საქმე №ას-1445-2020 27 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების ერთ წლამდე განაწილვადება
დავის საგანი – სანოტარო სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.ჯ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ–ის ( შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელის ვალდებულების 41 600 ლარის ნაცლად 25 227 ლარით განსაზღვრა (სესხის ძირი თანხა).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების თანახმად, სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ გადახდილი თანხა წარმოადგენდა საპროცენტო სარგებელს, შესაბამისად, ამ თანხით ძირი არ შემცირებულა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე ნაცვლად 41 600 ლარისა, განისაზღვრა 25 944,67 ლარით
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების ერთ წლამდე განაწილვადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ჯ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების მოთხოვნის ნაწილში უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.2.1. ლ.ჯ–ძის სასარჩელო მოთხოვნას ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კორექტირება წარმოადგენდა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელ ვალდებულებას შეადგენდა 41 600 ლარი, ხოლო, მოსარჩელეს იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება ნაწილობრივ ჰქონდა შესრულებული, სურდა ამ თანხის 25 227 ლარით განსაზღვრა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის საგნის ღირებულება 16 373 ლარს შეადგენდა;
1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა რა მოსარჩელის მტკიცება შესრულების გზით ვალდებულების ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე, შეამცირა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულება _ 41 600 ლარი 25 944,67 ლარამდე;
1.2.3. სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, სააპელაციო პალატამ, იმ საფუძვლით, რომ დავა არ აღემატებოდა საპროცესო სამართლით განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის ღირებულებას, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ კუთხით კერძო საჩივარი ფორმალურ დასაბუთებასაც კი არ შეიცავს.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, საჩივრის ღირებულება გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა ფარგლებში ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას სარჩელის უარყოფის ფარგლებში მოითხოვდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 717,67 ლარს შეადგენს (25 944,67-25 227).
1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
1.5. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romaniaდა სხვა). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო საჩივარი მისი ავტორის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე შედავებას არ შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ კუთხით წინამდებარე განჩინებით არ იმსჯელებს, რაც შეეხება მხარის კრიტიკას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ფარგლებში მას საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს და შეფასების გარეშე ტოვებს.
1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
2. საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების ერთ წლამდე განაწილვადებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებები გამო:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
2.2. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებზე, რომელთა შესწავლითაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით ლ.ჯ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების წინაპირობების არარსებობის შესახებ და უარყო კერძო საჩივარი. ხსენებული განჩინება წარმოადგენს ზემოდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას აღსრულების განაწილვადების საკითხთან დაკავშირებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოა.
2.3. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე აღწერს საქმის წარმოების განმავლობაში შუამდგომლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს იმგვარად, რომ აღსრულების განაწილვადების რაიმე ახალ, იურიდიულად წონად გარემოებაზე არ მიუთითებს, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნასთან მიმართებით სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის წინაპირობები, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე (ბ), 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება.
3. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების მოთხოვნის ნაწილში ლ.ჯ–ძის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი