Facebook Twitter

საქმე №ას-251-2021 11 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ფ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.ფ–ამ“ (შემდგომ: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ფ–ის“ (შემდგომ: მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 14140 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება №G-37, 30 ცალი მოტოსკუტერის (საბარგულით) შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი, რომელმაც შეადგინა 92 700 ლარი დღგ-ის ჩათვლით. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სკუტერების და საბარგულების მიწოდება განახორციელა 2017 წლის 30 ნოემბერს. თავის მხრივ, მოსარჩელემ 2017 წლის 12 დეკემბერს სრულად გადაიხადა ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განსაზღვრული ფასი 92 700 ლარი დღგ-ის ჩათვლით.2017 წლის 17 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს საგასახადო კოდექსში, კერძოდ კი, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-გან გათავისუფლდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომერკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი.მოპასუხემ მოპედების და საბარგულების მიწოდება განახორციელა 30 ნოემბერს, რა დროსაც, ზემოთხსენებული ცვლილება ძალაში იყო შესული. შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა ვალდებულება გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ფასი დღგ-ის ჩათვლით. დღგ-ის სახით გადახდილმა თანხამ შეადგინა 14140 ლარი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელმაც შეცვალა მისაწოდებელი პროდუქტის დაბეგვრის რეჟიმი, რამაც გამოიწვია ფასის კორექტირება. 2017 წელის 30 ნოემბერს მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა კორექტირებული ფასი, ნასყიდობის ფასიდღგ-ს გარეშე 92700 ლარი. შემსყიდველმა იმავე წლის 12 დეკემბერს დაადასტურა ხელშეკრულების შეცვლის პირობა საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურებით და განახორციელა ანგარიშსწორება, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა ხელშეკრულების ფასის ცვლილება შესრულებით. 2017 წლის 15 ნოემბრის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების საფუძელზე ცვლილება ასევე შევიდა 185-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტსა და 188-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც მოცემული პროდუქცია დაიბეგრა აქციზით და თითოეული ერთეული მოტოსკუტერის დაბეგვრა 1 საბაჟო დეკლარაციაზე გახდა 150 ლარი, რამაც გააძვირა მისაწოდებელი პროდუქცია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14140 ლარის გადახდა,

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 20 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ G-37, რომლის საგანს წარმოადგენდა მოტოსკუტერების შესყიდვა საბარგულებთან ერთად. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 92 700 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. დღგ-ს ოდენობა განისაზღვრებოდა 14 140 ლარით.

6. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა.

7. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე, ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ამის თაობაზე შესაბამისი მიზეზების მითითებით. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

8. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოტოსკუტერების და საბარგულების მიწოდება განახორციელა 2017 წლის 30 ნოემბერს.მოსარჩელემ 2017 წლის 12 დეკემბერს სრულად გადაიხადა ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განსაზღვრული ფასი 92 700 ლარი.

9. 2017 წლის 17 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს საგასახადო კოდექსში კერძოდ,168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომერკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერის ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების ღირებულების მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა.

10. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტრონულად დადასტურებული ანაგრიშფაქტურა არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანად ხელშეკრულებით განსაზღვრული სპეციალური ფორმის დაუცველობის გამო.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტმა მოითხოვა სარჩელის უარყოფა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი უარყოფილი იქნა.

13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, არასწორად შეაფასა არსებული დავა სამართლებრივი კუთხით.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტნაციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება არასწორად დაამყარა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტის დანაწესს (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტროს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდეუბლება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში).

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების პპ: 5-9 - ში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 30 იანვრის №19/36 აუდიტის დასკვნის (მოსარჩელის 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში) თანახმად მოსარჩელემ არასწორად განახორციელა 14 140 ლარის გადახდა. 2020 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ 14 140 ლარის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ. მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ის გათვისუფლებული იყო დღგ-ს, ამ შემთხვევაში - 14140 ლარის გადახდისაგან. შესაბამისად, უსაფუძვლოდ განახორციელა ამ თანხის მიღება მოპასუხემ და სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, არსებობს სადავო თანხის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნების წინაპირობები.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის თანხის - 92700 ლარის, მათ შორის, სადავო 14 140 ლარის გადახდა, რომლის (14 140 ლარი) უკან დაბრუნებაც მოპასუხისაგან მოთხოვნილია, მოსარჩელემ განახორციელა 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (იხ. სუსგ №ას-184-171-2015; 20 მაისი, 2016 წელი).

17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტით გათვალისწინებული ნორმის საფუძველზე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებლია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. თუმცა, არ იქნა გაზიარებული, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილების (2017 წლის 17 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს საგასახადო კოდექსში კერძოდ კი 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში) განხორციელების შედეგად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ავტომატურად გაბათილდა ან შეწყდა ნაწილობრივ, კონკრეტულად კი, 1440 ლარის გადახდის ნაწილში. ის ფაქტი, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მოსარჩელე თავისუფლდებოდა კონკრეტულად ამ სახის შესყიდვაზე დღგ-ს გადახდისაგან, ავტომატურად, არ იწვევდა 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გაბათილებას ან შეწევეტას. ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, რაც მხარეთ შორის უკვე ხელშეკრულების არსებითი პირობები შეთანხმებული იყო (სკ-ის 327-ე მუხ.). იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ცვლილება განხორციელდებოდა 2017 წლის 20 სექტემბრამდე, ე.ი. ხელშეკრულების დადებამდე, ცხადია აღნიშნული ასახვას ჰპოვებდა ხელშეკრულების პირობებზე და მხარეები სხვაგვარად დაარეგულირებდნენ, მათ შორის, არსებულ ურთიერთობას. საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება წარმოადგენდა, არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გაბათილების ან შეწყვეტის საფუძველს, არამედ ეს საკანონმდებლო ცვლილება საფუძველს წარმოუშობდა მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლზე დაყრდნობით.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოება, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეცვლილი გარემოება თავისთავად არ გულისხმობს ხელშეკრულების პირობათა შეცვლას, არამედ პირობათა მისადაგება შეცვლილი გარემოებისდამი წარმოადგენს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების საგანს.

19. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობათა მისადაგების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ მხარეს, რომლის შესასრულებელ ვალდებულებაზეც ახდენს გავლენას შეცვლილი გარემოება, ვინაიდან ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ პირობათა შეცვლის ინტერესი და მოთხოვნის უფლება იმ მხარეს ვერ წარმოეშობა, რომლის ვალდებულების შესრულების გარემოებები უცვლელად რჩება.

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური მოიცავდა ასევე დღგ-ს, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მყიდველს (მოსარჩელეს). შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიცვალა მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მიმართ არსებული გარემოება. აღნიშნულიდან და ზემოხსენებული განმარტებიდან დგინდება, რომ სწორედ მოსარჩელეს (მყიდველს) ჰქონდა უფლება მოეთხოვა ხელშეკრულების პირობების ცვლილება, შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგება, კერძოდ კი, ნასყიდობის საფასურში გათვალისწინებული დღგ-ს გამოკლება ჯამური ღირებულებიდან.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სსკ-ის 398-ე მუხლით დადგენილი უფლებით არ უსარგებლია და მხარეთა შორის შეთანხმებული წერილობითი ფორმით არ მოუთხოვია ხელშეკრულების პირობათა მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, მყიდველის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება უცვლელი დარჩა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი 2017 წლის 12 დეკემბერს (საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 17 ნოემბერს) და მას გადახდილი თანხის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის გაცნობამდე. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ პრეზუმფციას, რომ ხელშემკვრელი მხარეებისთვის, მით უფრო, მოსარჩელისთვის, ცნობილი იყო საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება განხორციელდა პირობათა შეუცვლელად.

22. ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდა 92700 (მათ შორის სადავო 14140) ლარის გადახდა, რომლის კორექტირებაც, მიუხედავად მისი უფლებამოსილების არსებობისა, მოსარჩელეს არ მოუთხოვია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გამორიცხებოდა სადავო - თანხის 14140 ლარის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტის საფუძველზე უკან დაბრუნების ფაქტობრივი საფუძველი და სააპელაციო პალატამ საბოლოოდ მიიჩნია, რომ შესაბამისი ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთების არარსებობის გამო, სარჩელი უარყოფილი იქნა.

23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 976 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუქნტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

25. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადასახდელი 14 140 ლარის ვალდებულება შეწყდა საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოპერაციაზე გაუქმდა დღგ-ს გადასახადი.

26. სააპელაციო სასამართლომ 398-ე მუხლზე მსჯელობისას, ერთმანეთისგან არ განასხვავა სახელშეკრულებო პირობები და საგადასახადო ვალდებულებები. 92 700 ლარიდან 78 560 ლარი იყო ნასყიდობის საფასური, ხოლო 14 140 ლარი - დღგ-ის თანხა. ნასყიდობის საფასურთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება 14 140 ლარს, ეს არის არა ნასყიდობის საფასური, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხა. მართალია, დასახელებული 14 140 ლარის გადარიცხვა მოხდა მოპასუხის ანგარიშზე, თუმცა, ეს იყო არა მოპასუხისთვის განკუთვნილი თანხა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის განკუთვნილი დღგ-ის თანხა. ხოლო, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე გათავისფულდა ბიუჯეტში დასახელებული 14 140 ლარის (დღგ-ის თანხა) გადახდისგან და ამავე დროს მოსარჩელისაგან ჩაერიცხა მოპასუხეს 14 140 ლარი, აშკარაა, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ერთი მხრივ, მოპასუხე გათავისუფლდა ბიუჯეტში დღგ-ს გადახდისგან, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელისაგან ჩაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს თანხა. რომ შევაჯამოთ, დასახელებული 14 140 ლარი არის შესაბამი საფუძვლის გარეშე გადახდილი და მოპასუხე ამ თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა (იხ., საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ:

30. 2017 წლის 20 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ G-37, რომლის საგანს წარმოადგენდა მოტოსკუტერების შესყიდვა საბარგულებთან ერთად. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 92 700 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. დღგ-ს ოდენობა განისაზღვრებოდა 14 140 ლარით.

31. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა.

32. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე, ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ამის თაობაზე შესაბამისი მიზეზების მითითებით. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

33. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოტოსკუტერების და საბარგულების მიწოდება განახორციელა 2017 წლის 30 ნოემბერს.მოსარჩელემ 2017 წლის 12 დეკემბერს სრულად გადაიხადა ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განსაზღვრული ფასი 92 700 ლარი.

34. 2017 წლის 17 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს საგასახადო კოდექსში კერძოდ,168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომერკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერის ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების ღირებულების მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა.

35. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხისათვის თანხის - 92700 ლარის, მათ შორის, სადავო 14 140 ლარის გადახდა, რომლის (14 140 ლარი) უკან დაბრუნებაც მოპასუხისაგან მოთხოვნილია, მოსარჩელემ განახორციელა 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში.

36. დადგენილია ისიც, რომ 2019 წლის 30 იანვრის №19/36 აუდიტის დასკვნის (შპს „ს.ფ–ის" 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში) თანახმად, მოსარჩელემ არასწორად განახორციელა 14 140 ლარის გადახდა.

37. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონისმოთხოვნათადაცვით (ამავე კოდექსის 178-ემუხლი) უნდააისახოსმხარეთამიერსასამართლოშიწარდგენილსარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020).

38. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, 14 140 ლარის დაბრუნების მოთხოვნა იმ გარემოებაზე დაამყარა, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ის გათვისუფლებული იყო დღგ-ს, ამ შემთხვევაში, 14140 ლარის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან უსაფუძვლოდაა სადავო თანხა გადახდილი. ამასთანავაე, სადავო თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე, რადგან, ერთი მხრივ, მოპასუხე გათავისუფლდა ბიუჯეტში დღგ-ს გადახდისგან, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელისაგან ჩაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს თანხა.

39. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილი თანხით მოპასუხის გამდიდრებისა და ამ თანხაზე უკუმთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი).

41. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე, მხარეთა შორი სვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი).

42. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი).

43. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა გამოიკვეთოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად მათი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება (იხ., მ. ახალაძე „უსაფუძვლო გამდიდრება“ (2005-2018წ.-ის 1 ნახევარი), თბილისი, 2018; გვ: 16, 17).

44. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი _ მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. შესაბამისად, შეცილების განხორციელების მომენტიდან, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა ითვლება ბათილად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმებას, რაც ამ გარიგებას მოჰყვა.

46. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კონდიქციური სამართლის ნორმების გამოყენება უსაფუძვლოდ ჩათვალა.

47. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს საგასახადო კოდექსში კერძოდ, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომერკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი, ავტომატურად არ იწვევს 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გაბათილებას ან შეწყვეტას. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის უკვე ხელშეკრულების არსებითი პირობები შეთანხმებული იყო (სსკ-ის 327-ე მუხ.).

48. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება წარმოადგენდა, არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გაბათილების ან შეწყვეტის საფუძველს, არამედ ეს საკანონმდებლო ცვლილება საფუძველს წარმოუშობდა მოსარჩელეს სსკ-ის 398-ე მუხლზე დაყრდნობით ესარგებლა შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების პირობათა მისადაგების უფლებით. მით უმეტეს, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური მოიცავდა ასევე დღგ-ს, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მყიდველს (მოსარჩელეს). შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიცვალა მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მიმართ არსებული გარემოება, რაც სწორედ მოსარჩელეს (მყიდველს) წარმოუშობდა ხელშეკრულების პირობების ცვლილების, შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების მოთხოვნის უფლებას.

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპი - “pacta sunt servanda” მსოფლიოს ყველა მართლწესრიგისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე პრინციპია, რომელიც იმპერატიულად ადგენს სახელშეკრულებო პირობების შესრულების სავალდებულოობას სახელშეკრულებო წონასწორობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისათვის.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად pacta sunt servanda-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალური სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძოსამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით.

51. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, pacta sunt servanda -ის პრინციპთან ერთად თანაარსებობს clausula rebus sic standibus -ის დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნეას ითვალისწინებს.

52. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედებით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად.

53. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წინაპირობა (ქართულ სამართალში - მნიშვნელოვანი დარღვევა, სხვადასხვა მართლწესრიგში - ფუნდამენტური დარღვევა), შესრულების გართულების უმრავლეს შემთხვევაში სახეზე იქნება, რამეთუ ხელშეკრულების გართულება ქართული სამართლისთვის თავის არსში მოიაზრებს გარიგების საფუძვლის კოლაფსს. რაც შეეხება შესრულების გართულების სამართლებრივ შედეგებს, არაერთი მართლწესრიგისა თუ უნიფიცირებული სამართლის მიხედვით, უპირველესად ვექტორი მიმართულია მხარეთა მოპალარაკების პრიორიტეტულობაზე. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულების ადაპტაციის ან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შესრულების გართულების ბუნება და სიმძიმის ხარისხი.

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც დამატებითი შესრულების ნაირსახეობა, რომლითაც აღსრულდება მხარეთა სახელშეკრულებო ნება. ხელშეკრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს გარემომცველი გარემოებების მხედველობაში მიუღებლად. ხელშეკრულების მისადაგება მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებისადმი არ ცვლის მხარეთა ნებას, არამედ შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა თავდაპირველი განზრახვის, ნამდვილი ნების დადგენის საშუალება ხდება. მხარეთა ნება ხელშეკრულების დადების ეტაპზე მისი აღსრულებაა და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებაც ხელშეკრულების აღსრულების და შესაბამისად, მხარეთა ნების განხორციელების წინაპირობაა.

55. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში, როდესაც არსებობს შეუსაბამოობა, დარღვეული წონასწორობა მხარეთა ურთიერთსანაცვლო შესრულებას შორის, შესაძლებელია, განხორციელდეს სახელშეკრულებო ფასის მოდიფიცირება პირველადი სახელშეკრულებო ვალდებულების სამართლებრივ რეჟიმში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება განახლებული პირობებით და ხელშეკრულების თანხის შემცირების საფუძველზე მხარეთა არაეკვივალენტურ შესრულებათა დაბალანსება.

56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის ინსტრუმენტი, რომელიც მხარეთა ლეგიტიმური მოლოდინის აღსრულებისათვის მოითხოვს მუდმივ ურთიერთთანამშრომლობას და თანაქმედების (duty to cooperate), გულისხმიერების ვალდებულების განხორციელებას. ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება, როგორც მხარეთა ქცევის სახელმძღვანელო პრინციპი, სახელშეკრულებო მოლაპარაკებას შეცვლილი გარემოებების აღმოცენების უპირობოდ თანამდევ პროცესად მოიაზრებს.

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების გადასინჯვა, შესაძლებელია, ფორმალური სამართლიანობისათვის საფრთხედ იქნეს განხილული. თუმცა, თანამედროვე დოქტრინისთვის პირობათა უცვლელობა-დაურღვევლობა არ შეიძლება სახელშეკრულებო სამართლის უზენაეს ღირებულებად იქნეს ცნობილი. სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ მოქმედი ახალი პრინციპები, როგორიცაა პროპორციულობა, განგრძობადობა და უწყვეტობა განიხილება ხელშეკრულების გადასინჯვის კანონიერების დასასაბუთებლად. ხელშეკრულების გადასინჯვა მისი სტაბილურობისა და ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობაა. რისკებისა და შეცვლილი გარემოებების გავლენით წარმოშობილი ზარალისა და სარგებლის ურთიერთგაზიარება მხარეთა მიერ (,,გაზიარების პრინციპი”) უსამართლობის პრევენციას ახდენს.

58. როგორც წესი, მხარეები ინტერესთა ბალანსის აღდგენისათვის შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების წესს ანიჭებენ უპირატესობას ურთიერთობის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მიზეზით განამტკიცებს უნიფიცირებული კერძო სამართალი და უმრავლესი ეროვნული სამართლის სისტემა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით მხარეთა მოლაპარაკების სავალდებულოობის დანაწესს. (ვალდებულების შესრულებაზე შეცვლილი გარემოებების გავლენის თაობაზე უფრო დაწვრილებით იხ: ნ. ჩ–ი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორედ მოთხოვნებზე (შედარებითი ანალიზი), თბ, 2015.).

59. შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამამართლებელი საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, აღნიშნული კი, შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე მისი შემცირებით.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა სიმპტომატურად ხუთი ელემენტისაგან შედგება: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი- სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი - სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით (ეს საკვანძო ელემენტი მომდინარეობს ვინდშაიდის ,,პირობის თეორიიდან”, რომლის თანახმადაც: განმსაზღვრელია პირობა, რომლის არსებობის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა და არა პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულება დაიდებოდა); 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს. (იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვ. 213.).

61. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულება ხელშეკრულების მხარეებისათვის მბოჭავია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბოჭვა, ხელშეკრულების დადების დროს არსებული მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. შესაბამისად, ზოგადად მოქმედი პრინციპია ის, რომ გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაიდო ხელშეკრულება, არსებითად არ უნდა იყოს შეცვლილი ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. ცალკეული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, არსებითია თუ არა ამა თუ იმ გარემოების ცვლილება და რამდენად უქმნის ეს ცვლილება მხარეთა ინტერესების ბალანსს საფრთხეს. გარემოებათა ცვლილება აშკარა და არსებით ცვლილებად უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ან ერთ-ერთი მათგანი ამ ცვლილებების გათვალისწინების შემთხვევაში ხელშეკრულებას არ დადებდა ან სხვა შინაარსით დადებდა.

62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეცვლილი გარემოება უნდა იმყოფებოდეს დაზარალებული მხარის კონტროლს მიღმა. ასევე დაზარალებული არც შეცვლილ გარემოებათა მიერ გამოწვეულ შედეგთა რისკის მატარებელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ხელშეკრულების შევსებითი განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ცვლილება კონტრაჰენტის რისკის ან კონტროლის სფეროს ან რამდენად ითვალისწინებდნენ მხარეები მომხდარ ცვლილებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების მიზანი და ხასიათი. რისკი კი შეიძლება აღებულ იქნეს როგორც პირდაპირ, ისე შეიძლება საგულისხმოც იყოს. გარემოებები იმდენად მკვეთრად და კარდინალურად უნდა შეიცვალოს, რომ თუკი მხარეები შემდგომში თავდაპირველ შეთანხმებას გაჰყვებიან, ეს გამოიწვევდა სამართლისა და სამართლიანობის ცნებებისადმი აშკარა შეუსაბამობას. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება ის ვითარებაც, როცა წარმოდგენები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში გარემოებათა შეცვლას კი არა აქვს ადგილი, არამედ ცდომილებას.

63. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. „ ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ (შდრ: სუსგ ას-№ 309-295-2012, 26 მარტი, 2012).

64. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე მხარეთა მოლაპარაკება უნდა დაემყაროს კეთილსინდისიერების პრინციპს. კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლეს სამართლებრივ სისტემაში ვალდებულებითი სამართალი აღიარებს და იცავს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ხელშეკრულების ფორმირებისა და მისი აღსრულების ეტაპზე მხარეები უნდა ხელმძღვანელობდნენ კეთილსინდისიერების პრინციპით, რომელიც თავისი არსით სამართლიანობის უზრუნველყოფას გულისხმობს. შეცვლილი გარემოებების გავლენით შესრულების გართულების წარმოშობისას, კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს აკისრებს ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებას ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ანიჭებს მისი მისადაგების უფლებამოსილებას, რომელიც მოწოდებულია სახელშეკრულებო სამართლიანობისა და წონასწორობის აღდგენისათვის მხარეთა თავდაპირველი მიზანი განმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპის ჭრილში. მოლაპარაკების სავალდებულოობის პრინციპი კონტინენტური სამართლის სისტემის არსობრივი მახასიათებელია, რამეთუ ის განსაკუთრებით ორიენტირებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის დაცვასა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაზე.

65. შეცვლილი გარემოებების აღმოცენება ავტომატურად არ წარმოშობს ადაპტაციის ვალდებულებას, არამედ მოლაპარაკების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს მხარეს. დათქმა Clausula Rebus Sic Stantibus შეცვლილი გარემოებების არსებობისას ითვალისწინებს მოლაპარაკებათა გამართვას კონტრაქტის ადაპტაციის უზრუნველსაყოფად, შეთანხმების პირობების გადახედვას იმგვარად, რომ შესრულების გაგრძელება შესაძლებელი გახდეს. ამდენად, შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა უმთავრესი მიზანი ხელშეკრულების შენარჩუნება უნდა იყოს. ( იხ. დამატებით: გიორგი გოგიაშვილი., Clausula Rebus Sic Stantibus, დინამიკა და სტატიკა სამართალში, ჟურნ. ,,ქართული სამართლის მიმოხილვა”, 9/2006-1/2, 110.).

66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას სახელშეკრულებო მოლაპარაკების პროცესში, მაშინ სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს - ხელშეკრულება უნდა შესრულდეს უცვლელი შინაარსით, მოხდეს მისი ადაპტაცია თუ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობისგან სრული განთავისუფლება. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი და ხელშეკრულების სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეცვლილი გარემოებების შესაბამისად მოდიფიცირებული ხელშეკრულება ყოველთვის მხარეთა თავდაპირველი სახელშეკრულებო ინტერესებისა და მიზნების ამსახველი უნდა იყოს.

67. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებისას კეთილსინდისიერების პრინციპის თვალთახედვით უნდა შეფასდეს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებათა წონასწორობის რღვევის ხარისხი და მისი შედეგები. ვინაიდან, კეთილსინდისიერების პრინციპი ურთიერთობის შეფასებისათვის უმთავრესი მექანიზმია, ამიტომ, ხელშეკრულების ადაპტაცია არ იწვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვას, არამედ ბუნებრივი და სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

68. საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე, ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ამის თაობაზე შესაბამისი მიზეზების მითითებით. 2017 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

69. უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სსკ-ის 398-ე მუხლით დადგენილი უფლებით არ უსარგებლია და მხარეთა შორის შეთანხმებული წერილობითი ფორმით არ მოუთხოვია ხელშეკრულების პირობათა მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება უცვლელი დარჩა.

70. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური სრულად აქვს გადახდილი 2017 წლის 12 დეკემბერს (საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 17 ნოემბერს) და მას გადახდილი თანხის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის გაცნობამდე. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ პრეზუმფციას, რომ ხელშემკვრელი მხარეებისთვის, მით უფრო, მოსარჩელისთვის, ცნობილი იყო საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება განხორციელდა პირობათა შეუცვლელად.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

72. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

74. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.ფ–ას“ (ს/კ: №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან(ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინოკოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 29.03.2021წ.-ს №193 საგადახდო დავალებით გადახდილი 707 ლარის 70% – 494.9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი