საქმე №ას-1106-2020 22 მარტი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.ბ.ჯ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ვ.ბ.ჯ–ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი, ბანკი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა ქუთაისის ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2019 წლის 2 აპრილის #229 ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და შრომითი ურთიერთობის მოშლის დღიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე განაცდურის სახით თვეში 720 ლარის დამსაქმებლისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე 2012 წლის 20 ნოემბრიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ხოლო, გათავისუფლების დღემდე, წლების მანძილზე _ საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერად, საიდანაც 2019 წლის 2 აპრილის ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დასაქმებულისათვის მოპასუხეს ერთი თვით ადრე არ უცნობებია მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, არამედ, მას აღნიშნული შეატყობინეს 2019 წლის 29 მარტს. რეორგანიზაცია ქუთაისის ფილიალში მოსარჩელის შტატთან მიმართებაში არ განხორციელებულა, არამედ დარჩა იმდენი შტატი, რამდენიც იყო რეორგანიზაციამდე. მოსარჩელის პოზიციაზე უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციიდან გადაყვანილ იქნა თ.ტ–ძე, რაც ეჭვს იწვევს შტატების შემცირებასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია ტესტირების შედეგები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულმა ტესტირება გაიარა და არ ჩაჭრილა, შესაბამისად, შტატების შემცირების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის მოშლას ტესტირების შედეგები არ უნდა დადებოდა საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში რეალურად რეორგანიზაცია არ ჩატარებულა, არ შეფასებულა რამდენი თანამშრომელი იყო დასაქმებული და რატომ გაათავისუფლეს მხოლოდ მოსარჩელე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული შტატების შემცირებითაა განპირობებული. არასწორია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, თითქოს რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატი არ შემცირებულა, რადგან არამარტო ქუთაისის ფილიალში შემცირდა შტატები, მათ შორის, ერთ-ერთი სადავო, ანგარიშების მენეჯერის შტატი, არამედ საბანკო საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია მთელი ბანკის მასშტაბით შტატების შემცირების აუცილებლობა. ამ ფაქტს ადასტურებს კომპანიის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 აპრილის ბრძანება ქუთაისის ფილიალის #3 სერვისცენტრის ლიკვიდაციისა და ამავე ფილიალის #1 ს/ცენტრსა და ლილოს ფილიალში საშტატო ცვლილებების შესახებ. სინამდვილეს არ შეესაბამება სარჩელში მითითებული ის ფაქტიც, თითქოს მოლარე თ.ტ–ძე გადაყვანილ იქნა მ.ბ–ძის პოზიციაზე, რადგან საერთოდ გაუქმდა მ.ბ–ძის შტატი, ხოლო თ.ტ–ძემ გააგრძელა მუშაობა არა ფილიალში, არამედ იმავე სერვისცენტრში, სადაც მუშაობდა. მოსარჩელე მართალია, არ ჩაჭრილა ტესტირებაში, თუმცა მან ყველაზე ნაკლები ქულა მიიღო მის პოზიციაზე მყოფ სხვა პირებთან შედარებით. ანგარიშების მენეჯერის შტატის შემცირებისას ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, გარდა ტესტირების დაბალი შედეგისა, ასევე გახდა სხვადასხვა კრიტერიუმის ერთობლიობაში შეფასება (ხარისხი, გაყიდვების რაოდენობა). რადგან მოსარჩელეს ჰქონდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ამიტომაც შეჩერდა მასზე არჩევანი. ბანკმა მას შესთავაზა რეზერვში ჩარიცხვა ყოველთვიური ანაზღაურების მიცემის პირობით, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. დასაქმებულს ბანკმა პირველი შესაძლებლობისთანავე ასევე შესთავაზა სამუშაო დეკრეტულ შვებულებაში გასული მუშაკის პოზიციაზე, რომელზეც მან ასევე უარი განაცხადა, არ გაიზიარა რა ბანკის პოზიცია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 20 ნოემბერს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებულ იქნა მოპასუხე კომპანიის ქუთაისის ფილიალში ჯერ მოლარე-ოპერატორის, ხოლო, 2016 წლის 8 აპრილის #228 ბრძანების საფუძველზე _ ქუთაისის ფილიალის/საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერის პოზიციაზე. 2018 წლის 7 იანვრიდან კი, უვადოდ დასაქმდა ამავე პოზიციაზე;
1.2.2. ბანკის გაყიდვების სამმართველოს უფროსმა გ.ც–მა 2019 წლის 29 მარტს სამსახურებრივი ბარათით მიმართა პერსონალის სამმართველოს. მიმართვის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციებისა და არსებული ეკონომიკური გარემოებების შედეგად ბანკში მიმდინარეობდა საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. ქუთაისის ფილიალის საოპერაციო განყოფილებაში არსებული ანგარიშების მენეჯერის 5 საშტატო ერთეულიდან უნდა მომხდარიყო ერთი ერთეულის გაუქმება. ელექტრონული ტესტირების, საბანკო პროდუქტების გაყიდვებისა და კლიენტებთან მომსახურების ხარისხის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ქუთაისის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (საშუალო შეწონილი) ჰქონდა მოსარჩელეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო, შრომითი ხელშეკრულება მოშლილიყო მოსარჩელესთან;
1.2.3. ქუთაისის ფილიალის/საოპერაციო განყოფილების თანამშრომელთა შორის 2019 წლის 24 თებერვალს ჩატარებული ტესტირების შედეგების თანახმად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი _ 85% ჰქონდა მოსარჩელეს. დანარჩენების მაჩვენებელი 93%-დან 98%-ის ჩათვლით მერყეობდა. სხვა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, ბოლო 6 და 3 თვის შეფასების შედეგებით, დასაქმებულს ჰქონდა 49.64 ტესტირებისა და სხვა ობიექტური შეფასების შეწონილი ქულა, ხოლო სხვა თანამშრომლებს მასზე მეტი, მათ შორის, ყველაზე მაღალი შეფასება _ 104,33 ჰქონდა ა.კ–ს, ხოლო, 3 თვის მონაცემით, 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბრის ჩათვლით-48,09 ქულა მოსარჩელეს, დანარჩენებს კი, მასზე მაღალი, ა.კ–ს 98,14 ქულა. გაყიდული ყველა საბანკო პროდუქტის შედეგები თვეების მიხედვით 2018 წლის და საბონუსე პროგრამის მიხედვით კალათების ჭრილში, ასევე, მომსახურების ხარისხის შეფასების მაჩვენებლების საერთო შეწონილი სხვებთან შედარებით ნაკლები ჰქონდა მოსარჩელეს;
1.2.4. 2019 წლის 29 მარტის #09/13 წერილით მ.ბ–ძეს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამავე წლის 2 აპრილიდან სს „ვ.ბ.ჯ–ა“ წყვეტდა მასთან შრომით ურთიერთობას, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მასვე კომპენსაციის სახით აუნაზღაურდა 2 თვის ხელფასი 2019 წლის 20 აპრილამდე, 2019 წლის 4 აპრილის #229-პ.შ ბრძანებით კი, მოსარჩელესთან _ ქუთაისის ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერთან, 2019 წლის 2 აპრილიდან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შრომითი ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი საფუძველი გახდა ტრენინგ-ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით ჩატარებული ტესტირების შედეგები და გაყიდვების სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათი;
1.2.5. კომპანიის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 აპრილის #252 ბრძანების თანახმად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 28 მარტის სხდომის #2/2019 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 2 აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის ფილიალის #3 ს/ცენტრი და გაუქმდა ყველა საშტატო ერთეული, ხოლო, ნაწილობრივი ცვლილება იქნა შეტანილი ლილოს ფილიალის, ქუთაისის ფილიალისა და ამავე ფილიალის #1 ს/ცენტრის საშტატო ნუსხაში. ლილოს ფილიალის საოპერაციო განყოფილებაში შემცირებულ იქნა ანგარიშების მენეჯერის ერთი საშტატო ერთეული, ქუთაისის ფილიალის საოპერაციო განყოფილებაში - ანგარიშების მენეჯერის ერთი საშტატო ერთეული, საკრედიტო ადმინისტრატორის საშტატო ერთეული, ქუთაისის #1 ს/ცენტრის საცალო ბიზნესის ჯგუფში - ექსპერტ-შემფასებლის საშტატო ერთეული. საშტატო ერთეულები, მათ შორის, ანგარიშების მენეჯერის, გაუქმდა ბანკის შემდეგ ფილიალებშიც: რუსთავის ფილიალში, რუსთავის ს/ცენტრში, მარნეულის ფილიალში, ახალციხის ფილიალში, თელავის ფილიალში. ასევე თბილისში, ზუგდიდსა და ფოთში განთავსებულ ფილიალებსა და ს/ცენტრებში. საერთო ჯამში კომპანიის ქსელში შემცირდა 60 საშტატო ერთეული;
1.2.6. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ქუთაისის ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერის პოზიციაზე შეადგენდა 900 ლარს (დარიცხული, ხოლო ხელზე ასაღები _ 705,60 ლარი თვეში);
1.2.7. დასაქმებულთა შესაფასებლად ბანკის მიერ განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმი: ატესტაციის შედეგები, რომლის თაობაზეც თანამშრომლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები; გაყიდვების შედეგები - გამოსაკვლევ პერიოდად დადგენილ იქნა საბანკო რეგულაციის ამოქმედებამდე ბოლო 3 და ბოლო 6 თვის მონაცემები, ასევე, ყველა თანამშრომელი უნდა შეფასებულიყო ყველა საბანკო პროდუქტის გაყიდვის ჯამური მაჩვენებლების მიხედვით დინამიკაში;
1.2.8. მოსარჩელე კომპარატორად ასახელებს თანამშრომელ თ.ტ–ძეს, თუმცა, ამ უკანასკნელს არ ეკავა რაიმე პოზიცია ბანკის ქუთაისის ფილიალში, იგი მუშაობდა და ამჟამადაც მუშაობს ქუთაისის #1 სერვისცენტრში (2011 წლის 26 დეკემბრიდან დაინიშნა შტატგარეშედ, ქუთაისის ფილიალის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 12 იანვრიდან გადაყვანილ იქნა ქუთაისის #3 სერვისცენტრის სალაროში უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე მიმაგრებულ იქნა ამავე სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ანგარიშების მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, მიმაგრება გაუგრძელდა ამავე წლის 1 აგვისტომდე. 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 მარტამდე მიმაგრებულ იქნა #1 სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ანგარიშების მენეჯერის მოვალეობის შესასრულებლად, მიმაგრება გაუგრძელდა 31 მარტის ჩათვლით. 2019 წლის 1 აპრილიდან გადაყვანილ იქნა ამავე (#1) სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ანგარიშების მენეჯერის თანამდებობაზე);
1.2.9. საქმის მასალებით არ დასტურდება დასაქმებულის პრეტენზიის ნამდვილობა იმის თაობაზე, რომ ანგარიშების მენეჯერის შტატის შემცირების პირობებში არსებობდა მოლარე ოპერატორის შტატი, რომელიც იმავე ფუნქციების მატარებელი იყო, მისი გათავისუფლების დროისათვის ვაკანტური იყო და სწორედ ამ პოზიციაზე უნდა დასაქმებულიყო მოსარჩელე. რეალურად, მ.ბ–ძის გათავისუფლების დროისათვის ქუთაისის ფილიალში მოლარე-ოპერატორის არც ერთი ვაკანტური ადგილი არ არსებობდა. საშტატო ნუსხაში მითითებულ „ვაკანსიებზე“ ფატობრივად დასაქმებულნი იყვნენ ბანკთან უკვე სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში შრომით ურთიერთობაში (შტატით თუ შტატგარეშე) მყოფი პირები, რომლებიც ასრულებდნენ მოლარე-ოპერატორების ფუნქციებს. საშტატო ნუსხის თანახმად, ანგარიშების მენეჯერის პოზიცია შედის საოპერაციო განყოფილების დაქვემდებარებაში, ხოლო მოლარე-ოპერატორებისა კი _ სალაროს განყოფილების დაქვემდებარებაში. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შეფასების, კრიტერიუმებითა და საქმის სხვა მასალებით დასტურდება, რომ მოლარე ოპერატორი არ ახორციელებდა გაყიდვებს (არ გასცემდა სესხებს), მაშინ, როდესაც ანგარიშების მენეჯერის შეფასების ერთერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ გაყიდვების მაჩვენებელი იყო. განსახილველი პოზიციები სხვადასხვა სამმართველოს დაქვემდებარებაში შედიოდა, მათი ფუნქციები, როლი და პასუხისმგებლობა იყო სხვადასხვა. სს „ვ.ბ.ჯ–ას“ გენ.დირექტორის ბრძანებით (რომლის თანახმადაც 60 საშტატო ერთეული გაუქმდა) დგინდება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ბანკის სხვადასხვა ფილიალსა და სერვისცენტრში შტატების ოპტიმიზაციაში, აღნიშნულს კი, შედეგად მოჰყვა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408.1 და 412-ე მუხლები წარმოადგენს. ხსენებული ნორმების ფარგლებში სარჩელი წარმატებულია თუ დადგინდება, რომ სახეზე არ არის ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას და დამსაქმებლის ცალმხრივი ნება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის თანხვედრაში. ამ წინაპირობის დადგენის შემთხვევაშია გამართლებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების მსჯელობა (გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის არსებობა; ტოლფასი თანამდენობის არსებობა; კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა ან ე.წ განაცდურის სახით ზიანის ანაზღაურების წინაპირობები). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტის თაობაზე, რომ კომპანიაში მართლაც განხორციელდა ცვლილებები, რომელსაც შედეგად სამუშაო ძალის შემცირება მოჰყვა, გარდა ამისა, სადავო არაა ის ფაქტი, რომ დამსაქმებელმა გონივრულად განკარგა გასათავისუფლებელი სუბიექტის გამოვლენის საშუალებები (ატესტაცია, განვლილი სამუშაო შედეგების შეფასება-გაანალიზება და სხვა) და მართლზომიერად გამოიყენა შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლება, შესაბამისად, ბანკის ცალმხრივი ნება კანონიერია, რის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს წონად არგუმენტებს. ამასთანავე, ვინაიდან არ არსებობს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები, პალატა მიიჩნევს, რომ სხვა სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება სამართლებრივად გაუმართლებელია. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ურთირთობის მოშლის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.11.2020წ. #10068055462 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ.ბ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.11.2020წ. #10068055462 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი