საქმე № ას-308-2021 27 მაისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ტ.მ–ი (მოსარჩელე);
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა–ნი (მოპასუხე);
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება;
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ.მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ს.ა–ნს, ტ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 769,36 აშშ დოლარის (სესხის თანხა - 15000 აშშ დოლარი და 1769,36 აშშ დოლარი ზიანი) გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯის 1500 ლარის ანაზღაურება. სარჩელი 7875,64 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ა–ნმა და მოითხოვა არსებითად ახალი გადაწყვეტილებით ტ.მ–ის სარჩელი ს.ა–ნის მიმართ თანხების დაკისრების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით 1. ტ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; 2. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ტ.მ–ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით ტ.მ–ის დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 7875,64 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
5. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 26 აპრილს (ტ. 2, ს. ფ. 168).
6. კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით 2021 წლის 17 მაისს. საფოსტო გზავნილის დოკუმენტზე (ტ. 2, ს. ფ. 170) განცხადების გაგზავნის თარიღად მითითებულია 2021 წლის 13 მაისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორის თანამშრომელს (ექსპერტი) ჩაბარდა პირადად 2021 წლის 26 აპრილს (ტ. 2, ს. ფ. 168).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 27 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის პირველს მაისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის პირველი მაისის ჩათვლით შეევსო.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით 2021 წლის 17 მაისს. საფოსტო გზავნილის დოკუმენტზე (ტ. 2, ს. ფ. 170) განცხადების გაგზავნის თარიღად მითითებულია 2021 წლის 13 მაისი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადა, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ტ.მ–ის (პ/ნ: ....) დაუბრუნდეს ს.ვ–ძის (პ/ნ: .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 13 მაისს N10881347325 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1349.55 (ათას სამას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე