Facebook Twitter

საქმე №ას-440-2020 13 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ფ–ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (სარჩელში); ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ბ.ფ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „შეგებებული სარჩელის ავტორი“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, 30.03.2016წ. დაბადებული დ.ფ–ა და 22.09.2017წ. დაბადებული ც.ფ–ა. მხარეებს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და დაძაბული ურთიერთობის გამო ვერ ახერხებენ თავად შეთანხმდნენ მამის და არასრულწლოვანი შვილების ურთიერთობის წესზე. მოსარჩელე მზრუნველი და მოსიყვარულე მამაა და მისთვის მნიშვნელოვანია შვილებთან კონტაქტი, მათ აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობა.

2.2. მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი, კერძოდ: დ.ფ–ასთან - ყოველი კვირის სამშაბათს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე და პარასკევს 17:00 საათიდან შაბათს 20:00 საათამდე, მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ც.ფ–ასთან - ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, პარასკევს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და შაბათი დღის 09:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, იგი წინააღმდეგი არ არის მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან, თუმცა, ბავშვების ასაკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ბავშვების მამასთან წასვლა და ღამე დარჩენა. მოპასუხე თანახმაა, მამამ მოინახულოს არასრულწლოვანი შვილები მათ საცხოვრებელ ადგილას, ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

3.2. მოპასუხე წინააღმდეგია არასრულწლოვნების ბებია მონაწილეობდეს მათ აღზრდაში, ვინაიდან იგი ბავშვებს დედის მიმართ უარყოფითად განაწყობს.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) პოზიცია:

4.1. არასრულწლოვანი ბავშვების სრულყოფილი განვითარებისათვის და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან.

4.2. მოპასუხის საცხოვრებელი პირობების შეფასებისას არ გამოიკვეთა მამის ბავშვებთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება.

4.3. მიზანშეწონილია მამამ ბავშვები თავდაპირველად ნახოს რამდენიმე საათით, დედის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო შემდეგ გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დრო და მამას მიეცეს უფლება ბავშვები წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, არასრულწლოვანი ბავშვისთვის ღამით მამასთან დამოუკიდებლად დარჩენისათვის მიზანშეწონილად მიჩნეულია 4-5 წლის ასაკი, ხოლო თუ ბავშვი მიჩვეულია გარემოს, შესაძლოა უფრო მცირე ასაკის შემთხვევაშიც განისაზღვროს ღამით დარჩენის შესაძლებლობა. ბავშვებთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს მათი ჩვეული დღის რეჟიმის გათვალისწინებით (იხ.: 04.12.2018წ. სხდომის ოქმი, 17:24:46-17:30:24),

5. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:

მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 1000-1000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 01 ოქტომბრიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე.

5.1. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან ერთად.

5.2. მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,ბ.ფ–ში“, ბავშვთა კვების დისტრიბუციისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2800 ლარს, ხოლო პრემია-დანამატებით შემოსავალი 4000 ლარს აღემატება.

5.3. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის პროცესში, ეხმარებოდეს მათ მატერიალურად.

6. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

6.1. მოპასუხე თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 200-200 ლარი.

6.2. მართალია, მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, თუმცა, ყოველთვიურად იხდის სოლიდურ თანხას საბანკო კრედიტის დასაფარად. მოპასუხე ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

1.1. მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილებთან დ.ფ–ასთან (დაბადებული 30.03.2016წ.) და ც.ფ–ასთან (დაბადებული 22.09.2017წ. ) ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით:

1.2. მოსარჩელემ შვილები თავდაპირველად ერთი თვის განმავლობაში ნახოს ყოველი კვირის სამშაბათი დღის 18:00 საათიდან დღის 20:00 საათამდე და შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 14:00 საათამდე მოპასუხის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით სკვერის, პარკის, ტაძრის, საბავშვო გასართობ ცენტრში, სუპერმარკეტის (იგულისხმება "გუდვილი", "ისთ ფოინთი“, კარფური", "თბილისი მოლი"), ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას მხარეთა შეთანხმებით. შეხვედრის ადგილის თაობაზე ინფორმაციას მოპასუხე მიაწოდებს მოსარჩელეს ტელეფონის საშუალებით („სმს“ შეტყობინების სახით) არანაკლებ 20-22 საათით ადრე;

1.3. ერთი თვის შემდეგ მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით:

ა) ყოველი კვირის სამშაბათი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე მოსარჩელეს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან შვილებთან ამავე გადაწყვეტილების 1.2. პუნქტით მითითებულ ადგილას ან მხარეთა შეთანხმებით არჩეულ ადგილას. მოსარჩელემ შვილები ნახოს მოპასუხის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. მოსარჩელეს შვილებთან ურთიერთობისას ასევე მიეცა უფლება არასრულწლოვანი შვილი დ.ფ–ა წაიყვანოს (უმცროსი შვილისგან განსხვავებით) და დააბრუნოს იმავე დღის 20:00 საათამდე მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას;

ბ) ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 12:00 საათამდე მოსარჩელეს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან შვილებთან ამავე გადაწყვეტილების 1.2. პუნქტით მითითებულ ადგილას ან მხარეთა შეთანხმებით არჩეულ ადგილას. მოსარჩელემ შვილები ნახოს მოპასუხის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. მოსარჩელეს შვილებთან ურთიერთობისას ასევე მიეცა უფლება არასრულწლოვანი შვილი, დ.ფ–ა (უმცროსი შვილისგან განსხვავებით) წაიყვანოს და დააბრუნოს იმავე დღის 20:00 საათამდე მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას;

გ) მოსარჩელეს შვილებთან შეხვედრის ადგილის თაობაზე ინფორმაციას მოპასუხე ატყობინებს სატელეფონო შეტყობინების („სმს“ შეტყობინების) სახით არანაკლებ 20-22 საათით ადრე;

1.4. 01.10.2019 წლიდან მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით:

ა) მოსარჩელემ ც.ფ–ა და დ.ფ–ა წაიყვანოს ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 17:00 საათზე და უკან მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას დააბრუნოს იმავე დღის 20:00 საათზე;

ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი დ.ფ–ა ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან იმავე კვირის შაბათი დღის 19:00 საათამდე (ღამე დარჩენის გათვალისწინებით) უკან, მოპასუხესთან დაბრუნების ვალდებულებით;

გ) მოსარჩელე უფლებამოსილია არასრულწლოვანი შვილი ც.ფ–ა წაიყვანოს საცხოვრებელი ადგილიდან ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათზე და დააბრუნოს იმავე დღის 14:00 საათზე მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას;

1.5. შვილებთან ურთიერთობისას მოსარჩელეს ჩართული ჰქონდეს ტელეფონი ან სხვა საკომუნიკაციო საშუალება მხარეთა შეთანხმებით მოპასუხის მხრიდან შვილებზე ინფორმაციის მიღების მიზნით;

1.6. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ვერ ახერხებს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დროს შვილებთან ურთიერთობას, იგი ვალდებულია შეატყობინოს მოპასუხეს აღნიშნულის შესახებ არანაკლებ 5-7 საათით ადრე (სატელეფონო „სმს“ შეტყობინების სახით);

1.7. მამა-შვილების მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით, სადავოობის შემთხვევაში (ანუ არასრულწლოვანი დ.ფ–ა და ც.ფ–ა მიჩვეულები არიან თუ არა მამას ამ უკანასკნელის მხრიდან დამოუკიდებელი წაყვანის თვალსაზრისით) თანხმობას გასცემს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი.

2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელის მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების დ.ფ–ას (დაბადებული 30.03.2016წ.) და ც.ფ–ას (დაბადებული 22.09.2017წ.) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 375-375 ლარის, სულ 750 ლარის გადახდა 01.10.2018 წლიდან მათ სრულწლოვანებამდე.

8. გადაწყვეტილებაზე საააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

შეგებებული სარჩელის ავტორმა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. გადაწყვეტილებით:

1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

3. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2018წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. პუნქტი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. 2019 წლის 01 ოქტომბრიდან მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილებთან დ.ფ–ასთან (დაბადებული 30.03.2016წ.) და ც.ფ–ასთან (დაბადებული 22.09.2017წ.) ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით:

ა) მოსარჩელემ ც.ფ–ა და დ.ფ–ა წაიყვანოს ყოველი კვირის სამშაბათ დღეს 17:00 საათზე და უკან მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას დააბრუნოს იმავე დღის 20:00 საათზე;

ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი დ.ფ–ა ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან იმავე კვირის შაბათი დღის 19:00 საათამდე (ღამე დარჩენის გათვალისწინებით) უკან, მოპასუხესთან დაბრუნების ვალდებულებით;

გ) მოსარჩელე უფლებამოსილია არასრულწლოვანი შვილი ც.ფ–ა წაიყვანოს საცხოვრებელი ადგილიდან ყოველი კვირის შაბათი დღის 12:00 საათზე და დააბრუნოს იმავე დღის 19:00 საათზე მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას;

5. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2018წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. შეგებებული სარჩელის მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების (დაბადებული 30.03.2016წ.) და ც.ფ–ასთან (დაბადებული 22.09.2017წ.) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500-500 ლარის, სულ 1000 ლარის გადახდა, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

7. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

კოლეგიის 19.12.2018წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: 30.03.2016წ. დაბადებული დ.ფ–ა და 22.09.2017წ. დაბადებული ც.ფ–ა.

9.2. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოპასუხე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ბავშვებს აქვთ ძლიერი მიჯაჭვულობა დედასთან, რადგან ის არის მათი ძირითადი მზრუნველი.

9.3. მოპასუხე მუშაობს ,,PSP” ფარმაცევტულ კომპანიაში ბუღალტერის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენს 960 ლარს.

9.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 03.08.2018წ. #17274 დასკვნის შესაბამისად, ბავშვების მამას აქვს ძლიერი მოტივაცია, იყოს აქტიურად ჩართული შვილების ცხოვრებაში, გაუწიოს მათ მატერიალური და მორალური მხარდაჭერა;

9.5. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგში კონვენცია) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

9.6. სასამართლომ მიუთია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1200-ე, 1202-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონმდებლობით გარანტირებულია მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მის ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას თითოეულ მშობელთან. ასეთი დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

9.7. საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნებით დგინდება, რომ ორივე მშობლის ოჯახში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები და არასრულწლოვანთათვის კეთილსაიმედო, უსაფრთხო გარემო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანი ბავშვების ასაკზე, აქედან გამომდინარე, მათი მოვლის თავისებურებებზე, დედასთან არსებულ მიჯაჭვულობასა და იმ გარემოებაზე, რომ ბოლო პერიოდი მამას არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობაში ჰქონდა წყვეტა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებით, მოსარჩელე წარმოადგენს მზრუნველ, ყურადღებიან მამას და იგი პირველივე ბავშვის დაბადებიდან აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდაში. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვების სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მისი აღზრდა-განვითარების პროცესში. სოციალური მუშაკის შეფასებით, არ არსებობს მოსარჩელის შვილებთან ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება.

9.8. სააპელაციო პალატამ მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტით ც.ფ–ას მიმართ განსაზღვრული წესი არ იყო თავსებადი ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან. პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვების მოპასუხესთან ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს (ცოტნეს 14:00 საათზე, ხოლო დემეტრეს 19:00 საათზე) დაბრუნება და ამ გზით მათი ერთმანეთთან დაშორება, ძმებისათვის იქნება მატრავმირებელი. პალატამ მიიჩნია, რომ მამას უნდა მიეცეს საშუალება, არასრულწლოვანი ც.ფ–ა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანოს ყოველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან და დააბრუნოს იმავე დღის 19:00 საათზე ძმასთან, დ.ფ–ასთან ერთად.

9.9. მოპასუხის განმარტებით, მისი საშუალო ხელფასი ყოველთვიურად შეადგენს 4460 ლარს.

9.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 11.10.2018წ. მდგომარეობით, შეგებებული სარჩელის მოპასუხის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 12628.75 ლარს, თებერვლის თვეში - 4853.75 ლარს, მარტის თვეში - 5043.75 ლარს, აპრილის თვეში - 7827.5 ლარს, მაისის თვეში - 4813.75 ლარს, ივნისის თვეში - 5050 ლარს და ივლისის თვეში - 7691.25 ლარს;

9.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 11.10.2018წ. მდგომარეობით, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 600 ლარს, მარტის თვეში - 1674.38 ლარს, აპრილის თვეში - 1284.38 ლარს, მაისის თვეში -1228.13 ლარს, ივნისის თვეში - 1228.13 ლარს, ივლისის თვეში - 1228.13 ლარს და აგვისტოს თვეში - 1228.13 ლარს;

9.12. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

9.13. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 500 ლარი წარმოადგენს ალიმენტის გონივრულ ოდენობას და უზრუნველყოფს ბავშვის რჩენა-აღზრდასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კასატორმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

10.1. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 06.07.2010წ. გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) – მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას – იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სსკ-ის არა ერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

10.2. ბავშვები პატარები არიან, რომ ღამე გაათიონ დედის გარეშე. ამასთან, მოსარჩელე ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელსაც თითქმის ორი წელია ბავშვები არ უნახავს. გასათვალისწინებელია მოსარჩელის ხისტი ხასიათი და ცხოვრების წესი, რაც ბავშვების ფსიქიკაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს და დაირღვევა მათი უფლება, იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში.

10.3. მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა და ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ბავშვებს სჭირდებათ კვება, ჩაცმა, წამლები, სეზონური დასვენება, კომუნალური გადასახადების გადახდა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მენჯ-ბარძაყის მასაჟი, რომლის ღირებულება თითოეულ ბავშვზე 800 ლარს შეადგენს. სექტემბრის თვიდან ორივე ბავშვი ივლის საბავშვო ბაღში, რომლის საფასურიც 400-400 ლარია. ამდენად, მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, თითოეულ ბავშვზე 1000 ლარის ოდენობით, აუცილებელია ბავშვების კეთილდღეობისთვის.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

15. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

16. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; სუსგ №ას-1837-2019, 16.06.2020წ ).

18. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (სუსგ Nას-198-2019, 28.05.2019წ.).

20. სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ გამოიკვეთა მოსარჩელის შვილებთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ბავშვებისათვის. ორივე მშობლის სახლში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს ბავშვების მშვიდ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში აღზრდას. პალატა ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციაზე, რომლის თანახმად, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მათ ზრდა-განვითარებაში... (იხ.: 04.12.2018წ. სხდომის ოქმი, 17:24:46-17:30:24). სასამართლომ გაითვალისწინა რა ბავშვების ასაკი და თავისებურებები, მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულება, თავდაპირველ ეტაპზე განსაზღვრა ბავშვების მამასთან მიჩვევის და ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით დროის მცირე მონაკვეთი, რა დროსაც მამას ბავშვებთან ურთიერთობა ექნება კონკრეტული პერიოდით, დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ხოლო შემდეგ, ბავშვების მამასთან მიჩვევის და ასაკის მატებასთან ერთად, გაიზრდება მამასთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული დროის მონაკვეთი და მამას მიეცემა უფლება გადაწყვეტილებით დადგენილ დროს ბავშვები წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.12.2018წ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.306).

21. გათვალისწინებით იმისა, რომ მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით შეცვალა მხოლოდ 1.4. პუნქტის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად კი - ც.ფ–ას დედასთან დაბრუნების დროის კუთხით, რაც არ გულისხმობს ბავშვის მამასთან ღამე დარჩენას (სასამართლოს გადაწყვეტილებით მამასთან ღამით დარჩენის უფლება განსაზღვრულია მხოლოდ დ.ფ–ასთან მიმართებაში) (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.11.2019წ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.37,38), არარელევანტურია კასატორის მსჯელობა ბავშვების ასაკის გამო დედის გარეშე ღამე მამასთან დარჩენის არამიზანშეწონილობის შესახებ. რაც შეეხება ც.ფ–ას დედასთან დაბრუნების საათს, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ბავშვების დედასთან სხვადასხვა დროს დაბრუნება და ამ გზით მათი ერთმანეთთან დაშორება არ არის თავსებადი ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისათვის არ არის საზიანო. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.

22. საკასაციო საჩივრის ობიექტია ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, კასატორი ითხოვს ნაცვლად საააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული 500-500 ლარისა, ალიმენტის ოდენობად განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 1000 -1000 ლარი.

23. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

24. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

25. პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ. ას-829-2019, 11.07.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ Nას-619-619-2018, 12.09.2018წ.).

26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 500-500 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს კი არაქონებრივი მოთხოვნის ნაწილში გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უკან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.მ–ძეს (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს თ.ო–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 17.07.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე