საქმე №ას-684-2020 9 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - გ.ჭ–ი, მ.ხ–ი (ჭ–ი) (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ზ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ.ზ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ჭ–ისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და მ.ხ–ის (ჭ–ის) (შემდგომ – მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ იძულებით აუქციონზე შეიძინა და ქონების მესაკუთრე გახდა. მოპასუხეები ქონებას დღემდე უკანონოდ ფლობენ, რის გამოც მესაკუთრეს ნების საწინააღმდეგოდ ეზღუდება საკუთრების უფლება.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათი ვალდებულება კრედიტორის წინაშე 15000 ლარია. ვინაიდან, კრედიტორი შეუსაბამოდ მაღალ თანხას - 36000 ლარს ითხოვდა, მათ ვერ შეძლეს ამ თანხის გადახდა, რასაც ქონების იძულებითი რეალიზაცია მოჰყვა.
4. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ უძრავი ქონება შეფასებულია 62000 ლარად. მოსარჩელემ კი, უძრავი ქონება აუქციონზე 3000 ლარად იყიდა. ქონება მამაპაპისეულია და მოპასუხეებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელებს დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოება, რომლის თანახმად, საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონება, რომელსაც მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლები) და არ გაიზიარა აპელანტთა მტკიცება, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხეთა მიერ წარდგენილ შესაგებელზე, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეებს ზემოაღნიშნულ გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ. რაც შეეხება იმ გარემოების დამადასტურებელ სათანადო და შესაბამის მტკიცებულებას, რომ აპელანტები მართლზომიერად ფლობენ სადავო ნივთს და მათთან ერთად უძრავ ქონებაში სხვა პირებიც ცხოვრობენ, სასამართლომ მიუთითა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო წარდგენილი.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე და 172-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ აპელანტები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელებს, რომელთაც არ გაუსაჩივრებიათ მოსარჩელის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძველის - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 ოქტომბრის განკარგულების კანონიერება.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობისა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნის თაობაზე გარემოებები მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც სასამართლოს განმარტებით, აპელანტთა მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.
12. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლოს შეფასებით, აპელანტებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას და განმარტა, რომ, ვინაიდან ვლინდებოდა სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, სარჩელი საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
15. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეფასა ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის შვილი თავის ოჯახთან ერთად სადავო ნივთის მართლზომიერი მფლობელია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირველი მოპასუხის შვილის ოჯახის წევრების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე არ უმსჯელიათ.
16. კასატორები მიუთითებენ, რომ წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მითითებული პირები სასამართლოს საქმის განხილვაში უნდა ჩაება და ემსჯელა, რამდენად კანონიერად და მართლზომიერად ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.
17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხეთა მიერ ნივთის უკანონო ფლობა. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ეხება იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც მართლზომიერად ცხოვრობენ სადავო უძრავ ქონებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
23. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები, თუმცა მათ მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ.
24. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მოხდეს საკუთარი ნივთის გამოთხოვა.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
26. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
27. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
29. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ. სუსგები: №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).
30. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ კასატორები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომლებმაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება, ანუ არ მომხდარა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი ნივთის ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორების მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.
33. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორების ძირითად პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის შვილი და მისი ოჯახის წევრები სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები არიან, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე სასამართლოს არ უმსჯელია.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორების მითითება, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა მხოლოდ მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მაშინ, როცა სადავო ბინაში, მათ გარდა, სხვა პირებიც ცხოვრობენ.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ გააჩნია წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ მოპასუხეები არიან. აღნიშნული პირების მიმართ მოსარჩელის მოთხოვნები კი სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა (შდრ. სუსგ №ას-1338-1258-2017,2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება). მოპასუხეები ვერ უთითებენ ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც მესაკუთრეს კანონიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა, შესაბამისად, კასატორთა ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
36. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთების ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ის დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჭ–ისა და მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. გ.ჭ–სა (პ/ნ ......) და მ.ხ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 9703565010 / გადახდის თარიღი 14.08.2020), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე