საქმე №ას-377-2020 9 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გ. მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - დ. ჭ–ი, ლ. ჭ–ი, თ. ჭ–ი, დ. ჭ–ი, ჯ. მ–ძე, ა. მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ღ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ღ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., ლ., თ. და დ. ჭ–ების, ჯ. და ა. მ–ძეების (შემდგომ – მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები), ასევე, გ. ჭ–ისა (შემდგომ - მეშვიდე მოპასუხე) და ბ.გ–ის (შემდგომ – მერვე მოპასუხე, აპელანტი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი ერთ-ერთი მოპასუხისგან შეიძინა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება.
3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ, რითაც ამ უკანასკნელს საკუთრების უფლება ეზღუდება.
მოპასუხეების პოზიცია:
4. მოპასუხეებმა (გარდა მეშვიდე მოპასუხისა, რომელსაც შესაგებელი არ წარუდგენია) წარდგენილი წერილობითი შესაგებლით, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მაკლერის შუამავლობით, მოსარჩელისგან სესხი 8000 აშშ დოლარი ერთი წლით, თვეში 3.5% სარგებლის გადახდის პირობით აიღეს. შუამავლის რჩევით, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.
5. იმის გამო, რომ მოპასუხემ სესხის ძირითადი თანხის გადახდა ვერ შეძლო, მოსარჩელემ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ისარგებლა და მათი კუთვნილი უძრავი ქონებიდან მოპასუხეთა გამოსახლებას ითხოვს.
6. სადავო უძრავი ქონება მოპასუხეთა ერთადერთი საცხოვრებელია, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის - არასრულწლოვნები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელებს დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხეებმა (გარდა მეშვიდე მოპასუხისა) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოება, რომლის თანახმად, საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონება, რომელსაც მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.
11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლები) და განმარტა, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხეთა მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობას და ხელშეშლაზე, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა აპელანტებს ასეთი მტკიცებულებები არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ აპელანტები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელებს.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობისა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნის თაობაზე გარემოებები მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც, სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.
15. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლოს შეფასებით, აპელანტებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის სამართალურთიერთობა, არ დასტურდება საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით და, ასეც რომ იყოს, აღნიშნული ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში საკვლევ გარემოებას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონებას ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. რაც შეეხება აპელანტების მიერ მოხმობილი გარემოებას მასზე, რომ სადავო ქონებაში ცხოვრობენ არასრულწლოვნებიც და ოჯახს სხვა თავშესაფარი არ გააჩნია, ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა - საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას და განმარტა, რომ, ვინაიდან ვლინდებოდა სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, სარჩელი საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა-მეექვსე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
20. კასატორების განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში გამოყენებული კანონები არასწორად განმარტა, რაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა შეფასებამ, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ ნივთის ფლობის არამართლზომიერად მიჩნევამ.
21. კასატორთა მტკიცებით, მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების ფლობა მართლზომიერია, ვინაიდან მხარეთა შორის სესხის და არა ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობდა, რაც დასტურდება მოსარჩელისათვის სესხის სარგებლის გადახდით, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების მესამე პირობა, რომლის თანახმად, მოპასუხეებს არ აქვთ ამ ქონების ფლობის უფლება, არ ვლინდება.
22. მოპასუხეები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია და გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შედეგად დარჩებიან ღია ცის ქვეშ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
28. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები, თუმცა მათ მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ.
29. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მოხდეს საკუთარი ნივთის გამოთხოვა.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
31. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
32. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
34. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ. სუსგები: №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).
35. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ კასატორები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომლებმაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება, ანუ არ მომხდარა მოპასუხეების მტკიცების საგანში შემავალი ნივთის ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება.
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
37. პალატა განმარტავს, რომ კასატორთა მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ამასთან, კასატორების წინამდებარე განჩინების მე-21 პუნქტში მითითებული პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული პრეტენზია სხვა სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს. აღნიშნულის საპირისპიროდ დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (07.02.2017 წელს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება), მოპასუხეთა მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.
38. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის უფლებადამდგენი გარიგების ბათილად ცნობა, ასევე, ქონების საკუთრებაში დაბრუნება არ მოუთხოვიათ, რის გამოც მათი პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული.
39. როგორც უკვე აღინიშნა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სსკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად.
40. კასატორთა ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ, ვინაიდან სადავო ბინაში უკანონოდ არ შესულან, მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ნივთზე ბატონობს ფაქტობრივად. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობა წარმოქმნილია ყოფილი მესაკუთრის მფლობელობიდან. ამ უკანასკნელის მიმართ მოპასუხის მფლობელობა, ცხადია, მართლზომიერი იყო, მაგრამ ამჟამად დადგენილია, რომ სადავო ნივთს ახალი მესაკუთრე ჰყავს, რომელიც მოპასუხეთა მფლობელობის წინააღმდეგია. მოპასუხე ვერ უთითებს ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც ახალ მესაკუთრეს კანონისმიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა.
41. ამასთან, კასატორთა მითითება მასზე, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანი პირები ცხოვრობენ, რომელთაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით - სადავო ქონებაზე კასატორთა მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1016-2018, 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება, №ას-13-2019, 2019 წლის 3 ივნისის განჩინება).
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჭ–ის, ლ. ჭ–ის, თ. ჭ–ის, ჯ. მ–ძის, დ. ჭ–ისა და ა. მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. დ. ჭ–ს (პ/ნ ....), ლ. ჭ–ს (პ/ნ ....), თ. ჭ–ს (პ/ნ ....), ჯ. მ–ძეს (პ/ნ .....), დ. ჭ–ს (პ/ნ ....) და ა. მ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ბ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება 0 / გადახდის თარიღი 06.07.2020), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გ. მიქაუტაძე