საქმე №ას-455-2021
9 ივნისი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – დ.ქ–ი, ლ.მ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ტ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება იძულებითი რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის სალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მისამართზე: ქ. რუსთავი, ..... ს/კ ...., მდებარე უძრავ ნივთზე საზიარო უფლება საგნის აუქციონზე რეალიზაციით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის განაწილების გზით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ორივე კასატორის მიერ ამონაწერის წარმოდგენა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2021 წლის 1 ივნისს (კორესპონდენტიის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის თარიღია 2021 წლის 31 მაისი) საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა და წარმოადგინა დ.ქ–ის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2021 წლის 28 მაისის მდგომარეობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო დ.ქ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ორივე კასატორის მიერ ამონაწერის წარმოდგენა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 24 მაისს, რაც დასტურდება სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 25 მაისს და დასრულდა ამავე წლის 31 მაისს. აღნიშნულ ვადაში კასატორების წარმომადგემელმა წარმოადგინა დ.ქ–ის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2021 წლის 28 მაისის მდგომარეობით, რაც შეეხება ლ.მ–ს, მას ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ლ.მ–ს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება დ.ქ–ის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ხარვეზი შევსებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამასთან, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს და იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
დ.ქ–ი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. წარმოებაში იქნეს მიღებული დ.ქ–ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი დ.ქ–ის საკასაციო საჩივარზე.
4. დ.ქ–ის საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე