საქმე №ა-712-შ-15-2018 31 მაისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ი–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ტრესტი „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.ი. ასულ ი–ას სასარჩელო მოთხოვნები ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს მიმართ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დახმარების გადახდევინებისა და მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს ლ.ი. ასულ ი–ას სასარგებლოდ დაეკისრა პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით დახმარების - 23872 (ოცდასამი ათას რვაას სამოცდათორმეტი) რუბლისა და 12 კაპიკის და, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10000 (ათი ათასი) რუბლის გადახდა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 13 თებერვალს №957 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ლ.ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 20 სექტემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ.ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ტრესტი „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოსათვის გაგზავნა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება და ლ.ი–ას შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარე ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს გაეგზავნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ აქტებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ტრესტი „ს–ი“ არის გაუქმებული და აღარ ფუნქციონირებს, აღნიშნულ მისამართზე კი მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს საკასაციო პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯაროდ გამოქვეყნების მეშვეობით. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.
7. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა 2018 წლის 13 მარტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს არეგულირებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში „მინსკის კონვენცია“), „უფლებათა ურთიერთცნობის შესახებ მუშაკთათვის დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მათი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ შეთანხმებისა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 14 იანვრის #3245-რს დადგენილებით) და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის დებულებები.
11. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ საფუძვლების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარი ითქვას.
12. გარდა ზემოაღნიშნულისა, მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, თხოვნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ (რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებასაც მოიცავს) შეიძლება უარყოფილ იქნას, „თუ ასეთი დახმარების აღმოჩენას შეუძლია ზიანი მიაყენოს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უშიშროებას ან სუვერენიტეტს, ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას“.
13. მსგავსი საფუძველი გათვალისწინებულია, აგრეთვე, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
14. მინსკის კონვენციის 42-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, იმათ გარდა, რომლებიც გამომდინარეობს ხელშეკრულებებიდან და სხვა მართლზომიერი ქმედებებიდან, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. ასეთ საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს შეუძლია აგრეთვე სარჩელი წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საცხოვრებელი ადგილი აქვს მოპასუხეს.
15. მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ კონვენციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები განეკუთვნება ხელშემკვრელ მხარეთა სასამართლოების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რაც იმავე კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია სხვა ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
16. თუმცა აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს „უფლებათა ურთიერთცნობის შესახებ მუშაკთათვის დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მათი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ შეთანხმებით (შემდგომში „შეთანხმება“) გათვალისწინებული შემთხვევები, რომელთა მიმართაც დადგენილია სპეციალური მოწესრიგება. კერძოდ, შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად, „წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმეებზე კომპეტენტურია იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას, რომელიც გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ან იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ ზარალის ანაზღაურების უფლების მქონე პირები, დაზარალებულის არჩევით“. ამრიგად, აღნიშნული მუხლი მოსარჩელეს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების სასამართლოთა არჩევის შესაძლებლობას აძლევს, რაც რომელიმე ქვეყნის სასამართლოს განსაკუთრებულ კომპეტენციას გამორიცხავს.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.ი. ასულ ი–ას სასარჩელო მოთხოვნები ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს მიმართ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დახმარების გადახდევინებისა და მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს ლ.ი. ასულ ი–ას სასარგებლოდ დაეკისრა პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით დახმარების - 23872 (ოცდასამი ათას რვაას სამოცდათორმეტი) რუბლისა და 12 კაპიკის და მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10000 (ათი ათასი) რუბლის გადახდა.
18. რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 1981 წლის 26 დეკემბრიდან მუშაობდა კომპრესორის მემანქანედ ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოში; 1983 წლის 1 ივნისს საექიმო-შრომითმა საექსპერტო კომისიამ იგი ცნო მეორე ჯგუფის ინვალიდად; 1990 წლის 20 აპრილს აღნიშნულმა კომისიამ მას დაუდგინა პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა 70%-ით; კომისიის გადამოწმების აქტის ამონაწერის თანახმად, მას დაუდგინდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა პროფესიული დაავადებით უვადოდ. ტრესტ „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველოს 1990 წლის 10 აგვისტოს ბრძანების თანახმად, მოსარჩელის საშუალო თვიური გამომუშავება დაშავების მომენტისათვის შეადგენდა 158,11 მანეთს, მას დაენიშნა პენსია შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო თვეში 79,06 მანეთის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის სოცუზრუნველყოფის განყოფილების 1990 წლის 30 ივლისის №499 ცნობის შესაბამისად. დადგინდა, რომ გაგრძელდეს მოსარჩელისათვის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადახდა, 31,62 მანეთის ოდენობით თვეში. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლომ განიხილა საქმე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ჰქონდა ადგილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ლ.ი–ა ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს, შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა სარჩელით მიემართა ამ ქვეყნის სასამართლოსთვის.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
21. თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სასამართლომ წარდგენილი სარჩელი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით განიხილა, კერძოდ, მოსარჩელისათვის გადასახდელი ყოველთვიური დახმარების ოდენობის გაანგარიშება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელა და ამასთან, მოსარჩელის მეორე მოთხოვნა, რომელიც ეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, ასევე, რუსეთის ფედერაციის სამართლის შესაბამისად გადაწყვიტა.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შეთანხმების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, „მუშაკთათვის შრომითი დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მისი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების ან სიკვდილის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (მათ შორის, მუშაკთა მიერ შრომით ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებული შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დაზარალებულის მეორე მხარის ტერიტორიაზე გადასახლების შემდეგ) ახორციელებს იმ მხარის დამსაქმებელი, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდებოდა მუშაკზე დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების ან სიკვდილის მომენტში. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი დამსაქმებელი აანაზღაურებს მას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“.
23. დამატებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს მინსკის კონვენციის 42-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, იმათ გარდა, რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებებიდან და სხვა მართლზომიერი მოქმედებებიდან, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა“.
24. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი დამსაქმებელი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და იმ ქმედებას ან გარემოებას, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა, ასევე ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში), საიდანაც გამომდინარეობს, რომ ტრესტი „ს–ის“ ე.მ. ნ. სამშენებლო სამმართველომ ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განახორციელოს.
25. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს მიერ მოცემული საქმის საკუთარი ქვეყნის სამართლის მიხედვით განხილვა არ შეესაბამება მინსკის კონვენციის 42-ე მუხლისა და შეთანხმების მე-2 მუხლის მოთხოვნებს და ამით არღვევს აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად მასში შეთანხმების მე-2 მუხლზე მითითებისა, არ შეიცავს მსჯელობას (მითითებას ან დასაბუთებას) სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
28. აღნიშნული პრინციპი, ცნობილი, როგორც “pacta sunt servanda”, წარმოადგენს ასევე საერთაშორისო სამართლის უძველეს, ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ასახულია მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაში, მათ შორის „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ (1969 წელი) მე-26 მუხლში, რომლის თანახმად, „ძალაში მყოფი ნებისმიერი ხელშეკრულება სავალდებულოა მხარეებისათვის და უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად“. ის ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4.5 მუხლში, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსრულებაზე უარის თქმის მინსკის კონვენციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-6, მე-19 და 42-ე მუხლებით, „უფლებათა ურთიერთცნობის შესახებ მუშაკთათვის დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მათი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ 1994 წლის 9 სექტემბრის შეთანხმების მე-2 და მე-8 მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 70-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი