№ას-400-2021 14 ივნისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.მ–ი, ს.მ–ვი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2020წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.მ–ომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე") სარჩელი აღძრა კ.მ–ისა და ს.მ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე", „პირველი კასატორი“ და „მეორე მოპასუხე“, „მეორე კასატორი“, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები", "კასატორები") მიმართ და მოითხოვა:
1.1. პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 65 050 ევროსა და 128 755 აშშ დოლარის, ეროვნულ ვალუტაში 507 689 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. პირველ მოპასუხესა და მის შვილს - გ.მ–ს შორის, ასევე გ.მ–სა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის 2018 წლის 1, 4 და 17 მაისის და 4 ივნისის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
1.3. 2018 წლის 15 მაისის პირველ მოპასუხესა და შპს „ა.ჯ–ს“ შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.10.2018წ. განჩინებით სარჩელი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად (ტ.2, ს.ფ.229-234), ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 65 050 ევროს და 128 755 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში; სასარჩელო მოთხოვნა ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 235-248). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2020წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.10.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი 15.05.2018წ. პირველ მოპასუხესა და შპს „ა.ჯ–ს“ შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტლება, ტ.3, ს.ფ. 520-537). განჩინებაზე მოპასუხეების წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელშიც კასატორებად მითითებული იყვნენ როგორც პირველი, ისე მეორე მოპასუხე. ვინაიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.10.2018წ. განჩინებით სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად და ამავე დროს, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მეორე მოპასუხის პრეტენზიას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დასაზუსტებელი იყო საკასაციო საჩივრის ავტორი. ასევე არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, უნდა დაზუსტებულიყო კასატორი; ასევე, პირველ მოპასუხეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 10 დღე. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელს - ვ.ჩ–ს 18.05.2021წ. (იხ.: მინდობილობები, ტ.2, ს.ფ.96-98, ტ.3, ს.ფ. 47-49; უკუგზავნილი, ტ.3, ს.ფ. 585, 586). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის პირადი ნომერი.
7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩათვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
8. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 19 მაისს და ამოიწურა 2021 წლის 28 მაისს. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 2021 წლის 28 მაისის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.:სუსგ საქმეზე №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი; №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-388-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.მ–ისა და ს.მ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე