საქმე №ას-1750-2019 18 სექტემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.შ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.უ.ა–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რაიონული სასამართლოს განმეორებითი დაუწრებელი გადაწყვეტილება
1.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ს.უ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან ასოციაცია) სარჩელი ინდ. მეწარმე გ.შ–ას (შემდეგში: მოსარგებლე, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა.
1.2. რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ასოციაციის სარჩელი, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა:
2.1. მოპასუხეს ასოციაციის სასარგებლოდ, 2015 წლის 26 აგვისტოს №0418/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით, 3 333 ლარისა და 97 თეთრის გადახდა დაეკისრა;
2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 26 აგვისტოს №0418/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის, 2017 წლის თებერვლის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს 869 ლარისა და 31 თეთრის გადახდა დაეკისრა, ასევე - 2017 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;
2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 26 აგვისტოს №0419/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით, 1 666 ლარისა და 89 თეთრის გადახდა დაეკისრა;
2.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 26 აგვისტოს №0419/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი ჰონორარისათვის 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს, 434 ლარისა და 63 თეთრის გადახდა დაეკისრა, ასევე -2017 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;
2.5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
2.6. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 189.14 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნია:
3.1. ასოციაციასა და მოპასუხეს შორის ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 2015 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა №0418/6 სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო ურთიერთობების ობიექტს შეთანხმების თანახმად წარმოადგენს რესტორანი სახელწოდებით ,,ს.ს–ო” მდებარე ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...;
3.2. სალიცენზიო შეთანხმების 4.4 მუხლის თანახმად, მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეხადა საავტორო ჰონორარი მის საკუთრებაში არსებულ ობიექტში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისთვის ყოველთვიურად 183 (ას ოთხმოცდა სამი) ლარი და 25 (ოცდახუთი) თეთრი (დღგ-ს ჩათვლით), რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე. მოცემული სალიცენზიო შეთანხმების 4.2 პუნქტის თანახმად კი ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოპასუხეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;
3.3. 2015 წლის 26 აგვისტოს, ასევე, გაფორმდა მეორე სახის ლიცენზია - №0419/6 სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო შეთანხმების 4.4 მუხლის თანახმად, მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეხადა მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის შესრულებისათვის ჰონორარი, ყოველთვიურად 91 ლარი და 62 თეთრი (დღგ-ის ჩათვლით), მოცემული შეთანხმების 4.8 პუნქტის თანახმად კი ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოპასუხეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;
3.4. მხარეებს შორის არსებული სალიცენზიო შეთანხმების მიუხედავად, მოპასუხე არ ასრულებდა ვალდებულებას, რის გამოც, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, მას მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა დავალიანება გადაუხდელი საავტორო ჰონორარისა სახით N0418/6 შეთანხმებიდან გამომდინარე 4 203 ლარი და 28 თეთრი, ხოლო N0419/6 2101 შეთანხმებიდან - ლარი და 53 თეთრი. აღნიშნული დავალიანება ასევე მოიცავდა პირგასამტეხლოს.
4. რაიონულმა სასამართლო დადგენილად მიიჩნია შემდეგი პროცესუალური საკითხები:
4.1. 2018 წლის 5 ნოემბერს 15 საათზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდნენ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ს.შ–ა, სასამართლოში ს.შ–ას მიერ 2018 წლის 2 ნოემბერს 15:19 წუთზე წარდგენილი იქნა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უწევდა გეგმიური გამოკვლევის ჩატარება თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რის გამოც ვერ შეძლებდა გამოცხადებას;
4.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა ს.ნ–ძემ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განმარტა, რომ მოპასუხე მხარე შეგნებულად არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე, ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას. მისი მტკიცებით, სარჩელში ასახული გარემოებები იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, მოპასუხისათვის ყველა გარემოება იყო ცნობილი, ექსპერტიზა ჯერ კიდევ მაისის თვეში დასრულდა, მაგრამ მოპასუხემ დასკვნა შეგნებულად არ წარმოადგინა, რადგან სავარაუდოდ მის საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიღებული. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებაში ასახული გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის გადადებისა და განხილვის გაჭიანურების საფუძველი, რადგანაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოპასუხის წარმომადგენელს გეგმიური გამოკვლევა უტარდება, რაც მისთვის წინასწარ იქნებოდა ცნობილი და შეეძლო შესაბამისი კლინიკიდან ცნობა აეღო;
4.3. რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 230.1-ე, 70-78-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადება წარადგინა 2018 წლის 2 ნოემბერს, რომ საავადმყოფოში უნდა ჩაუტარდეს გეგმიური გამოკვლევა და ამ მიზეზით ვერ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ გეგმიური გამოკვლევა წინასწარ იქნებოდა დაგეგმილი და შესაძლებელი იყო სათანადო ცნობის აღება. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო ერთხელ უკვე მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ჩათვალა საპატიოდ და გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რასაც არ ეთანხმებოდა მოსარჩელე;
4.4. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ისინი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მისი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები.
5.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 233.1-ე, 241-ე, 215.3-ე მუხლებზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება სასამართლო სხდომის დროისა (05.11.2018წ.) და ადგილის შესახებ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დრო.
5.4. საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ს.შ–ამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2018 წლის 2 ნოემბერს 15:19 საათზე, განცხადება წარადგინა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უნდა ჩაეტარებინა გეგმიური გამოკვლევა საავადმყოფოში, რაც 3 კვირას გასტანდა. განცხადებას არ ახლდა მასში დასახელებული გარემოების დამადასტურებელი არანაირი სახის მტკიცებულება. განმცხადებლის მითითებით, იგი მტკიცებულებასმომდევნო სხდომაზე წარმოადგენდა (იხ. ს/ფ 171).
5.5. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 5 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ს.შ–ა არ გამოცხადებულან. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა ს.ნ–ძემ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.
5.6. ასოციაციის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და იშუამდგომლა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისათვის.
6.2. კასატორის განმარტებით, მას სალიცენზიო შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
6.3. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, რადგან მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო.
6.4. კასატორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოსამზადებელ სხდომაზე გამოტანა დაუშვებლია.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის (ან მისი წარმომადგენლის) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მათ სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებიათ. ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა სხდომის გადადება ჯანმრთელობს მძიმე მდგომარეობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ გამოიწვევს, რადგან განცხადებას სათანადო მტკიცებულება არ ახლდა და იგი არც შემდგომში წარუდგენია მხარეს. ამასთან, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სხდომის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
13. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ მოხმობილი მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (შეად. სუსგ N ას-1671-2019, 13.03.2020წ.).
15. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში,სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო. დასახელებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო, ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს. მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მისი ჯანმრთელობის შესახებ რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა მოპასუხის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ მიეჩნია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შეად. სუსგ-ებს: N ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; N ას-1410-1330-2017; 30.01.2018 წ; N ას- 1668-2019, 28.02.2020წ.).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1671-2019 13.03.2020 წ.).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
19. განსახილველ შემთხვევაში, სალიცენზიო ჰონორარის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მართებულად განსაზღვრეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და მართებულად მიიჩნიეს სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოსამზადებელ სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1997 წლის რედაქციის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოსამართლეს მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეეძლო, რადგან კანონში პირდაპირ იყო მითითება ამის შესახებ. 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
21.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.შ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.შ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ნ–იას (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 315,24 ლარის (გადახდის ქვითარი N1, გადახდის თარიღი 2020 წლის 10 ივნისი,) 70% –220,66 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე