Facebook Twitter

საქმე №ას-1028-2020 3 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ...“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2015 წლის 1 ივნისს გ.ა–სა (შემდგომში „დასაქმებული“ ან „მოსარჩელე“) და შპს „რ..."-ს (შემდგომში „დამსაქმებელი“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის შესაბამისად, დასაქმებულს დაეკისრა სატელევიზიო ეთერის რეჟისორის მოვალეობის შესრულება.

2. ხელშეკრულებით დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), ხოლო საშემოსავლო გადასახადის გარეშე 800 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 (ერთი) წელი, 2016 წლის 1 ივნისამდე.

3. 2016 წლის 4 თებერვალს მხარეები შეთანხმდნენ ანაზღაურების წესზე, რომლის მიხედვით, დასაქმებულის ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება 2016 წლის 1 თებერვლიდან განისაზღვრა 1500 ლარით.

4. დამსაქმებლის 2016 წლის 31 მარტის #1/9-16 ბრძანებით დასაქმებულს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა ერთი თვით - 2016 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე. შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ანაზღაურების გარეშე შვებულების საფუძველზე.

5. 2016 წლის 25 აპრილს დასაქმებულმა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა დამსაქმებელს.

6. 2016 წლის 1 მაისიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

7. 2016 წლის 6 მაისს დასაქმებულმა 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა დამსაქმებელს.

8. დამსაქმებლის 2016 წლის 23 მაისის #1წ/13-16 წერილით დასაქმებულს ეცნობა, რომ კომპანიას მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. ამასთან, განემარტა, რომ 2015 წლის 5 ივნისის N1/1-14 ბრძანებით ორგანიზაციის თანამშრომლებს შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა და იმავე წლის 7 ივნისიდან 1 აგვისტომდე მიეცათ უხელფასო შვებულება. აღნიშნული ბრძანების შინაარსი იცოდა დასაქმებულმა. დამსაქმებელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გეგმავდა საზოგადოების საერთო კრების მოწვევას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მიზნით, რამაც განაპირობა თანამშრომლების გაშვება უხელფასო შვებულებაში მარტისა და აპრილის თვეებში, რათა არ შეეწყვიტა მათთან შრომითი ხელშეკრულებები. ამასთან, დამსაქმებელმა დასაქმებულს შესთავაზა სურვილის შემთხვევაში ევლო სამსახურში და მაისის ბოლოს მიიღებდა ერთი თვის ხელფასს, ან სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების წარდგენის შემდგომ მიიღებდა აღნიშნულ თანხას.

9. დასაქმებულს დამსაქმებლისგან ხელფასის სახით დარიცხული აქვს:

2015 წლის 14 ივლისს - 800 აშშ დოლარი;

2015 წლის 2 ოქტომბერს - 1600 აშშ დოლარი;

2015 წლის 4 ნოემბერს - 800 აშშ დოლარი;

2015 წლის 21 დეკემბერს - 800 აშშ დოლარი;

2015 წლის 28 დეკემბერს - 800 აშშ დოლარი;

2016 წლის 2 თებერვალს - 560 აშშ დოლარი (1383.31 ეკვივალენტი ლარი);

2016 წლის 28 მარტს - 2060.20 ლარი;

2016 წლის 25 აპრილს - 1500 ლარი.

10. მოსარჩელის მოთხოვნა

10.1. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების, 4480 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება.

10.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება - მისთვის არ გადაუხდია 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს, ასევე 2016 წლის თებერვლის, აპრილისა და მაისის თვეების ხელფასი. მოპასუხემ ასევე უნდა აანაზღაუროს დაყოვნებული თანხის 0.07%.

11. მოპასუხის პოზიცია

11.1 მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, 2016 წლის იანვარში საზოგადოების თანამშრომლებს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეეკვეცათ ხელფასები, ხოლო 2016 წლის 4 თებერვლიდან დამატებითი შეთანხმების თანახმად, მათ შეუმცირდათ ხელფასი და მოსარჩელის ხელზე ასაღები თანხა 1500 ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, თანამშრომლებთან შეთანხმებით გამოიცა ბრძანება მათი უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ, რათა საზოგადოებას არ შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები და შეენარჩუნებინა თანამშრომლები. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე მოწმის სახით დაიკითხვისას, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას მოპასუხის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია მარტისა და აპრილის თვეების სახელფასო დავალიანებაზე, ვინაიდან ამ პერიოდში იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში. ამასთან, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვით მოსარჩელემ არაერთი განცხადება წარუდგინა მოპასუხეს, რაზეც გაეცა შესაბამისი პასუხი და განემარტა მიზეზები, თუმცა ბოლო მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ მიმართა მან სასამართლოს. შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, 800 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში და 1500 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ანაზღაურება; ასევე, ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო ზემოთ მითითებული თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 7 მაისიდან 2019 წლის 18 აპრილამდე.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

14.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15.3. სასამართლომ შეაფასა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის ხანდაზმულად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 1 მაისიდან, ხოლო სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილია კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში, 2017 წლის 18 დეკემბერს.

15.4. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია სახელფასო დავალიანების გაანგარიშების პერიოდის არასწორად განსაზღვრასთან მიმართებით, მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელფასო დავალიანების გაუმართლებლად დაკისრების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა.

15.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი იყო 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო 1 თებერვლიდან გათავისუფლებამდე (2016 წლის 1 მაისამდე) 1500 ლარი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნით მიმართვის ფაქტი, აევე ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებებს თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ გაეცნო მოსარჩელე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2015 წლის 1 ივნისიდან ხელფასის ოდენობის ცვლილებამდე - 2016 წლის 1 თებერვლამდე, მოსარჩელეს 8 თვის განმავლობაში ხელფასის სახით უნდა მიეღო ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო 2016 წლის თებერვლიდან სამუშაოდან გათავისუფლებამდე, 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 1500 ლარი.

15.6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების შეფასების შედეგად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი აქვს 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის ერთი თვის ხელფასი, 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 2016 წლის 1 თებერვლიდან 1 მაისამდე პერიოდის ერთი თვის ხელფასი - 1500 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

15.7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სააპელაციო საჩივარში აპელირებდა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელსაც, მისი მოსაზრებით, ეწინააღმდეგებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მან ვერ დაადასტურა განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების მითითებულ საქმეთა ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა. ამდენად, სასამართლოს ვერ შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გაუმართლებლად არღვევდა მოპასუხის უფლებებს.

15.8. სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლზე დაყრდნობით, ასევე, მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს, ასანაზღაურებელი თანხის 0.07%-ის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.

16. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

16.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სახელფასო დავალიანების გაანგარიშების პერიოდისა და მოცულობის მართებულობასთან დაკავშირებით. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრებისას, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების პრინციპი და სარჩელის წარდგენამდე უსაფუძვლოდ გაწელა დრო, რამაც ხელი შეუწყო დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდას. მხარე ვერ ადასტურებს, თუ რატომ მიმართა მან სასამართლოს სარჩელით მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 2 წლისა და 3 თვის შემდგომ. ამას კი დაერთო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის ვადის დარღვევაც. კასატორის აზრით, უსამართლოა ასევე, თანხის დაკისრება უცხოურ ვალუტაში იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული დოლარის კურსი ცვალებადია და მუდმივად იზრდება.

16.3. მოსარჩელის სახელფასო დავალიანების ოდენობა არასწორად გამოიანგარიშა სასამართლომ და ნაცვლად 3644 ლარისა მოპასუხეს დააკისრა 4480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

16.4. სასამართლომ უგულებელყო საქმის მასალებით დადგენილი ის გარემოებაც, რომ სადავო პერიოდში დასაქმებული იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში, რაც თავადვე დაადასტურა მოსარჩელემ. სასამართლომ კი მხოლოდ საბანკო ამონაწერების საფუძველზე დაადგინა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობის ფაქტი.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლოებმა არასწორად გამოიანგარიშეს სახელფასო დავალიანების ოდენობა და არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში, რაც გამორიცხავდა მისთვის ხელფასის გადახდას. კასატორი ასევე არ ეთანხმება დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის მისთვის დაკისრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია კეთილსინდისიერების პრინციპი, რადგან სარჩელის დაგვიანებით წარდგენით მან თავადვე შეუწყო ხელი პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის გაზრდას.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ საქმე Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).

23. წინამდებარე დავაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 მარტიდან 30 აპრილამდე მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობა შეუჩერდა დამსაქმებლის ინიციატივით და სწორედ მისივე ინიციატივით მიეცა ანაზღაურების გარეშე შვებულება (იხ. ს.ფ . 43-44).

24. შრომის კოდექსის, როგორც ამჟამად, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი ნორმებით განსაზღვრულია, რომ ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნის უფლებით სარგებლობს დასაქმებული. სწორედ მის მიერ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნა (დასაქმებულის ნება) ხდება საფუძველი დამსაქმებლის ვალდებულებისა, რომ ურთიერთობა შეჩერდეს გონივრული ვადით (იხ. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ს V თავი). ამასთან, შრომის კოდექსი დამსაქმებელს დასაქმებულთან იმგვარი შეთანხმების გაფორმების უფლებას არ აძლევს, რომლითაც დასაქმებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნა მოუწევს (იხ. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 21.3-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-593-2019, 2 აგვისტო, 2019 წელი; საქმე №ას-140-140-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი). საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ნებისმიერი დამსაქმებელი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ სურს დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურება, გამოიყენებს უფლებას, რომ გაუშვას დასაქმებული უხელფასო შვებულებაში, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიმართვის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ დამსაქმებლის მიერ გაცემულ ბრძანებას (ანაზღაურების გარეშე შვებულების თაობაზე) გაეცნო და დაეთანხმა მოსარჩელე, არ არსებობს სადავო პერიოდში გაუცემელი ხელფასის ანაზღაურებაზე დამსაქმებლის მიერ უარის თქმის საფუძველი.

26. რაც შეეხება 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში ერთი თვის (იანვრის თვის) გაუცემელი ხელფასის მოპასუხისთვის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული და დარიცხული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა ერთი თვის ანაზღაურების (800 აშშ დოლარის) მოსარჩელის მიერ მიუღებლობის ფაქტი. აღნიშნული გარემოების უარყოფის მტკიცების ტვირთი კი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.

27. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მიუღებელი ხელფასის 0.07 %-ის მოპასუხისათვის დაკისრების უმართებულობის შესახებ და განმარტავს, რომ მიუღებელი ხელფასის 0.07 %-ის მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ საქმე №ას-461-429-2017, 10.11.2017წ.). ამ სახის მოთხოვნის წარდგენის უფლება კი დასაქმებულს აქვს სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში.

28. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის (მიუღებელი ხელფასის 0.07%-ის) ოდენობის გაზრდას თავად მოსარჩელემ შეუწყო ხელი, რადგან მან სარჩელი წარადგინა მოთხოვნის წარმოშობიდან მხოლოდ 2 წლისა და სამი თვის შემდგომ.

29. კასატორის მითითებული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს (და რასაც არც კასატორი უარყოფს), მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2016 წლის 1 მაისიდან, ხოლომ, სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მან სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 18 დეკემბერს (იხ. ს.ფ 1-13), ანუ, გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთი წლისა და 7 თვის შემდგომ და არა ორი წლისა და 3 თვის შემდგომ, როგორც ამაზე კასატორი მიუთითებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა დამსაქმებელს და ამ გზით ცადა დარღვეული უფლების აღდგენა. საბოლოოდ კი, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 9 იანვრის წერილით უარი ეთქვა დავალიანების ანაზღაურებაზე, სარჩელი წარადგინა სასამართლოში. ამრიგად, კასატორის მითითება მოსარჩელის მხრიდან კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევაზე უსაფუძვლოა და არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-593-2019, 2 აგვისტო, 2019 წელი; საქმე №ას-140-140-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,რ....-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,რ...-ის“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N100152036649, გადახდის თარიღი 2020 წლის 23 ოქტომბერ), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე