საქმე№ას-1089-2020 17 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ.გ–ი (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ი (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ზიანის ანაზღაურება (სარჩელში) უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი.გ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „პირველი აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“, „აპელანტი“, „მეორე აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე, ქ. რუსთავი, ........ (ს/კ: ......) გამოთხოვა და მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების, ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან ბინის სრულ გათავისუფლებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია
3.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის მოსარჩელისა და მისი მხარდამჭერისთვის დაკისრება.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის უძრავი ქონება და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა; სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს დაეკისრა 9256.02 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ; მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელის მხარდამჭერისთვის თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები
5.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი წარადგინა ორივე მხარემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის დაკმაყოფილება.
6. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის სხდომაზე დაკმაყოფილდა მეორე აპელანტის (მოპასუხის) მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ბინის სრულ გათავისუფლებამდე.
6.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრების განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 25 ივნისს 16:15 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული ოყო ორივე აპელანტი;
6.2.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მეორე აპელანტი (მოპასუხე). მას არც სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ;
6.2.3. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
6.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, 215-ე მუხლით, ამავე კოდექსის 387-ე მუხლით და დაასკვნა, რომ არსებობდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
7. მოპასუხის საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე და აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება - ახლო ნათესავის გარდაცვალება - დამოუკიდებლად არ ხდის შეუძლებელს სხდომაზე გამოცხადებას. საჩივრის ავტორს უნდა დაესაბუთებინა და შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა, თუ რატომ ვერ შეძლო მან სასამართლოს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარე ვერ ადასტურებდა სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობას.
9.აპელანტის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ ყურადღება არ მიქცია იმ ფაქტს, რომ სხდომაზე მისი გამოცხადება შეუძლებელი იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, პროცესის წინა დღეს, 2019 წლის 24 ივნისს, საღამოს 6 საათზე გარდაეცვალა ბიძაშვილი და ოჯახში დატრიალებული უბედურების გამო ვერ შეძლებდა სასამართლოს დროულად ინფორმირებას. მან პროცესის დღესაც არაერთხელ ცადა სასამართლოსთან დაკავშირება, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. სხდომის ოქმით ირკვევა, რომ არც სასამართლოს უცდია აპელანტთან (მოპასუხესთან) დაკავშირება. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი საჩივრის ავტორს მოწმის დაკითხვაზე, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებებს, რის დამტკიცებასაც სააპელაციო პალატა ითხოვდა მოპასუხისგან.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით იგი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 25 ივნისს 16:15 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე 2019 წლის 18 ივნისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მეორე აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელს, კ.გ–ს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა აპელანტის მიერ 2019 წლის 10 მაისს ერთი წლის ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მასვე ეცნობა აპელანტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა თავად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 577577117. (იხ. ტ. 3, ს.ფ 196, 199-200).
13. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არც მეორე აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მათ არც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
15. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
16. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 25 ივნისს, 16:15 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მეორე აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ახლო ნათესავის (ბიძაშვილის) გარდაცვალებით, რის თაობაზეც ვერ შეძლო სასამართლოს დროული ინფორმირება. აღსანიშნავია, რომ არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარსა და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საკასაციო საჩივარში აპელანტი სადავოდ არ ხდის მისი წარმომადგენლის სათანადო ინფორმირებას პროცესის თაობაზე. იგი ასევე არ მიუთითებს ადვოკატის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. ტ. 3. ს.ფ 220-221; 386-393).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, ხოლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
20. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, ყველა პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული საპროცესო ნორმები თანაბრად იცავს პროცესის მონაწილე ორივე მხარეს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოადგინონ და განახორციელონ თავიანთი უფლებები და კანონიერი ინტერესები სასამართლოში. კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეს აირჩიოს თავად დაიცვას საკუთარი უფლებები, თუ წარმომადგენლის მეშვეობით.
21. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ დავაში მეორე აპელანტის ინტერესებს სასამართლოში იცავდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (ადვოკატი), იმ პირობებშიც კი, თუ დადასტურებულად მივიჩნევთ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას (ნათესავის გარდაცვალების გამო), გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება რაც მხარის ადვოკატის პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას დაადასტურებდა (აღნიშნულ გარემოებას არც კასატორი ხდის სადავოდ), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს მითითებული ქმედების მიზანშეწონილობას გააქარწყლებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე