საქმე №ას-478-2021 28 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შ.კ–ი, ი.კ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.შ–ძე, რ.შ–ი, რ.შ–ი, ა.შ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ.შ–ძემ, რ., რ. და ა.შ–ებმა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ. და ი.კ–ების (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება. კერძოდ, სადავოდ გახადეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
შ. და ი.კ–ების მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მათივე სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება და ნ.შ–ძის, რ., რ. და ა.შ–ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე. საკასაციო საჩივარი წარდგენილია არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის, არამედ დადგენილი ფაქტების მიმართ. კერძოდ, საკასაციო საჩივრის საფუძველი გადაწყვეტილების სამოტივაციო და არა სარეზოლუციო ნაწილია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-532-505-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-1293-2018, 1 მარტი, 2019 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
მართალია, ზემოთ მოყვანილ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში პირდაპირ არ არის მითითება გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრების უფლებაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა არ ნიშნავს, რომ მხარეს გადაწყვეტილების სხვადასხვა ნაწილების ცალ-ცალკე გასაჩივრების უფლება გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და დანაწესების ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც სარჩელზე პირდაპირ და ზუსტ პასუხს წარმოადგენს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ.კ–ის და ი.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური