს, აპელანტის მითითება საქმის მასალებში ნასყიდობის საგანის საფასურის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან თანხის გადახდის ფაქტი, თავად გამყიდველის მხრიდან სადავოდ არ არის მიჩნეული.

11.6 სასამართლოს შეფასებით, პ.კ–ძესთან ნასყიდობის გარიგების დადების ფაქტი, 2017 წლის 30 ნოემბერს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული გარიგების ნების ნამდვილობაზეც ვერ მოახდენს გავლენას. ამ თვალსაზრისით, არსებითია ისიც, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული ყალბის მინდობილობის საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სადავო გარიგების ბათილობას, შემძენის არაკეთილსინდისიერების საფუძვლით, ვინაიდან კანონის თანახმად, აუცილებელია ქონებაზე საკუთრების არარსებობის ფაქტის ცოდნა შემძენის მიერ და არა „უნდა სცოდნოდა“ სტანდარტი.

11.7 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ სადავო გარიგების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ხასიათი, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც სარჩელის/ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან წინამდებარე შემთხვევა არ არის სტანდარტული. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მეორე მოპასუხეს სადავო მიწა არ შეუძენია. აღნიშნული შეფასება არასწორია. მოსარჩელის ხელთ არსებული ინფორმაციით დადასტურდა ის, რომ მეორე მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი - „თანხა გადახდილია ხელმოწერამდე“ არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მხარემ აღნიშნა, რომ თანხა გადასცა შემდგომ, რაც აბრუნებს მტკიცების ტვირთს შემძენის საწინააღმდეგოდ და მან უნდა ამტკიცოს, რომ თანხა გადაიხადა.

12.3 სასამართლოს მსჯელობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მტკიცებულებით თანხის გადახდა არ დასტურდება, რაც სადავო გარიგების ნამდვილობას არ ცვლის, რადგან ამაზე გამყიდველი არ დავობსო, არასწორია. კასატორის მტკიცებით საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს ვარაუდი, რომ მხარეები მოქმედებდნენ შეთანხმებულად.

12.4 კასატორის განმარტებით, ერთ-ერთი არსებითი ფაქტი, რომლის დეტალური კვლევისა და შეფასების გარეშე არ შეიძლება საკითხის გადაწყვეტა, შემძენის მიერ თანხის გადახდა-არგადახდის ფაქტია. სხვა დანარჩენი ეტაპები: ხელშეკრულების დადება, დაჩქარებული წესით რეგისტრაცია, ხალხმრავლობა გარიგების დადებისას, მიწის ნახვა და ა.შ, ყველაფერი ეს ნამდვილიც რომ იყოს, უპირობოდ არ მოწმობს ნამდვილი გარიგების დადების ფაქტს.

12.5 სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მეორე მოპასუხემ აღიარების კომისიას მიმართა და ამით ფაქტობრივი ფლობა განახორციელა, რაც ამყარებას გარიგების დადებისას გამოვლენილ ნამდვილ ნებას, დაუსაბუთებელია.

12.6 კასატორის განმარტებით, ხაზგასამელია ის გარემოებაც, რომ პარალელურად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად, რაც უდავოდ მოწმობს იმ ფაქტს, რომ საქმე ეხება დანაშაულებრივი გზით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გასვლას მესაკუთრის ხელიდან და ასევე დანაშაულებრივი გზით სხვა პირთა მიერ საკუთრების უფლების მოპოვებას.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული გარიგებისას ნების გამოვლენის ნამდვილობა.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო გარემოებებთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 11.4 –11.7 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობა).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (შდრ: სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი, 2018 წელი).

24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმის განხილვისას დაარღვიეს მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორად გადაანაწილა. მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (შდრ: № ას-1439-1357-2012,1 ივლისი, 2013წ).

25. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

26. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ შესძლო საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

27. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეების ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი, ასევე, ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ეტაპზე მეორე მოპასუხემ იცოდა, ან რაიმე წყაროზე დაყრდნობით, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო უძრავი ქონების სადავოობის თაობაზე.

28. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორმა სადავო გარიგებათა მოჩვენებითი ხასიათი ვერ დაადასტურა, მით უფრო, როდესაც ქონების გამსხვისებელს (პირველ მოპასუხეს) ამ ქონების ღირებულების გადახდის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სადავო გარიგებას იურიდიული შედეგი მოჰყვა, რის გამოც სსკ-ის 56-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების 12.4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხეებს შორის დადებული გარიგების მოჩვენებითობაზე არ მიუთითებს.

29. საკასაციო საჩივრის იმგვარი გადატვირთულობა, როგორიც განსახილველ საქმეშია, სასამართლოს ვერ შეუქმნის ან გაუმყარებს შინაგან რწმენას, რომ სარჩელი დასაბუთებულია, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იმის მიხედვით იღებს, თუ როგორ წარადგენს ფაქტობრივ გარემოებათა თანმიმდევრულობას მოსარჩელე და როგორ შეედავება მას მოპასუხე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს. ამრიგად, მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით ხასიათს არ ატარებს და აღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ ვლინდება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ყ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ჭ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 25 იანვარი), 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური