საქმე№ას-454-2021 10 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ც.ბ–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ.ქ–მა და ზ.ქ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ც.ბ–ას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტობრის გადაწყვეტილებით თ.ქ–ის სარჩელი ც.ბ–ას მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ზ.ქ–ის სარჩელი ც.ბ–ას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ.ქ–ის სარჩელი, ც.ბ–ას მიმართ, 1994 წლის 22 ოქტომბერს გარდაცვლილი ჟ.ქ–ის სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს თ.კ–ძის მიერ, ც.ბ–ას სახელზე, 28.05.2007წ. წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/3 ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ზ.ქ–ი ცნობილი იქნეს, 1994 წლის 22 ოქტომბერს გარდაცვლილი ჟ.ქ–ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტის №9 საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, სოფელი ...,..... ქუჩა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...... (განცხადების რეგისტრაციის ნომერი №882019103853, წარმდგენი ც.ბ–ა) 1/3-ზე, ჟ.ქ–ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ; ზ.ქ–ის და თ.ქ–ის სარჩელი ც.ბ–ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.ქ–მა და ზ.ქ–მა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით თ.ქ–ისა და ზ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.ქ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
2021 წლის 4 ივნისს თ.ქ–მა წარმოადინა გადახდილის სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი.
კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტამდე საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ.ქ–ის წარმომადგენელმა ე.ბ–მა, რომლითაც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ქ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების მიხედვით, თ.ქ–მა მის წარმომადგენელ ე.ბ–ს მიანიჭა უფლება, მის მაგიერ შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც გულისხმობს აგრეთვე საჩივარზე (კერძო, სააპელაციო, საკასაციო) უარის თქმასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ქ–ის წარმომადგენელ ე.ბ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძო საჩივარზე შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული და კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, მე-3, 284-ე, 378-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ქ–ის წარმომადგენელ ე.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება თ.ქ–ის კერძო საჩივარზე ც.ბ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრლის განჩინებაზე.
3. თ.ქ–ს (პ/ნ №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ბ–ის მიერ 2021 წლის 3 ივნისს №10990288900 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
4. განემარტოს მხარეს, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით.
5. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი